ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

ეკა მაღალდაძე

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ

„31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან“, – ამბობს შერილ ფერნანდესი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების განყოფილების დირექტორი.

ფერნანდესს მიაჩნია, რომ გასული წლის განმავლობაში არსებული გარკვეული შეშფოთებების შემდეგ ამ არჩევნებს ვაშინგტონში განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის, ისე ამერიკის კონგრესის მხრიდან.

„ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტრუროს ერთგულება დემოკრატიული გზის მიმართ. კონკრეტულად კი იმ შეშფოთებების გათვალისწინებით, რომლებიც გასული წლის განმავლობაში იყო გაჟღერებული და შეეხებოდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციებს, გარკვეულ დემოკრატიულ უკუსვლას. ეს იქნება არჩევნები, რომელიც განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იქნება ამერიკის ხელისუფლების – როგორც აღმასრულებელი შტოს, რაშიც სახელმწიფო დეპარტამენტი, USAID-ი და სხვები შედის, ასევე ჩვენი კონგრესის მხრიდანაც, რომელიც საკანონმდებლო-საფინანსო გადაწყვეტილებებს იღებს.

ჩვენ ვნახეთ რამდენიმე კონგრესმენი, მათ შორის, საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, რომლებიც ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს ამ არჩევნებს, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინდიკატორს“, – ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

შერილ ფერნანდესი რეგიონში დემოკრატიის კუთხით საქართველოს მიღწევებზე და ლიდერის პოზიციებზეც საუბრობს და ამბობს, რომ როგორც ამერიკასთან საზიარო ღირებულებები, ისე – ლიდერობის ეს საფუძვლები უნდა იყოს გამოყენებული საპარლამენტო არჩევნების წინაც იმისთვის, რომ პროცესი თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში წარიმართოს. მისი შეფასებით, გასული თვეების განმავლობაში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი იყო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ახლა მათი შესაბამისი აღსრულება და ამისთვის ხელისუფლების მზაობაა.

„ეს რეფორმები ქმნის საფუძველს შემდეგი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის. ეს რეფორმები უნდა იყოს აქტიურად აღსრულებული იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამომრჩევლები აძლევენ ხმას დაშინების, პოლიტიკური ძალადობის, მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების გარეშე. ეს არის ის მიმართულებები, სადაც განმეორებით გვინახავს პრობლემები საქართველოს არჩევნებში ბოლო 30 წლის განმავლობაში და რასაც მივაქცევთ ყურადღებას ამ არჩევნებშიც.

საქართველოს აქვს შესაძლებლობა გადადგას შემდეგი ნაბიჯები დემოკრატიის გასაძლიერებლად და კითხვა ისაა, იქნება თუ არა ამის პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან. ეს გამოჩნდება უახლოეს კვირებში, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ“, – ამბობს ფერნანდესი.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობისას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ივლისის თვეში სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის გამართული სატელეფონო ზარის შინაარსიც გაიხსენა და თქვა, რომ ამერიკის პირველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების და თანაბარი შესაძლებლობების მნიშვნელობას.

ფერნანდესი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული საარჩევნო პროცესი არ მოიცავს მხოლოდ იმას, თუ რა ხდება კენჭისყრის დღეს ან – მანამდე. ის მოიცავს პოსტ-საარჩევნო პერიოდსაც და იმას, რომ არჩევნები უსაფრთხო, გახსნილ და ყველასთვის ხელმისაწვდომ პოლიტიკურ დისკურსს ეფუძნებოდეს.

„ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ არის ცნობები წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა დაშინების, ჟურნალისტებისა და პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ. ამ პრობლემას შეშფოთების მთავარ საგნად ვხედავდით წინა, 2018 წლის არჩევნების დროსაც“, – ამბობს დიპლომატი და ხაზს უსვამს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებიან სიტუაციას, საშუალება მიეცეთ შეუფერხებლად შეასრულონ თავიანთი საქმე.

მისივე თქმით, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს ამ საქმეებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ანგარიშვალდებულება და კაონონის წინაშე თანასწორობა უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„აუცილებელია, რომ ლიდერებმა ყველა პარტიიდან და პოლიტიკური ძალიდან მოუწოდონ და ნათლად უთხრან საკუთარ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა და დაშინება მიუღებელია და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს არც ერთ არჩევნებში“.

საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, რომელიც საქართველოს არჩევნების თაობაზე გამართულ დისკუსიაში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად მონაწილეობდა, ამბობს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დამკვირვებელი პირები, ორგანიზაციები თუ დიპლომატები, თანხმდებიან, რომ ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითი იყო თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად:

„ამ დაპირისპირებებს ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივი რეაგირება მოჰყვა და მათგან იყო მოწოდებები მხარდამჭერების მიმართ, რომ საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად მოიქცნენ. რაც შეხება გამოძიებას, ამას მოჰყვა ხელისუფლების მხარდამჭერების დაპატიმრებაც, რაც უძლიერესი შესაძლო სიგნალი იყო ხელისუფლების მხრიდან.“

ამასთან ბაქრაძე დასძენს, რომ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ხშირად ივიწყებენ იმ ფაქტს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინიციატივა იყო და გასულ ზაფხულს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები საპარალამენტო პლურალიზმს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მისი თქმით, „უპრეცედენტო მასშტაბის“ ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში ოქტომბერში „კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნების“ ჩატარებას შეუწყობს ხელს.

წინასაარჩევნო პროცესების შეფასებისას შერილ ფერნანდესი პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და „რადიკალური და უპასუხისმგებლო“ რიტორიკის გაზრდის თაობაზეც გამოთქვამს წუხილს. ის მოუწოდებს პოლიტიკოსებს, რომ ამომრჩევლებს ესაუბრონ ისეთ თემებზე, როგორიც განათლება, ჯანდაცვა, პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აღდგენის გზები და სხვა მსგავსი თემებია, რათა მოქალაქეებმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

ფერნანდესი პოლიტიკური პარტიების მხრიდან ნებაყოფლობითი ქცევის კოდექსის ხელმოწერას დადებითად აფასებს და მოუწოდებს ყველა პარტიას, რომ შეუერთდეს ამ ინიციატივას და სერიოზულად მიუდგეს მის პრინციპებს. ფერნანდესი ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისთვის საჭირო გარემოზე, სამოქალაქო საზოგადოებების პატივისცემაზე და მედიის შეუფერხებელი მუშაობის აუცილებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს ნაწილია.

„მედიის შესაძლებლობა, რომ შეინარჩუნოს სარედაქციო დამოუკიდებლობა არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ცნობებით პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების, გააქტიურებული სიტყვიერი თავდასხმებისა და მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ მუქარის შესახებ.

მთავრობას აქვს ვალდებულება დაიცვას ჟურნალისტები და უზრუნველყოს, რომ ისინი შეასრულებენ საკუთარ როლს შიშისა და დაუსჯელობისგან თავისუფალ ატმოსფეროში“, – ამბობს შერილ ფერნანდესი და განმარტავს, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ამერიკა ქვეყნის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას ურყევად განაგრძობს.

„არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგაც ამერიკა გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეებისა და მთვრობის მხარდაჭერას დემოკრატიის გაძლიერების – საარჩევნო პროცესების, კანონის უზენაესობის გაუმჯობესების და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით. ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული, მმართველი კოალიცია თუ პარტია, ამერიკა განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და მტკიცე ურთიერთობას ქვეყნის ხელისუფლებასთან, რადგან ეს არის საზიარო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობა“, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

კენჭისყრის დღეს პანდემიით განპირობებული გამოწვევების შეფასებისას კი საერთაშორისო დამკვირვებლების მზაობასთან ერთად, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ საზოგადოების ნდობა მთავრობის მიერ პანდემიასთან გამკლავების თაობაზე, აჩვენებს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ საარჩევნო პროცესში მონაწილეობისას თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.

„მთავრობის მიღწევებმა აჩვენა, რომ ამ ხელისუფლებას შეუძლია უზრუნველყოს ყველაზე დაცული და უსაფრთხო გარემო ამომრჩევლებისთვის. გამოკითხვებშიც ჩანს, რომ მოსახლეობის 80%-ზე მეტი დადებითად აფასებს იმას, თუ როგორ გაუმკლავდა ხელისუფლება ვირუსს“, – ამბობს ბაქრაძე და განმარტავს, რომ არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება კიდევ ერთი ნიშანი იქნება უცხოეული ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ინვესტიციების განსახორციელებლად რეგიონში საუკეთესო ადგილია.

„ჩვენ ძალიან კარგი საფუძვლიდან ვაგრძელებთ ეკონომიკურ აღდგენას. ეს არჩევნები კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ ვაჩვენოთ, პოსტპანდემიურ გარემოშიც, როგორია ეს ქვეყანა ბიზნესის კეთებისთვის. იქნება ეს ბიზნეს საქმიანობის სიმარტივე, დაბალი გადასახადები, დაბალი კორუფცია, სოლიდური საბანკო სისტემა თუ სხვა. ამ წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო ორგანიზაციების პროექტებით საქართველოში აჩვენებს, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ინვესტიციები უნდა ჩაიდოს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები კი დემოკრატიული სიმწიფის ნიშანი იქნება და კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, დააინტერესებს ამ კომპანიებს, რომლებიც სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს ეძებენ ინვესტირებისთვის“, – ამბობს ბაქრაძე.