ანა ლისტერი და ენ უოლკერი - ორი მემუარისტი მოგზაურის დღიურებში დაშიფრული აკრძალული სიყვარული

ნიკოლას გელოვანი

საუკუნეთა განმავლობაში ჩრდილში იყო იდუმალებით მოცული ამ ორი ქალის ნაწერები. საჭირო გახდა თანამედროვე ეპოქაში მოღვაწე მკვლევართა დაუღალავი შრომა, მრავალწლიანი მუშაობა და ხელნაწერთა გულმოდგინედ გაშიფრვა, რამეთუ რაღაცას მალავდა დამტვერილ საცავებში შემონახული ეს დღიურები, რომლებშიც ასახული იყო ორი მიწათმფლობელის დაუსრულებელი მოგზაურობანი და ის სკანდალური ურთიერთობა, პატრიარქალური მორალის მარწუხებში მომწყვდეულ საზოგადოებას რომ აღაშფოთებდა. ეს დაუფარავი სასიყვარულო კავშირი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა მათ გარშემომყოფთათვის. ეს უკანასკნელნი სულაც არ ერიდებოდნენ გულისწყრომის გამოხატვას და წყვილის მასხრად აგდებას.

ანა ლისტერი 1791 წლის სამ აპრილს დაიბადა ჰალიფაქსში, დასავლეთ იორქშირის საგრაფოში. მისი მშობლები შეძლებული მემამულენი იყვნენ. მატერიალურად უზრუნველყოფილ ოჯახს არასოდეს მოჰკლებია ფული და სიმდიდრე. მის მამას, ჯერემი ლისტერს, ბრიტანეთის მეათე ქვეითი პოლკის ოფიცრის წოდება ჰქონდა; ამერიკასა და კანადაშიც იმოღვაწევა და ლექსინგტონისა და კონკორდის ბრძოლებში ჩაება, როცა ომი გაჩაღდა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. 1788 წლის აგვისტოში დაბრუნდა ოკეანისიქითა ქვეყნებიდან და ცოლად შეირთო იორქშირის ისტრაიდინგის მკვიდრი, რებეკა ბათლი. მათი ვაჟი, ჯონი, 1789 წელს მოევლინა ქვეყნიერებას, მაგრამ ერთი წელიც კი არ შესრულებოდა, როცა გარდაიცვალა. ამ სრულიად მოულოდნელი ტრაგედიით თავზარდაცემული, დამწუხრებული და გულმოკლული ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა „Market Weighton“-ის ერთერთ ადგილმამულში, რომელსაცსკელფლერჰაუსსუწოდებდნენ. იქ გაილია ანას ყმაწვილქალობის დღენი. ეჩვენებოდა, რომ ბოლო არ უჩანდა იმ ლამაზ, უდარდელ, ტკბილ წლებს. მის მშობლებს 1793 წელს შეეძინათ ბიჭუნა. სემუელი დაარქვეს. ეს უკანასკნელი წამოიზარდა და დის ერთერთი ყველაზე ახლო მეგობარი და გულის მესაიდუმლე გახდა. მისმა ნაადრევმა სიკვდილმა სამარადისო დაღი დაასვა ნორჩ ანას. საბოლოო ჯამში, ლისტერებს ეყოლათ ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი, მაგრამ მხოლოდ ანამ და მისმა უმცროსმა დამ, მარიანმა, იცოცხლეს ოც წელზე მეტხანს.

1801-დან 1805 წლამდე, შინ ეწაფებოდა განათლებას. მისი მასწავლებელი იყო რევერენდ ჯორჯ სქელდინგი, „Market Weighton“-ის ვიკარის წოდება რომ ჰქონდა. როცა შვიდი წელი შეუსრულდა, მიაბარეს აგნესგეითში მდებარე სკოლაში, რომლის მართვის სადავენიც ეპყრათ ვინმე მისის ჰეგისსა და ვინმე მისის ჩეთლს. გოგონა ხშირად დადიოდა შიბდენჰოლში, დეიდა ენისა და ბიძია ჯეიმსის მოსანახულებლად. როცა მათთან ერთად იყო, მის მელინის გაკვეთილებს ესწრებოდა. გამოხდა ხანი და სწავლის გასაგრძელებლად გაგზავნეს იორკში, „Manor House School“-ში, ანუ „King’s Manor“-ის შენობაში განთავსებულ სკოლაში.

თავიდანვე გამოირჩეოდა სხვებისაგან. „ურჩი ქალაბიჭაშეარქვეს. მაწავლებლებს ეშინოდათ, ამ მეამბოხის მავნე გავლენას ვერ გაუძლებენ სხვა გოგონებიო. სწორედ ამიტომ არ დართეს სასწავლებლის საერთო საძინებელ ოთახში დაწოლის ნება და მანსარდზე მიუჩინეს ბინა. სრულიად მარტო იყო იქ, ყველასგან გარიყული და მოძულებული. დღიური გახდა მისი გულის მესაიდუმლე და უახლოესი მეგობარი. გრძნობდა, ვერ ეგუებოდა იმ სამყაროს, ადგილს ვერ პოულობდა იქ და მარტოსულობის შეგრძნება სტანჯავდა. ამიტომაც, ნაღვლიან ფრაზებად იღვრებოდა, საწუხარს, ფიქრსა და დარდს ანდობდა დღიურის ფურცლებს; აღწერდა ყველა წვრილმანს; ინიშნავდა, რომელ საათზე გაიღვიძა დილით, რამდენ ხანს ეძინა, ვისგან რამდენი წერილი მიიღო, რა ეწერა იმ ბარათებში, როდის ისაუზმა, რა შეჭამა, როგორი ამინდი იდგა, რამდენი ხანი მოანდომა ქალაქში გასეირნებას, როგორ მიირთვა ვახშმად ცხვრისა და ხბოს ხორცისაგან დამზადებული კატლეტი და ... იმასაც კი ზედმიწევნით ზუსტად აღწერდა, რა ისწავლა დღის განმავლობაში. ეწაფებოდა ძველ ბერძნულ ენას, ალგებრას, გეომეტრიას, ფრანგულ ენას, მათემატიკას, გეოლოგიას, ასტრონომიას, ლათინურს, ფილოსოფიასგაუმაძღარი იყო, ხარბად ისრუტავდა ყველაფერს და ვერასოდეს კმაყოფილდებოდა მიღებული ცოდნით. ქალებს ეკრძალებოდათ უნივერსიტეტში სწავლა, თუმცა, მიზნად დაისახა, დამოუკიდებლად შეესწავლა ყოველივე ის, რასაც მამაკაცები სწავლობდნენ.

სასწავლებელში შეხვდა თავის პირველ სიყვარულსგოგონას, სახელად ელიზა რეინს. ამ უკანასკნელისა და მისი დის, ჯეინის, მამა ძალზე მდიდარი და სახელოვანი ქირურგი გახლდათ. ანა და ელიზა 13 წლისანი იყვნენ იმხანად. ერთ საწოლ ოთახში (მანსარდზე) იძინებდნენ ყოველღამ. ელიზაც მასავით გარიყული და ყველასთვის მიუღებელი პარია აღმოჩნდა. მასწავლებლების ცხვირწინ გაჩაღდა მათი მგზნებარე, ბობოქარი რომანი. ორივე წერდა დღიურს. „Felix“ (ლათინურ ენაზე ბედნიერს ნიშნავს) – აი, ამ სიტყვას უწოდებდნენ ინტიმურ კავშირს. ანა კიდევ უფრო დეტალურად აღწერდა ამ ღამეულ თავგადასავლებს. იმისათვის, რათა უცხო თვალთაგან დაეფარა საკუთარი ნაწერი (იცოდა, დიდი სკანდალი დაიწყებოდა, თუკი ვინმე გაიგებდა, რა აკავშირებდათ), გამოიგონა კოდი, რომელიც შედგებოდა ბერძნული, ლათინური ასოებისაგან, მათემატიკური სიმბოლოებისაგან, იეროგლიფებისაგან, სასვენი და ზოდიაქოს ნიშნებისაგან. აი, ამგვარად ნიღბავდა იმ გრძნობებს, შთაბეჭდილებებს, სიყვარულსა და აზრებს, ვერავის რომ ვერ უმჟღავნებდა. თავიდანვე ოცნებობდა გამდიდრებაზე. ანგარიშიანობას იჩენდა, წინასწარ გათვლიდა ხოლმე ყველა ნაბიჯს და ხშირად ამჟღავნებდა გულქვაობას, დაუნდობლობასა და ულმობლობას. მისგან განსხვავებით, ელიზა რომანტიკოსი იყო; ოცნებობდა მშვიდ, ლამაზ, უშფოთველ ცხოვრებასა და მარადიულ სიყვარულზე.

ორი წლის შემდეგ, სკოლიდან წასვლა მოსთხოვეს ანას. მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდა სასწავლებელს, რაც ელიზამ დაასრულა განათლების მიღება. ქალიშვილი იმედოვნებდა, რომ მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ იცხოვრებდა, როცა სრულწლოვანი გახდებოდა, თუმცაღა, იმედგაცრუებული დარჩა, როცა შეიტყო, რომ ლისტერს გულიდან ამოერეცხა სიყმაწვილისჟამინდელი სიყვარული და სატრფიალო კავშირი გაება ვინმე იზაბელა ნორქლიფსა და მარიანა ბელკომბთან. ეს ორნი, მართალია, იმ სასწავლებლის მოწაფენი იყვნენ, თუმცაღა, პანსიონში არ რჩებოდნენ ღამის გასათევად. „ისიც კი არ იცი, რაოდენ დიდი ტკივილი განმაცდევინე!“ – სწერდა თავზარდაცემული გოგონა, რომელსაც მოუშუშებელი იარა დაუტოვა ორგულობამ. გაწბილებული, გულგატეხილი, ხელმოცარული, სასოწარკვეთილი და ფსიქიკაშერყეული ელიზა „Clifton Asylum“-ში დაწვა სამკურნალოდ. იმ სამედიცინო დაწესებულებას ხელმძღვანელობდა მარიანას მამა, დოქტორი ბელკომბი. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. დაუძლურებული, დასნეულებული და დაძაბუნებული ელიზა გადაიყვანეს ოსბალდვიქის „Terrace House“-ში. სამწუხაროდ, ვერ გამოკეთდა და იქვე აღესრულა 1860 წლის 31 იანვარს. ოსბალდვიქის ტაძრის ეზოში დაკრძალეს, გზის პირას. აი, ასე დასრულდა ნაღვლიანი ამბავი მისი ცხოვრებისა.

მართალია, ანამ ძლიერ ინანა თავისი უმსგავსო საქციელი, მაგრამ მალევე შეუვარდა გული იქაური ექიმის მაცდურ და მომხიბლავ ქალიშვილზე. ფიქრობდა, სწორედ ის იქნება ჩემი ცხოვრების სიყვარულიო. მკურნალის შვილს გონგადასული ტრფობის ალში გაეხვია ანა და ხშირად უკლავდა გულს. ოც წელს გასტანა ამ უპასუხო სიყვარულმა. ფიქრობდა, განგებამ გადამიხადა სამაგიერო, მიჯნურმა ისე გამიგმირა გული, როგორც მე გავუგმირე ელიზასო.

სხარტი, გონებამახვილი ლისტერი თავაუღებლად კითხულობდა წიგნებს, განაგრძობდა განათლების მიღებას. განსაკუთრებული ინტერესი გაუჩნდა კლასიკური ლიტერატურისადმი. ჩვენამდე მოღწეულ ერთ წერილში, 1803 წლის სამი თებერვლით რომ თარიღდება, გოგონამ დეიდას აუხსნა, რომ ქვეყნად ყველაზე დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა თავის ბიბლიოთეკაში შებიჯება და ძლიერ მოსწონდა საბერძნეთის ისტორია. როცა სწავლას მორჩებოდა, პენინის მთებში სეირნობით ტკბებოდა და ჩაის სვამდა ხოლმე ჯიბესქელ მეგობრებთან ერთად. ჩაის სმის ეს საღამოები იდეალური საფარველი გამოდგა მისთვის. ჟინმორეული აკვირდებოდა გოგონათა ნორჩ სხეულს. დაუოკებელი სქესობრივი ლტოლვა იღვიძებდა მასში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ არასოდეს სძულდა საკუთარი თავი ამის გამო. არც კი ცდილობდა შეცვლას, ამ მიზიდულობის ალაგმვას, მისწრაფების ჩახშობასმრავალი ქალიშვილი ხვდებოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ არაფერს იმჩნევდა. ლისტერი თავაშვებული იყო, მტაცებელივით ნადირობდა ყმაწვილქალებზე, იოლად იცვლიდა პარტნიორებს და სიყვარულს არ აძლევდა გულში შემოჭრის ნებას.

მისი ამგვარი დამოკიდებულება შეიცვალა, როცა მარიანა ბელკომბი გამოჩნდა მის ცხოვრებაში. თავბრუ დაახვია გრძნობამ. თავდაყირა დადგა ყველაფერი. ხშირად სეირნობდნენ ცხენით, მრავალ მილს ფარავდნენ, სხდებოდნენ ეტლში და მგზავრობდნენ იორკიდან ჰალიფაქსამდეყოველდღე ლამობდნენ შეხვედრას. როცა ერთად არ იყვნენ, წერილებს სწერდნენ ერთმანეთს. ბეჭდებიც კი გაცვალეს და ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ეს სამკაულები მიიჩნიეს თავდადების, ერთობის, მიჯნურობის, ერთგულებისა და სასიყვარულო ვალდებულებების სიმბოლოდ. ცხადია, იდუმალ მოხდა ყოველივე ეს.

ანა არ ემორჩილებოდა საზოგადოებრივ ნორმებს. არ ადარდებდა, რას ელოდა ხალხი მისგან. სურდა ყოველივე ის, რაც კაცებს ჰქონდათ. ცოლის შერთვაც მოიწადინა. გულის სიღრმეში, ჰქონდა იმედი, რომ ის და მარიანა ერთ ჭერქვეშ იცხოვრებდნენ და ოჯახური ყოფით დატკბებოდნენ. სულაც არ ადარდებდა, რა სკანდალი მოჰყვებოდა მათი კავშირის გამჟღავნებას. 1815 წელს მარიანამ ერთბაშად დაამსხვრია მისი ოცნების კოშკებიგამოუცხადა, ერთ მდიდარ ქვრივ კაცს უნდა გავყვე ცოლადო.

გულგაბზარული, განადგურებული ანა იორკის ეკლესიის ხის გრძელ სკამზე დაჯდა და უცქირა, როგორ დაიწერა ჯვარი მამაკაცზე საყვარელმა ქალმა. გაცოფებულმა, დღიურის ფურცლებზე ამოანთხია დაგროვილი ბოღმა და ღვარძლი; აღნიშნა, რომ მისი ყოფილი საყვარელი კანონიერ პროსტიტუციაში ჩაება, ანუ გათხოვდა. „მარიანას სწამდა საკუთარი თავისა (იქნებ, ერთი შეხედვით ჩანდა, რომ სწამდა?) და სიყვარულისა. მიუხედავად ამისა, საკუთარი არსება მიჰყიდა სხვა ადამიანს!“ – დაწერა გაცეცხლებულმა. გადაწყვიტა, შური ეძია მოღალატეზემის უფროს დასთან, ანასთან, გააბა სასიყვარულო კავშირი. სამაგიეროს გადახდის მიუხედავად, კვლავ დღიურს უმხელდა გულისნადებს; წერდა, რომ ვერ ივიწყებდა მარიანასაგან მიყენებულ ჭრილობას.

გავიდა მრავალი წელი. კვლავ გადაიკვეთა ამ ორი ქალის გზები. ერთ დღეს, მარიანას ძლიერ ასტკივდა კბილი და საწოლში ჩაწვა, მერე კი ანა ლისტერი ყველასგან მალულად შეიყვანა თავის საძინებელში. „თავად შემომთავაზა კოცნა. ვიფიქრე, ეს დიდ საფრთხეს გვიქადისმეთქი. უარს ვეტყოდი, მაგრამ დაიჟინა, მეამბორეო!“ – იხსენებს ქალი დღიურში. კვლავ გაჩაღდა მგზნებარე რომანი მათ შორის, აგიზგიზდა მინავლებული ცეცხლი და იფეთქა ვნებამ. ფარულად ხვდებოდნენ და მძაფრი ემოციებით დახუნძლულ წერილებს უგზავნიდნენ ერთურთს. შერიგების შემდეგ მარიანა შეევედრა, ეერთგულა მისთვის. „მას შემდეგ, რაც თავი მივეცით ვნებას და სიყვარულით დავტკბით, მთხოვა, შემომფიცე, რომ ჩემი ერთგული იქნები და ჩემს მეუღლედ მიიჩნევ თავსო. ამიერიდან, უნდა ვიფიქრო, ჩემი ცოლიამეთქი. ისე მოვექცე, როგორც ცხოვრების თანამგზავრს!“ – აი, ეს გაანდო ანამ თავის დღიურს სატრფოსთან ერთად გატარებული ცეცხლოვანი ღამის შემდეგ.

1823 წლის აგვისტოში მარიანა დილიჟანსით გაემგზავრა ჩეშირიდან შიბდენში (ცხადია, საყვარელი ქალის მოსანახულებლად). ლისტერს აღმაფრენა დაეუფლა, რომანტიკული გრძნობით განიმსჭვალა და მიჯნურის გაოცება განიზრახა. ხელი დაავლო წყლით სავსე ბოთლს, ბისკვიტებს და მის შესაგებებლად გაექანა. უნდოდა, გზად შეხვედროდა. ათი მილი დაფარა ფეხდაფეხ, არ შეეპუა თავსხმა წვიმას, გადაიარა ბორცვები, ჭაობები, გავერანებული ადგილები და ჭანჭრობები. რამდენიმე საათის შემდეგ მიაღწია „Blackstone Edge“-ის უდაბურ მიდამოებს. როგორც იქნა, თვალი ჰკიდა გულისსწორის იმ ეტლს, ჭრიალით რომ მიღოღავდა ფერდობზე. ერთიანად გალუმპული და თმაგაჩეჩილი, შეხტა დილიჟანსში, გადაალაჯა ყუთებს და თავს დაადგა მძინარე მარიანას. ამ უკანასკნელს მაშინვე გაეღვიძა; აღაშფოთა მისმა უცნაურმა და იმპულსურმა ქმედებამ, რადგან იქ ისხდნენ მისი და, კიდევ ერთი უცნობი მგზავრი და მისი მოახლე. შეეშინდა, რომ ეს ამბავი მითქმამოთქმას გამოიწვევდა და სალაპარაკოს მისცემდა ავყია, ჭორიკანა ხალხს. ისე განრისხდა, სამუდამოდ შეიცვალა მათი ურთიერთობა. რამდენიმე კვირის შემდეგ, საწოლში რომ იწვნენ, მარიანამ უთხრა, სირცხვილით ვიწვი, როცა შენთან ერთად ვსეირნობ და ხალხი შემოგვყურებს, რადგან ძალიან მამაკაცური იერი გაქვსო. ლისტერს სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა, მაგრამ როგორც თავად იხსენებს, შეყვარებულს არაფერი უღონია მის სანუგეშებლად და დასამშვიდებლად. სასოწარკვეთილმა, კვლავ დღიურის ფურცლებს გაუმხილა დარდი: „ოჰ, ქალებო! ქალებო! მუდამ ატყვევებენ ჩემს გულს ქალიშვილები! რად უნდა შევიცვალო?!“

1836 წელს აღესრულა მისი დეიდა. მემკვიდრეობით მიიღოშიბდენჰოლიდა გვარიანი შემოსავალი გაუჩნდა. ჰყავდა მრავალრიცხოვანი მოიჯარენი და მდგმურნი. ამ ქონებამ, მატერიალურმა კეთილდღეობამ და სიმდიდრემ მისცა საშუალება, ეცხოვრა ისე, როგორც სურდა. როგორც იქნა, იგემა თავისუფლება და გაშალა ფრთები. მოიჯარენი დიდძალ ფულს უხდიდნენ, მაგრამ, გარდა ამისა, შემოსავლის უამრავი წყარო გაუჩნდა. ქალაქად და სოფლად შეიძინა რამდენიმე დიდი ნაკვეთი; ჰქონდა მრავალი საკუთრება, იღებდა მსუყე წილს სარკინიგზო და სამთო მრეწველობის, ქვის სამტეხლოების, კარიერების, სხვადასხვა საწარმოების წყალობით. ფინანსურად უზრუნველყოფილი ახალგაზრდა თითქმის მთელ შემოსავალს ხარჯავდა მოგზაურობაში, რადგან ეს მისი უდიდესი, გაუნელებელი, დაუცხრომელი გატაცება იყო.

გარშემომყოფნი ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მამაკაცური გარეგნობით გამოირჩეოდა. მარიანა ყურებამდე წითლდებოდა, როცა ხალხი ლისტერის გვერდით მიმავალს ხედავდა; იცოდა, ყველანი ჭორავდნენ და ეჭვის თვალით უყურებდნენ. ანა თავიდან ფეხებამდე შავი ტანსაცმლით შემოსილი დადიოდა, ხელს მიჰყოფდა ისეთ საქმეს, ქალისათვის შეუფერებლად რომ მიიჩნეოდა იმხანად. ერთერთი ამგვარი საქმე იყო ქვანახშირის მაღაროს გახსნა (მისი მფლობელი გახდა კიდეც). „მასკულინურითვისებებისა და იერის გამო შეარქვესჯენტლმენი ჯეკი“. სწორედ ამ მეტსახელით მოიხსენიებდნენ ზურგსუკან. როცა მარიანამ ქმრის გვარი (ლოუტონი) მიიღო, არ გაწყვიტა კავშირი ანასთან. მისი მეუღლე, ბოლოს და ბოლოს, შეეგუა მათს მიჯნურობას.

გამოხდა ხანი და მოგზაურობის მოყვარულმა ქალმა საფრანგეთს მიაშურა. ელისეს მინდვრებზე სეირნობას მოჰყვა, როცა არემარეს ავსებდა მუსიკის საამო ჰანგები. ტკბებოდა ცხენისწაბლას ხეების ძირას შექუჩებული, მხიარულად მოზუზუნე ბრბოს ცქერით. ისე გრძნობდა თავს იმ ქალაქში, როგორც საკუთარ სახლში. იმისათვის გაიქცა უცხო ქვეყანაში, რათა გაჰქცეოდა იორქშირის სულშემხუთველ გარემოსა და მარიანას სიყვარულის იმ აჩრდილს, წარსულიდან რომ გამოედევნა. იქ დასვენებამ მოაღონიერა, კვლავ მხნეობით აღავსო და სითამამე შეჰმატა. იხელთა დრო და მრავალი ქალი გაიცნო. არაერთ სტუმარს უმასპინძლა ვენდომის მოედნის 24 ნომერში. როცა ერთი ფრანგი ბანოვანი გულუბრყვილოდ ეამბორა ორივე ღაწვზე (გამომშვიდობების ნიშნად), ანა მაშინვე შლეგივით დაეძგერა მის ტუჩებს. „აი, ასე სჩვევიათ იორქშირში!“ – ამაყად შესძახა, რათა გონს მოეყვანა სახტად დარჩენილი. საოცრად გალაღდა პარიზში. ფრანგული ენისა და კულტურის შესწავლა განიზრახა. შეხვდა ერთ ძალზე დახვეწილ, მდიდარ, ქვრივ ქალს, მარია ბარლოუს. ლისტერს გულში ჩაუვარდა მშვენიერი ქმნილება. კოდის გამოყენებით დაწერილ დღიურში მეტისმეტად დეტალურადაა აღწერილი მათი სექსუალური კავშირები. „ვეამბორე მის ბარლოუს, თავი დავადებინე ჩემს მუხლზე და მაგრად დავაჭირე ხელი. არ გავუშვი მანამ, სანამ საბოლოოდ არ შემიპყრო ვნებამსუნთქვა შემეკრამერე რამდენჯერე ვცადე, სათუთად დამედო ხელი მის ქვედატანზე, მაგრამ გამიძალიანდა…“ – იხსენებს ავტორი. ორივე ნეტარებდა ამ ცეცხლოვანი და მგზნებარე კავშირით.

გამოხდა ხანი და ლისტერს თავი მოაბეზრა მარიას გუნებაგანწყობის გამუდმებულმა ცვალებადობამ, უხასიათობამ, ახირებებმა, დაღვრემილობამ, უხალისობამმასთან განშორება გადაწყვიტა. ასეც მოიქცა და პარიზში დატოვა გულმოკლული, გულამოსკვნით ატირებული სატრფო. ისე წავიდა მისგან, ერთხელაც კი არ მოუხედავს უკან. კვლავ იორქშირში დაბრუნდა.

უცხო ცის ქვეშ გატარებულმა რვა თვემ კიდევ უფრო გაუცხოველა მოგზაურობის სურვილი. სრულიად მარტომ დალაშქრა მონტეპერდიდოს მწვერვალი. როცა ხედით ტკბებოდა, უსაზღვრო მარტოობის მხარე უწოდა იქაურობას. „თვალწარმტაცი ხედი გადაიშალა. განსაკუთრებით მომაჯადოებელი იყო ის მხარე, სადაც ესპანეთის საზღვარი იწყებოდა. სრული უძრაობა გამეფებულიყო. ამ გარინდებამ ისეთი შეგრძნებით ამავსო, მანამდე ერთხელაც კი რომ არ დამუფლებია!“ – წერს ქალი.

უამრავ ქვეყანაში იმოგზაურა ეტლით. როცა საყვარელი ძია ჯეიმსი გარდაეცვალა, მემკვიდრეობით მიიღო წინაპართაგან დატოვებული, სიძველისაგან ფერმიმქრალი სახლი, მაგრამ მაინც არ დამკვიდრდა იქ, რადგან ძლიერ იტაცებდა წინ და უკან ხეტიალი, ახალახალი ადგილების დათვალიერება და უცხო მხარეთა აღმოჩენა. არც კი ადარდებდა ჰალიფაქსი. დღიურებში ასახულია მისი ქედმაღლური, სნობური დამოკიდებულება იქაური ხალხისადმი. ღრმად სწამდა, რომ მისი ადგილი არ იყო იმმდაბიოთაშორის და ბედი უკეთესს უმზადებდა. შიბდენიდან მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი მის მოგზაურობას ხმარდებოდა. დაეხეტებოდა ევროპის ქალაქებში; თან ახლდნენ მეგობარი ქალები (მათ შორის, მარიანა, რომელთანაც ხანდახან ჰქონდა ინტიმური კავშირი). არ დასჯერდა ქალაქქალაქ და სოფელსოფელ წოწიალს, რადგან თვალი ეჭირა თვალუწვდენელ სიშორეში ჩაკარგულ ადგილებზე. წავიდა პირენეებში და გრძელ, შავ კაბაში გამოწყობილი, მარტოდმარტო ავიდა ყინულით დაფარულ მწვერვალებზე. მწერალმა მართა აითურალდემ შეასრულა ესკიზი, რომელზეც გამოსახულია მთის ფერდობზე მცოცავი ლისტერი.

ერთ დღეს, ვიღაც კონტრაბანდისტი აირჩია წინამძღოლად, საიმედოდ დაიმაგრა წრიაპები, აიღო რკინის ჯოხი, ხელი დაავლო რუკას და დალაშქრა ყინულით დაფარული, ციცაბო „Brèche de Roland“.

ბავშვობიდანვე ოცნებობდა, საკუთარი თვალით ეხილა ის ადგილები, რომელთა შესახებაც წიგნებში წაეკითხა. მოგზუარობის წყალობით იხდენდა ამ ნატვრას.

კიდევ ერთხელ გაემგზავრა საფრანგეთში; შეერია ბრბოს, რომელიც უცქერდა, როგორ გადასცეს შარლ მეათეს პარიზის კარიბჭის გასაღები. ლისტერს ახლდა ბუკინგემშირის მეხუთე გრაფის და, ვერე ჰობარტი. ნუსხავდა მოდურ სამოსში გამოწკეპილი, მოხდენილი, ახალგაზრდა მეგობარი. არც მამაკაცები არ უდებდნენ ტოლს ამ ტრფიალებაში. ერთ საღამოს, ორი ათასზე მეტმა წარჩინებულმა სტუმარმა მოიყარა თავი ბრიტანეთის საელჩოში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში მდებარეობდა. ინგლისელი მოგზაური ქალი საშინლად ეჭვიანობდა, რადგან უყურებდა, როგორ ეცეკვებოდა ვერე მეფე ლუიფილიპის ვაჟს. მიუხედავად ყველაფრისა, ლისტერსა და ვერეს დიდი სიახლოვე აკავშირებდათ. როცა ამ უკანასკნელმა მეგობრებს შესთავაზა ინგლისის ერთ ზღვისპირა ქალაქში, ჰასტინგსში, გამგზავრება, ყველა სიხარულით დასთანხმდა. ხუთი თვე დაჰყვეს იმ კურორტზე. ინგლისელი მემამულე ცრუ იმედით სულდგმულობდა და თავს არწმუნებდა, ვიპოვე ქალი, ყველა ოცნებას რომ ამისრულებსო. ვერე გამოირჩეოდა შესანიშნავი გარეგნობით, ჩინებული აღზრდითა და დიდძალი სიმდიდრით. სწორედ ამას მიელტვოდა ლისტერი. იმედი ჩაესახა გულში, რომ რაღაც გამოუვიდოდა, თუმცაღა, კიდევ ერთხელ იგემა მრავალჯერ ნაგემები ტკივილივერე არმიის ოფიცერს მისთხოვდა. გულმოკლული და განადგურებული ანა მრავალი კვირის განმავლობაში ღვრიდა ცრემლს. „იკაროსი ვიყავითუმცაღა, ასე საბედისწეროდაც არ უნდა ჩამოვვარდნილიყავი, რადგან ჯერ კიდევ შემიძლია ცხოვრების გაგრძელება და ბედნიერების მოპოვება. ორმოცდაერთი წლისა ვარ და ჩემი გული გამალებით დაეძებს რაღაცას. რითი დასრულდება ყოველივე ეს?“ – ჩაწერა განუყრელ დღიურში.

ვერესაგან უარყოფილმა, „მიმართულება მისცადაგროვილ წყენასა და მრისხანებას; ის ენერგია, რომლითაც ბრაზმა აავსო, მთლიანად შეალია საგვარეულო ადგილმამულის გადაკეთებას. „შიბდენჰოლიშუასაუკუნეობრივი ნაგებობა იყო, ბორცვს უკან მიმალული, შავად და თეთრად შეღებილი ფასადით შემკული. სახლის სიღრმეში იმალებოდა ბნელი ოთახების მთელი ქსელი. ანა ყოველთვის ფიქრობდა, რომშიბდენიწარმოუდგენლად უბადრუკი და ცივი იყო. რაკი მშვენიერი კურორტები იხილა, მთელი გულით მოიწადინა უფრო დიდი სახლი და დეკორატიული ბაღები.

გარდა ამისა, ძირფესვიანად შეცვალა ქონებისა და ფინანსების განკარგვის წესი. ჰალიფაქსის ინდუსტრიული ბუმის შემდეგ დიდად გაიზარდა მოთხოვნა ქვანახშირზე. დრო იხელთა და გააფართოვა ქვანახშირის მაღაროები. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თავად ჩართულიყო ამ საქმეში და სხვებისთვის არ მიენდო ამ ბიზნესის ბედი. სწორედ ეს გამოარჩევდა ლისტერს სხვა მდიდართაგან. ტოლს არ უდებდა იმ საქმოსან კაცებს, ადგილობრივ ინდუსტრიას რომ ხელმძღვანელობდნენ. ისინი მალე მიხვდნენ, რომ ეს ქალბატონი ძალზე გამჭრიახი, კეთილგონიერი, მიხვედრილი, ყაირათიანი, ანგარიშიანი იყო და ჰქონდა ყველა ის თვისება, წარმატებულ ბიზნესმენს რომ სჭირდებოდა. მის დღიურში აღწერილია ერთი შემთხვევა: ქვანახშირით მოვაჭრეს შეევაჭრა, არ დაუთმო და ფასი დააკლებინა. კაცმა დაიჩივლა, არასოდეს დავუმარცხებივარ არც ერთ ლედის, თქვენ კი ფარხმალი დამაყრევინეთო.

მრავალი ზადისა და ნაკლის მიუხედავად, მთელი გულით უყვარდაშიბდენჰოლი“. ხშირად იმეორებდა, რომ არასოდეს არსად ყოფილა ისეთი ბედნიერი, როგორიც იქ. ხუთი თითივით იცნობდა იმ საცხოვრებლის ყველა კუთხეკუნჭულს.

ლისტერის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ენ უოლკერმა. მართალია, ეს ორი ქალი არაერთხელ შეხვდა ერთმანეთს მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში, თუმცა, 1832 წელს დაუახლოვდნენ ერთმანეთს. უოლკერმა დიდძალი მემკვიდრეობა მიიღო მშობლებისაგან იმხანად.

თვით ენი 1803 წლის 20 მაისს მოევლინა ქვეყნიერებას უესტიორქშირის სოფელ ლაითქლიფში. მისი მშობლები იყვნენ მერი ედუარდსი და ჯონ უოლკერი. გოგონა 1803 წლის პირველ ივლისს მონათლეს სოფელში აღმართულ წმინდა მათეს სახელობის ტაძარში. მისი ბავშვობის ადრეული წლები მშობლების, უფროსი დებისა და უმცროსი ძმების გარემოცვაში გაილია. ოჯახი, თავდაპირველად, ქლიფჰილში ცხოვრობდა, შემდგომში კი ქროუნესთში დასახლდა (ენი ექვსიოდე წლისა იყო მაშინ). სიკვდილმა ერთმანეთის მიყოლებით ჩააწვინა საფლავში მისი საყვარელი ადამიანები. ხელიდან გამოეცალა და, სახელად მერი (1815 წლის პირველ თებერვალს აღესრულა). როცა ენი ოცი წლისა იყო, მამასაც გამოეთხოვა. დარდით გულმოკლულმა მისმა დედამ ვეღარ გაუძლო ასეთ ტკივილსა და დაუსრულებელ გლოვასქმრის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დალია სული. 1828 წლის ნოემბრის დამდეგს, ენის უფროსი და, ელიზაბეთი, ცოლად გაჰყვა კაპიტან ჯორჯ მაქკეი საზერლენდს და შოტლანდიაში, ეირშირის საგრაფოში გადავიდა საცხოვრებლად. ენის ძმამ, ჯონმა, მემკვიდრეობით მიიღო ადგილმამული, ქროუნესთი. 1830 წელს, ეს ყმაწვილი თაფლობისთვის გასატარებლად გაემგზავრა იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში. სრულიად მოულოდნელად გამოეთხოვა წუთისოფელს. ამ ტრაგედიის შემდეგ, ენი და მისი და, ელიზაბეთი, საგვარეულო ადგილმამულის მემკვიდრენი გახდნენ. ქროუნესთი ბედის საჩუქარს ჰგავდა, რადგან დიდძალი შემოსავალი მოჰქონდა. ენი იქ ცხოვრობდა 1831 წლამდე, მერე კი ლიდგეითში მდებარე პატარა სახლში გადასვლა ამჯობინა. სწორედ იმხანად დაუწყო არშიყობა ლისტერმა. ეს თამამი, გაბედული ქალი ყოველ ღონეს ხმარობდა მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

უოლკერი ანგლიკანი გახლდათ. აღმსარებლობა მეტად მნიშვნელოვანი იყო მისთვის. ფილანთროპიითაც გაითქვა სახელი. ძალას არ იშურებდა უპოვართა და ხელმოკლეთა დასახმარებლად. ხშირად დადიოდა ლაითქლიფში, წმინდა მათეს სახელობის ტაძარში, ეთაყვანებოდა უფალს, სულმოუთქმელად კითხულობდა ლოცვებს და კვირადღეობით, საღმრთო წერილსაც უკითხავდა თავის ერთგულ შინამოსამსახურეთ. ძლიერ უყვარდა ბავშვები და სწორედ ამ მიზეზით დააფუძნა თავისი სახელობის საკვირაო სკოლა. საოცარ მზრუნველობასა და ყურადღებას იჩენდა მოჯამაგირეების, მდგმურებისა და მოიჯარეებისადმი. მისი ამგვარი დამოკიდებულება ნათლად აისახა იმ წერილებში, უცხოეთში მოგზაურობისას რომ უგზავნიდა მათ. მოიპოვება 1839-40 წლებში შედგენილი ბარათებიც კი. ამ ტექსტებში ნახავთ დაწვრილებით სიასაც კიგულდასმით ჩამოთვლიდა, რომელ მსახურს, ბინადარსა და მოიჯარეს რომელი საჩუქარი უნდა მიეღო შობადღეს (მისი არყოფნისას).

ეს ქველმოქმედი ქალი მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა მენტალურ პრობლემებს. საყვარელი ადამიანების გარდაცვალებამ ისე შეურყია ფსიქიკა, ხშირად იპყრობდა შფოთვა, დეპრესია, სრული უიმედობა, უსასოობამის დღიურებში აშკარად ჩანს, რომ რწმენაც იყო ამ შფოთვის ერთერთი მიზეზი. უჭირდა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის მიღება, აღიარება. ამ მიზეზით დაეძაბა ურთიერთობა (რამდენჯერმე) ანა ლისტერთან. ხვდებოდა, ყოვლად შეუძლებელი იყო რელიგიისა და ლესბოსელური კავშირისშეხამება“. ამის გააზრება კიდევ უფრო ამწვავებდა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. 1832 წლის პირველ ნოემბერს დიდი დილემის წინაშე დადგა: ან უნდა აერჩია ლისტერის სიყვარული და აკრძალული კავშირი, ან კაცს გაჰყოლოდა ცოლად და ტრადიციულ ქორწინებას დასჯერებოდა. ძალზე რთული აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღება.

მის დივანზე ვისხედით. ორივენი ვდუმდით. წამითაც კი არ დაგვირღვევია სიჩუმე. ცრემლი ღვარად ჩამოგვდიოდა ღაწვებზე. სრულ გაურკვევლობაში იყო. ვერა და ვერ მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება. ეშინოდა, რომ ისე ბედნიერი არ იქნებოდა იმ კაცის გვერდით, როგორც თავიდან ეგონა. იმ დღემდე ერთხელაც კი ვერ მიხვდა, რა ძლიერ ვუყვარდი, როგორ იყო მიჯაჭვული ჩემზებოლო არ უჩანდა მის ტანჯვაწამებას, რადგან არ იცოდა, რა ექნა. ისღა მითხრა, ძალზე ლაზათიანად და შნოიანად მოიქეციოდასძინა, შენს შინაგან სამყაროში არის რაღაც, რაც უფრო მხიბლავს, ვიდრე ის კაციო. ზიზღსა და სიძულვილს გრძნობდა იმის გაფიქრებისას, რომ კავშირის გაბმა მოუწევდა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან“,_იხსენებს ანა.

ბოლოს და ბოლოს, უოლკერმა გადაწყვიტა საკუთარი ბედის ლისტერთან დაკავშირება. 1834 წლის 30 მარტს (აღდგომის დღესასწაულზე) ეზიარნენ დაშეუღლდნენიორკში, წმინდა სამების ეკლესიაში. იმ დღის შემდეგ ქორწინების წმინდა კავშირით შეუღლებულებად მიიჩნევდნენ თავს, თუმცაღა, ცხადზე უცხადესია, მათ ერთობას არავითარი იურიდიული აღიარება და კანონიერი სტატუსი არ ჰქონდა.

თუკი ორი მდიდარი, ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი გადაწყვეტდა ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას, კანონი არ ცნობდა მათ შეუღლებას. „ბოსტონური ქორწინებითშეკავშირებულებს ეძახდნენ ასეთ ადამიანებს. ეს ტერმინი გაჩნდა ჰენრი ჯეიმსის იმ ნაწარმოების წყალობით, რომელსაც ასეთი სათაური ამშვენებს: „ბოსტონელები“. წიგნში აღწერილია ორი მარტოხელა ქალის ხანგრძლივი თანაცხოვრება და განსაკუთრებული ურთიერთობა. „ახალი ქალები“ – აი, ასე უწოდებს მწერალი მათ. მის დას, სახელად ელისს, სწორედ ასეთიუცნაურიკავშირი ჰქონდა ვინმე კეტრინ ლოურინგთან. სწორედ მათი თანაცხოვრება იქცა მწერლის შთაგონების წყაროდ.

იორკის წმინდა სამების ეკლესიას (დღეს) უწოდებენ ადგილს, სადაც ბრიტანეთის ისტორიაში პირველად შედგა ლესბოსელური ქორწინება. შენობის კედელს ახლა ამშვენებს მემორიალური ლურჯი დაფა.

მოგზაური ქალი დღიურში აღწერს იმ ცერემონიას, ქორწინებად რომ მიიჩნიეს; იხსენებს, როგორ მოიყარეს მუხლი გვერდიგვერდ, სოფლის პატარა ეკლესიის შუასაუკუნეობრივ თაღებს ქვეშ, თავი დახარეს და გულმხურვალედ ილოცეს; სანთელთა ალი კრთოდა; საკურთხეველს მიუახლოვდნენ და ეზიარნენ; მიიღეს ქრისტეს სისხლი და ხორცი. მღვდლის აზრით, ეს ჩვეულებრივი რიტუალი იყო, ანამ და ენმა კი იფიქრეს, რომ ბეჭედი დაასვეს თავიანთ კავშირს. ენმა ბეჭედი აჩუქა სიყვარულის ნიშნად. ანამაც უსახსოვრა შავი ქვით დამშვენებული ონიქსის ბეჭედი გულისსწორს. ეს სამკაულიც კი მისი ხელწერით იყო დაღდაჩნეული.

ლისტერი ფიქრობდა, რომ სწორედ უოლკერმა გაუქარვა დარდი და სამუდამოდ დაავიწყა ვერე და მარიანა. მათ მამაკაცებზე დაქორწინება გადაწყვიტეს და ხარკი გადაუხადეს იმ პატრიარქალურ საზოგადოებას, სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმას რომ ელოდა მათგან. ანა მუდამ ბუნტარული სულისკვეთებით იყო სავსე, ქედს არ იდრეკდა, არად აგდებდა იმ ეპოქაში გაბატონებულ ქალთმოძულეობას, უგულებელყოფდა მაშინდელი ინგლისის შემბოჭავ წესკანონებსა და მიზოგინიას. ზაფხულობითაც კი სქელი, შავი ტანსაცმელი და ჩექმები ეცვა. შავ სამოსში გამოწყობილი, თავდაჯერებით მიაბიჯებდა რიყის ქვებით მოკირწყლულ ქუჩებში. ჰალიფაქსის ბინადარნი შეჩვეულნი იყვნენ ამ სანახაობას. როგორც კი თვალს მოჰკრავდნენ ახალგაზრდა ქალის მამაკაცურ სილუეტს, ატყდებოდა ხოლმე ჩურჩული და სტვენა. „კაცია!“ – შეჰყვირებდა ვიღაც. შეეჩვია კიდეც ამ დამცინავ, შეურაცხმყოფელ შეძახილებს. სადაც არ უნდა წასულიყო, გარშემომყოფთა ყურადღებას იპყრობდა მისი გრძელი კულულები, მასკულინური ჟესტები და მანერები. ეს ამპარტავანი, ქედმაღალი, თავდაჯერებული, ამაყი ქალი ნებისმიერს ეცემოდა თვალში მუშათა კლასის წარმომადგენლებით დასახლებულ იორკში. მამაკაცები ამასხარავებდნენ და სექსსაც კი სთავაზობდნენ შუა ქუჩაში. ზოგი მათგანი ანონიმურ, დამამცირებელ და აბუჩად ამგდებ წერილებსაც უგზავნიდა. ერთმა ჯამბაზმა დამცინავი განცხადება გამოაქვეყნა „Leeds Mercury“-ში. ტექსტის თანახმად, სასოწარკვეთილი ანა ლისტერი საქმროს ეძებდა.

ქონება, უოლკერმა რომ მიიღო მემკვიდრეობით, „შიბდენჰოლისკეთილმოწყობას მოხმარდა. მათ მამულში იყო ულამაზესი ჩანჩქერი და კამკამა ტბა. ლისტერმა თავის გემოზე დაამშვენა იქაურობა, ყველაფერი გააახლა და გაარემონტა. გოთიკური სტილის კოშკიც ააგებინა მუშებს. იქ მოაწყო თავისი ბიბლიოთეკა. შენობის ქვეშ გვირაბიც გაიყვანა, რათა მსახურებს მის შეუწუხებლად შესძლებოდათ მისვლამოსვლა. სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ანგლიკანად დარჩა. ერთხელაც კი არ შერყევია რწმენა. ელიტისტური მიდრეკილებები ჰქონდა. ტორი (ბრიტანეთის კონსერვატორთა პარტიის მხარდამჭერი) გახლდათ. დაინტერესებული იყო მსხვილ მემამულეთა და მიწათმფლობელ არისტოკრატთა პრივილეგიების დაცვით.

ორი ქალი უფრო და უფრო მეტ დროს ატარებდა წყნარ, მყუდრო ადგილას აღმართულ კოტეჯში, რომელსაც „Moss house”- ეძახდნენ. ანამ ააშენებინა ეს ნაგებობა, რათა ხშირად განმარტოებულიყო და მშვიდად ეკითხა. „იმ ქოხში ყოფნისას უფრო მძაფრად ვგრძნობდი, რომ გულში ჩამვარდნოდა ენი. ალბათ, ბოლოს და ბოლოს, ეს ქალი უფრო გამაბედნიერებს, ვიდრე ყველა ის ადამიანი, რომელმაც ოდესღაც სიყვარულის ალში გახვია ჩემი გული“.

ახალშეუღლებულნითაფლობისთვის გასატარებლად გაემგზავნენ საფრანგეთსა და შვეიცარიაში. სამ თვეზე მეტი გალიეს მოგზაურობაში. სხვები უფრო და უფრო გამალებით ჭორაობდნენ მათ შესახებ. არ იცოდნენ, რა სახელი ეწოდებინათ მათი ურთიერთობებისათვის, როგორ აღეწერათ მათი კავშირი; ენაში არ მოიპოვებოდა ისეთი სიტყვა, ორი ქალის სიყვარულს რომ გამოხატავდა.

„Leeds Mercury“-ში გამოქვეყნდა კიდევ ერთი დამამცირებელი განცხადება: „კაპიტანი ლისტერი, რომელიცშიბდენჰოლშიცხოვრობს, დაქორწინდა მის ენ უოლკერზე“. მათს საფოსტო ყუთში პოულობდნენ ანონიმურ წერილებს. ინკოგნიტონი ირონიულად ულოცავდნენ წყვილს გაბედნიერებასა და სასიხარულო კავშირის გაბმას.

ეს არ იყო ერთადერთი სირთულე, რომელსაც წააწყდნენ თანაცხოვრებისას. ანა და ენი ცა და მიწასავით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან; შეუძლებელი შეიქნა ტემპერამენტთა და ინტერესთა შეხამება. ანა გაბედული, თავდაჯერებული, მხნე, შეუპოვარი, მტკიცე, აგრესიული, შემტევი და დაუთმობელი იყო; ხელი ჰქონდა გაწაფული; ეხერხებოდა ბიზნესი, საქმის გაჩარხვა; ერეოდა ადგილობრივ პოლიტიკაში. უოლკერი ხშირად გრძნობდა თავს მარტოსულად და სევდის მოზღვავება სტანჯავდა. გარდა ამისა, უთანხმოება ჰქონდათ, დავობდნენ სახლის გარემონტებაზე. ენის ქონების დიდი ნაწილი მოხმარდა განახლების სამუშაოების დასრულებას. ამიტომაც, როგორც ლისტერი წერს, ისტერიკიანი გახდა. ანას მთელი გულით უყვარდა მოგზაურობა, უოლკერს კი სძულდა; მშვიდ ცხოვრებას ესწრაფვოდა და ეზიზღებოდა სახლიდან გასვლა. ხშირად წუწუნებდა, ავად ვარო, ანა კი ეჭვობდა, რომ თვალთმაქცობდა და იგონებდა ყველაფერს, რათა თავიდან აერიდებინა მგზავრობა. გამოხდა ხანი და ლისტერმა გადაწყვიტა პირენეებში დაბრუნება; უნდოდა, გამხდარიყო პირველი ადამიანი, რომელმაც ფეხი დადგა თვალუწვდენელ მწვერვალზე, ვინმალზე. ცხადია, მეუღლემ არ აუბა მხარი. მისმა უარმა ვერ ააღებინა ხელი განზრახვაზე. მაინც ეწია საწადელს. ძლიერ გაჯავრდა, როცა ერთმა რუსმა პრინცმა იცრუა და განაცხადა, რომ ამ ქალს დაასწრო იმ მწვერვალის დაპყრობა. იმ პრინცის სახელი უწოდეს ფრიალო ფერდობს, იქვე მდებარე უღელტეხილს კი დღესაც „Collado de Lady Lister“- უწოდებენ.

ზამთრობით ძლიერ უჭირდათ უზარმაზარი სახლის გათბობა. ერთდროულად ანთებდნენ ათზე მეტ ბუხარს, მაგრამ მაინც გაუსაძლისი სიცივე იდგა. ხშირად ცივდებოდნენ ქარბუქისა და ყინვის გამო. ქარი ძირფესვიანად გლეჯდა ხეებს, აზიანებდა შენობის ფასადსიმხანად, დები ბრონტეებიც ასეთ სირთულეებთან გამკლავებას ლამობდნენ. სწორედ მაშინ გაუჩნდა ემილი ბრონტესქარიშხლიანი უღელტეხილისდაწერის იდეა. სკოლაში მუშაობდა, როცა დირექტორმა, ელიზაბეთ პატჩეტმა (ეს ქალი პირადად იცნობდა ლისტერს), უთხრა, რა მოთქმამოთქმა იყო ატეხილი ხალხში ლისტერისა და უოლკერის ერთ ჭერქვეშ ცხოვრების გამო. მწერალი ენის მრავალ ნაცნობსა და ნათესავს შეხვდა. არაა გამორიცხული, თავად ის ქალებიც გაეცნო, რომელთა ურთიერთობაც სკანდალის მიზეზად იქცა. რამდენჯერმე წააწყდა გზაზე მარტოდმარტო მიმავალ ლისტერს; უოლკერთან ერთად იმგზავრა ეტლითკალმოსანი მალევე მიხვდა, რა აკავშირებდა მათაკრძალული სიყვარული, სწორედ ისეთი, როგორიც აღმოცენდა მისი პერსონაჟების, ჰითკლიფისა და ქეითის, გულში. ემილიმ ყველაფერი გაუმხილა თავის დას, შარლოტ ბრონტეს. ეს უკანასკნელი ხშირად დადიოდა „Clifton Asylum“-ში, სადაც ელიზა რეინს მკურნალობდნენ. როცა ანა მის მოსანახულებლად მივიდა იმ დაწესებულებაში, რომლის დირექტორიც იყო მისი ოდინდელი საყვარლის, ბელკომბის, მამა, დღიურში ჩაწერა: „ჩემი პირველი სიყვარული გამუდმებით იფურთხება. ისეთი ჭუჭყიანია, ისე ყაყანებს და ხმაურობსმისი კაბა იმ უსახელო პერანგს ჰგავდა, სულით ავადმყოფებს რომ აცმევენასე შებოჭილი რომ არ ყოფილიყო, დამარტყამდა“.

ლისტერისა და უოლკერის ურთიერთობა ემილისათვის გახდა შთაგონების წყარო, შარლოტმა კი ანას პირველი სიყვარული, ელიზა, აქცია თავისი რომანის, „ჯეინ ეარის“, ერთერთ მხატვრულ სახედ; დაგვიხატა სხვენში გამომწყვდეულ, მენტალური აშლილობით დატანჯულ, კრეოლ ქალად. შარლოტის რომანის, „შირლის“, მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი სწორედ ლისტერია: გმირს, მდიდარ, მემამულე, მიწათმფლობელ ქალს, ოდნავ ინტერესსაც კი ვერ უღვიძებენ ის მამაკაცები, ერთმანეთის მიყოლებით რომ სთხოვენ ხელს; ბიზნესშია ჩართული და კაცის ფსევდონიმს იყენებს.

ლისტერმა რუსეთისა და მთელი აღმოსავლეთის შემოვლა გადაწყვიტა; ბუნებრივია, ამას მოჰყვა უოლკერის გაღიზიანება და წუწუნი. ანამ მაინც გაიტანა თავისი და შეძლო მეუღლის დაყოლიება. მუდამ ოცნებობდა რუსეთში მოგზაურობაზე. ერთად დაათვალიერეს სანქტპეტერბურგი, შემდეგ კი მოსკოვისაკენ გასწიეს. ლისტერმა ხოტბა შეასხა მათ სილამაზეს; დღიურში აღნიშნა, რომ მანამდე ერთხელაც კი არ ენახა ასეთი თვალწარმტაცი ქალაქები. საშინლად სუსხიანი ზამთარი დადგა; გაუსაძლისი ყინვები დაიჭირა; სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. უოლკერი ევედრებოდა, შინ დავბრუნდეთო, მაგრამ ანამ უარი მოახსენა; შეძლო მისი დარწმუნება, რომ უნდა დარჩენილიყვნენ იქ. რამდენიმე დღის შემდეგ ახალი ეტლი იყიდა, კაცის მაღალყელიანი ჩექმები და ქურქები შეიძინა. გადალახეს ყინულით დაფარული მდინარე ვოლგა და ჩააღწიეს კავკასიაში. რაკი იქ ხშირად ჩაღდებოდა ბრძოლა, სამხედრო ესკორტი იცავა ამ წყვილს. ლისტერი წერს: „ისე გვაკვირდებოდნენ მთის მკვიდრნი, როგორც იმ ეგზოტიკურ ცხოველებს, თავის დღეში რომ არ ენახათ“. დარიალის ხეობის გავლით შემოვიდნენ საქართველოში და თბილისს მიადგნენ. კავკასიის მთავარმართებელმა, ევგენი გოლოვინმა და მისმა მეუღლემ ითავეს მათი მასპინძლობა, რადგან მოსკოველი მეგობრებისაგან გამოგზავნილი რეკომენდაცია მიიღეს. სტუმრები წარუდგინეს მაშინდელ არისტოკრატებს. ორივემ გაიცნო პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე, მისი ქალიშვილები (ეკატერინე და ნინო) და იმ ეპოქის ინტელიგენციის სხვა წარმომადგენელნი. ჭავჭავაძეების ოჯახმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მათზე. ერთად დაათვალიერეს მრავალი სალოცავი და ხუროთმოძღვრული ძეგლი; შემოიარეს ანანური, სვეტიცხოველი, გელათის მონასტერი. ლისტერი გულდასმით აღწერდა ნანახ ადგილებს და კალმით შესრულებული ჩანახატებით ამშვენებდა აღწერილობას. ქუთაისს ეწვივნენ და გაიცნეს წარმოშობით შოტლანდიელი მებაღე, იაკობ მარი. სამეგრელოს მთავარმა, დავით დადიანმა, საგანგებო საშვი მიანიჭა მათ, რათა შეუფერხებლად ემგზავრათ. ეკატერინე ჭავჭავაძემ დადიანების სასახლეში მიიწვია წყვილი. ლისტერი ესტუმრა ეკატერინეს, მერე კი ენთან ერთად შემოიარა ონი და ამბროლაური. ორივენი ცხენზე იყვნენ ამხედრებულნი მოგზუარობისას. საქართველოშიც იჩინა თავი ანას სნობიზმმა. ორ კატეგორიად ჰყოფდა ადამიანებს: დიდგვაროვნებად და მდაბიოებად. არც ერთ ქართველ ქალთან არ გაუბამს სასიყვარულო კავშირი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალმა ბანოვანმა მოსტაცა თვალი. ხშირად ჩიოდა, რომ ქართველები არ სცემდნენ პატივს მის პირად სივრცეს და განმარტოებასაც კი ვერ ახერხებდა. დადიანების სასახლეში ყოფნისას გაახსენდა ოდინდელი ფუფუნება, უზრუნველი ცხოვრება. მოინუსხა ლამაზი შენობით. ეკატერინე ჭავჭავაძე უქეიფოდ შეიქნა და ვეღარ მოიცალა სტუმრებისათვის. ლისტერი და უოლკერი წავიდნენ სასახლიდან და მესტიისაკენ აიღეს გეზი. აღფრთოვანდნენ უღრანი ტყეებისა და აზალიებით მოფენილი მთების დანახვისას. მომაჯადოებელი სანახაობა გადაიშალა მათ თვალწინ. ნეტარებდნენ, რადგან იხილეს ის, რაც მრავალ დასავლელს არ ეხილა საკუთარი თვალით. „მაღალი ბორცვების უსასრულო წყება მოჩანდა ჩრდილოეთითტყით დაფარული გორაკები ცად აზიდულიყვნენკონუსის ფორმა ჰქონდათ პატარა მწვერვალებს…“ – აღნიშნა ლისტერმა და ისიც ჩაინიშნა დღიურში, რომ საღამოს რვა საათსა და ოცდახუთ წუთზე დალიეს ჩაი, ათის ნახევარზე კი დასაძინებლად გაეშურნენ.

დღიურის უკანასკნელი ჩანაწერი 1840 წლის ცამეტი აგვისტოთია დათარიღებული. ანას ტკიპამ უკბინა სამეგრელოში, ცხელება დაეწყო და ოცდაორ სექტემბერს დალია სული ქალაქ ქუთაისში. ენმა სამშობლოში გადაასვენა საყვარელი ქალის ცხედარი და ჰალიფაქსის ეკლესიის ეზოში მიაბარა მიწას 1841 წლის 29 აპრილს. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო მისთვის, რადგან 4,500 მილის დაფარვა მოუხდა; შვიდ თვეს გასტანა აუტანელმა მგზავრობამ; მისი სავარძლის გვერდით ესვენა კუბო, რომელშიც უძრავად გართხმულიყო ბალზამირებული ლისტერი

ანდერძის თანახმად, ენს დარჩაშიბდენჰოლი“. გარდა ამისა, სიცოცხლის ბოლომდე იღებდა წილს სხვადასხვა საწარმოთა შემოსავლიდან. დადარდიანებული ქალი ცხოვრობდა იმ სახლში, ანას ბრძანებისამებრ რომ გადააკეთეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო განახლებული შენობის ხილვას. ენი დიდხანს არ ყოფილა იქაურობის პატრონი. ამდენმა განსაცდელმა საბოლოოდ შეურყია ფსიქიკა. მისი ახლობლები ფიქრობდნენ, რომ ექიმს უნდა განეკურნა სნეული. როცა მედიკოსი, ადვოკატი და პოლიციელი შეიჭენენ მის სახლში, ენი დაკეტილ კარს მიღმა მობუზულიყო, ქაღალდებში ჩაფლულიყო და ხელში ეჭირა დატენილი პისტოლეტი. უმალ გადაიყვანეს სულით ავადმყოფთა იმ თავშესაფარში, სადაც ოდესღაც მოათავსეს ანას პირველი სიყვარული, ელიზა. უოლკერს უნდა ვუმადლოდეთ ლისტერის დღიურების გადარჩენას, რადგან გულმოდგინება და ყურადღება გამოიჩინა და სათუთად ჩამოიტანა ყველა ტომი კავკასიიდან. დოქტორი ბელკომბი (მარიანას მამა) რამდენიმე წლის განმავლობაში მკურნალობდა დაუძლურებულ, გატეხილ ქალს. როგორც იქნა, გაწერეს საავადმყოფოდან და დააბრუნეს იმ სახლში, რომელშიც გაიზარდა (ლაითქლიფში). იქ გარდაიცვალა 1854 წლის 25 თებერვალს. 3 მარტს დაკრძალეს წმინდა მათეს სახელობის ეკლესიაში. ეს ტაძარი 1974 წლის დაანგრიეს კლერიკალთა ბრძანებით, თუმცაღა, კოშკი გადაურჩა განადგურებას. ენისათვის მიძღვნილი თითბრის მემორიალური დაფა ახლაც ჰკიდია იმ კოშკში.

1882 წელს, როცა ჯერ კიდევ არ დასრულებულიყოშიბდენჰოლისკანონიერი მესაკუთრის დასადგენად გაჩაღებული დავა, „Leeds Times“-ში დაბეჭდილ სტატიაში, ამ სასამართლო პროცესს რომ ეხებოდა, ასეთი რამ დაწერეს: „ისევ ახსოვთ მის ლისტერის მამაკაცური იერი და ხასიათის თავისებურებანი“.

ანას დღიურები აღმოაჩინეს მისი გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ. მისი შთამომავალი, ჯონ ლისტერი, სრულიად შემთხვევით წააწყდა ტყავგადაკრული ყდით დამშვენებულ წიგნაკებს. გაოცდა, როცა ნახა, რომ ტექსტის დიდი ნაწილი უცნაური კოდითა და მათემატიკური სიმბოლოებით იყო დაწერილი. ტექსტის გაშიფრვის მიზნით მიმართა ნაცნობ სწავლულს, ართურ ბარელს. ეს უკანასკნელი შეუდგა საქმეს; მალევე გაარკვია, რომ დღიურებში დეტალურად იყო აღწერილი ანას სქესობრივი ცხოვრება და ლესბოსური სიყვარული. აღშფოთებულმა ურჩია მეგობარს, დაუყოვნებლივ დაეწვა ყველა ტომი. მორალისტი ბარელი გააცოფა არა მხოლოდ ანას სასიყვარულო კავშირებმა, არამედ მისმა თავდაჯერებამაც; გააღიზიანა იმანაც, რომ ლისტერი უფლის ქმნილებად მიიჩნევდა თავს, არ სტანჯავდა სასოწარკვეთა, არ აღვარღვარებდა ცრემლებს, არ სძულდა საკუთარი თავი ლესბოსელობის გამო, არ სურდა მარყუჟში თავის გაყოფა და სიცოცხლის მოსწრაფება.

ჯონ ლისტერი ყოყმანობდა; არ იცოდა, რა ეღონა; ფიქრადაც ვერ გაივლებდა დღიურების გამოცემას, მაგრამ არ სურდა ამ უნიკალური ტექსტების განადგურება. ბარელი მოატყუა, რომ ფერფლად აქცია წიგნაკები, მაგრამ, სინამდვილეში, საგულდაგულოდ დამალამოხსნა მუხის ხის პანელები, დაამზადა თაროები და სათუთად მოათავსა დღიურები იქ.

ჯონი აღფრთოვანდა, როცა შეიტყო, რომ მისი წინაპარი ჰალიფაქსის ლიტერატურული და ფილოსოფიური საზოგადოების ერთადერთი თანადამფუძნებელი ქალი იყო. ნამდვილ საუნჯედ ესახებოდა მისი დღიური, რადგან მასში ასახული იყო იმდროინდელი ინგლისის საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ყოფა. კაცმა დღიურების რამდენიმე ნაწყვეტი გამოაქვეყნა „Halifax Guardian“-ში და ასე დაასათაურა ტექსტი: „სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება ჰალიფაქსში ორმოცდაათი წლის წინ“.

მიუხედავად ყველაფრისა, ხელნაწერთა უმეტესობა ასწლეულთა განმავლობაში იყო ჩრდილში. ხის პანელების მიღმა იმალებოდა ეს საგანძური. როგორც მკვლევარნი აღნიშნავენ, იმ ეპოქაში მცხოვრები მრავალი ლესბოსელი ქალის დღიურები გაანადგურეს ოჯახის წევრებმა და შთამომავლებმა, რომელთაც რცხვენოდათ სიმართლის გამხელის. თუ გავითვალისწინებთ ზემოთქმულს, ცხადი გახდება, რომ დასაფასებელია ჯონ ლისტერის გაბედული გადაწყვეტილება. არავინ იცის, რატომ შემოინახა წინაპრისაგან დატოვებული ტექსტები. რამდენიმე სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ისტორიის სიყვარულის გამო მოიქცა ასე, ზოგი მკვლევრის თქმით კი თავადაც ჰომოსექსუალი იყო, ვერავის უმჟღავნებდა ამ საიდუმლოს და შესანიშნავად მიხვდა, რა ბარიერებს აწყდებოდა ეს მამაცი და შეუპოვარი ქალი, მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი სექსუალური ორიენტაციის გამო. აი, ასე დაედო მტვერი ლისტერის მემკვიდრეობას.

გამოხდა ხანი და ეს დღიურებიიუნესკოსმსოფლიო მეხსიერების პროგრამის სიაში შეიტანეს. ხელნაწერები ჯერ კიდევ არაა ბოლომდე შესწავლილი და გამოქვეყნებული. არქივისათვის დართული მოკლე აღწერილობის თანახმად, ესაალესბოსური ცხოვრების ამომწურავი, გულისმომკვლელად წრფელი აღწერა და ყოვლისმომცველი რეფლექსია ლესბოსელობის რაობასა და ბუნებაზე“.

2020 წელს ენ უოლკერის პირად დღიურსაც მიაკვლიეს. მართალია, მოკლეა (ლისტერის ტექსტთან შედარებით) და მხოლოდ 1834-35 წლებს მოიცავს, თუმცა, ამ წიგნაკებში ასახულია ამ ორი ქალის ცხოვრების საკვანძო მნიშვნელობის ასპექტები და მნიშვნელოვანი მონაკვეთები.

ლისტერი მუდამ ფიქრობდა, რომ ოდესმე მაინც გამოსცემდა რამე ნაწარმოებს. აზრადაც ვერ გაივლებდა, რომ ყოველდღე წერდა ამ წიგნს თავისი დღიურების სახით!“ – აღნიშნავს ანას ბიოგრაფი, ანგელა შტაიდელე.

წმინდა სამების ეკლესიის კართან ჩამოკიდებულ მემორიალურ დაფაზე ამოკვეთილი წარწერის თანახმად, ლისტერი პირველი თანამედროვე ლესბოსელია. ზოგი მკვლევარი სადავოდ მიიჩნევს ამ მოსაზრებას, თუმცაღა, ყველა ერთხმად აღიარებს ამ ქალის განუზომელ მნიშვნელობას, მის გადამწყვეტ როლს და მისი დღიურების ლიტერატურულ და ისტორიულ ღირებულებას.

ის იყო ადამიანი, რომელსაც სწყუროდა ცხოვრება; ხარბად ეწაფებოდა ამქვეყნიურ სიამეთა წყაროს, მაგრამ ვერა და ვერ იკლავდა დაუცხრომელ წყურვილს. გამოარჩევდა საოცარი ინტელექტი და მეცნიერული ცოდნა. როცა პარიზში იყო, პათანატომიის კერძო გაკვეთილს დაესწრო და თვალის დახამხამებაში მოახერხა ქალის გვამის გაკვეთა. ყველას აოცებდა მისი ექსცენტრულობასაიმედოდ ინახავდა საყვარელი ქალების კულულებსა და ბოქვენის თმას. საოცრად მარჯვე და ხელგაწაფული გახლდათ. ამ ამბიციურ ქალს სიტუაციის კონტროლის ბრწყინვალე ნიჭი ჰქონდა და მანიპულაციების დიდოსტატად მიიჩნევდნენ. მართალია, იზიდავდა უოლკერის ქონება, თუმცაღა, უდიერად არ ეპყრობოდა ცხოვრების თანამგზავრს. ჰგავდა იმ რომანტიკოსებს, რომელთა დანახარჯიც დიდად აღემატებოდა მათ შემოსავალს. მეცხრამეტე საუკუნის ოცდაათიან წლებში ჰქონდა ლესბოსელური ოჯახი და იტანდა გარშემომყოფთა დაცინვას, აბუჩად აგდებას, შეურაცხყოფას. ერთხელაც არ დაუყრია ფარხმალი და არ დაჰმორჩილებია მჩაგვრელი საზოგადოების ნორმებს. ასეთი რამ მართლაც რომ საოცარ გამბედაობასა და გულადობას მოითხოვდა.

მკვლევარი ჰელენა უითბრედი, რომელმაც მრავალი წელი შეალია ლისტერის დღიურთა მონაკვეთების გაშიფრვას, აღნიშნავს, რომ ლისტერმა ადგილი დაიმკვიდრა ისტორიაში. სწავლულმა შეაქო ანას თვალსაჩინო სიმამაცე, გულუშიშრობა. „მართლაც შესანიშნავად იცოდა საკუთარი თავის ფასი. დღემდე აღგვავსებს შთაგონებით და ბევრ რამეს გვასწავლის“.

ლისტერი იყო ადამიანი, რომლის დღიურიც აღიარებულია ინგლისურ ენაზე დაწერილ ყველაზე დიდ დღიურად. იგი მოიცავს 26-ზე მეტ ტომს. 1806 წელს აიღო კალამი ხელში, შეუდგა წერას და სიკვდილამდე არ აიღო ხელი ამ საქმეზე.

რაოდენ დიდი ნუგეშია ეს დღიური ჩემთვისღმერთს მადლობას ვწირავ ამისთვის!“ – დაწერა ანა ლისტერმა, რომლის დღიურებიც ჯერ კიდევ არაა მთლიანად შესწავლილი, გაშიფრული და გამოცემული, რამეთუშიბდენჰოლისმუდამ ბნელი, უმზეო, ნესტიანი, საიდუმლო ოთახები ასწლეულთა განმავლობაში ინახავდნენ მის საიდუმლოს.