ამ მძიმე პერიოდში საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ - ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას ესაუბრა

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, არსებული ვითარების ფონზე ის ტელეფონით უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას ესაუბრა და მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ.

„საუბრისას ხაზი გაესვა, რომ ჩვენ ვდგავართ საერთო გამოწვევის წინაშე უკვე მრავალი წელია, რაც არის დაკავშირებული ოკუპაციასთან. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი სოლიდარულია მეგობარი უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის მიმართ ამ მძიმე პერიოდში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათ ასევე ისაუბრეს უკრაინის საზღვრებთან არსებულ ვითარებასა და რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე მოლაპრაკებაზე.

„ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის საზღვრებთან დღეს არსებულ ვითარებაზე. ასევე ვისაუბრეთ დასავლელი პარტნიორების რუსეთთან მიმდინარე დიალოგის პარალელურად უკრაინისა და საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები, როგორც შეერთებული შტატები, ისე NATO ერთიანი არიან საქართველოსა და უკრაინის სუვერენული უფლების დაცვაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, მათ აღნიშნეს, რომ დასავლელი პარტნიორები ყოველთვის საჯარო თუ სამუშაო შეხვედრებზე მუდამ აფიქსირებენ, რომ არ აპირებენ დათმონ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ასევე მათი სუვერენული უფლება, რომ თავად გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი.