ამერიკა საქართველოს „ფაიზერის“ ნახევარ მილიონ დოზას საჩუქრად გადასცემს - პრემიერი

პუბლიკა

„ამერიკის მთავრობა საქართველოს „ფაიზერის“ ნახევარ მილიონ დოზას საჩუქრად გადასცემს და ვაქცინას უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში უკვე შემოვიდა ჩინური ვაქცინების – „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ მილიონი დოზა, ხოლო „ფაიზერის“ ვაქცინა ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირა შემოვა.

„ბოლო დღეებში ხედავთ, რომ გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების მატება. მინდა, ვუთხრა ხალხს, მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვაქცინაცია. მანამდე იყო პრობლემა, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობა არ იყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩამოგვეტანა ვაქცინების საკმარისი რაოდენობა.

„სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ მილიონი დოზა ვაქცინა არის ადგილზე, „ფაიზერის“ ერთი მილიონის მოწოდება უკვე დაიწყო, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას შემოგვივა „ფაიზერის“ ვაქცინები. ამასთან, „ფაიზერის“ ნახევარ მილიონი დოზის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.