არის სტაბილიზაციის ნიშნები და ვიმსჯელეთ, რა ზომები უნდა მივიღოთ, რომ გავაკონტროლოთ შეზღუდვების შემსუბუქება - ზოიძე

პუბლიკა

„არის სტაბილიზაციის ნიშნები და ვიმსჯელეთ, თუ რა ზომები უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ, პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე იმსჯელეს, თუ რა პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში და რა ზომები უნდა მიიღონ საიმისოდ, რომ შემსუბუქება, რომელიც დაანონსებულია 24 დეკემბრიდან, მაქსიმალურად გაკონტროლდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადრეული შეფასება. გასაგებია, რომ ორი-სამი კვირის შემდეგ გვაქვს ძირითადი ეფექტი, მაგრამ შევაფასეთ, რა ხდება ამ ეტაპზე. შესაბამისად, დღევანდელი ვითარების მიხედვით, რა პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში და რა ზომები უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ შემსუბუქება, რომელიც დაანონსებულია 24 დეკემბრიდან, მოხდეს არა გაშლილი ზამბარის პრინციპით, რაც ჩვენ ვიხილეთ შავ პარასკევს, როდესაც საკმაოდ სახიფათო სიტუაცია შეიქმნა, უამრავი ადამიანის ერთად მოძრაობით და მობილობის მკვეთრად გაზრდით.

არის სტაბილიზაციის ნიშნები და ვიმსჯელეთ, რა ზომები უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი, რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორ მოვამზადოთ საზოგადოება ისე, რომ არ მივიღოთ უკუეფექტი და ის უზარმაზარი მსხვერპლი, რაც თითოეულმა ჩვენგანმა გაიღო შეზღუდვების პირობებში, წყალში არ გადაიყაროს რამდენიმე დღის გახსნის შედეგად“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.