„არც გვისმენენ“ | შშმ პირებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

პუბლიკა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და შშმ ბავშვების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, გაიზარდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფულადი დახმარება.

აქციის მონაწილეების ნაწილს კანცელარიის შენობაში შესვლა სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.

„ჩვენ შშმ პირები არ ვართ საერთოდ პრიორიტეტები ამ წინასაარჩევნო პერიოდში, არც საკონსულტაციო შეხვედრები არ იმართება, არც გვისმენენ და არც არანაირი პოლიტიკური დებატის ნაწილი ეს თემა არ არის. პირიქით, ყველა გვეუბნება დაგვაცადეთ არჩევნებმა ჩაიაროს, მაგრამ თან ყველა მოგვიწოდებს არჩევნებზე მივიდეთ. …მოვითხოვთ, რომ ადმინისტრაციიდან  პასუხისმგებელი პირი ჩამოვიდეს და დაგველაპარაკოს“, – ამბობს ესმა გუმბერიძე, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თავმჯდომარე.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ სოციალური პაკეტით შეუძლებელია არსებობა, მაგრამ ეს არ არის სახელმწიფოს პრიორიტეტი არც წინასაარჩევნოდ.

კანცელარიასთან ხმაურის შემდეგ ადმინისტრაციიდან გამოსულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ განაცხადა, რომ შეხვედრა შშმ პირებსა და შშმ ბავშვების მშობლებთან შედგება ხუთშაბათს, სადაც პრემიერის წარმომადგენელი მათთან ყველა ამ საკითხზე იმსჯელებს.