ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება ფართო „ლოქდაუნი“ - გაბუნია

პუბლიკა

„ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება ფართო „ლოქდაუნი“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, შეკითხვაზე, „იგეგმება თუ არა სააღდგომოდ ქვეყნის „ჩაკეტვა”. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური წერტილოვანი რეაგირება იქ, სადაც შეინიშნება ეპიდვითარების ადგილობრივი მატება.

„ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება ფართო „ლოქდაუნი“, უფრო მეტიც – ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის ძალიან რთულად გადაიტანს. ამდენად მნიშვნელოვანია ძალიან სწრაფად წერტილოვანი რეაგირება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, შემთხვევების მატება აღინიშნება, კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. ამ ვითარებაზე პასუხი კი ინტენსიური ტესტირება და წესების აღსრულების გამკაცრებაა.

„ეპიდემიური სურათი ნამდვილად საყურადღებოა. შემთხვევების მატება აღინიშნება. კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. ამდენად დღეს ჩვენთვის მთავარია ეპიდემიის გავრცელების ადგილზე ლოკალიზება. ამის მექანიზმი არის ინტენსიური ტესტირება და ასევე ნიღბების და ყველა არსებული წესების დაცვა. ჯერჯერობით, ვცდილობთ, ლოკალიზება მოხდეს ამ გზებით, შემდეგ სიტუაცია როგორც განვითარდება, ამის მიხედვით მივიღებთ სხვა გადაწყვეტილებებს. სრულიად დაუშვებელია, რომ ეპიდემიას ესკალაციის შესაძლებლობა მივცეთ”, – განაცხადა მან.