ამ ეტაპზე საქართველოს პროგრესული გადასახადი არსებით სარგებელს არ მოუტანს - მინისტრი

პუბლიკა

„ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პროგრესული გადასახადი განვითარების ამ ეტაპზე არანაირ დამატებით, არსებით სარგებელს არ მოუტანს”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

„კონტექსტი, რომ გავითვალისწინოთ, თუ რასთან დაკავშირებით იყო აღნიშნული წინადადება მოყვანილი ამ ანგარიშში, იყო საუბარი, რომ მნიშვნელოვანია კრიზისის შემდგომ პერიოდში ფისკალური კონსოლიდაციის განხორციელება და ეს არ არის წინადადება, რომელსაც მხოლოდ ამ ანგარიშში ნახავთ.

ზოგადად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციაა, რომ საშემოსავლო გადასახადი პროგრესული იყოს უფრო მეტად და განსხვავებული შემოსავლის მქონე პირები იბეგრებოდნენ სხვადასხვა განაკვეთით -მაღალი შემოსავლის მქონე პირების უფრო მაღალი გადასახადით დაბეგვრის შემთხვევაში, შესაძლოა იყოს შესაძლებლობა, რომ განაკვეთი იყოს პროგრესული.

ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პროგრესული გადასახადი განვითარების ამ ეტაპზე არანაირ დამატებით, არსებით სარგებელს არ მოუტანს. გარდა იმისა, რომ ეს დამატებით რისკებსა და გართულებულ ადმინისტრირების პროცესს შეიცავს. ვფიქრობ, რომ პროგრესულ გადასახადზე საუბარი საქართველოს განვითარების ამ ეტაპზე ერთის მხრივ მართებული არ არის, ხოლო მეორე მხრივ რეალურად არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის”,- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.


„ბიზნეს ფორმულასთან” IMF-ს მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა საქართველოში სელიმ ჩაკირმა განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა იფიქროს პროგრესული გადასახადების ამოქმედებაზეც:

„ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ გადასახადების პირდაპირ ცვლილებაზე, თუმცა თუკი მსგავს ცვლილებას განიხილავს მთავრობა, შესაძლოა დაფიქრება პროგრესულ საგადასახადო რეჟიმზეც – ეს კი ნიშნავს დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირებას, მაღალშემოსავლიანი ფენისთვის კი პირიქით გაზრდას – თუმცა მსგავსი საკითხი მთავრობასთან არ განგვიხილავს”,- აღნიშნა მან.