ამ მშენებლობამ შესაძლებელია, სრულად შეცვალოს ისტორიული ქალაქი - ამაშუკელი

პუბლიკა

„ამ მოცულობის ტერიტორიაზე მშენებლობის წამოწყებამ შეიძლება აბსოლუტურად შეცვალოს ამ ლოკალური ადგილისა და, შესაძლებელია, მთლიანად ისტორიული ქალაქის მახასიათებლები. დაუშვებელია ამ პროექტის ყველანაირი კონკურსისა და საჯარო განხილვის გარეშე შეთანხმება“, – აცხადებს ხელოვნებათმცოდნე თამარა ამაშუკელი ყოფილი ელბაქიძის ქუჩაზე (ახლანდელი ჯავახიშვილის) დაგეგმილი მშენებლობის შესახებ.

თბილისში, ყოფილი ელბაქიძის (ახლანდელი მიხეილ ჯავახიშვილის) ქუჩაზე მრავალფუნქციური დანიშნულების კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ არქიტექტურული პროექტის ესკიზი 2020 წლის სექტემბერში მოიწონა და დადებითი რეკომენდაცია გასცა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საბჭოს 4 წევრმა პროექტის ესკიზი უარყოფითად შეაფასა.

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე ასახული განაცხადის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიის ფართობი 65 000 კვ.მ.-ია და შედგება რამდენიმე ნაკვეთისგან, რომლებსაც სხვადასხვა მფლობელი ჰყავს. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მფლობელები არიან:  შპს „ცენტრ პლაზა“, სააქციო საზოგადოება „თელასი“ და „სილქნეტი“.

ხელოვნებათმცოდნე თამარა ამაშუკელი „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ ამ ისტორიული უბნის დანგრევა 2009 წელს დაიწყო.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირების მხრიდან ეს უკვე მეორე პროექტია წარდგენილი. პირველად 2019 წელს წარადგინეს.

„პირველისგან განსხვავებით მეორე პროექტის ესკიზმა გაიარა საბჭო და ესკიზურ პროექტზე დადებითი შეფასება მიიღო. საინტერესოა, რომ თავად საბჭოზე ხმები გაიყო, 4 უარყოფითია და 4 დადებითი. როგორც ვიცით, ასეთ დროს საბჭოზე გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. საინტერესოა, რომ თავად საბჭოს წევრების მოსაზრება, სადაც ისინი ამბობენ, რომ ამ პროექტის მასშტაბი სრულიად შეუსაბამოა ქალაქისთვის, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები მათ“, – განაცხადა მან.

 

*კომპანიის მიერ 2019 წელს წარდგენილი პროექტი

მისი თქმით, პროექტის განმარტებით ბარათში გაცხადებულია, თითქოს ობიექტი მეტ-ნაკლებად ითვალისწინებს ისტორიული ქალაქის ქუჩათა კონფიგურაციასა და მის არქიტექტურულ მახასიათებლებს, ლანდშაფტს. ზემოთ აღნიშნული კი არა თუ გათვალისწინებულია, არამედ სრულიად ეწინააღმდეგება მას.

„ის არ ითვალისწინებს არა მარტო ისტორიული ქალაქის ქუჩათა ქსელს (ვერც გაითვალისწინებს, რადგან აღარაფერია დარჩენილი), არამედ არქიტექტურის ძირითად მახასიათებლებსაც, მასშტაბს და არ ითვალისწინებს ყველაზე მნიშვნელოვანს – არქიტექტურისა და ლანდშაფტის ურთიერთობას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც უპირველესი დასაცავი ფასეულობაა თბილისისთვის. ამ ობიექტის აშენების შემთხვევაში, ფაქტობრივად, ჩვენ ვიღებთ ყრუ კედელს მტკვრის გასწვრივ. ასეთი რამ დაუშვებელია“, – განაცხადა ამაშუკელმა.

მისი თქმით, ესკიზის შეთანმხება მნიშვნელოვანი ეტაპია ამ პროცესში. ესკიზის შეთანხმების ეტაპზე თბილისის მერია განმცხადებელს ეუბნება, რომ მასშტაბები და შენობის არქიტექტურული გადაწყვეტა, მისი იერსახე მისაღებია.

„ისტორიულ ქალაქში, განსაკუთრებით, დიდი მასშტაბის პროექტების განხორციელებისას, ესკიზის შეთაანხმება გავრცელებული პრაქტიკაა, ,ეს არ არის სამშენებლო ნებართვა, თუმც, ესკიზის შეთანხმებით, გადაწყვეტილების მიმღები პირები იწონებენ წარმოდგენილ კონცეფციას, და შესაბამისად, გეზს აძლევენ , გზას უხსნინა პროექტს. ესკიზის შეთაბნხმების შემდეგში შეიძლება შეიცვალოს დეტალები, მაგრამ ძირითადი ნაკვთები არა. ამ შემთხვევაში თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ, ნებართვის მაძიებლებს უთხრა, რომ მისთვის დამაკმაყოფილებელია პროექტის ზოგადი ნიშნები. თუ მოწონებულია, შეთანხმებულია კონცეფცია, მაშ, რატომ შეცვლის მას არქიტექტორი? “, – თქვა ამაშუკელმა.

როგორც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ  ესკიზის წინასწარი შეთანხმება საბჭოს მიერ ხდება ფოტომონტაჟის მიხედვით, კონცეფციის დონეზე.

ამაშუკელის თქმით, თუ აღნიშნული პროექტი თბილისის ისტორიულ ნაწილში განხორციელდება, ის თავისი მასშტაბებით შესაძლოა ისეთივე ზიანის მომტანი იყოს, როგორც ეს „პანორამა თბილისისა“ და მირზა შაფის ქუჩის მშენებლობები იყო.

„მოქმედი კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმებას, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემის ეტაპს, რაც ესკიზის წინასწარი შეთანხმების დროს არ ხდება. კონკრეტულად, თუ როგორი არქიტექტურული პროექტები უნდა შეთანხმდეს, დამოკიდებული იქნება განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებაზე, რაც ამ ეტაპზე არ მომხდარა“,  – განაცხადეს არქიტექტურის სამსახურში.

პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მრავალფუნქციური კომპლექსი შედგება სასტუმრო, საოფისე და საცხოვრებელი ნაწილებისგან. შენობის სიმაღლე არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით 65 მეტრამდეა. მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსდება სასტუმრო, საოფისე, საცხოვრებელი, კომერციული ფუნქციის მქონე ფართები.