არ ვიცი, რაზე საუბრობს, მაგრამ მე არაფერი მაქვს დასამალი - დეგნანი კობახიძეზე

პუბლიკა

„წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს, მაგრამ მე არაფერი არ მაქვს დასამალი“, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ირაკლი კობახიძის კომენტარს.

კობახიძემ გუშინ თქვა, რომ შეიძლება, ღიად ისაუბრონ იმის შესახებ, თუ რას მოითხოვდნენ მათგან „სატელეფონო საუბრებში“.

„დღეს არ მინდა, უბრალოდ, საუბარი. შეიძლება, მომავალში დადგეს ამის დრო. ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას მოითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ“, – განაცხადა გუშინ ირაკლი კობახიძემ, მოსამართლეების სანქცირების შემდეგ.

კელი დეგნანმა კი განაცხადა, რომ მის კომენტარში უფრო შემაშფოთებელი ისაა, კობახიძემ სატელეფონო თვალთვალის შესახებ რომ მიანიშნა.

„შემაშფოთებელი ისაა, რომ მან მიანიშნა, თითქოს გრძელდება სატელეფონო საუბრების უკანონო თვალთვალი. საქართველოს მოქალაქეები ძალიან შეშფოთებულები იქნებიან იმის გაგებით, რომ მის საუბრებს უსმენენ. არ ვიცი, რაზე საუბრობს ის, მაგრამ მე არაფერი არ მაქვს დასამალი“, – თქვა კელი დეგნანმა „მთავართან“ ინტერვიუში.

წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ, მიანიშნებდა თუ არა ირაკლი კობახიძე ხელისუფლების მიერ აქამდე უკვე არაერთხელ გაჟღერებულ პოზიციაზე, თითქოს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვისკენ მოუწოდებენ, დეგნანმა განაცხადა, რომ ეს მათ საქართველოს ხელისუფლებისთვის არასდროს უთქვამთ.

„კიდევ ერთხელ, არ ვიცი, ის რაზე საუბრობს, მაგრამ გარწმუნებთ, როგორც უკვე ბევრჯერ მითქვამს, არასდროს მოგვიწოდებია საქართველოსთვის ომში ჩართვისკენ. კარგად გვესმის იმ სენსიტიური სიტუაციის, რომელშიც საქართველო იმყოფება. საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ჩვენ ვხვდებით აი, ამ დიდ ზეწოლას, რასაც რუსეთი ახდენს საქართველოზე.

ჩვენ ყველაფერი კარგად გვესმის და არავინ სთხოვს საქართველოს ამას. ჩვენ არ გვინდა, საქართველო ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა ამ ომში ჩაერთოს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევაჩეროთ ეს ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო“, – განაცხადა კელი დეგნანმა  [„მთავარი არხის“ თარგმანი].

რაც შეეხება სანქციებს, კელი დეგნანის თქმით, აშშ სანქციებს წინასწარ არ აანონსებს და განაგრძობს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ.

„ჩვენ წინასწარ არ ვაანონსებთ ჩვენს სანქციებს. გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებსა და ხელისუფლებასთან, კორუფციის წინააღმდეგ და მხარს დავუჭერთ იმ ძალისხმევას, რომელიც ქართველებმა გაწიეს სასამართლოს განვითარებისთვის, რომ არ იყოს კითხვები დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემაზე“, – თქვა აშშ-ის ელჩმა.