„ოცნებამ” ოლიმპიური ჩემპიონები ქოც-ზონდერებად გადააქცია - „გახარია საქართველოსთვის"

პუბლიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის” პარლამენტში მომხდარ ხელჩართულ ჩხუბს ბრინფინგით გამოეხმაურა. მათი თქმით, ძალადობა ირაკლი კობახიძის საფირმო ნიშა გახდა და „ქართულმა ოცნებამ” ოლიმპიური ჩემპიონები ქოც-ზონდერებად გადააქცია.

„დღეს საქართველოს პარლამენტში ვიხილეთ ღირსება-აყრილი, მატყუარა, არაკომპეტენტური პრემიერ-მინისტრის ანგარიში, რომელიც სიმართლეს ვერ უსწორებს თვალს და სიმართლესთან ბრძოლა ძალადობით გადაწყვიტა საკუთარი ქოცური, ზონდერული დაჯგუფების მეშვეობით გადაწყვიტა საქარველოს პრლამენტში. ხომ გვიმტკიცებენ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ებრძვიან ძალადობას, სიძულვილის ენას და დღეს მთელმა საზოგადოებამ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იხილა, რომ ძალადობა გახდა ოცნების საფირმო ნიშანი და ძალადობა არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საფირმო ნიშანი, რომელიც ფიზიკურად უსწორდება სტუდენტებს, ახალგაზრდებს, ქიმიურად წამლავს მათ და ამის არაერთი ჟურნალისტური გამოძიება არსებობს საერთაშორისო დონეზე, ფიზიკურად უსწორდებიან ჩვენს მოქალაქეებს დაკავების ე.წ დაკავების სამარშუტო ტაქსებში თუ მიკროავტობუსებში, ფიზიკურად უსწორდებიან სხვადასხვა პოლიციის განყოფილებებში.თქვენ იხილეთ უმძიმესი კადრები გორის პოლიციის თანამშრომლების შესრულებით, როგორ აწამებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ დაკავებულ ადამიანს, სისტემური ძალადობა გახდა საფირმო ნიშანი „ქართული ოცნების”.

დღეს ირაკლი კობახიძემ საბოლოოდ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერ-მინისტრად და ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ვამაყობდით იმ ოლიმპიური ჩემპიონებით, რომლებსაც უამრავი სიხარული მოუგვრია თითოეული ჩვენგანისთვის, მათ შორის, იმ ადამიანებისთვის ვინც აქ ვდგავართ და მთელი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, ოცნებამ ოლიმპიური ჩემპიონები ქოც-ზონდერებად გადააქცია და თქვენ ნახეთ, როგორი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ხდებოდა საქართველოს პარლამენტში.

ძალადობის ფაქტებმა შეაღწია პარლამენტში და ეს სიმპტომია და ეს დაღი, რომელიც აზის უკვე „ოცნებას”, როგორც მოძალადე პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც არავისთან არაფრის გადატვირთვის არც უნარები გააჩნია, არც კომპეტენცია გააჩნია და არც სურვილი არ გააჩნია, საკუთარ მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება, სიმართლეს ძალადობით უპირისპირდება, ნამდვილად არ აქვს რესურსი ამ ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებად იწოდებოდეს და მართავდეს ამ ქვეყანას. ფაქტი ერთია, რომ ეს ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, მათ შორის, ყველას პროფესიული და პერსონალური სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც ხდებოდა დღეს საქართველოს პარლამენტში” – ითქვა პარტიის „გახარია საქართველოსთვის” ბრიფინგზე.

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ ანგარიშწორებას ტრიბუნიდან გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე. მან სამწუხარო უწოდა იმას, რასაც დარბაზში ჰქონდა ადგილი და პარტიის წევრები აგენტურად მოიხსენია.

ნამდვილად სამწუხაროა, რაც ვიხილეთ დარბაზში. აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე. როდესაც ნახეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ეს არის მათი სამარცხვინო სახე. რთულია რამე შეცვალო, როდესაც არ გაქვს არც განათლება, არც ინტელექტი, არც პატრიოტიზმი, რთულია სხვანაირად იმოქმედო. ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს. ეს არის მათი საერთო სახე. ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა.

ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ. მათაც დაკარგული ჰქონდა სახე – კაცს კაცის, ქალს ქალის. ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. საერთო რა ჰქონდათ მაშინდელ ბოლშევიკებს და დღევანდელ აგენტურას, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ვუწოდებდით, რაც მათთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო. საერთო არის ის, რომ ორივე იყო აგენტურა. როდესაც ხელი გაქვს მოწერილი ჯაშუშობაზე, იქ შეუძლებელია იმოქმედო ღირსეულად კაცმა კაცივით, ქალმა ქალივით” – თქვა პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძემ.