საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა ხელჩართული ჩხუბის ფონზე დასრულდა.
დღეს ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.
სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ.
ხელჩართული ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი შარაშიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძესა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა. გაიხსენა ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში, როდესაც ის ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე კუთხეში იდგა, რაც, მისი თქმით, მის რეალურ როლზე მიუთითებდა. დაახლოებით ამ დროს ვიდეოში ისმის „ქართული ოცნების“ დეპუტატების ხმამაღალი შეძახილები, დარბაზში ჩხუბი იწყება და პარლამენტის პირდაპირი ეთერი წყდება.
ადგილიდან მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირება იწყება პარტიების, „გახარია საქართველოსთვის” წევრ გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების” დეპუტატ ირაკლი ხელაძეს შორის. ისინი ერთმანეთს ურტყამენ, მალევე კადრებში ჩნდება ლაშა ტალახაძე, რომელიც ფარულავას ჩაარტყამს და შემდეგ ადგილიდან არიდებენ.
დეპუტატების ნაწილი ცდილობს გააშველოს დაპირისპირებული მხარეები, ჩხუბი ინაცვლებს გვერდითა მხარეს, ხელჩართულ ჩხუბში მონაწილე პირთა რაოდენობა იზრდება, მათ შორის, კადრებში ჩნდება არჩილ გორდულაძეც.
ჩხუბში სხვადასხვა ეტაპზე კადრებში ასევე ჩნდებიან მალხაზ თორია, ირაკლი კირცხალია და გენო პეტრიაშვილი.
დაპირისპირების შემდეგ, პარლამენტში გიორგი შარაშიძემ სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მოგვიანებით, პარტია მომხდარს ბრიფინგით გამოეხმაურა, სადაც თქვეს, რომ „ირაკლი კობახიძემ საბოლოოდ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერ-მინისტრად და ის ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას”.
„გვიმტკიცებენ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ებრძვიან ძალადობას, სიძულვილის ენას და დღეს მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ ძალადობა გახდა ოცნების საფირმო ნიშანი…ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ვამაყობდით იმ ოლიმპიური ჩემპიონებით, რომლებსაც უამრავი სიხარული მოუგვრია თითოეული ჩვენგანისთვის, მათ შორის, იმ ადამიანებისთვის ვინც აქ ვდგავართ და მთელი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, ოცნებამ ოლიმპიური ჩემპიონები ქოც-ზონდერებად გადააქცია და თქვენ ნახეთ, როგორი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ხდებოდა საქართველოს პარლამენტში” – ითქვა ბრიფინგზე.
პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ ანგარიშწორებას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძეც. მან სამწუხარო უწოდა იმას, რასაც დარბაზში ჰქონდა ადგილი და პარტიის წევრები აგენტურად მოიხსენია:
„აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე. როდესაც ნახეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ეს არის მათი სამარცხვინო სახე”.