11 და 8 პირის საქმის განაჩენები სააპელაციოში გასაჩივრდა | მხარეთა არგუმენტები

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 და 8 პირის საქმეები მსჯავრდებულების წარმომადგენლებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

მათ მიაჩნიათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილისა და თამარ მჭედლიშვილის გამამტყუნებელი განაჩენები არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

ორივე მოსამართლემ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლიდან სსკ-ის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს – რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

სამ მსჯავრდებულს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკეთა მიესაჯა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ისინი ჯგუფური მოქმედების ორგანიზატორებად მიიჩნია.

დანარჩენ 16 მსჯავრდებულს კი 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ისინი სასამართლომ ჯგუფური მოქმედების მონაწილეებად მიიჩნია – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ირაკლი ქერაშვილი, სერგეი კუხარჩუკი, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა დაბუა, გურამ მირცხულავა, გიორგი ტერიშვილი, რევაზ კიკნაძე და ვალერი თეთრაშვილი.

აპელანტები სააპელაციო საჩივარში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენების გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ.


ადვოკატები კვლავ აღნიშნავენ, რომ 226-ე მუხლიც ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მუხლით პირის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში დადასტურებული უნდა იყოს ორგანიზებულად ჯგუფური დანაშაულის ჩადენის გარემოებები, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობა უნდა გამორიცხულიყო.

„მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსი თუ სხვა იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა ცალსახად მიუთითებს ორგანიზებული სტრუქტურული ერთეულის არსებობის აუცილებლობაზე, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის განაჩენში ერთი აბზაციც კი არ ეთმობა აღნიშნულის დასაბუთებას. მეტიც, მთელს განაჩენში საერთოდ არ არის მსჯელობა ორგანიზებული ჯგუფისა და მისთვის აუცილებელი კომპონენტების არსებობის შესახებ”, – წერს რუსუდან აგურაშვილი, ლუკა ჯავუას ადვოკატი სააპელაციო საჩივარში.

ონისე ცხადაძის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის თქმითაც, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება ორგანიზებული ჯგუფური მოქმედება, რაიმე ფორმით წინასწარი შეკავშირება, კავშირი, ნაცნობობა და მითითებების შესრულება, ეს იმთავითვე გამორიცხავს როგორც 225-ე, ასევე 226-ე მუხლის შემადგენლობას.

„ფაქტია, რომ სასამართლომ არცერთი ადვოკატის ძირითად არგუმენტს არ უპასუხა განაჩენის მეოთხე თავში, სადაც ასახულია ძირითადი სამართლებრივი შეფასება. დაცვის მხარის საერთო არგუმენტი ყველა ბრალდებულთან მიმართებაში იყო ნათელი და ცხადი სასამართლოსთვის, რომ არ დასტურდებოდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, თუმცა დაუსაბუთებლად და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 226-ე მუხლის პირველი კომპონენტი არა მხოლოდ დაადგინა, არამედ საერთოდ არ იმსჯელა, თუ რომელი მტკიცებულებით იხელმძღვანელა ამ კომპონენტის დადგენისას”, – წერს სააპელაციო საჩივარში ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე, ონისე ცხადაძის ადვოკატი.

ადვოკატები აღნიშნავენ, რომ თუ არ დადასტურდება მონაწილე პირთა მიმართ, ერთმანეთთან კავშირი, ნაცნობობა, განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი, ანდა მათ მიერ აღნიშნული ქმედებების ვინმეს მითითების შესრულების ფაქტი, სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი გადაწყვეტილება. თუ პირები მოქმედებდნენ სპონტანტურად, ჯგუფურად, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე, სასამართლო პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას.

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატები ამბობენ იმასაც, რომ კვალიფიკაციის შეცვლით დაცვის მხარეს არ მიეცა არც დრო, არც საშუალება, რომ მოემზადებინა არგუმენტები და მტკიცებულებები სპეციალურად 226-ე მუხლის ნიშნების გასაბათილებლად, ისევე როგორც 9 თვის მანძილზე ეს გააკეთა 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის დროს კვალიფიკაციის შეცვლით არსებითად დაირღცა დაცვის უფლება – პირმა დაიცვას თავი იმ ბრალდების ნაწილში, რითიც მას მსჯავრის დადება ემუქრება.

ე.წ. ორგანიზებისთვის მსჯავრდებულთა ადვოკატები სააპელაციო საჩივარჩის აღნიშნავენ, რომ საქმეში არაა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც საკმარისია ამა თუ იმ პირის მიერ დანაშაულის ორგანიზებად კვალიფიკაციისთვის.

მოსამართლემ ორგანიზებად მიიჩნია სამივე მათგანის – ცეცხლაძის, კასრაძისა და კაძელაშვილის მიმართ საქმეში არსებული ვიდეოები, ცეცხლაძის სახლიდან ამოღებული ნივთები; გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დამატებით, რაიმე სახით ჰქონდა თუ არა ადგილი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, მოსამართლე არ მიუთითებს.

ვასილ კაძელაშვილი და ვეფხია კასრაძის წინააღმდეგ საქმეშია ტელეკომპანია „იმედის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერი.

კაძელაშვილის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე ამბობს, რომ ვიდეოს არ გააჩნია თარიღი, არ გააჩნია ადგილმდებარეობის რაიმე უტყუარი იდენთიფიკატორი, დაუდგენელია ვის მიერ იქნა ეს ვიდეო გადაღებული.

„თუკი გამოძიებამ არ იცის ამ ვიდეოს გადაღების ზუსტი დრო და ადგილი, რატომ უნდა იყოს ისე, როგორც ბრალდების მხარე განმარტავს? რატომ იზიარებს სასამართლო, რომ ვასილი სწორედ ამ პერიოდში გეგმავს და ახორციელებს რაიმეს?…

აორგანიზებდნენ ჯგუფური მოქმედების სამოქმედო გეგმასო – ვიდეოს გარდა (ვიდეოსი, რომლის ვერც შემქმნელი, ვერც შექმნის დრო და ადგილი ვერ გაირკვა) რითი გვიდასტურებს სასამართლო, რომ ჯგუფური მოქმედების გეგმა იყო?

საუბარი პირებს შორის იგულისხმება, რომ დანაშაულია? იგულისხმება, რომ თუნდაც ცუდი ფიქრები ისჯება საქართველოში? ჯერ კიდევ საქართველოში ისჯება ქმედება და არა ფიქრები!”, – წერს ის საჩივარში.

აჭარაძე წერს იმასაც, რომ მოსამართლის 186-გვერდიან გადაწყვეტილებაშიც სხვა რაიმეს ვერ შევხვდებით, რადგანაც ბუნებაში არ არსებობს სხვა რაიმე სახის მტკიცებულება.

„რა გამოდის, სადაა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენისთვის? პირველი წარდგენის სხდომიდან მოყოლებული ვამბობთ რომ არაა მტკიცებულება, არაფერი არ გააჩნია გამოძიებას რადგანაც ბუნებაშიც არ არსებობს”, – აღნიშნავს ის.

მისი განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად – დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა. კუმულაციურად უნდა იყოს ორი ან მეტი პირობის განხორციელება:

„შესაბამისად ვასილ კაძელაშვილს მინიმუმ ორი ან მეტი ქმედება, ნაბიჯი უნდა გადაედგა მომზადებისთვის. ამ დროს სასამართლო განმარტავს, რომ ვიდეოს შესაბამისად ხომ ცალსახაა, რომ ორგანიზებას აქვს ადგილიო.

ჩვენს შემთხვევაში მომზადებაც არ არის, არანაირი გეგმა არ არსებობს, როლები არავისთან არაა გადანაწილებული, ადგილი სადაა შერჩეული, გაგრძელება რომ აუცილებელია, ამისთვის რას აკეთებენ”, – წერს ის.

რა გვჭირდება იმისთვის, რომ პირს შეერაცხოს 226-ე მუხლის ორგანიზება:

  • პირი შეკრებს ხალხს;
  • პირი მოუწოდებს ხალხს ქმედების ჩადენისკენ;
  • პირი აძლევს ხალხს მითითებებს;
  • პირი მოუწოდებს ჯგუფური მოქმედებების მონაწილეებს არ შეასრულონ პოლიციის ბრძანება, არ დატოვონ დაკავებული ტერიტორიები და უფრო მყარად იდგნენ.

„ზემოხსენებულიდან რომელი დაუდასტურდა ვასილ კაძელაშვილს? არცერთი! მხოლოდ ერთ – გაურკვეველი წარმომავლობის ვიდეოზე აპელირებით სასამართლო უკანონო მსჯავრს დებს ვასილ კაძელაშვილს, იმ რეალობაში, როდესაც არანაირ ქმედებას ადგილი არ ჰქონია”, – ამბობს აჭარაძე.

ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი, დავით ჭიკაიძე წერს, რომ სასამართლო ზვიად ცეცხლაძის მიმართვას, სადაც ის მოუწოდებს  მოქალაქეებს, რომ არ დანებდნენ და ასწავლის სხვადასხვა სახის ნივთების დამზადებას მათ შორის, ფარების დამზადებას –  მიიჩნევს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება. მისი თქმით, ისეთი საშუალება როგორიც ფარია, ოდითგანვე გამოიყენებოდა/გამოიყენება თავდაცვის საშუალებად.

„ზვიად ცეცხლაძეს სურდა მოქალაქეების იმ ნაწილს რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს ქონოდათ თავდაცვის საშუალება იმ ვითარებაში როგორც მოვლენები ვითარდებოდა რუსთაველის გამზირზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ქმედებაში კანონსაწინააღმდეგო ნამდვილად არაფერია. სასამართლო  განაჩენში  ვრცლად ეხება მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ფუნდამენტურ უფლებას. თუმცა სისხლისსამართლებრივად სჯის ასეთი ფორმით პროტესტის გამომხატველ ზვიად ცეცხლაძეს”, – წერს ის.

მისივე თქმით, სასამრთლოს რეაგირების გარეშე აქვს დატოვებული საქმეში წარმოდგენილი ზვიად ცეცხლაძის პაპის, ბეჟან ცეცხლაძის გარდაცვალების ფაქტი/მოწმობა – „ის ფაქტი, რომ ზვიად ცეცხლაძეს 2024 წლის 27 ნოემბერს გარდაეცვალა პაპა ეს გარემოება ერთი შეხედვით უმნიშვნელოა ბრალეულობის კონტექსტში. მაგრამ ის, რომ  ზვიად ცეცხლაძე 27-30 ნოემბერს ფიზიკურად იმყოფებოდა ბათუმში და იღებდა სამძიმარს პანაშვიდზე მისული სტუმრებისგან, ეს მოცემულობა უდავოდ გამორიცხავს მის აქციაზე აქტიურ მონაწილეობას. მითუფრო 28-30 ნოემბრის პერიოდში ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას. ზვიად ცეცხლაძის 27-30 ნოემბერს ბათუმში უწყვეტად  ყოფნის ფაქტი ზურაბ ცეცხლაძემ, რამინ ბერიძემ და ანა პეტროსიანმა დაადასტურეს, თუმცა სასამართლოს როგორც უკვე აღვნიშნეთ ამ გარემოებაზე არ უმსჯელია”.