აქციაზე დაშავებული ჩვენი წევრი საავადმყოფოში დატოვეს - „დროა"

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პარტია „დროას” წევრი შუშანა მაცაბერიძე დაშავდა. მუცლის არეში ძლიერი ტკივილის გამო, სასწრაფომ იგი კლინიკაში გადაიყვანა.

პარტიის ცნობით, ექიმების თქმით, მას რამდენიმე საათი დატოვებენ კლინიკაში, რათა დააკვირდნენ და ბოლომდე გამოიკვლიონ, რა ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას.

„შუშანას ჯერ ტოვებენ კლინიკაში. მუცლის არეში ტკივილი აქვს დარტყმისგან მწვავე. როგორც კი დიაგნოზი იქნება, ცხადია, ვუჩივლებთ „გაუქმებულ” ინსპექტორთან. არ მოგასვენებთ მაინც ცემის პროტესტზე ცემისთვის”, – წერს facebook-ზე „დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია.


შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „დროამ” და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მოძალადე პოლიციელების დასჯა მოითხოვეს.