არადომინანტ რელიგიურ გაერთიანებებს რელიგიური ლიტერატურის შემოტანისას დაბრკოლებები ექმნებათ – რელიგიათა საბჭო

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა და რელიგიის თავისუფლების გამოწვევებთან დაკავშირებით 2020 წელს შემუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინეს.

რეკომენდაციები მიმართულია სახელმწიფო უწყებებისა და მედიისადმი და მოიცავს შემდეგ საკითხებს: რელიგიის თავისუფლების საკანონმდებლო რეგულირებას; რელიგიის შესახებ კანონის ინიციატივას; დისკრიმინაციულ კანონმდებლობას; რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკას; შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულს; რესტიტუციას; რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მანდატს; ქონებრივ პრობლემებს; საზღვრის კვეთას; განათლებასა და მედიას.

დოკუმენტის ერთ-ერთი თავია საზღვრის კვეთა და რელიგიური ლიტერატურის შემოტანა.

რელიგიური საბჭოს დაკვირვებით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არადომინანტი რელიგიურ გაერთიანებები აწყდებიან დაბრკოლებებს სახელმწიფო საზღვრის კვეთისა და რელიგიური ლიტერატურის შემოტანისას.

აღნიშნულია, რომ საზღვარზე მათ არაგონივრული ვადით აყოვნებენ, ზოგ შემთხვევაში კი ბარგს დაუსაბუთებელი ეჭვის საფუძველზე უთვალიერებენ.

დოკუმენტის მიხედვით, არადომინანტურ რელიგიურ გაერთიანებებს დაბრკოლება ექმნებათ რელიგიური ლიტერატურის საქართველოში შემოტანის დროს.

„დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ზოგ შემთხვევაში, რელიგიური ლიტერატურის შემოტანაზე უარის თქმისას სთხოვენ, წარმოადგინონ საქართველოს საპატრიარქოს, ან, მუსლიმების შემთხვევაში, ერთ-ერთი მუსლიმური ორგანიზაციის, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ წერილობითი ნებართვა. ზოგ შემთხვევაში კი, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ უნდა მოხდეს რელიგიური ლიტერატურის შინაარსობრივი შემოწმება, რადგან არადომინანტური რელიგიური ორგანიზაციების მიერ იმპორტირებული ლიტერატურა საფრთხედ აღიქმება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რელიგიათა საბჭო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე არსებულ პრაქტიკას უკანონოდ და დაუსაბუთებლად აფასებს, რადგან, მათი მტკიცებით, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ნებართვის, ლიცენზიის ან სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულებას საზღვარზე ბეჭდური პროდუქციის შემოტანისას.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არის შემთხვევები, როდესაც მოითხოვენ იმპორტის გადასახადის გადახდას. საგადასახადო კოდექსით კი წიგნების იმპორტი გათავისუფლებულია გადასახადისგან.

2017 წლის 25 აპრილს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მხრიდან მუსლიმების მიმართ საზღვრის კვეთის პროცესში პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ორივე უწყებას, უზრუნველყონ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე რელიგიური ნეიტრალურობის დაცვა და იმ თანამშრომლების გადამზადება, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სავიზო-საპასპორტო კონტროლს და თანმდევ საბაჟო პროცედურებს:

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას და რელიგიური ლიტერატურის შემოტანისას შექმნილი დაბრკოლებების საკითხები და მათზე დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს;

» გადამზადდნენ სასაზღვრო პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ადამიანის უფლებების, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და პროფესიული ეთიკის ნორმების საკითხებზე“, – ნათქვამია საბჭოს რეკომენდაციებში.


დოკუმენტის მიხედვით, რეკომენდაციის შემუშავებისას საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები ითვალისწინებენ საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებებით გამყარებულ რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის სამართლებრივ ნორმებს; ხელმძღვანელობენ კონსტიტუციით გარანტირებული სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის პრინციპით; ტექსტში აღნიშნულია, რომ ხელმძღვანელობენ თავიანთი რელიგიური მოძღვრებითა და საკანონმდებლო ნორმებით და ისწრაფვიან საქართველოში მშვიდობიანი, ტოლერანტული, თანასწორუფლებიანი გარემოს განვითარებისკენ და ამ ყველაფრიდან გამომდინარე მიმართავენ რეკომენდაციებით მედიასა და ხელისუფლებას.

დოკუმენტის მიხედვით, რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები გამოხატავს წევრი რელიგიური გაერთიანებების კონსოლიდირებული ძალისხმევის შედეგად შემუშავებულ საერთო ხედვას იმის თაობაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა:

• განვითარდეს ტოლერანტული გარემო;

• სრულფასოვნად იყოს დაცული რელიგიის თავისუფლება და თანასწორუფლებიანობა;

• უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალობა;

აღნიშნულია, რომ რელიგიის საბჭო ითვალისწინებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, ასევე რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის რეკომენდაციებს საქართველოს მიმართ, რომლებშიც აღწერილი პრობლემების გადასაჭრელად საგანგებოდაა ხაზგასმული რელიგიათა საბჭოსა და საქართველოს მთავრობის აქტიური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა.