„არა რუსულ კანონს - თავისუფლება ლაზარეს!“ — რვა აპრილს პარლამენტთან და საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება

პუბლიკა

8 აპრილს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია „არა რუსულ კანონს – თავისუფლება ლაზარეს!“ დაანონსდა.

პროტესტის ორგანიზატორები სამოქალაქო მოძრაობები „ტალღა“ და „ჯიუტი“ არიან.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პარლამენტთან მოეწყობა ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია, რომელიც 8 აპრილს 15:00 საათზე გაიმართება.

„ორშაბათს, 8 აპრილს, პარლამენტში ხელახლა იწყება რუსულ კანონთან დაკავშირებული პროცედურები. ამავე დღეს, ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი გაიმართება. ჩვენ პარლამენტთანაც და სასამართლოსთანაც ისტორიის სწორ მხარეს დავდგებით!

2023 წლის მარტში ქართველმა ხალხმა უკან დაახევინა ხელისუფლებას, რომელსაც განზრახული ჰქონდა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შევიწროება და საქართველოს რუსულ ორბიტაზე მონიშვნა. მარცხით გაბრაზებულმა ხელისუფლებამ მალევე გადაწყვიტა, რომ შეერჩია და სამაგალითოდ დაესაჯა მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი. ამის პარალელურად კი, მან ქართველი ხალხის უმთავრესი მონაპოვრის, ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად გაწეული შრომის და კანდიდატის სტატუსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება გადაწყვიტა.

ორშაბათს, 14:00 საათზე, ჩვენ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ კავშირი იმ პროცესებს შორის, რომელიც პარალელურად ვითარდება პარლამენტსა და სასამართლოში! გთავაზობთ, რომ გადავნაწილდეთ და შევიკრიბოთ როგორც პარლამენტის უკან, ასევე სასამართლოს წინ!

1989 წლის 9 აპრილიდან 35 წლის შემდეგ, ქართველ ხალხს ისევ უწევს ბრძოლა რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ. ერთად დავიცვათ 9 აპრილის გმირების მონაპოვარი და არ დავუშვათ საქართველოს რუსეთიზაცია“, – აცხადებენ პროტესტის ორგანიზატორები.


„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს. მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.