სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, აზერბაიჯანულ მხარეს – თოვუზის რაიონსა და სომხურ მხარეს – ტავუშის რაიონში დაიწყო. სწორედ ტავუშის რაიონის ქალაქ ბერდიში იყო ოჯახთან ერთად თამთა თათარაშვილი, როდესაც კონფლიქტი დაიწყო. თამთა გენდერის მკვლევარია და ოჯახთან ერთად სომხეთში 2013 წლიდან ცხოვრობს. მან ქალაქი გუშინ დატოვა და ამჟამად ერევანშია.
თამთა თათარაშვილი „პუბლიკას“ ადგილიდან დანახული კონფლიქტის შესახებ ესაუბრა.
„რეგიონი, სადაც შეიარაღებული დაპირისპირებაა, ესაზღვრება როგორც აზერბაიჯანს ისე საქართველოს. საინტერესო მხარეა, რადგან შერეულია ქართული და აზერბაიჯანული კულტურა. ადგილობრივ დიალექტში ბევრი ქართული და აზერბაიჯანული სიტყვებია და მე, როგორც ქართულის მცოდნეს, ბევრი რამ მესმის, როცა საუბრობენ.
ეს ტერიტორია ძალიან დაშორებულია ერევნიდან. ჩემი ქმრის ნათესავებისგან ვიცი, როდესაც ქალაქში წასვლა ან რუსეთში გაფრენა უნდოდათ, საბჭოთა კავშირის დროს, აზერბაიჯანის გავლით თბილისში მიდიოდნენ და შემდეგ სხვაგან, რადგან თბილისი უფრო ახლოსაა, ვიდრე ერევანი. ამიტომ უფრო მოხერხებული იყო.
ტავუშის რეგიონის ცენტრია ქალაქი ბერდი. სახელწოდება სომხურად ნიშნავს ციხე-სიმაგრეს. ციხე-სიმაგრის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. კონფლიქტით ცნობილი უფრო ყარაბაღია, რომელიც საკმაოდ დაშორებულია ამ რეგიონიდან, მაგრამ, რაკი აზერბაიჯანს ესაზღვრება, ეს ტერიტორიაც მოყვა კონფლიქტში. რაც აქ ვცხოვრობ, ამ ხნის განმავლობაში მსმენია, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა აზერბაიჯანელი სნაიპერების მსხვერპლი გამხდარა მიმავალი მანქანა ან რომელიმე მშვიდობიანი მოსახლე.
ძირითადად, ვცხოვრობთ ერევანში, მაგრამ ჩემი მეუღლე წარმოშობით ამ რაიონიდანაა. სახლი გვაქვს ბერდიში და ზაფხულს იქ ვატარებთ, თუმცა ის ბავშვობაში იქ ცხოვრობდა და ხშირად შესწრებია ამ დაბომბვას. კონფლიქტი პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს.
ახლა, როცა დაიწყო სროლა, მეზობელ სოფლებში ისმოდა ხმა. ვფიქრობდით, რომ არ გაგრძელდებოდა დიდხანს, რადგან, როგორც წესი, ასეთი სროლა რამდენიმე დღეში მთავრდება. ჩვენ სახლი საზღვარს გადაჰყურებს… გორაკებს უყურებ და ამ გორაკების იქით არის სასაზღვრო პუნქტები.
გვესმოდა აფეთქებების ხმა, ორი დღე. მერე ჩემმა მეუღლემ თქვა, რომ ბერდთან ახლოს ერთ-ერთ ბაზას მოუახლოვდნენო. მე რაც მსმენია, იმას გიყვებით მხოლოდ. იქ მუდმივად მიდის გადაქაჩვა-გადმოქაჩვა, ვინ რომელ სტრატეგიულ მაღლობს დაიკავებს, რომ მერე მოწინააღმდეგის დასაშინებლად ჰქონდეთ პოზიცია და ა.შ. ჩვენ რატომ მოვყევით… ამ ქალაქში ბერდიში არის ძველი შენობა, რამდენიმე წლის წინ აღადგინეს და სამკერვალო ფაბრიკაა. ახლა, ამ პანდემიის დროს, ნიღბების კერვაზე გადავიდა ეს ფაბრიკა, მოკლედ და ეტყობა, დიდი მარაგი ამ ნიღბებისა ამ ფაბრიკიდან მოდის. გუშინ ჩამოვარდა ფაბრიკასთან ყუმბარა.
ჩვენი ფანჯრები უყურებს ხევს. მაღლობზეა სახლი. მერე ქვემოთ ჩამოდის მდინარე და მერე ისევ გორაკია, სადაც ვენახები, ყანებია და გვერდით დგას ეს ფაბრიკა. პირველი ყუმბარა, რამაც ჩვენ შეგვაშინა, ჩვენ წინ, გორაკებში ჩავარდა გუშინ, სადღაც 11 საათზე. ამ დროს უკვე ვლაგდებოდით. ჩემმა ქმარმა რაღაც დამრჩაო, შევბრუნდი სახლში, ამ დროს იყო ეს წუილი და გრუხუნი. მე კი 2008 წელს საქართველოში ვიყავი და ისედაც 90-იანი წლებიდან მიჩვეული მაქვს ყური, მაგრამ ეს წუილი რომ ისმის, არ იცი, სად რა ჩამოვარდება. უცებ გონს ვერ მოვედი, ფანჯრებმა რომ დაიზრიალა. სარდაფში ჩავედით. იქ ვიყავით უკვე, ჩემმა ქმარმაც რომ მოირბინა, კართან იყო და დაინახა მეორე ყუმბარა უკვე მინდვრებში კი არა, ფაბრიკასთან დაეცა, სადღაც უკან. ამოსული კვამლით ვხვდებოდით. როგორც ვიცით, მსხვერპლი ფაბრიკაში არ ყოფილა. ცოტა მოშორებით დაეცა, როგორც ჩანს“, – გვიყვება თამთა თათარაშვილი.
ოჯახი ერევნისკენ დაიძრა. როგორც თამთა ჰყვება, ძირითადი გზით (რომელიც მოასფალტებულია და კომფორტული) არ უსარგებლიათ, რადგან საზღვართან ახლოსაა.
„წამოვედით ტყით და ცუდი გზით. საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ჩამოვედით ერევანში. ჩვენ რომ გამოვედით, დავინახე კოლონები მანქანების, რომლებიც ასევე ტოვებდნენ ქალაქს. ჩავლისას ვხედავდი, ხალხი როგორ ბარგდებოდა. ქალაქში ბევრს აქვს შესაძლებელობა, ალბათ, რომ იმ ადგილიდან წავიდეს, მაგრამ ირგვლივ სოფლებია, სადაც ხალხს ძალიან უჭირს და მათთვის რთულია, სხვა ადგილს შეაფარონ თავი. რამდენადაც ვიცი, არავინ გაურიდებიათ კონფლიქტის რეგიონიდან და ამ მხრივ არაფერი არ კეთდება“, – ჰყვება თამთა.
თამთა თათარაშვილი ამბობს, რომ დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ მათთვისაც ის არის ცნობილი, რაც ოფიციალურად ვრცელდება. რაც შეეხება განწყობას, ამბობს, რომ არიან როგორც ანტიმილიტარისტულად განწყობილი ადამიანები (და ასეთი საკმაოდ ბევრია), ასევე ერთგვარი პატრიოტული დამოკიდებულებაც იგრძნობა.
„უფრო მწვავე იყო კონფლიქტი, მგონი, სამი წლის წინ – ყარაბაღთან და მაშინ მთელი მოძრაობა წავიდა. ჯარისკაცებს საკვებს უგროვებდნენ, მოქალაქეები უგზავნიდნენ სხვადასხვა საჭირო ნივთს და ა.შ. ჯერ აქამდე არ მისულა საქმე. დღეს სიწყნარეა, როგორც ვიცი.
ჩვენი მეგობრები არიან ანტიმილიტარისტულად განწყობილი ადამიანები და მათი განწყობა, რაც მესმის, მაინც უფრო მიმართულია კრიტიკულად ხელისუფლების მიმართ, თუმცა არის მილიტარისტული პროპაგანდაც. რაღაც ვიდეოებს ამონტაჟებს თავდაცვის სამინისტრო, რომ აი, როგორ დავარტყით და ა.შ. ოფიციალური პოზიცია კი ასეთია, რომ უნდა შეწყდეს ცეცხლი და ყველაფერი ბრალდება აზერბაიჯანს, მაგრამ სიტუაცია ისეთია, რომ პირადად ვერ ვარკვევ, ვინ რა დაიწყო“, – ამბობს თამთა თათარაშვილი.
შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 12 ივლისს დაიწყო. მომხდარ ინციდენტში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 12 ივლისს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამშვიდობო შეთანხმება უხეშად დაარღვიეს და თოუზის რაიონის მიმართულებით არტილერიიდან ცეცხლი გახსნეს.
სომხეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელი აზერბაიჯანია. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდაპირველად აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სცადეს სომხეთის საზღვრის გადაკვეთა, მოგვიანებით კი სომხურ პოზიციებს დაესხნენ თავს.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამწვავებულ სიტუაციას გამოეხმაურა თურქეთი და რუსეთიც. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „სომხეთის მოქმედებები მიუღებელია“ და მათ უნდა ახსოვდეთ, რომ აზერბაიჯანი მარტო არ არის, თურქეთი მუდამ მათ გვერდით იქნება.
კრემლმა კი ორივე მხარეს დამშვიდებისა და სიტუაციის კონტროლისკენ მოუწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი ლავროვმა კი საზღვარზე დაწყებული დაპირისპირება აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბარში განიხილა.