„აღმოსავლური მზეჭრელის“ თავბრუდამხვევი კალეიდოსკოპი

გიორგი ლობჟანიძე

შესანიშნავი ქართველი მთარგმნელისა და ლიტერატორის ზეზვა მედულაშვილის ახლახან გამოცემული კრებული „აღმოსავლური მზეჭრელი“, რომელიც მთარგმნელის გარდაცვალების შემდეგ მისი თავგანწირულად ერთგული მეუღლისა და საერთოდ, ოჯახის მოწადინებით გამოიცა, როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოსავლური პოეზიის ქართული თარგმანის ერთ-ერთ ნიშანსვეტად მოგვევლინა.

ზეზვა მედულაშვილთან დაკავშირებით აზრს კარგავს ყოველგვარი აღმატებული ეპითეტი, რადგან ნებისმიერი ჰიპერბოლაც კი მასთან მიმართებით გამოყენებული, უცებ ხუნდება და ქედს იხრის იმ გენიალობის წინაშე, რომლის ზიდვაც ამ ერთი შეხედვით სრულიად უბრალო, ალალ ადამიანს მოუწია.

ზეზვას რომ გაიცნობდი, თავიდან ვერაფრით იფიქრებდი, რომ შენ წინ ამდენი ენის ასე საფუძვლიანად მცოდნე პოლიგლოტი და საერთოდ ასეთი გამორჩეული ადამიანი იდგა. ზეზვა მედულაშვილის ძალიან მოხდენილი და ვაჟკაცური, მაგრამ რაღაცნაირად გლეხკაცურად ჯანმრთელი გარეგნობა თავის მიღმა თითქოს საგულდაგულოდ მალავდა მწიგნობარსა და ესთეტს, რომელსაც არაერთი ენიდან უამრავი შედევრის გადმოქართულებაში ღამეები ჰქონდა ნათენები.

ამას ემატებოდა მისი არაჩვეულებრივი უშუალობა, ყოველგვარი ქედმაღლობისა და ინტელიგენტური კოხტაპრუწობისაგან დაცლილი ხასიათი, სილაღე და მთელი ცხოვრებით გამობრძმედილი კეთილშობილება.

ზეზვა არასოდეს დაიჭერდა თავს შენგან შორს, მით უმეტეს, არასოდეს გადმოგხედავდა ზევიდან და ყოვლად გამოუცდელ ყმაწვილსაც კი თავს ისე გაგრძნობინებდა, თითქოს მისი ტოლი და სწორი ყოფილიყავ.

და თუ ამ კეთილგანწყობას, ვერ გაიგებდი, უნებლიეთ, რაღაცას გადააჭარბებდი, მაშინაც მაინც შენს სინდისზე იყო ყველაფერი, რადგან თუ ის რამეს გასწავლიდა, აუცილებლად პირადი მაგალითით, დანარჩენი, ანუ რას ისწავლიდი, უკვე მხოლოდ და მხოლოდ შენი საქმე იყო.

სიტყვამ მოიტანა და დაუვიწყარია ზეზვა მედულაშვილის მთარგმნელობითი მასტერკლასები, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კეთილგანწყობითა და უშურველობით მიტარებდა მე, სრულიად ახალგაზრდას, როცა ბედის წყალობით, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში სრულიად უნიკალურ ორგანიზაცია „კავკასიურ სახლში“ უამრავი ღრმა ადამიანისა და მათ შორის, გამორჩეულად საყვარელი ზეზვა ძიას გარემოცვაში აღმოვჩნდი.

ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, უცებ დავმეგობრდით და თვითონ ასეთ დიდებულ მთარგმნელს არასოდეს ბეზრდებოდა ჩემი პირველი მთარგმნელობითი ცდები ეკითხა ან უფრო მოესმინა და მერე დიდხანს ემსჯელა და ეკამათა თითოეულ ფრაზაზე, დაეშლევინებინა და ხელახლა აეწყობინებინა ეს ფრაზები, გაემკვეთრებინა ან პირიქით გაეფერმკრთალებინა ტექსტის რომელიმე დეტალი და ამით ნიუანსის ისეთი სიღრმეები გადმოეშალა ჩემ თვალწინ, რომ სამუდამოდ დავეავადებინე მთარგმნელების უმშვენიერესი სენით: მხატვრული ქმნილების სრულყოფილებამდე ამაღლების რელიგიურ ექსტაზამდე მისული აღტყინებით.

რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებდა არა, როგორც მენტორი, არამედ, როგორც შენი თანატოლი, რომლიც თარგმანის ხელობას გასწავლიდა ისე, თითქოს თვითონ სწავლობდა შენგან და ამას უშენოდ ვერაფრით შეძლებდა.

ერთხელ, ჯალალ ედ-დინ რუმის ყაზალების ჩემეული, მაშინ სრულიად ახალი და გამოუქვეყნებელი თარგმანების ასეთი განხილვის მერე, შინ დამპატიჟა. გადმოეწყო, რაც კი სპარსული და არაბული წიგნები გააჩნდა, რაც მთელი ცხოვრება დიდი გაჭირვების პირობებში რუდუნებით ეგროვებინა და მითხრა:

რაკი შენ მოხვედი, მე ეს წიგნები უკვე აღარ დამჭირდება! ბედნიერი ვარ, რომ კარგი პატრონი გამოუჩნდი! წაიღე, შენი იყოს! ოღონდ თარგმნე, თარგმნე ყველაფერი!

ვითარების მთელი სიღრმე რომ უკეთესად წარმოიდგინოთ, ალბათ, უნდა ითქვას, რომ მაშინდელ თბილისში სპარსულად და არაბულად გამოცემული წიგნების შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და ნაშოვნ წიგნს არათუ ჩუქებით, თხოვებითაც კი ძნელად თუ ვინმე გათხოვებდა.

ამიტომ, უცებ ზეზვა ძიას წყალობით, წარმოუდგენელი სიმდიდრის პატრონი გავხდი, მაგრამ ეს ამბავი იმაზე დიდი მნიშვნელობისა იყო, ვიდრე უბრალოდ წიგნების ჩუქებაა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს ფაქტი რაღაცით სულიერ ხელდასხმას გაუტოლდა.

ერთი პირობა კი ვიუარე: რას ამბობთ?! თქვენც ხომ თარგმნით! ამდენ რამეს როგორ იმეტებთ-მეთქი!

რაზეც ზეზვა ძიამ გამიცინა და ალალად მითხრა:

არა, შვილო, მე ზარმაცი კაცი ვარ, ლოთობას გადავყევი! შენ კი შეგიძლია ოცდაოთხი საათი იმუშაო და შენი ნიჭი ჩემებურად არ დაანიავო, მოუაროო!

სინამდვილეში ესეც ჩემთვის საჩუქრის მიღების გასაიოლებლად ნათქვამი იყო, რადგან ზეზვა მედულაშვილი გარეგნული დარდიმანდობის, ერთგვარი დაუდევრობის, მოლხენისაკენ ჰედონისტური მიდრეკილების მიუხედავად, არასოდეს ყოფილა ზარმაცი. პირიქით: იშვიათად მინახავს ასეთი რუდუნებით მშრომელი, გამუდმებით მოღვაწე კაცი. მაშინაც კი, როცა სუფრასთან იჯდა და ილხენდა, ის მუდმივად იყო პოეტურ კონდიციაში, ერთგვარ ლიტერატურულ ექსტაზში, რომელიც გარშემო უამრავ ექსპრომტად, კაფიად, პოეტურ გაბაასებად თუ სხარტულად იფრქვეოდა.

ნიჭიერების ამ თვალისმომჭრელ შხეფებს თვითონ ზეზვა ძია თითქოს არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ეს იყო მისი ბუნებრივი მდგომარეობა, მისი ჩვეულებრივი სამეტყველო ენა, მისი კუთვნილი სივრცე, რომელიც ღვთისგან დაბადებისთანავე ეწყალობა. სინამდვილეში კი სწორედ პოეტური იმპულსის ეს სიცინცხლე იყო მთავარი ყველაფერში, რასაც კი ზეზვა მედულაშვილი წარმოუდგენლად დიდი ოსტატობით აკეთებდა.

გარდა ამისა, მაშინ თუ ბოლომდე ვერ ვიაზრებდი, ახლა ხომ ძალიან კარგად ვიცი, რომ ამდენ ენას ვერასოდეს ვერ ისწავლის ზარმაცი კაცი, თუნდაც ის ზეზვა ძიასავით არაადამიანურად ნიჭიერი იყოს.

ნიჭი თავისთავად, მაგრამ ენების ისე ცოდნას, როგორც ზეზვამ იცოდა, დიდი შრომა, პიროვნული ძალების დიდი მობილიზება ესაჭიროება და, რა თქმა უნდა, ყველა ამ უნარს თავისთავში აერთიანებდა ეს უნიკალური ადამიანი, რომლის მნიშვნელობაც, სამწუხაროდ, მისი სიკვდილის მერე უფრო და უფრო გამოიკვეთება.

სიცოცხლეში კი ასე ოსტატურად დამფარავი თავისი ნამდვილი არსისა და მნიშვნელობისა, მისი მსგავსი თითქმის არც აღარავინ შემხვედრია. ზეზვა ძია მთელი არსებით ტკბებოდა იმით, რასაც აკეთებდა, შედეგის მიმართ კი თითქოს სრულებით გულგრილი იყო. ამიტომაც შინ გამოუცემლად, დაუბეჭდავად ეწყო მისი უმთავრესი ნაშრომების ხელნაწერები და რომ არა ნაირა გელაშვილის თავდადება,  ზეზვა მედულაშვილის უბრწყინვალესი „ქოროღლი“ ან სამ ენაზე (სომხურად, აზერბაიჯანულად და ქართულად) მომზადებული საიათნოვას უნიკალური გამოცემა დღის სინათლეს კიდევ კარგა ხანს ვერ იხილავდა.

მახსოვს, როდესაც ზეზვა მედულაშვილის თარგმნილი თურქულენოვანი ეპოსი „ქოროღლი“, საბას შორთლისტში მოხვდა, იმ წელს ჩემი რომელიღაც თარგმანიც იყო ნომინირებული. მე კი თავიდანვე ზეზვას, შეიძლება ითქვას, ამ „ცხოვრების წიგნს“ ვგულშემატკივრობდი და გულით გამიხარდა, როცა პრემიაც (სრულიად დამსახურებულად!) მისმა ამ კონგენიალურმა თარგმანმა მიიღო.

მეორე დილით კი ზეზვა მედულაშვილი სატელევიზიო ჩართვაში მიიწვიეს და მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორი დიდი ადამიანი ბრძანდებოდა! თავისი ნამოღვაწრით თავმოწონების ნაცვლად, რაც იმ ვითარებაში სრულიად ბუნებრივი იქნებოდა, ზეზვამ მთელი 10 წუთი სხვების, სხვა ნომინანტებისა და მათ შორის ჩემი თარგმანის ღირსებებზე ილაპარაკა და თქვა: აღარ ვიცი, სად წავიდე, ისე მერიდება ჩემი კოლეგებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდა მთარგმნელებისა, ისინი ისეთი კარგები არიანო!

ეს სიტყვები კი იმიტომ დამამახსოვრდა ამდენ ხანს და ჩემზე მაშინაც იმიტომ იმოქმედა, რომ არც ‘ზრდილობისთვის იყო ნათქვამი და არც ისეთი ინტელიგენტური ოინი, რომლის მიღმაც სინამდვილეში სულ სხვა რამე იგულისხმება.

ზეზვას ამ სიყვარულთან და შინაგან ტაქტთან ერთად, ისეთი კახური პირდაპირობაც ჰქონდა, რაც სიმართლეს სრულიად დაუძაბავად ამოათქმევინებდა ხოლმე და შეგნებულად თუ დადუმდებოდა, სხვა იყო, მაგრამ უმალ თავს მოიკლავდა, ვიდრე იმას იტყოდა, რასაც არ ფიქრობდა.

ის უაღრესად დიდ პატივს სცემდა თავისი კოლეგების ნამუშევარს და ამ პატივისცემას თავისებურად გამოხატავდა.

მახსოვს, ერთხელ თავისი თარგმნილი ომარ ხაიამის ხელნაწერი წამაკითხა. ორმოცდაათამდე რობაი, რომელიც ქართული ხაიამიანას ნამდვილი მარგალიტი იყო. გაკვირვებულმა ვკითხე, კი მაგრამ აქამდე რატომ არ დაგიბეჭდავთ-მეთქი.

რას ამბობ, შვილო! ამათი უმეტესობა ვახოს ჰქონდა ნათარგმნი და თან ისე კარგად, ჩემი რაღა საჭირო იყოო?!

როგორც თვითონ იხსენიებდა, „ვახო“ ანუ ვახუშტი კოტეტიშვილი განსაკუთრებულად უყვარდა. ამ ორი დიდი მთარგმნელის ურთიერთობა საერთოდაც სამაგალითო იყო. ადამიანურად ალბათ ისიც აკავშირებდათ, რომ ორივენი, ვახუშტი კოტეტიშვილიცა და ზეზვა მედულაშვილიც, ობლად გაზრდილები იყვნენ და ბავშვობის განცდათა ეს ურთიერთმსგავსება ალბათ, მართლაც, გამორჩეულად აახლოებდათ, მაგრამ მთავარი მაინც სულ სხვა რამ იყო: ის, რომ ამ ორს ალბათ ამქვეყნად ყველაზე უკეთ ესმოდა ერთმანეთისა და იცოდნენ ერთმანეთის ყამი და ყადრი.

სწორედ ამ მოწიწების გამოხატულება იყო ზეზვა მედულაშვილის პასუხიცა და საერთოდ ჟესტიც, რომ „ვახოს“ თარგმანის შემდეგ თავისი თარგმანები აღარ დაებეჭდა, თორემ რასაკვირველია, თვითონ ზეზვამ ყველაზე უკეთ იცოდა, რომ ორივე ამ ნამუშევარს თანაბარი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ჩვეულებრივ მკითხველს ეგებ ეს ვერც კი შეენიშნა, მაგრამ სპეციალისტისათვის ხომ ცხადზე ცხადი იყო, რომ გარეგნული სტილური მსგავსებების მიუხედავად, თარგმანი ორივეს სრულიად განსხვავებული ყაიდითა და განსხვავებული მიდგომით შეესრულებინა და რაც მთავარია, ორივეს ზედმიწევნით საუკეთესო გამოსვლოდა.

საერთოდ, თუკი საკითხს ბოლომდე პროფესიულად მივუდგებით, ალბათ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შუა საუკუნეების აღმოსავლური და კერძოდ, სპარსული პოეტური ნიმუშების თარგმანის ერთიანი უნიფიცირებული სტილისტიკის მიუხედავად, რაც ბევრი მიზეზით და მათ შორის, დედანში ამ ნიმუშთა მოჩვენებითი მსგავსებითაც არის შეპირობებული, მაინც თითქმის ყველა ქართველ მთარგმნელს გამოარჩევს კონკრეტულად თავისი დამღა, რაღაც განსაკუთრებული ნიშანი თუ ნიშანთა სისტემა, რაც მის ნამუშევარს მისივე კოლეგის ნამუშევარში არასოდეს აგარევინებს და მიგახვედრებს, რომ, ვთქვათ, ეს მაგალი თოდუას შესანიშნავი თარგმანია, ეს ვახუშტი კოტეტიშვილის ბრწყინვალე ნამუშევარი, ეს ნომადი ბართაიას განსაკუთრებული ხმაა, ეს კი ზეზვა მედულაშვილის ნიჭის კაშკაშა ანასხლეტი.

ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე, ჩვენი მთარგმნელების წინა თაობაში, როცა სხვისი მიგნების მითვისებას კი არა, სხვის შემდეგ თავისი თარგმანების გამოქვეყნებასაც კი დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ.

ზნეობრივი საკითხი ზნეობრივ საკითხად, მაგრამ ასეთმა ასკეტურმა და პატიოსანმა დამოკიდებულებამ ის შედეგი გამოიღო, რომ დღეს აღმოსავლური პოეზიის ქართული თარგმანი უთვალავი ფერით ბრწყინავს და, ამ მართლაც რომ, აღმოსავლურ სიჭრელეში ყველა ფერს თავისი პატრონი ჰყავს, თავისი განსაკუთრებულად გამომხატველი და გამომშუქებელი გენიოსი.

ამ სტილისტიკაში განსაკუთრებულად მსუყე ზეზვა მედულაშვილის ქართულია. ჯილა კახური კილოკავის ძუძუნაწოვი მადლიანი ლექსიკა, რომლის ბადალსაც დღეს, სანთლითაც რომ ეძებოთ, ვეღარსად წააწყდებით.

ფრაზა კი მასთან ხანდახან ისე მოიქნევს ხოლმე უბეში  ჩამალულ ფრანგულს, ისეთ ფერადოვან ნაპერწკლებს გაკვესს თუ ისეთ ნაირ-ნაირ ელფერს გადმოიფარჩავებს საკუთარი სიღრმეებიდან, რომ ყველაზე უფრო წიგნიერი ადამიანებიც კი გაოცებულნი დარჩებიან ხალხური, ცოცხალი სამეტყველო ენის ასეთი ამოუწურავი შესაძლებლობებით.

ისევ ვახუშტი კოტეტიშვილისა და ზეზვა მედულაშვილის თარგმანები რომ ერთმანეთს ამ თვალსაზრისით შევადაროთ, ვახუშტისაც უაღრესად მდიდარი ქართული აქვს, ასევე მიახლოებული ცოცხალ სამეტყველო ენის სიღრმეებთან, მაგრამ ვახუშტის ქართული ქართლური დიალექტით, კავთისხეური კილლოკავით არის ნასაზრდოები და ეს უკვე თავისთავად აჩენს სერიოზულ ენობრივ და სტილისტურ განსხვავებას ზეზვა მედულაშვილის ქართულთან. თანაც ვახუშტი კოტეტიშვილი უფრო მეტად დასდევს მწიგნობრული ქართულის შალაშინსაც, ზეზვა კი ნაკლებად და ამის გამო კოტეტიშვილთან ფრაზა უფრო აკადემიურია, ნასათუთევი, მედულაშვილთან კი როგორღაც პირველქმნილი უბრალოებითა და ცოტა გულუბრყვილოდ მოხეთქილიც.

მესამე და არსებითი განმასხვავებელი ნიშანი კი მათ შორის ქალაქურ ფოლკლორთან, უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ,  მოდით, ასე დავარქვათ – ვულგარული ორიენტალიზმის ქართულ ნიმუშებთან – ამ ორი მთარგმნელის დამოკიდებულებაა.

კოტეტიშვილს ემჩნევა, რომ ამ ნიმუშებს (პირობითად: საათნოვას) ზომიერად გამოიყენებს, მხოლოდ ათასში ერთხელ თუ გაურევს თავის თარგმანს მათი სტილისტიკისათვის დამახასიათებელ ვულგარულ სიმსუბუქეს.

ზეზვა მედულაშვილს კი უყვარს ეს სტილისტიკა და მისი ესთეტიკა, შემოქმედებითად ეკიდება მას და საკუთარი თარგმანების ერთ მძლავრ შენაკადადაც გარდაქმნის.

ჩემთვის გასაგებია ამ ორი განსხვავებული დამოკიდებულების შინაგანი მიზეზიც: ვახუშტი კოტეტიშვილი აღმოსავლური ენებიდან და კულტურიდან მხოლოდ სპარსული ლიტერატურის მთარგმნელი იყო და, შესაბამისად, სპარსულისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები გადმოჰქონდა დიდი რუდუნებით, ზეზვა მედულაშვილი კი, სპარსულის გარდა, თარგმნიდა სომხური, აზერბაიჯანული და სხვა აღმოსავლური ენებიდან და თანაბრად ეძვირფასებოდა ყველა ამ ენიდან ქართულში შემოსული სტილისტური თუ ესთეტიკური ნიუანსი, ისეთებიც კი, რომლებიც სპარსულის მცოდნისათვის სუბკულტურის კუთვნილება და შედარებით დაბალი ლიტერატურული გემოვნების მაჩვენებელია.

ასეთი სპეციფიკური,  ეგებ მხოლოდ სპეციალისტებისათვის გასაგები მსჯელობის მიზანი ახლა სულაც არ არის ამ ორი გენიალური მთარგმნელის შედარებითი დახასიათება, ან, მით უფრო, მათი რაიმე ფორმით ერთმანეთთან შეპირისპირება.

ამით მხოლოდ ზეზვა მედულაშვილის შემოქმედებითი თავისებურებების გამოკვეთა მსურდა და, ვინაიდან „მსგავსი მხოლოდ მსგავსითვე შეიცნობა“, ვახუშტი კოტეტიშვილიც, როგორც მისი მეგობარი და თანაბარი სიდიდე, ამიტომ შევარჩიე.

ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ჩემთვის სავსებით ცხადია:

რამდენიმე წლით ადრე გამოცემული ვახუშტი კოტეტიშვილის „აღმოსავლურ-დასავლური დივანიცა“ და სულ ახლახან დასტამბული ზეზვა მედულაშვილის „აღმოსავლური მზეჭრელიც“ ქართული მთარგმნელობითი ხელოვნების ორი ისეთი სიდიდეა, რომელთა ბოლომდე გააზრებასაც და სათანადოდ დაფასებასაც კიდევ მრავალი წელი დასჭირდება.

ამ კრებულის გამოცემით კი ზეზვა მედულაშვილის ოჯახმა და წიგნის რედაქტორმა ანდრო ბუაჩიძემ მხოლოდ ზეზვას ხსოვნისათვის კი არა, საერთოდ, ქართული ლიტერატურისათვის გააკეთეს დიდი საქმე, რადგან გაბნეულ მარგალიტებს ერთ წიგნში მოუყარეს თავი და პრინციპში ისეთი რამ აღასრულეს, რისი გაკეთებაც თვითონ ზეზვა მედულაშვილმა სიცოცხლეში ვერაფრით მოახერხა.

ამის მიუხედავად, „აღმოსავლური მზეჭრელი“ შესაძლოა, სრულად მაინც ვერ ასახავდეს ზეზვა მედულაშვილის, როგორც აღმოსავლური ლირიკის თვალსაჩინო მთარგმნელის უაღრესად მრავალფეროვან და რაც მთავარია, თითქმის უნუგეშოდ აქეთ-იქით მიმოფანტულ მთარგმნელობით მემკვიდრეობას, მაგრამ მაინც ყველაზე უფრო მკაფიო წარმოდგენას შეუქმნის მომავლის მკითხველსა და მკვლევარს ამ უნიკალური კაცის თითქმის ზებუნებრივ შესაძლებლობებზე.

მკითხველს, რომელსაც ასეთი ეპითეტები გადამეტებული მოეჩვენება, დარწმუნებული ვარ, მალე დიდი სიხარული ელოდება, რადგან, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ აღმოსაჩენი ჰყავს ზეზვა მედულაშვილი, ასეთი მრავალმხრივი და განუმეორებელი.

მერე კი, როცა ნახავს მის მიერ სომხურიდან თარგმნილ ჰრანტ მათევოსიანის მოთხრობების ვებერთელა კრებულს „მწვანე მინდორს“, საიათნოვასა თუ სხვა სომეხი პოეტების ლექსებს, ნახავს ზეზვას მიერ აზერბაიჯანულიდან თარგმნილ ხალხურ ეპოსს „ქოროღლის“, და ბოლოს და ბოლოს მის მიერ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ენიდან შესრულებულ და „აღმოსავლურ მზეჭრელში“ თავმოყრილ ამ ბრწყინვალე პოეტურ ნიმუშებს გაეცნობა, ნამდვილად არცერთ აღმატებით ეპითეტს აღარ იხამუშებს მისი მისამართით.