ანტინაცისტური პ(რ)ოპაგანდა

მიხეილ ციხელაშვილი

1984 წელს ფრენკ ზაპა ამერიკის უნივერსიტეტების კომპოზიტორთა ასოციაციის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა და განიხილა კულტურის წარმოების ფენომენი, როგორც დამკვეთის=მეფის და შემსრულებლის=ჯამბაზის ურთიერთობა. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ერთი უბრალო მასხარა” ელაპარაკა „სერიოზულ ამერიკელ კომპოზიტორებს“ იმ „მძიმე საკითხზე”, რომელიც იმდროინდელ მუსიკალურ ინდუსტრიაში იყო გამეფებული. ზაპამ გამოსვლისას შექმნა პერსონაჟი, ცამეტი წლის დებორა, ღვთისმოშიში თეთრკანიანი ამერიკელი წყვილის შვილი, რომელიც ინდუსტრიისთვის მთავარ მოთხოვნებს აწესებს. დებორა დიდი ჭკუითა და გონებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ის მომხმარებელი აუდიტორიის ყველაზე მრავალრიცხოვანი სეგმენტის სახე იყო და, რაც მთავარია, დებორა იყო ცამეტი წლის, რის გამოც იქნებ ბევრი რამ ეპატიებოდა კიდეც. ფრენკ ზაპა უნივერსიტეტებში გამაგრებულ კომპოზიტორებს, ფაქტობრივად, პოპ­-­კულტურის წარმოებაზე ელაპარაკებოდა.

პოპ­-­კულტურა ხომ ჟანრი არაა, რომ კონკრეტული მახასიათებლები ჰქონდეს?! ის მდგომარეობაა, რომელიც ეპოქის შესაბამისად იცვლის ფორმებს და ხელოვნებაში სხვადასხვა გზით ყალიბდება. ძალიან ხშირად დიდი კომპანიები, რომელთაც კარგად აქვთ შესწავლილი მომხმარებელი აუდიტორია – იციან, თუ რა არის მისი მთავარი მოთხოვნები ამა თუ იმ მიმართულებით – ქმნიან ძვირ, თუმცა მალფუჭებად პროდუქტს, რომლის მარკეტინგს, პიარსა და დისტრიბუციას იმდენივე ფულს ახარჯავენ, რამდენსაც უშუალოდ პროდუქტის წარმოებას. არსებობს მეორე შემთხვევაც, როცა ანდერგრაუნდიდან წამოსული ტალანტი იმდენად აშკარა და შეუზღუდავია, რომ საავტორო ნიჭი ბაზრის მოთხოვნებზე იმარჯვებს და დიდი კომპანიები ასეთ ტალანტს გვერდს ვეღარ უვლიან. ისინი ჩამოდიან მეფის ტახტიდან და ჯამბაზის მოთხოვნებს უკვე თავად ასრულებენ. ამ დროს შეიძლება ითქვას, რომ ბაზარი იტაცებს ნიჭს, მაგრამ ამგვარი თანამშრომლობები ხშირად ისეთ უნივერსალურ სახელოვნებო პროდუქტს ქმნის, რომელიც არც მალფუჭებადია და, საავტორო ხასიათის მიუხედავად, არა მხოლოდ აკადემიური და პრეტენზიული (გნებავთ, სნობური) წრეებისთვის არის საინტერესო, არამედ ცამეტი წლის დებორასაც აღაფრთოვანებს.

ახალზელანდიელმა კინორეჟისორმა ტაიკა უაიტიტიმ ორივე გზა უკვე გაიარა – ანდეგრაუნდიდანაც ამოყო თავი და მალფუჭებადი კინოპროდუქტიც შექმნა. თუმცა ის ალბათ მაინც საავტორო კინოს უნდა მივაკუთვნოთ – ტაიკა უაიტიტის საავტორო კინოს, რომელიც უკვე პოპ­-კულტურის ნაწილი გახდა.

2019 წელს ეკრანებზე მისი უახლესი მხატვრული ფილმი „ბაჭია ჯოჯო“ (Jojo Rabbit) გამოვიდა და არაერთი პრესტიჟული დაჯილდოების ისეთ მნიშვნელოვან ნომინაციებში მოხვდა, რომლებშიც, ბევრი კრიტიკოსის აზრით, არაფერი ესაქმებოდა, მაგრამ საქმე ასე მარტივად ნამდვილად არაა. რეჟისორისთვის წლევანდელი ოსკარის ნომინაცია პირველი არ ყოფილა, ის ჯერ კიდევ 2005 წელს იჯდა კოდაკის თეატრის სავარძელში მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ორი მანქანა, ერთი ღამე“ (Two Cars, One Night).

2000-იანი წლების შუა პერიოდიდან, როცა ტაიკა უაიტიტი კომიკოსის კარიერიდან მთლიანად კინემატოგრაფში ინაცვლებს, მისი ფილმები უკვე რეგულარულად ეშვება საერთაშორისო კინოგაქირავებაში და მსოფლიო კინემატოგრა ფის რიგითი “ანდერდოგი” ნელ­-­ნელა ოსკაროსანი სცენარისტისა და რეჟისორის სტატუსისკენ იწყებს სვლას.

უაიტიტი პირველად 2014 წელს აღმოვაჩინე, როდესაც სრულიად შემთხვევით ერთ ფოტოკოლაჟს გადავაწყდი: მე-19 საუკუნის ცნობილ თბილისურ ფოტოზე ყარაჩოღელები არიან გამოსახულნი, მათ შორის კი ფოტოშოფით ვამპირია ჩასმული. აღმოჩნდა, რომ ეს ფოტო ტაიკა უაიტიტის და ჯემეინ კლემენის ფილმისთვის „რას ვაკეთებთ სიბნელეში“ (What We Do in the Shadows, 2014) დამუშავდა. სურათი მოგვითხრობს ველინგტონში მცხოვრები ვამპირების შესახებ, რომლებიც ქალაქის სოციალურ უმცირესობას წარმოადგენენ და საჭიროა მათი ინტეგრაცია და კულტურული ასიმილაცია დანარჩენ მოსახლეებთან. ფილმი ე. წ. Mockumentary ჟანრს განეკუთვნება, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ გადაღებულია დოკუმენტური კინოს სპეციფიკით, ყოველ ნაბიჯზე როგორც ჟანრულ, ისე საკითხის პაროდირებას გულისხმობს.

მას შემდეგ, რაც მისი „ნადირობა ველურ ადამიანებზე“ (Hunt for the Wilderpeople, 2016) ახალზელანდიური კინოს ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა, უაიტიტი Marvel-მა დაამტკიცა რეჟისორად პროექტისთვის „თორი: რაგანროკი“ (Thor: Ragnarok, 2017), რომლის ბიუჯეტი 25-ჯერ აღემატებოდა ყველა იმ ფილმის ერთად აღებულ ბიუჯეტს, რაც კი ტაიკას მანამდე გადაუღია. ფილმზე აზრები გაიყო: „მარველის” უპირობო ტრფიალებს სურათი მოეწონათ და ფილმმა დიდი შემოსავალიც მოიტანა. თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ ტაიკა უატიტიმ „თორი: რაგნაროკის“ სახით შექმნა მთლიანი პაროდია მარველის სრულ ფილმოგრაფიაზე და თანაც ამაში ჯამბაზმა მეფის ფული გამოიყენა. არ ვიცი, რომელ კატეგორიას მივაკუთვნო თავი, ფილმი იმდენად სუსტია. მაგრამ ამ თანამშრომლობაში ყველაზე საინტერესო დეტალი სწორედ ისაა, რომ ამხელა კორპორაციამ დაბალბიუჯეტიანი, საავტორო შავი კომედიების რეჟისორს ჩააბარა წლის ერთ­-ერთი უმთავრესი პროექტი და მის ნიჭს მიენდო, რასაც, თუკი „მარველის“ ფილმოგრაფიას გადახედავთ, ხშირად ნამდვილად არ მიმართავს ხოლმე.

ფილმით „თორი: რაგნაროკი“ უაიტიტიმ ერთი მხრივ ფული იშოვა, მეორე მხრივ კი “დებორებში” მოიხვეჭა სახელი. ამან გზა გაუხსნა, რომ ამიერიდან უფრო ამბიციური ბიუჯეტით შეექმნა კინო და 2018 წელს ის ძველ იდეას მიუბრუნდა: კრისტენ ლორენსის რომანის „ცის გამომწყვდევა“ (Caging Skies) სცენარად ადაპტირება რეჟისორს წლების წინ დედამ ურჩია.

ფილმის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის ბოლო თვეებში მიმდინარეობს და ათი წლის იოჰანეს „ჯოჯო” ბეტცლერის (რომან გრიფინ დეივისი) ამბავს მოგვითხრობს, რომელიც “ჰიტლერიუგენდისთვის” გამოუსადეგარი ჯარისკაცი აღმოჩნდება. ჯოჯოს ორი მთავარი პრობლემა აქვს: ის ადრეულ ასაკშივე მასკულინიზმითაა დაავადებული და ჰყავს წარმოსახვითი მეგობარი ადოლფ ჰიტლერი, რომლისაც უპირობოდ სწამს და ფილმის პირველივე სცენაში დებს ფიცს, რომ მზადაა, ფიურერისთვის სიცოცხლეც კი გაწიროს.

ჯოჯოს საწვრთნელ ბანაკში პროპაგანდისტულ იდეებს ახვევენ თავს და რომ არა სულელური შემთხვევა, რომელსაც ლამის შეეწირა, იქნებ მისი ისტორიაც სხვანაირად წარმართულიყო! დაკოჭლებული და სახენაიარევი ბიჭუნა დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს და ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ დედამისი (სკარლეტ იოჰანსონი) კედელს მიღმა დაფარულ სათავსოში ებრაელ გოგონას მალავს, რომელიც ჯოჯოს გარდაცვლილი დის მეგობარი ელსაა (ტომასინ მაქკენზი). ელსას აღმოჩენის შემდეგ ჯოჯო პირველად დაუშვებს, რომ ებრაელები თურმე სულაც არ ყოფილან თევზის ქერცლით დაფარული, რქიანი და კომბოსტოს სუნით აყროლებული არსებები, როგორც ამას ბანაკში ასწავლიდნენ. ბიჭი სიტუაციას აწონ­-­დაწონის და მიხვდება, რომ ელსას გესტაპოსთან დაბეზღება არ აწყობს, რადგან ამით დედამისიც საფრთხეში ჩავარდება. თუმცა გოგონას სახლში გაჩერებაც მისთვის წარმოუდგენელია, ამიტომ პირობას წაუყენებს, რომ ყოველდღე ებრაელების შესახებ უამბოს, თავად კი ნორჩი ნაცისტებისთვის სახელმძღვანელოს დაწერს, თუ როგორ ამოიცნონ ებრაელი.

ჯოჯო, სარგებლობს რა იმით, რომ გოგონა სახლშია გამოკეტილი და გარესამყაროსთან კავშირი არ აქვს, მასთან ურთიერთობისას ფაქტობრივად სხვა, საიდუმლო და ხელოვნურ ინკარნაციას ქმნის. არადა სინამდვილეში ჯოჯო ხომ ერთი მშიშარა ბიჭუნაა, რომელსაც არათუ გველის გონება, მგლის სხეული და პანტერას გამბედაობა აქვს (როგორც ამას ფილმის დასაწყისში წარმოსახვით მეგობარს უმტკიცებს), არამედ ერთი უწყინარი ბაჭიისთვისაც კი არ შეუძლია კისრის მოტეხა.

„ბაჭია ჯოჯოში“ კინემატოგრაფიული თვალსაზრისით შესაძლოა არც არაფერია ახალი; დიდი ალბათობით არც პირველი ამბავია, სადაც პერსონაჟს წარმოსახვით მეგობრად ადოლფ ჰიტლერი ჰყავს, მაგრამ უაიტიტის ორი უმთავრესი კოზირი აქვს, რაც ფილმს გამორჩეულს ხდის. პირველი არის ნაციზმის, როგორც ისტორიული ფენომენის პაროდიული გადააზრება, რასაც უაიტიტი წინა ფილმებშიც მიმართავს. რას ვაკეთებთ ჩრდილებში ვამპირი დიკონი „ჰიტლერის ვამპირთა არმიაში” მსახურობდა და ომის შემდეგ, ევროპაში რომ აღარ დაედგომებოდა, ველინგტონში გადასახლდა. „ბიჭუნაში“ (BOY, 2010) კი სახლში დაბრუნებული მამა, ჩარჩოჩამოფარებულ კედელზე ყმაწვილობისას მიხატულ სვასტიკას აღმოაჩენს, წამით საკუთარ წარსულზე დაფიქრდება და შვილს პირველ რჩევას აძლევს, რომ რაც უნდა მოხდეს, ნაციზმისგან ყოველთვის შორს დაიჭიროს თავი.

ერთ­-ერთ ძველ გამოსვლაში უაიტიტი თავის ბავშვობას იხსენებს და ამბობს, რომ ძალიან მოსწონდა სვასტიკის გეომეტრიული ფორმა და გამუდმებით ხატავდა მას თავის რვეულებში, თუმცა ამის გამო დანაშაულის აუხსნელი შეგრძნება ეუფლებოდა და სვასტიკებს მაშინვე ფანჯრებად გადააკეთებდა ხოლმე. ფილმში არის ეპიზოდი, სადაც რეჟისორი ფაქტობრივად საკუთარ თავს ელაპარაკება:

– რა ნაცისტი შენ ხარ?! – ნიშნის მოგებით ეუბნება ებრაელი გოგონა ჯოჯოს.

– სვასტიკა მომწონს. მე მგონი ეს ყველაფერს ამბობს. – პასუხობს ბიჭი.

– სულაც არა. შენ უბრალოდ ათი წლის ბავშვი ხარ, რომელსაც სვასტიკა მოსწონს. მეტი არაფერი.

ასე ავლებს პარალელს ტაიკა უაიტიტი საკუთრ ბავშვობასთან და ამავდროულად ესაუბრება ყველა იმ ბავშვს, რომლისთვისაც ისტორიის ნაცისტური იდეოლოგიით სავსე ფურცელი ტაბუდადებულ და აუხსნელ თემას წარმოადგენს.

შემთხვევითი არაა, რომ უაიტიტის კინოში ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟები სწორედ ბავშვები არიან: რიკი ფილმიდან „ნადირობა ველურ ადამიანებზე“, ბიჭუნა და მისი ძმა როკი ფილმიდან „ბიჭუნა“, და ახლა ჯოჯო ბეტცლერი და ელსა ბაჭია „ჯოჯოდან“. ამის მიზეზი ისაა, რომ უაიტიტის ნაპოვნი აქვს გზა, თუ როგორ ელაპარაკოს ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე ისეთ საფრთხილო საკითხზე, როგორიც ნაციზმია. რეჟისორმა ეს უმეტესწილად იმის ხარჯზე იცის, რომ მას კარგად ესმის პოპ­-­კულტურის არსი – მათ შორის ცამეტი წლის დებორების ენა – და ეს მისი მეორე კოზირია. უაიტიტის პერსონაჟები არასოდეს დაიკვეხნიან იმ დიდი ცოდნით, რაც აკადემიურ საზოგადოებაში “ინტელექტუალურ ცოდნადაა” შეფასებული. ისინი არა ვაგნერის და მალერის მუსიკაზე, არამედ თუფაქ შაკურის და მაიკლ ჯექსონის სიმღერებზე იზრდებიან და შთაგონებასაც იქ პოულობენ.

სწორედ ეს ცოდნა აძლევს საშუალებას ტაიკა უაიტიტის, რომ მოჰყვეს ნაციზმისა და ჰიტლერის ამბავს, როგორც მალფუჭებადი, ჩავარდნილი პროდუქტის ამბავს, რომელსაც ვარგისიანობის ვადა კარგა ხანია გასული აქვს და ისეთივე საზიანოა, როგორც მაღაზიის დახლზე შემორჩენილი ვადაგასული რძე თუ მიწის თხილის კარაქი. ჰიტლერიც ასეთი ვადაგასული პროდუქტია, რომელსაც არ ენდობი და უაიტიტისთვის – მისი ისტროიული სისასტიკისა და ბოროტების მიღმა – იმდენად მდარე და უგემოვნოა, რომ საჭიროც კი აღარაა, რომ ნამდვილი და რეალური იყოს. „ბაჭია ჯოჯოში“ ორი ჰიტლერი არსებობს: ერთი წარმოასხვითი – უპასუხისმგებლო, გადამგდები, მატყუარა და მანიპულატორი და მეორე – ვიღაცებისგან გამოგონილი, თითქოს რეალური ადოლფი, რომელიც საბოლოო ჯამში ასევე უპასუხისმგებლო, გადამგდები, მატყუარა და მანიპულატორი აღმოჩნდება.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უაიტიტი ნაციზმს ვადაგასულ პროდუქტად წარმოგვიდგენს, „ბაჭია ჯოჯო“ მაინც არ არის საგამოფენო ფილმი, როგორც მისი წინა ნამუშევარი „თორი: რაგნაროკი“. „ბაჭია ჯოჯო“ ცალსახად საავტორო კინოა, რომელიც პოპ­-­კულტურით არის ნაკვები.

პოპ­-­კულტურაში კი ვერ შეაღწევ, თუკი შესაბამისი წარმოება არ გაქვს. ამ მხრივაც ფილმი წლის ერთ­-ერთი ყველაზე საინტერესო ნამუშევარია. „ბაჭია ჯოჯოს“ ყოველი ეპიზოდი რომ პოპ­-­კულტურით იქნება ნასაზრდოები, ამის განწყობას ფილმის პირველი წუთებიც გვიქმნის: Fox Searchlight Pictures-ის საკულტო ქუდის მელოდია გერმანულ სააგიტაციო სიმღერადაა გადაკეთებული, მას შემდეგ კი, რაც გამხსნელ სცენაში პატარა ბიჭის ნაცისტურ ფიცს ვისმენთ და ვხედავთ, თუ როგორ გავარდება ეგზალტირებული ჯოჯო ქუჩაში „ჰაილ ჰიტლერის” ძახილით, იწყება ფილმი. და იწყება “ბითლზის” სიმღერით. ეს ეპიზოდი ისეა დამონტაჟებული, მაყურებელმა რომ არ იცოდეს, რომ საქმე ჰიტლერთან აქვს, თავი მართლა “ბითლზის” კონცერტზე ეგონებოდა. ყველაზე კარგად ასეთ დეტალებში ჩანს ავტორის დამოკიდებულება ისტორიის ამ მონაკვეთისადმი: არ აქვს მნიშვნელობა, ეგზალტირებული ბრბო “ბითლზზე” დაიხოკავს სახეს თუ ფიურერზე, ის უკვე ქმნის პოპ­-­კულტურისთვის საჭირო კარგად გასაყიდ პროდუქტს. ნაციზმიც რაღაც ასეთ ფენომენად გადაიქცა უაიტიტისთვის.

„ჰიტლერს ულვაშის მოპარსვა უნდოდა, მაგრამ უკვე გვიან იყო, ულვაში ხომ მისი მთავარი სავაჭრო ნიშანი გახდა?” – ხუმრობს ერთ­-ერთ ინტერვიუში რეჟისორი და ფილმშიც ამ განწყობაზე რჩება. ნაციზმის პაროდირებისთვის ის ისევ ნაციზმს იყენებს, კარგად სწავლობს იმდროინდელ დოკუმენტებს, გარემოს (რომელიც საკმაოდ ფერადი და არაპირქუშია, როგორც ეს ხშირად გვხვდება ომის პერიოდზე გადაღებულ ფილმებში), ყოველდღიურ რეალობას, მოდას და გადაღების დროს აქცენტს აკეთებს იმაზე, რაც ყველაზე უფრო აბსურდული და სასაცილოა ნაციზმში, რაც ყველაზე უკეთ წარმოადგენს იმ შინაგან კრიზისებს, რაზეც იდეოლოგია და ისტორიული პერიოდი დაფუძნდა – იქნება ეს მისალმების წესი თუ უნიფორმებზე დამაგრებული ბროშები, გენერლების ბუმბულებიანი მუზარადები თუ სხვა მრავალი.

ფილმში ცხადად ჩანს გავლენებიც: „მონტი პაიტონი“ და უეს ანდერსონის კინო, ჩაპლინის „დიდი დიქტატორი“ და მელ ბრუკსის „მწარმოებლები“, ფილმები, რომლებიც გარდატეხის ასაკში მყოფი ბიჭების შესახებ გვიყვება – „ოთხასი დარტყმა“, „ეს ინგლისია“, „ჰაროლდი და მაუდი“, „კურსდამთავრებული“, „ჰუგო“ და სხვა. ამ გავლენებზე უაიტიტი ღიად და მუდმივად საუბრობს და არ მალავს, რომ ის კინოში არა აკადემიიდან, არამედ მაყურებლის სავარძლიდან მოვიდა (რეჟისორი განათლებით ხელოვნებათმცოდნეა). უაიტიტი კინოს იმიტომ იღებს, რომ კინო უყვარს. და კინოს იღებს იმაზე, რაც უყვარს: შავი იუმორი, ცეკვა, ბავშვები და მათთან სალაპარაკო, თუნდაც ტაბუდადებული თემები.

უაიტიტი თავადვე შეიძლება იყოს საკუთარი პერსონაჟების არქეტიპი და გველაპარაკებოდეს მხოლოდ იმაზე, რასაც მიხვდა. იგი არ მიეკუთვნება იმ რეჟისორებს, რომლებიც შეკითხვებთან ერთად ინტერპრეტაციის უსაზღვრო შესაძლებლობას გვიტოვებენ. მას მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიცია აქვს და „ბაჭია ჯოჯოში“ ეს პირველივე წუთებიდან ჩანს, როცა „ჰაილ ჰიტლერის” უამრავჯერ გამეორება შეძახილის მნიშვნელობას აუფერულებს და ბავშვებისთვის სასაცილოს ხდის სვასტიკისადმი თაყვანცემას. ამიტომაც მგონია, რომ „ბაჭია ჯოჯო“ სხვა სიკეთეებთან ერთად პროპაგანდისტული კინოც არის, ნაციზმის წინააღმდეგ მიმართული, ნაცისტური პროპაგანდისტული კინოხერხების გამოყენებით.

ტაიკა უაიტიტი არ ერიდება არათუ ციტირებას, არამედ კოპირებასაც კი. ჯოჯო ბეტცლერი ხან უეს ანდერსონის „ამომავალი მთვარის სამეფოს“ ბიჭუნას მოგაგონებთ, ხანაც ბრუნოს ვიტორიო დე სიკას „ველოსიპედების გამტაცებლებიდან“. სკარლეტ იოჰანსონის პერსონაჟიც ფილმში პირდაპირი გადმოტანით შემოდის, ის არა მხოლოდ დაფუძნებულია ელენ ბიურსტინის მიერ შესრულებულ ელის ჰაიატზე მარტინ სკორსეზეს ფილმიდან „ელისი აქ აღარ ცხოვრობს“, არამედ რეჟისორი პირდაპირ იღებს ამ პერსონაჟს და მას რობერს ვაიზის „მუსიკის ჰანგების“ მარიასთან (ჯული ენდრიუსის გმირი) მიქსავს. უაიტიტი თამაშობს კლასიკური ჰორორის მოტივებზეც, რაც ყველაზე კარგად ჯოჯოს მიერ ელსას აღმოჩენის დროს ჩანს: ძველი თოჯინები ახლო კადრით, გაცვეთილი წრიპინა მუსიკა და ელსას გამოვარდნა ზუსტად ისე, როგორც საშინელებათა ჟანრის ფილმებში გამოვარდებაინ ხოლმე მოზარდი გოგონები.

ასეთი მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს, რადგან უაიტიტი კოლაჟისტია და ის არ მალავს, რომ საკუთარ შემოქმედებას უკვე არსებულ და მისთვის საყვარელ, პოპ­-­კულტურაში დამკვიდრებულ სახეებსა და სცენებზე აწყობს. უაიტიტის ფილმოგრაფიაში ორიგინალური მხოლოდ სცენარია, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ავტორის პირად გამოცდილებას ეფუძნება. დანარჩენი ყველაფერი თითქოს უკვე გვინახავს სადღაც, მაგრამ ეს სულაც არ არის ხელისშემშლელი ფაქტორი, პირიქით, ეს ციტატები ხშირად უფრო მეტ სიმძაფრესაც კი სძენს ამა თუ იმ ეპიზოდს.

და ბოლოს, ტაიკა უაიტიტის ყველა ფილმში ბევრს ცეკვავენ, ხშირად – სხვებისთვის სასაცილოდ, მაგრამ ეს პერსონაჟებს არასდროს აღელვებთ, რადგან ისინი მხოლოდ საკუთარი თავებისთვის მოძრაობენ და ისე იყენებენ ბალეტის, ჰაკას, ტანგოს თუ მაიკლ ჯექსონის ილეთებს, როგორც შეუძლიათ. მათთვის ცეკვა იმის ნიშანია, რომ ჯერაც მოძრაობენ და სანამ ასეა, ესე იგი არსებობს მცირედი შანსიც, რომ დაეუფლონ საკუთარ თავებს.

– ცეკვა ხომ მხოლოდ უმუშევრებისთვისაა! – ერთ ეპიზოდში დედას დასცინის ჯოჯო.

– ცეკვა თავისუფალი ადამიანებისთვისაა! – მშვიდად პასუხობს დედა და ცეკვას განაგრძობს.

ფილმიც ცეკვით მთავრდება. ჯოჯო და ელსა პოპ­-­კულტურის ერთ­-ერთი ყველაზე დიდი სიმბოლოს – დევიდ ბოუის – სიმღერაზე ცეკვავენ და რეჟისორი სწორედ ამ ცეკვით გვიდასტურებს, რომ ფილმი მორჩა. მორჩა მავნე ფიქრებისგან და ტყვეობისგან გათავისუფლებით.


სტატია პირველად გამოქვეყნდა ეროვნული კინოცენტრის ჟურნალში „კინ-O“, რომლის მთავარი რედაქტორებიც თეო ხატიაშვილი და გიორგი რაზმაძე არიან. ჟურნალი წელიწადში ორჯერ გამოიცემა.