საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებულ საკითხზე პირველ განცხადებას „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აკეთებს.
ინტერვიუში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას არ ყოფილა საუბარი „საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში“, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.
„როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ, როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას. მოდით, ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები – არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში, ან „შანტაჟზე“, ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ.
როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ჩვენ მათ საჯაროდ ვაცხადებთ. სახაზინო დეპარტამენტის ვებსაიტზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ, შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს. შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა გულწრფელად არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ბ-ნმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის“, – განაცხადა დეგნანმა.
გთავაზობთ ამონარიდს სრული ინტერვიუდან:
-კიდევ ერთი განცხადება, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა არ კარგავს აქტუალურობას და კვლავ გაიჟღერა ყაველაშვილი- ხუნდაძე -სუბარის 25 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, არის „საქართველოს ომში ჩათრევის“ საკითხი: „თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას“,- ნათქვამია თქვენი მისამართით გაკეთებულ განცხადებაში.
როგორ ხსნით იმ ფაქტორს, რომ მრავალჯერ გაკეთებული განმარტების მიუხედავად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომ არავისი მიზანი არ არის საქართველოს ომში ჩართვა, ეს საკითხი კვლავ და კვალ უბრუნდება პოლიტიკურ დღის წესრიგს?
– კიდევ ერთხელ, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, რა არის ნებისმიერი ადამიანის მოტივი, რომელიცდაჟინებით იმეორებსყალბ ინფორმაციასრომელიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს აშშ-ს ძალისხმევის არასწორად წარმოჩინებას. შეერთებული შტატების ძალისხმევაუკრაინის წინააღმდეგ კრემლის სასტიკი და არაპროვოცირებულიომის განმავლობაში მშვიდობის აღდგენაზე იყო ორიენტირებული. ჩვენ ვმუშაობთ, რომუკრაინაში ომი დასრულდესრაც შეიძლება სწრაფად და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ტრაგიკული კონფლიქტი არ გავრცელდეს საქართველოზე და რომელიმე სხვა ქვეყანაზე. თებერვალში ხელახალ შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, აშშ-ს დიპლომატიური ძალისხმევა იყო კარგად მობილიზებული, ხდებოდა მუდმივი გაფრთხილება ძალის არაპროვოცირებული გამოყენების წინააღმდეგ, იყო მუდმივი კომუნიკაციაროგორც პუტინთან, ასევე რუს ხალხთან, რომ საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტაარისსაუკეთესოგამოსავალი. რუსეთმა უგულებელყო ეს გაფრთხილებები და ახლა კიდევ უფრო იზოლირებულია მთელი მსოფლიოსგან.
დასავლეთს არასოდეს უცდია „საქართველოს ომში ჩათრევა“. ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის. როგორც საქართველოს ლიდერებს თავიდანვე ვუთხარით, ჩვენ გვესმის საქართველოს მგრძნობიარე პოზიცია, გამომდინარე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის მიმართ საქართველოს საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით. ისინი, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ და ამით ცდილობენ საქართველოს დაყოფას მისი დემოკრატიული განვითარების კრიტიკულ მომენტში. ისინი, ვინც ვარაუდობენ, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუ საქართველო ომში იქნებოდა, ან ვინც ავრცელებს ნარატივს „მეორე ფრონტის“ შესახებ, ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს შიშისა და დაბნეულობის შექმნას. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როდესაც ამ განცხადებებს ეხმიანებიან მმართველი პარტიის წევრები. ისინი ცუდ სამსახურს უწევენ საქართველოს ხალხს და ყურადღება გადააქვთ იმ მნიშვნელოვანი საქმისდან, რომელიც უნდა გაკეთდეს ხალხის გაერთიანებისა და საქართველოს წინსვლისთვის.
დასავლეთი თანამშრომლობს საქართველოსთან, რომ შეწყდეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია მშვიდობიანად და მხარი დაუჭიროს რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილ უამრავ ადამიანს. ჩვენი პოზიცია ნათელია – ეს განაცხადეს პრეზიდენტმა ბაიდენმა, მდივანმა ბლინკენმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჩვენმა მრავალრიცხოვანმა სტუმარმა და მე. ეჭვგარეშეა, რომ როგორც საქართველოს პარტნიორს, ჩვენ გვინდა მშვიდობა – აქ, უკრაინაში და მთელს ევროპაში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისთვის, რომლის ნაწილი საქართველოცაა.