ამერიკელმა პარტნიორებმა გახარიას გადადგომის გადაწყვეტილება სწორ და პრინციპულ პოზიციად შეაფასეს - ქემოკლიძე

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა ქემოკლიძე აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენას სოციალურ ქსელში აფასებს.

ქემოკლიძე წერს, რომ ბოლო 8-9 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სენატში „შინაარსობრივად უკიდურესად ნეგატიურად დატვირთული“ განცხადებები გაკეთდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გადადგმული „რადიკალური ნაბიჯების მისამართით“.

ქემოკლიძის შეფასებით, ამერიკაში კარგად არიან ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

მისივე თქმით, სენატორებმა დაადასტურეს, რომ რუსეთი პოლიტიკური კრიზისით სარგებლობს და პოლარიზაცია ქვეყნის ეროვნულ გამოწვევად იქცა.

„ამერიკელმა მეგობრებმა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს კრიზისის დაძლევის მზა სახელმწიფოებრივი ხედვა შესთავაზეს – გვერდით გადაიდოს მოკლევადიანი პოლიტიკური დღის წესრიგი, სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიზნით დაიძლიოს პოლარიზაცია და ნაბიჯ-ნაბიჯ გაგრძელდეს დემოკრატიის მშენებლობა.

ამერიკელმა პარტნიორებმა გახარიას მიერ გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სწორ და პრინციპულ პოზიციად შეაფასეს, რადგან ის რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების არდაშვებას ემსახურებოდა.

გუშინ მკაფიოდ ითქვა, რომ ფინანსური ბერკეტების ამოქმედებამდე ერთ ნაბიჯში ვართ. ეს იყო საჯარო და მკაფიო სიგნალი, რომ სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მეტი შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს!

P.S. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების ეს გზავნილები ადეკვატურად (და არა ვიწრო პარტიული პრიზმით) იქნას აღქმული და კონკრეტულ ნაბიჯებში აისახოს. დაპირისპირებული მხარეების მხრიდან კონტექსტიდან ამოღებული ცალკეული გზავნილის საკუთარ ინტერესებზე მორგების ნებისმიერი მცდელობა იქნება სრულიად უშედეგო და კიდევ უფრო კონტრპროდუქტიული“, – წერს ქემოკლიძე.


კახაბერ ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა პრემიერ გახარიას გადადგომის შემდეგ, 24 თებერვალს დატოვა.

მან გადაწყვეტილების შესახებ განცხადებისას მადლობა გადაუხადა გიორგი გახარიას და სტატუსის დასასრულ თქვა: „დროებით გემშვიდობებით. ჩვენ კვლავ შევხვდებით“.