ამელი ნოტომის მკვეთრი „ანტიქრისტა“

გიორგი ლობჟანიძე

ამელი ნოტომის რომანი „ანტიქრისტა“ ორი მოზარდი გოგონას ურთიერთობას შეეხება, თუმცა პრობლემები, რომლებიც ამ წიგნში წამოიჭრება, სცდება ასაკობრივ საზღვრებს და ყველა იმ ადამიანს თანაბრად ააღელვებს, ვისაც ერთხელ მაინც თავის ცხოვრებაში საყვარელ ადამიანთან დამსხვრეული ურთიერთობების სიმწარე უგემია.

მიუხედავად იმისა, რომ ამელი ნოტომს უამრავი რომანი აქვს დაწერილი და ფრანგული კრიტიკა მის საუკეთესო ნაწარმოებებად სხვა წიგნებს (ვთქვათ, „მკვლელის ჰიგიენასა“ თუ „კრძალვითა და ცახცახით“-ს მიიჩნევს), მე მგონია, ამ ბელგიელი მწერალი ქალის შესაძლებლობებმა თავის ზენიტს მაინც სწორედ ფრანგულად 2003 წელს გამოცემულ ამ რომანში „ანტიქრისტაში“ მიაღწია.

აქამდე ამელი ნოტომის სხვა ძალიან ბევრი რომანია თარგმნილი ქართულად და მის შემოქმედებას არაერთი მთარგმნელის ნამუშევრით ვიცნობთ, განსაკუთრებული სიყვარულით კი ნოტომის რომანებზე მანანა ბოსტოღანაშვილმა იმუშავა.

რაც შეეხება „ანტიქრისტას“, ეს არის უაღრესად დაწურული, ლაპიდარული სტილით მოთხრობილი ამბავი, რომელშიც თითო წინადადების მიღმა უამრავი ქვეტექსტი იგულისხმება და სწორედ ამიტომ იმდენ საფიქრალს აღძრავს მკითხველში, რომ კარგა ხანს ვერ გამოდიხარ მის მიერ მოგვრილი თავზარდამცემი შთაბეჭდილების ტყვეობიდან.

სწორედ ეს ლაპირდარულობა თუ სიძუნწე, ყველა სიტყვის უაღრესად მოზომილი და ზუსტად განსაზღვრული სამოქმედო არეალი იწვევს დედანში იმ მხატვრული სიმართლის განცდას, რაც ასე დაუვიწყარს ხდის წიგნს და მის უამრავ პარალელს გაძებნინებს ქრისტიანულ რელიგიურ წანამძღვრებთან თუ მსოფლიო ლიტერატურის აქამდე ცნობილ იმ სიუჟეტებთან, რომელთაგანაც, გარკვეული ნათესაობის მიუხედავად, „ანტიქრისტას“ ხედვის მოულოდნელი კუთხეები და ამბის უაღრესად თანამედროვედ აღქმა განასხვავებს.

ამბავი კი საკმაოდ სწორხაზოვანია:

მოზარდი გოგონა, ბლანში (ფრანგ. თეთრი), რომელიც აშკარად არასრულფასოვნების ასაკობრივი კომპლექსით იტანჯება და ამის გამო მუდმივ მარტოობას განიცდის, უნივერსიტეტში მისვლის პირველ დღეებშივე დაინახავს თავის სრულ ანტიპოდს, მისსავე თანატოლ გოგოს (ქრისტას), რომელიც მალე მთელი კურსის თვალი გახდება.

ბლანშისათვის მოულოდნელად, ქრისტა თვითონ იწყებს მასთან ურთიერთობას და ეს ნაცნობობა მალე ნამდვილ მეგობრობაში გადაიზრდება.

აღმოჩნდება, რომ აღმოსავლეთ კანტონებში მცხოვრებ ქრისტას საკმაოდ დიდი გზა აქვს უნივერსიტეტამდე მოსასვლელად და ბლანში შესთავაზებს, საცხოვრებლად მის ოჯახში გადავიდეს.

ამის მერე ყველაფერი თავდაყირა დგება და სწორედ სიტუაციის ასე ოსტატურად შეტრიალებით ახერხებს მწერალი ჩვენთვის ნაცნობი რელიგიური თუ ლიტერატურული პარადიგმები ერთმანეთში ბანქოს ქაღალდივით აურ-დაურიოს და მერე ამ არეული კარტით ისე ითამაშოს, არცერთი მისთვის მომგებიანი სვლა არ „გამაზოს“: მკითხველი რაღაც დასკვნებამდე მიიყვანოს და როცა ეგონება, რომ ამა თუ იმ კოლიზიაში ყველაფერი წინასწარ ამოიცნო, ბოლო, თითქოს სათავისოდ შემონახული კოზირით, მთელი წინასწარი ვარაუდები და წარმოდგენები თავდაყირა ამოუტრიალოს.

ამიტომაც მთელი ეს ეპისტემა, რაც რომანის ძალზე დახვეწილ ქვეტექსტებს ქმნის, სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ ირონიისა და იუმორის საშენი მასალაა, რაც ავტორსაც ამანძილებს მოყოლილი ამბის ტრაგიკულობასთან და ყველა მომდევნო პასაჟსაც წინა პასაჟის უარმყოფელის, მეტისმეტად ორიგინალური ანტითეზის ფუნქციასაც ანიჭებს.

ფრანგი კრიტიკოსები მიუთითებდნენ, რომ ამელი ნოტომის „ანტიქრისტა“ არის „საძაგელი იხვის ჭუკის“ ძველი, კეთილი ზღაპრის გათანამედროვებული ვარიანტი.

ჩემთვის ამ რომანის ასეთი ზედაპირული აღქმა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ სიცარიელეზე, რაც სწორედ სოციალური როლებისა თუ სოციუმის მიერ ჩვენთვის მინიჭებული ფუნქციების მიღმა იმალება და რაზეც ასე დახვეწილად ენამწარობს ამელი ნოტომი.

მისი სარკაზმი მწვერვალს აღწევს არამხოლოდ თეოლოგიურ-ლიტერატურული პარადგიმებით ჟონგლიორობისას, არამედ უპირველესად იმ დროს, როცა მწერალი არცთუ დიდი რომანის განმავლობაში რამდენჯერმე უცვლის თავის ორ პერსონაჟს ადგილს და თხრობას ისე წარმართავს, რომ ყველა შემთხვევაში თვითონაც დამაჯერებელი ჩანს და ჩვენც საბოლოოდ გვარწმუნებს, რომ სინამდვილეში ბლანშიცა და ქრისტაც ერთი და იგივე ადამიანია, საკმარისია, შუქ-ჩრდილები ოდნავ შევცვალოთ და პირველს მეორეში და მეორეს პირველში მარტივად დავინახავთ.

ისინი ერთმანეთში ისევე იგულისხმებიან, როგორც ქრისტეში იგულისხმება მისივე ანტიპოდი.

„არა მოვედ მოფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“, – ამბობს განკაცებული ღმერთი და დასძენს: „რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა და ასული – დედისაგან თვისისა და სძალი – დედამთილისაგან თვისისა“. (მათე, 10;34-35).

სწორედ ამას მოგვაგონებს ქრისტას ბედისწერული შეჭრაც ბლანშის ცხოვრებაში. თავიდან ბლანში ოცნებობს, რომ ქრისტას მსგავსი იყოს, მასავით ლაღი, თავისუფალი, უპრობლემო და ისიც ისევე უყვარდეთ გარშემომყოფებს, როგორც ქრისტა.

მაგრამ როგორც კი ქრისტა მართლაც იკავებს მის ადგილს, როცა ქრისტა თვითონვე იქცევა ბლანშად, ბლანში აღმოაჩენს, რა კარგი ყოფილა იმად ყოფნა, რაც სინამდვილეში იყო. როგორ ვერ აფასებდა თუნდაც საკუთარ მშობლებს მანამ, სანამ მათთვისაც კი მისი თავი მოღალატე ქრისტამ არ ჩაანაცვლა.

სხვათა შორის სწორედ ბლანშის მშობლების ცვლილებით მკაფიოვდება ამელი ნოტომის ქვეტექსტი, რომ ეს ორი გოგონა სინამდვილეში ერთი და იგივე ადამიანია.

ამელი ნოტომი ამით იმასაც გვეუბნება, რომ ვიდრე მისი პერსონაჟი არის მორიდებული, დაკომპლექსებული, ადვილად სამართავი ბლანში, ის ყველასთვის ასატანი და მისაღებია, მაგრამ როგორც კი თავისი თავისა და საზღვრების გამორკვევას იწყებს, ბლანშივე იქცევა ქრისტად, რომელიც სულ მალე ანტიქრისტაში გადადის.

ეს მრუდი, საზოგადოებაში ადამიანის ადგილზე ჩვენი წარმოდგენებისა და, საერთოდ, ჩვენი სოციალური ღირებულებების ეფემერულობას რომ გამოსახავს, მწერლის დაცინვისა და გაბიაბრუების მთავარი სამიზნეა. ამელი ნოტომი ამ რომანით გვიჩვენებს რამდენად მყიფეა ეს წარმოდგენებიცა და ეს ღირებულებებიც და როგორი მარტოა ყველა ადამიანი სწორედ ამ წინასწარგანსაზღვრული და დაკისრებული ფუნქციებისა და როლების პირისპირ.

რახან მარტოობა ვახსენე, აქვე მინდა თარგმანის ენასა და ზოგადად, ამ საკითხზე ჩემი დამოკიდებულების ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტზეც მინდა მოგახსენოთ.

ამელი ნოტომის „ანტიქრისტა“, რომელიც 2020 წელს სულაკაურის გამომცემლობაში, საუკეთესო ფორმატით დაიბეჭდა, ფრანგულიდან თარგმნა ამ ენის ჩინებულმა მცოდნემ და უკვე აღიარებულმა მთარგმნელმა მერაბ ფიფიამ.

მთლიანობაში თარგმანის ტექსტი ძალიან სასიამოვნოა, იკითხება ლაღად და ძალდაუტანებლად, ოღონდ, პროფესიული თვალსაზრისით, მე მაინც მრჩება უკმაყოფილების გრძნობა, რომელზეც როცა ადრე მივუთითე, მგონი, სერიოზულად გავანაწყენე ჩემთვის ძალზე პატივსაცემი და საყვარელი კაცი.

მისი განაწყენება ალბათ უფრო იმან გამოიწვია, რომ მაშინ, როგორც ჩანს, ჩემი დაუკმაყოფილებლობის მიზეზი არასათანადოდ, უფრო სწორად, საკმარისად მკაფიოდ ვერ ავხსენი და ყველაფერი ამიტომაც მიეწერა ჩემს ახირებულობას და არა, ვთქვათ, ობიექტურობის, ობიექტური სინამდვილის დადგენის პროფესიულ სურვილს.

საქმე ის არის, რომ „ანტიქრისტას“ ამ თარგმანთან დაკავშირებითაც იგივე დამოკიდებულება მაქვს და ეს დამოკიდებულება უკავშირდება არა იმდენად გრამატიკული თუ აზრობრივი შეცდომებს, რამდენადაც, ზოგადად, თარგმანის სტილისტიკის საკითხს. სტილი დიდწილად გემოვნების ამბავია. გემოვნებაზე, როგორც მოგეხსენებათ, არ დავობენ, მაგრამ მაინც გავრისკავ და ვიდავებ ისეთ საკითხზე, რის შესახებ საუბარიც საქმეს სასიკეთოდ წაადგება.

დასაწყისში გითხარით, რომ ამელი ნოტომის ანტიქრისტას ენა უაღრესად ლაპიდარული, დაწურული და ერთგვაროვანია. ფრაზაში ყველა სიტყვას თავისი მკაცრად განსაზღვრული ადგილი აქვს და ის ვერაფრით გადასცდება იმ სემანტიიკურ თუ ემოციურ საზღვრებს, რასაც მწერალი სრულიად გამიზნულად დაუსახავს.

მაგალითად, რომანის ფრანგულ ტექსტში პირველივე გვერდებზე, ბლანში, მოკლედ და ძალიან ინდიფერენტულად ამბობს: „მე ყოველთვის მარტო ვიყავი“ და ეს ფრაზა თავისი მოსხლეტილობით სავსებით შეესაბამება იმას, როგორც ეს სინამდვილე შეიძლება თექვსმეტი წლის მოზარდმა გამოთქვას: მოკლედ, პირდაპირ და გადაუპრანჭავად.

მერაბ ფიფიას თარგმანში კი ვკითხულობთ: „ყოველთვის მარტოხელა და ეული ვიყავი“.

მიაწერეთ ჩემს ახირებულობას, მაგრამ პირდაპირ რომ გითხრათ, მე სწორედ ამისთანა რამეებზე გადამეკეტება ხოლმე: იქ, სადაც უბრალოების, სისადავისა და სიწრფელის ადგილას „ტელე-სინე-ვიდეოს“ დათაფლული, ძალად დრამატული და ჭინთვიანად ტრაგიკული ქართული გუგუნებს.

მარტოხელაც, ეულიცა და ლიდაოც შეიძლება იყოს ფუფალა და ამიტომაც ფუფალას ნათქვამი ასეთი ფრაზა ბუნებრივად გაიჟღერებს გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხეში“, მაგრამ თექვსმეტი წლის ბლანში მარტოა და სწორედ ამიტომ ირჩევს სინონიმთაგან ყველაზე უზიზილპიპილებოს თავისი საქმის დიდოსტატი ნოტომი სინონიმებით ქართულზე არანაკლებ მდიდარი ფრანგულის მთელი პალიტრიდან.

და, რა თქმა უნდა, მერაბ ფიფიასთანა ოსტატს არ სჭირდება სწორედ ამ ნიუანსების ახსნა, თორემ, რასაკვირველია, სატელევიზო ქართულზე ყურმიჩვეულ ქალბატონებს ალბათ ძალიანაც აღაფრთოვანებთ ჩვენი მთარგმნელობითი სკოლის ერთი ნაწილისათვის უკვე აგრერიგად დამახასიათებელი მსგავსი ტექსტუალური აღტყინება.

ეს პრინციპულად უწყინარი შენიშვნა სრულებითაც არ მინდა კვლავ საწყენად დარჩეს, რადგან მიმაჩნია, რომ პროფესიულ საკითხებზე კამათისას სწორედ უშეღავათობა გვაძლევს სასურველ შედეგებს და კონკრეტულ, განაწყენებულ მთარგმნელს თუ არა, ვინმეს უსათუოდ დააფიქრებს ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ამ წერილში, ვფიქრობ, რაც შემეძლო, ფაქიზად შევეხე.

რაც მთავარია, არ მინდა თვითონ ჩემთვისაც წვრილმანებს ნაბანი წყალივით გადავაყოლო უმთავრესი: იმით გამოწვეული სიხარული, რომ ამელი ნოტომის ეს დიდებული წიგნი უკვე ქართულადაც შეგვიძლია წავიკითხოთ და სხვათა შორის, არც თუ ისე ურიგო თარგმანით!