„ამხელა ნდობა მოგცეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს, რომ იტყვან“ - ღარიბაშვილი გახარიაზე

პუბლიკა

თქვენ ნახავთ, გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გახარიას საქციელს სახელი უკვე დაარქვა და ყველა მოქალაქემ კარგად იცის, რა ჩაიდინა მან.

„აქედან შევახსენებ გახარიას, რომ მე მას სახელი უკვე დავარქვი და ყველამ მათ შორის პარტიის დამფუძნებელმა მას სახელი დაარქვა. ჩვენმა ყველა მოქალაქემ კარგად იცის, რა ჩაიდინა მან. ღალატია ის, რაც მან ჩაიდინა. გუშინ წავიკითხე მისი კომენტარი, როდესაც გულდაწყვეტით საუბრობს ინსტიტუტის დაკნინებაზე თუ დანგრევაზე. მინდა, მოსახლეობას შევახსენო და ჩვენ გუნდის შიგნით ამის თაობაზე არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის მისი თანდასწრებით. ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როცა პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე, მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებაზე და პატარა ბავშვივით გაიქცა, გადადგა იმის გამო, რომ ნიკა მელია არ დაეკავებინა პოლიციას.

მეორე, ინსტიტუტის დაკნინება და დანგრევა იყო ის, როდესაც მან სპეცრაზმი ჩაიყვანა პანკისში და მთელს სოფელს აცემინა ქვებით და კაცი არ დაუსჯია. და მესამე, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, გახსოვთ ალბათ, რაღაც გაუგებარი სპეცოპერაცია ჩაატარა, კლუბებში შევიდა, ააწიოკა ხალხი, შემდეგ გამოვიდა და ნახეთ, რომ კლუბში ვინც იყვნენ, მათ პოლიციელებს არაერთგზის მიაყენეს შეურაცხყოფა და გამოვიდა და ბოდიში მოუხადა ამ ხალხს, მათ შორის იმ ხალხს, რომელსაც თვითონ ეძახდა ნარკომანებს და ა.შ. ეს არის ინსტიტუტის დაკნინება. ასევე ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება არის ის, როდესაც აბსოლუტურად გაუაზრებლად, უგუნურად დაგეგმავ ოპერაციას, ვგულისხმობ გავრილოვის ღამეს ჩატარებულ სპეცოპერაციას, გამოიყვან სპეცრაზმს პარლამენტის გარეთ, მაშინ, როდესაც შიგნით უნდა ყოფილიყო, ნებისმიერი დამწყები სპეციალისტი ამას აუხსნიდა, აცემინა 3 საათის განმავლობაში, აყურებინა მთელს მოსახლეობას და მთელს ქვეყანას, როგორ სცემდნენ აგრესიული „ნაცმოძრაობის“ წევრები ჩვენს საამაყო პოლიციელებს და სპეცრაზმელებს. ეს არის სირცხვილი და ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან ქვეყბის ყოფილი პრემიერი „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეობაში დაადანაშაულა.

ღარიბაშვილის თქმით, გახარია ყველაფერს აკეთებს, რომ თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური შედგეს.

„კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გახარიამ“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გახარია აკრიტიკებს გუნდს, რომელიც „მძიმე დანაშუალებისა და შეცდომების მიუხედავად, მას ბოლომდე გადაეფარა“.

შეკითხვაზე, თუ ამდენ შეცდომას უშვებდა გახარია, რატომ ანდეს პრემიერობა, ღარიბაშვილი პასუხობს:

„ეს ადამიანი მარტო არ იყო, როგორ ფიქრობთ, გახარიას ჩავაბარეთ ყველაფერი? [მასთან იყო] მთელი გუნდი, პარლამენტი, უმრავლესობა, პარტია. ჩვენ კოლექტიურად ვიღებდით გადაწყვეტილებებს. გუნდმა ყველაფერი გააკეთა ამ კაცისთვის – დაწყებული დამფუძნებლის მხრიდან მის მიმართ გამოჩენილი ნდობისა, არავინ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან, დანიშნეს ჯერ რამდენიმე ადგილას. ამდენი ნდობა მოგცეს, ამდენი რაღაც გასწავლეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს. დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს გუნდს, რომლის წიაღშიც 8 წელი იყო, ეს იყო გუნდი, რომელიც ბოლომდე გადაეფარა მას, ამდენი მძიმე დანაშაულის, შეცდომის თუ გადაცდომის შემდეგ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

„კიდევ უფრო მეტი ილაპარაკოს ჩემზე, მე მას არაფერს ვუპასუხებ“ – ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ მოქმედ პრემიერ ღარიბაშვილს.