ამისგან სარგებელს მხოლოდ კრემლი ნახულობს - ბენ ჰოჯესი მელიას დაკავებაზე

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების გადამდგარი გენერალი ბენ ჰოჯესი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. ჰოჯესის განცხადებით, მთავრობის ამ ნაბიჯით საქართველომ უკან დაიხია და ამით მოგებას მხოლოდ კრემლი და ბიძინა ივანიშვილი ნახულობს.

„ეს ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის. ამით სარგებლს ნახულობს მხოლოდ კრემლი, ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა. არაფერი კარგი არაა ამაში ქართველებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ბაიდენი სათანადოდ უპასუხებს ამას. კრემლი გვიყურებს“, – წერს ბენ ჰოჯესი Twitter-ზე.

დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრება უარყოფითად შეაფასა აშშ-ის საელჩომ, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ, ამერიკელმა კონგრესმენმა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმაც.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.