ესპანელი კინორეჟისორის, პედრო ალმოდოვარის დღიურს გამოცემა Indiwire აქვეყნებს. დღიურის პირველი ნაწილი რეჟისორმა თვითიზოლაციაში, 23 მარტს დაწერა. ის დეტალურად აღწერს, როგორ ეგუება თვითიზოლაციას და რომელმა ფილმებმა მოუტანა შვება. იხსენებს ჩაველა ვარგასს, შონ კონერისა და ლუჩია ბოზეს:
ასევე იხილეთ:
ალმოდოვარის დღიური თვითიზოლაციიდან: მადონა, უორენ ბიტი და მე – ნაწილი II
ალმოდოვარის დღიური თვითიზოლაციიდან: რჩევები – ნაწილი III
ალმოდოვარის დღიური: გაუმარჯოს სევდას! – ნაწილი IV
ამ დრომდე უარს ვამბობდი წერაზე. არ მინდოდა, იმ გრძნობების წერილობითი სამხილი დამეტოვებინა, რასაც თვითიზოლაციის პირველ დღეებში განვიცდი. აღმოვაჩინე, რომ ახლანდელი ვითარება ჩემი ყოველდღიურობისგან არ განსხვავდება – მე მარტო ცხოვრებასა და საგანგებო რეჟიმში ყოფნას მიჩვეული ვარ; ამის აღმოჩენა მაინც და მაინც არ მაბედნიერებს. თვითიზოლაციის პირველი ცხრა დღის განმავლობაში უარს ვამბობდი ჩანაწერის გაკეთებაზე, მაგრამ ამ დილით ახალ ამბებში სათაური ამოვიკითხე, რომელიც უფრო შავი იუმორის მქონე ჟურნალის სათაურს ჰგავდა – „მადრიდის ყინულის მოედანი დროებით მორგად გადაკეთდა“ – ეს ყველაფერი იტალიური ჯალოს ჟანრს წააგავს, მაგრამ ეს ესპანეთში ხდება. ეს „დღის ერთ-ერთი ყველაზე ავისმომასწავებელი ამბავია“.
13 მარტიდან თვითიზოლაციაში ვარ. მას შემდეგ თავი შევამზადე ღამესთან, წყვდიადთან შესახვედრად, რადგან ისე ვცხოვრობ, თითქოს უკაცრიელ ადგილზე ვარ და ფანჯრიდან და აივნიდან შემოსული სინათლის ციკლს მივყვები. გაზაფხულია და ამინდიც გაზაფხულის შესაფერისია! ეს ის შესანიშნვი, ყოველდღიური შეგრძნებებია, რომელთა არსებობაც დავიწყებული მქონდა. დღის სინათლე და მისი ხანგრძლივი მოგზაურობა ღამისკენ – არა როგორც შემზარავი, არამედ როგორც სასიამოვნო პროცესი (ან ეს, უბრალოდ, ჩემი აკვიატებაა, ახალი მონაცემებით გამოწვეული აგონიისგან თავის დასაღწევად).
საათს აღარ ვამოწმებ, მხოლოდ მაშინ თუ დავხედავ, როდესაც ჩემი სახლის გრძელ კორიდორში საკუთარ ნაბიჯებს ვითვლი. იმ კორიდორში, სადაც ხულიეტა სერანოს პერსონაჟმა ანტონიო ბანდერასის გმირს უსაყვედურა ფილმში – „ტკივილი და დიდება“, ჩემთვის კარგი შვილი არ ყოფილხარო. ეს საყვედური სინამდვილეში მე მომემართებოდა. გარეთ სიბნელე მაუწყებს, რომ დაღამდა, მაგრამ არც დღეს და არც ღამეს განრიგი არა აქვს. არსად აღარ მივიჩქარი. ვგრძნობ, როგორ გახანგრძლივდა დღე. შემიძლია, დღის სინათლით უფრო დიდხანს დავტკბე.
საკმარისად მხნედ არ ვარ საიმისოდ, რომ მხატვრული ნაწარმოების წერა დავიწყო – ყველაფერს თავისი დრო აქვს – თუმცა რამდენიმე სიუჟეტზე ვფიქრობ. ზოგიერთი მათგანი უფრო პირადულია (დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი რომ დასრულდება, შობადობა გაიზრდება, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, ბევრი განშორებაც იქნება – „ჯოჯოხეთი სხვებია“, – თქვა სარტრიმ. ზოგიერთი წყვილი ერთდროულად ორ მდგომარეობაში აღმოჩნდება: დაშორებისა და ახლად დანგრეულ ოჯახში ახალი წევრის შემატების პროცესში.
ახლანდელი რეალობის ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებად აღქმა უფრო მარტივია, ვიდრე რალისტურ ამბად. გლობალური პანდემია 50-იანი წლების, ცივი ომის დროინდელი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებიდან გადმოსულს ჰგავს. საშინელებათა ფილმებს მკვახე ანტიკომუნისტური პროპაგანდით. ამერიკული B კატეგორიის ფილმები, მეტწილად საუცხოო (განსაკუთრებით, რიჩარდ მეთისონის რომანების მიხედვით გადაღებული: „საოცარი დაპატარავებული კაცი“ (The Incredible Shrinking Man), „მე ვარ ლეგენდა“ (I Am Legend), „ბინდის ზონა“ (The Twilight Zone), პროდიუსერების ვერაგი ზრახვების მიუხედავად. ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, ასევე, ვფიქრობ ფილმებზე: „დღე, როდესაც დედამიწა გაჩერდა“ (The Day the Earth Stood Still), D.O.A., „აკრძალული პლანეტა“ (Forbidden Planet), „სხეულთა მიმტაცებლების შემოჭრა“ (Invasion of the Body Snatchers), და ბევრი სხვა ფილმი, რომელშიც სტუმრები მარსიდან არიან. ბოროტება ხომ ყოველთვის გარედან შემოდის (კომუნისტები, ლტოლვილები, მარსელები) და ეს რიტორიკა არგუმენტს აძლევს მკვახე პოპულიზმს (მიუხედავად ამისა, ამ ფილმებს დიდი მონდომებით გირჩევთ). ფაქტობრივად, ტრამპი უკვე რწმუნდება, რომ მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვართ, 50-იანი წლების საშინელებათა ფილმებს ჰგავს და ვირუსს „ჩინურ ვირუსს“ უწოდებს. ტრამპი ჩვენი დროის კიდევ ერთი დიდი ჭირია.
გადავწყვიტე, თავი გამერთო. როგორც წესი, იმპროვიზებით (მაგრამ ეს არ არის უქმეები, ჩემი ჩვეულებრივი მარტოობისა და იზოლაციის დღეები). ჰოდა, შევადგინე ფილმების სია. შევაგროვე საინფორმაციო ბიულეტენები და ვკითხულობ ხოლმე სხვადასხვა დანაკლისის შესავსებად. ჩემი სახლი ინსტიტუციაა და მე მისი მარტოხელა მოსახლე ვარ. ბოლო დროს ვარჯიშიც დავიწყე. ამ დრომდე უსიცოცხლოდ ვიყავი და ერთადერთი ფიზიკური აქტივობა ჩემთვის კორიდორში ბოლთის ცემა იყო.
ნაშუადღევს სანახავი ფილმი ავარჩიე – ჟან პიერ მელვილის „პოლიციელი“ (Dirty Money/Un flic), საღამოს ფილმის შერჩევისას კი საკუთარმა არჩევანმა სასიამოვნოდ გამაკვირვა – გადავწყვიტე, ჯეიმს ბონდის სერიიდან „გოლდფინგერი“ მენახა. ასეთ დღეებში ნამდვილი გართობა, ნამდვილი ესკაპიზმი საუკეთესო რამაა.
„გოლდფინგერი“ ვნახე და ჩემი არჩევანით კმაყოფილი დავრჩი, თუმცა ფილმმა უფრო თვითონ ამარჩია, ვიდრე მე ავირჩიე ის. როცა შონ კონერის შევხვდი კანში, სადილზე გვერდიგვერდ ვისხედით. გამაკვირვა მისმა ცოდნამ კინოს შესახებ, განსაკუთრებით კი იმან, რომ ის შეიძლებოდა, ჩემი ნამუშევრებითაც დაინტერესებულიყო. კონერი ქალაქ მარბელაში აღარ ცხოვრობდა, მაგრამ კვლავ აღმერთებდა ესპანეთს. ჩვენ ერთმანეთს მეგობრულად დავემშვიდობეთ და ნომრები გავცვალეთ – დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთმანეთს არასდროს დავურეკავდით.
რამდენიმე თვის შემდეგ კი – 2001 ან 2002 წელი იქნებოდა – მან დამირეკა ჩემი ფილმის „ესაუბრე მას“ ჩვენებიდან გამოსვლის შემდეგ. მე არც ფეტიშისტი ვარ და არც მითომანიაკი, მაგრამ, როცა გავიგონე, რომ ის ჩემს ფილმზე საუბრობდა, განცვიფრებული დავრჩი, როდესაც ვისმენდი ამ ნიჭიერი მსახიობისა და მიმზიდველი კაცის ბოხ ხმას. „გოლფინგერის“ ყურებისას ამ ყველაფერზე ვფიქრობდი. ფიქრები კარანტინზე, ღამეზე, შონ კონერისა და საკუთარ თავზე ერთმანეთს ენაცვლებოდა.
ფილმებს შორის ცოტა ხნით ტელევიზორი ჩავრთე და შევიტყვე, რომ ამ „ტორნადომ“, რომლის მხოლოდ სახელი თუ ვიცით, მსახიობი ლუჩია ბოზე გაიყოლა. და აქ დღის პირველი ცრემლი წამსკდა. მოჯადოებული ვიყავი ლუჩიას სამსახიობო ნიჭითა და პიროვნებით. მახსენდება ანტონიონის ფილმში „ერთი სიყვარულის ქრონიკა“ (Story of a Love Affair), არნახული სილამაზით, იმ დროისათვის უცხო, ანდროგინული და მხეცი სიარულის მანერით, რომელიც თავის შვილს, მიგელ ბოზეს მემკვიდრეობით ერგო. ხვალინდელ პროგრამაში ანტონიონის ფილმს ჩავსვამ.
მე მიგელის ბევრ მეგობართაგან ერთ-ერთი ვიყავი, რომელიც ამ ძლევამოსილი ქალით იყო მონუსხული. ჟანა მოროს, ჩაველა ვარგასის, პინა ბაუშისა და ლორენ ბეკოლის მსგავსად, ლუჩიას ადგილიც თანამედროვე ქალის ოლიმპოსზე/კვარცხლბეკზეა. მომიტევეთ ამდენი სახელების კორიანტელი, მაგრამ გამიმართლა და თითოეული მათგანს ვიცნობდი და ვახლობლობდი. ესეც სახლში გამოკეტვის უარყოფითი მხარე –ნოსტალგიის იოლი ნადავლი ხდები.
მიგელ ბოზეს დავურეკე მეხიკოში და დიდხანს ვისაუბრეთ. აქამდე წლებია, არ გვისაუბრია და ამ ტრაგიკული მოცემულობის მიუხედავად, მინდოდა, მისთვის მადლობა გადამეხადა იმ თეთრი ორქიდეებისთვის, რომელსაც ის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყოველ დაბადების დღეზე მიგზავნიდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, სად ვიყავი (თითქმის ყოველთვის გასული ვიყავი მადრიდიდან ), ყოველ 25 სექტემბერს ქოთნით მიგზავნიდა თეთრ ორქიდეებს, რომელიც თვეები არ ჭკნებოდა და ბარათს თავისი ინიციალებით მ.ბ. (მიგელ ბოზე).
განრიგის არქონას კარგი ის აქვს, რომ სიჩქარე ქრება. ასევე ქრება წნეხი და სტრესი. მე ბუნებით მშფოთვარე ვარ, მაგრამ ასე მოშვებული არასდროს ვყოფილვარ. დიახ, ვიცი, რომ რეალობა ფანჯრებს მიღმა შემზარავი და ბუნდოვანია, ამიტომ მიკვირს, რომ შეწუხებული არ ვარ და მაგრად ვეჭიდები ჩემს შიშსა და პარანოიაზე გამარჯვების განცდას. არ ვფიქრობ სიკვდილზე.
ჩემი მთავარი ამოცანაა, იმათ შეტყობინებებს ვუპასუხო, ვინც ჩემს ან ჩემი ოჯახის ამბავს მეკითხება (ჩემთვის ესეც რაღაც ახალია, რადგან, ზოგადად, ერთი ცუდი თვისება მაქვს – შეტყობინებებს ან არ ვპასუხობ, ან იშვიათად ვპასუხობ), რადგან პირველად ხდება, რომ ეს არ ემსგავსება ბანალურ საუბრებს და სიტყვებმა მნიშვნელობა შეიძინეს. პასუხის მიწერას ძალიან სერიოზულად ვუდგები და ყოველ ღამით მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ჩამოვუვლი ხოლმე, რომ გავარკვიო, როგორ არიან.
როცა ფანჯრიდან სინათლე აღარ შემოდის, „გოლდფინგერის“ ყურებას ვიწყებ. კიდევ უფრო მოხიბლული ვრჩები შონ კონერით და შირლი იტონის გარეგნობით, მშვენიერი მსახიობით, რომელსაც დიდი მსხვერპლის გაღება მოუხდა ბონდის მკლავებში ჩავარდნის გამო. სცენა, სადაც მისი სხეული ოქროსფრადაა მოხატული და საწოლზე წევს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სცენაა, რაც ამ ფრენჩაიზში გადაუღიათ – ასახავს ლტოლვას, სიხარბეს, ეროტიციზმსა და ძლევამოსილი ბოროტმოქმედის სიშლეგეს, რომლის ერთადერთი ამბიციაა, მსოფლიო გაანადგუროს და მხოლოდ ვასლები დატოვოს ცოცხლად.
ფილმის ყურება უნდა შევწყვიტო და ჩემს დას, ჩუსს ტელეფონზე ვუპასუხო. მეუბნება, ესპანეთის მეორე არხზე დოკუმენტურ ფილმში შენ გაჩვენებენო. ტელევიზორი ჩავრთე და ვნახე, რომ მეორე არხზე დოკუმენტური ფილმი გადიოდა ჩაველას შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი თავის დროზე ვნახე, ყველაფერს, რასაც ვხედავდი და ვისმენდი, ცრემლებამდე მივყავდი. ეს მომენტი იმ ყველაფრისგან განსხვავდებოდა, რაც აქამდე გამომიცდია ცხოვრებაში; ვერაფერს ვერ შევადარებ. ერთადერთი, რაც ვიცი, ის არის, რომ ერთდროულად გამოკეტილი ვარ და თან შინაგანად ვთავისუფლდები. ახალ ამბებს უფრო და უფრო იშვიათად ვუყურებ. ვცდილობ, პანიკა და შფოთვა ნაპირზე დავტოვო. გართობითა და ესკაპიზმით დასვენება ყველაფერია „ერთფეროვანის“ გარდა. ჩაველაზე უკვე ნანახი ფილმი ჩემში ისეთ ემოციებს აღძრავს, რომ ვერც ვაკონტროლებ და არც მინდა, გავაკონტროლო. ბოლო კადრამდე ვტირი. იმ ღამეების მოგონებებმა წამლეკა, როდესაც ის წარვადგინე საკონცერტო დარბაზ Sala Caracol-სა თუ თეატრ Albéniz-ში (პირველი თეატრი, სადაც მან სცენაზე ფეხი შედგა, როგორც მომღერალმა; წყეული მექსიკური სექსიზმი მას ნებას არ რთავდა, სცენაზე შარვლითა და პონჩოთი გამოჩენილიყო, რადგან, „ვინც ასე ჩაიცვამდა, ნამდვილი ქალი ვერ იქნებოდა“).
მე ის წარვადგინე პარიზის საკონცერტო დარბაზ „ოლიმპიაშიც“. ეს რთული იყო, მაგრამ დარბაზის შევსება მაინც მოვახერხეთ. დილით, კონცერტის დაწყებამდე ჩაველამ დარბაზის თანამშრომლებს ჰკითხა, სად დგებოდა ხოლმე ედიტ პიაფი სიმღერის დროს და ისიც ზუსტად იმ ადგილზე დადგა და ასე იმღერა. იმ საღამოს მერე ჩემს რიტუალში, რომელშიც ჩაველა ჩემი პიაფი იყო, შოუს ვიწყებდი სცენის იმ რამდენიმე სანტიმეტრის დაკოცვნით, რომელზეც ჩაველა უნდა დამდგარიყო.
„ჯეიმს ბონდით“ გართობის შემდეგ მზად არ ვიყავი, კიდევ ერთხელ მომესმინა ამ დიდებული გრძნეულის ხმისთვის. არც იმისთვის ვიყავი მზად, რომ ჩემი თავი მენახა, როგორ ვღერი მასთან ერთად Vámonos-ს და როგორ ვიზიარებ მისი ცხოვრების მრავალ ეპიზოდს მადრიდსა და მეხიკოში.
მახსოვს, 2007 წლის შობას ქალაქ ტანჟერიდან დავურეკე. მისმა ხმამ, რამდენიმე სიტყვის არტიკულაციამ შემაშინა. ჩაველას ბევრ სხვა მახასიათებელთა შორის ერთ-ერთი მისი მეტყველების შესანიშნავი მანერა იყო – სიტყვებს სრულად გამოთქვამდა, ერთ ასოსაც არ ყლაპავდა. ტელეფონში მხოლოდ ერთი რამის წარმოთქმა მოახერხა – „მე შენ ძალიან მიყვარხარ“ და „დრო გადის“. შეწუხებული ვიყავი და ორ კვირაში მექსიკის ქალაქ ტეპოსტლანში მივაკითხე. იქ ახალგაზრდობის მეგობართან აფარებდა თავს. მე ყველაზე ცუდისთვისაც მზად ვიყავი. ვიცოდი, რომ 3 დღით ადრე კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ, როცა შეიტყო, მის სანახავად მივდიოდი, წინა ღამით კლინიკიდან გაწერა მოითხოვა – გამორიცხული იყო, ჩაველასთვის გეთქვა „არა“ – და აი, თავის პატარა სახლში მიგვიღო შობის ყვავილივით კოხტამ და მოკაშკაშემ, თავისი ძველებური ხმით, რომელიც 3 საათი არ გაუჩერებია.
საღამოს დავიშალეთ. ის მარტო დარჩა, დატუსაღებული საკუთარ თავთან. ადგილობრივი ქალი მასთან მხოლოდ 5 საათამდე რჩებოდა, რადგან ჩაველა დასაქმებულებს ნებას არ რთავდა, ღამითაც დარჩენილიყვნენ მის მოსავლელად. დედაჩემიც რამდენიმე წელი ასე იყო გარდაცვალებამდე – ამოუხსნელ მიზეზთა გამო, ძლიერი ქალები ირაციონალურნი და ძუნწები ხდებიან. მათ ვერ გააფრთხილებ გრძელ ღამეებზე, რადგან ისინი გრძელ ღამეებს საკმაოდ კარგად იცნობენ და მათ აქვთ ზეადამიანური უნარი მოთმინებისა.
ჩვენ მის ავადმყოფობასა და სიკვდილზე ვისაუბრეთ და მან კარგი შამანივით მითხრა, „პედრო, მე არ მეშინია სიკვდილის. ჩვენ, შამანები არ ვკვდებით. ჩვენ ავმაღლდებით“. სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ მართალს ამბობდა. მან ასევე მითხრა – „მე მშვიდად ვარ“, – და დასძინა – „ერთ ღამესაც მე გარდავიცვლები ნელა, მარტო და ეს სასიამოვნო იქნება“.
მეორე დღეს ფეხზე დამდგარმა მიგვიღო და ერთი სული ჰქონდა, როდის წავიყვანდით ლანჩზე. ჩაველა იყო ქალი – მკვდრეთით აღდგომების ექსპერტი. სრულიად გამოჯანმრთელებულმა სიხარულით შემოგვთავაზა, ქალაქს დაგათვალიერებინებთო. ჯერ დაიწყო თავისი საცხოვრებლის მოპირდაპირე ტერიტორიიდან, გორაკიდან, სადაც „შესანიშნავი შვიდეულია“ გადაღებული. ლეგენდის თანახმად, ამ გორაკში კლდეებითა და ხეებით დამალული კარი აპოკალიფსის დადგომისას გაიღება და მხოლოდ ის გადარჩება, ვინც მასში შეაღწევს. კიდეც ერთხელ გაკვირვებულმა შევხედე ჩაველას. ის უკვე ემზადებოდა მომავალი აპოკალიფსისთვის და მეც ვერ ვწყვეტ ფიქრს იმ აპოკალიფსზე, რომელიც ახლა დაგვიდგა.
ლოყებზე ცრემლებით ღრმად ჩავისუნთქე სანამ „ჯეიმს ბონდს“ მივუბრუნდებოდი. მეორე არხი დღეს უმოწყალო აღმოჩნდა – ჩაველას შემდეგ ვიქტორ ერისეს დოკუმენტური ფილმი აჩვენეს ანტონიო ლოპესის შესახებ, რომლის სათაურსაც ასევე ადგას ნათელი: „მზე კომშის ხის ფოთლებში“. ანტონიო ლოპესი ლა-მანჩელი მხატვარია და მისი თვალის სინათლე ცოლი, მარი მორენოა – დიდებული რეალისტი მხატვარი, რომელიც ყოველთვის განაპირა რჩებოდა ანტონიოსა და 50-იანი წლების სხვა დიადი რეალისტი მხატვრების უკან. ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ.
მარია მორენო რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. ის მახსენდება, როგორც ანგელოზი, ჩაველასგან სრულიად განსხვავებული. მის ნამუშევრებში კეთილი, სასიამოვნო და იდუმალი ატმოსფერო იგრძნობა, ძალიან განსხვავდება ანტონიო ლოპესის მხატვრობისგან. მასთან მარიას საერთო მხოლოდ თემატიკა ჰქონდა. ერისეს ფილმის პროდიუსერი თავად მარია მორენოა – ალბათ, საუკეთესო ფილმია, ბუნებრივი განათების სასწაულზე, რომელიც ეცემა საგნებს და ფორმას აძლევს ჩვენს სამყაროს. სინათლე, მუდამ სინათლეზე აისახება წელიწადის სეზონების ცვლა, ღამის ხანგრძლივ მოგზაურობასთან მიმართებით.
ერისეს შედევრში ჩვენ ვხედავთ ანტონიო ლოპესს თავის სახელოსნოში, როგორ ამზადებს სახატავ ტილოს, რომელზეც ახალი ნამუშევარი უნდა გადაიტანოს. ეს საუცხოო რიტუალია. ანტონიო თავის მოკრძალებულ ეზოში გამოდის, ხელში ჭიქა ღვინო უჭირავს და ვხედავთ, როგორი აღტაცებულია კომშის ხის ყვითელი ნაყოფით – ხმელი ხე, სრულიად უპრეტენზიო და ცოტა მოუვლელი. კაშკაშა, ყვითელი კომში მუქი, მწვანე ფოთლებითაა გარშემორტყმილი.
დილით ანტონიო წრეს არტყამს ხეს და მონუსხული აკვირდება კომშის ხაოიან კანს. გადაწყვეტს, რომ დახატოს, თუმცა იცის, რომ ტილოზე ზუსტად იმავე საგანს ვერ გადაიტანს, რადგან ხილი ცოცხალია და ის ყოველდღიურად შეიცვლება, არც განათება იქნება ყოველთვის ასეთი. ფილმი წაგებულ ბრძოლაზეა, არტისტის ბრძოლაზე, დაიჭიროს მზის სხივი კომშზე.
ერისეს ფილმი 1992 წელს კანის კინოფესტივალზე უჩვენეს. იმ წელს ჟიურის წევრი მეც ვიყავი და ძალიან სამართლიანადაც დავაჯილდოვეთ ჟიურის პრიზით. მე და ჟიურის თავმჯდომარემ, ჟერარ დეპარდიემ, ლამის ვიჩხუბეთ. მას ეს ფილმი არ მოეწონა. საბედნიეროდ, ჟიურის დანარჩენ წევრებს მოეწონათ.
მეორე არხი ძალიან გვიან გამოვრთე, მაგრამ არა უშავს: პატიმრობაში დრო წრიულია და არ მინდა, იმედი გავუცრუო ჯეიმს ბონდს, არ მინდა იქამდე დავწვე, სანამ შონ კონერის გმირი მზაკვრულ გეგმებს არ ჩაუშლის სქელ გოლდფინგერს და სანამ ყველას არ გადაგვარჩენს.