არ შევეგუებით რუსულ მთავრობას საქართველოში - მელია რუსეთთან ფრენის შესაძლო აღდგენაზე

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსეთში საქართველოსთან ფრენის შესაძლო აღდგენისა ურთერთობის გაუმჯობესების შესახებ გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება.

მელიას განცხადებით, მაშინ, როცა ცივილიზებული მსოფლიო რუსეთს სანქციებს უწესებს და უწოდებენ ტერორისტულ სახელმწიფოს, მისი ლიდერები საუბრობენ საქართველოსთან კომუნიკაციის აღდგენაზე და იმ სასჯელის გაუქმებაზე, რაც ქართველ ხალხს დაუწესეს გავრილოვთან დაპირისპირების შემდეგ.

ეს კი, მელიას თქმით, მიუთითებს, რომ საქართველოს ევროპული მომავლის მტერი რუსეთთან ერთად „ქართული ოცნებაც“ არის. თუმცა „ნაციონალური მოძრაობა არ შეეგუება „რუსულ მთავრობას“.

„როდესაც საქართველო მართალია ცივილიზებული სამყაროს წინაშე, ისე როგორც არასდროს და ჰყავს ამ სიმართლის დაცვაში პარტნიორები და თანამებრძოლები, იმდენი რამდენიც არასდროს ჰყოლია.

მაშინ, როდესაც 2008 წლის რუსულ აგრესიას ჰქვია თავისი სახელი – ოკუპაცია და დემოკრატიული სამყარო თანხმდება, რომ რუსეთი, არსებული ფორმაციით ისევე, როგორც ოკუპაცია, უნდა დასრულდეს. აი, ეს ე.წ. რუსეთის ტერორისტული ხელისუფლება აქებს საქართველოს პრორუსულ მთავრობას კომუნიკაციის აღდგენისა და გაუმჯობესებისთვის, აქებს და ხარობს.

შეგახსენებთ, ფრენები რუსეთმა გააუქმა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გავრილოვს და მის მოკავშირე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საკადრისი პასუხი გასცა. ფრენების აკრძალვა, კრემლის აზრით, იყო სასჯელი და სანქცია ქართველი ხალხის მიმართ. ახლა კი, დაიწყო საუბარი აღდგენაზე. რითი დაიმსახურა ამ ე.წ სასჯელისგან გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლებამ?!

რუსეთს უხარია, რომ საქართველოში „ოცნების“ ხელისუფლების ხელით კლავს თავისუფლებისათვის მებრძოლ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს. კლავენ კიდევ ერთ პრეზიდენტს საქართველოში, რომელმაც უარი თქვა რუსეთის მსახურებაზე. კლავს ისევე, როგორც დაგეგმა და განახორციელა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა.

მაშინ, როდესაც რუსეთთან ფრენები იკრძალება ცივილიზებულ სამყაროში. მაშინ, როდესაც რუსებისათვის ხელის ჩამორთმევა და მოლაპარაკება ხდება სირცხვილი და მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი, ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველოს ხელისუფლება ამაყობს რუსეთთან ფრენების აღდგენით და ამას ხსნის მოსახლეობის ინტერესით.

დღეს „რუსული ოცნების“ ხელისუფლებამ, ოფიციალურად, განაცხადა დასტური, რომ არ უერთდება ცივილიზებული სამყაროს სანქციებს რუსეთის მიმართ, პირიქით ეწინააღმდეგება და გვერდს უვლის მას. დღეს რაც ხდება საქართველოში უხარია რუსეთს!

საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლის მტრები არ დგანან მხოლოდ რუსული ოკუპაციის ხაზთან. ისინი არიან აქაც, ამ ქალაქში, ამ მთავრობაში „ქართული ოცნების“ მმართველობის სახით. ლავროვთან და პუტინთან ერთად ივანიშვილი უკეტავს საქართველოს ევროპის კარს.

„ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით რუსულ მთავრობას საქართველოში, თავისუფალ სამყაროსთან ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის და ევროპული მომავლისთვის“, – აცხადებს ნიკა მელია.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 18 იანვარს ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირ ავიამიმოსვლას შეძლებენ. ლავროვმა შეაქო საქართველოს მთავრობა „სიმამაცისთვის“, რომ  საქართველო, მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, არ უერთდება სანქციებს.

მოგვიანებით, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „თუ [რუსეთთან] ფრენა აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება“.


2008 წლის ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის შეწყდა. რუსეთის ჯარი განლაგდა ცხინვალის რეგიონში. რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკები.

2019 წელს რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები გააუქმა. რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოქმედებს უვიზო რეჟიმი, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში გასამგზავრებლად ვიზა ესაჭიროებათ.