„აქ მოსული ადამიანი პაციენტი არაა” - რა უშლის ხელს კიბოს სკრინინგის პროგრამის ეფექტურობას

ლიკა ზაკაშვილი

საქართველოში  საერთო სიკვდილიანობის 14% ონკოლოგიურ დაავადებებზე მოდის და მას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს.

2015- 2018 წლის მონაცემებით, III და IV სტადიებზე რეგისტრირებული დაავადებების წილი კვლავ მაღალია და ავთვისებიანი სიმსივნეების მთლიანი რაოდენობის 46.8% შეადგენს.

სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ხარისხისთვის მნიშვნელოვანია კიბოს ადრეული დიაგნოსტირება.

როგორ მუშაობს საქართევლოში სკრინინგის პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემთხვევების ადრეული გამოვლენა? ლოკაციის მიხედვით რამდენად სრულად მოიცავს ის სამიზნე ჯგუფს?  როგორ უნდა გავზარდოთ სამიზნე ჯგუფის სკრინინგში მონაწილეობა? რატომ არ მიდიან ადამიანები სკრინინგზე?

საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამა 2008 წლიდან ხორციელდება. თავიდან ის თბილისში, მომდევნო წლებში კი მთელი საქართველოს მასშტაბით დაინერგა. სკრინინგი ოთხ ლოკაციაზე ტარდება და თითოეული ლოკაციის მიხედვით განსაზღვრულია სამიზნე ჯგუფი [ასაკობრივი ჯგუფების შერჩევა ეფუძნება დაავადების გავრცელების ასაკობრივ თავისებურებებს], მაგალითად, ქალები 40 წლიდან ზევით ორ წელიწადში ერთხელ უნდა იტარებდნენ ძუძუს სკრინინგს.  სკრინინგი სამიზნე ჯგუფის ადამიანებისთვის უფასოა.

„პუბლიკამ“ თბილისისა და საქართველოს მასშტაბით შესაბამისი უწყებებიდან კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. უწყებებს ვთხოვეთ, მოეწოდებინათ წლების მიხედვით სამიზნე ჯგუფში მოცვის მაჩვენებელზე ინფორმაცია.

როგორც თბილისის, ისე ქვეყნის მასშტაბით  კიბოს სკრინინგის პროგრამაში 2016,2017, 2018 და 2019 წლებში სამიზნე ჯგუფის მოცვის მაჩვენებელი განსხვავებულია.

მაგალითად, თბილისში ძუძუს კიბოს სკრინინგით სარგებლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა – 23%.  2018 წელს – 15% იყო.

მიზნობრივი მოსახლეობის რაოდენობაზე და წლების მიხედვით მოცვის მაჩვენებელზე დეტალური ინფორმაცია:

საქართველოს მასშტაბით მონაცემები.

ლოკალიზაციები 2016 წელი 2017 წელი 2018 წელი 2019 წელი
ძუძუ 9,2 8,9 8,6 9,5
საშვილოსნოს ყელი 11,5 9,7 11,2 8,4
პროსტატა 3,3 2,7 2,8 2,9
კოლორექტული 1,6 2,0 1,5 1,8

თბილისის მასშტაბით მონაცემები.

 „აქ მოსული ადამიანი არაა პაციენტი, ის მოქალაქეა, რომელიც თავის ჯანმრთელობას აკონტროლებს.“

„პუბლიკა“ ეროვნული სკრინინგცენტრის დირექტორს, ეთერ კიღურაძეს ესაუბრა. ეთერ კიღურაძემ ჩვენთან სკრინინგის მნიშვნელობაზე, საქართველოში სკრინინგით სამიზნე ჯგუფში მოცვის მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება და პროგრამის ეფექტურობის გაზრდის გზებზე ისაუბრა.

„ზოგადად სკრინინგის პროგრამის ეფექტურობა იზომება პროგრამაში სამიზნე მოსახლეობის ჩართვის მაჩვენებლით. ცნობილია, რომ, სადაც პროგრამა წარმატებულია, იქ სამიზნე მოსახლეობის მოცვა 60% მაინც უნდა იყოს. მაღალი მოცვა ეფექტურია როგორც კლინიკური, ისე ხარჯთეფექტურობის თვალსაზრისით. ადრე გამოვლენილი კიბოს მკურნალობა კლინიკურად უფრო მარტივად მართვადია და ფინანსურადაც უფრო ხარჯთეფექტურია, ვიდრე შორს წასული შემთხვევების“, – ამბობს ეთერ კიღურაძე და საქართველოში სამიზნე ჯგუფში მოცვის მაჩვენებელებს არასახარბიელოს უწოდებს.

მისი თქმით,  ლოკაციების მიხედვით სკრინინგით სარგებლობის მაჩვენებლი სხვადასხვაა. მაგალითად, საშუალოდ  ძუძუს კიბოს სკრინინგზე მოცვა 18%-ია, თუმცა გასულ წლებში რამდენიმე პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მისივე თქმით, მოცვის მაჩვენებლთან ერთად პროგრამის ეფექტურობა იზომება იმით, თუ რომელ სტადიაზე ხდება შემთხვევების გამოვლენა. ძუძუს და საშვილოსნოს კიბოს ნაწილში, ეთერ კიღურაძის თქმით, მონაცემები შეცვლილია და ბოლო წლებში პირველ და მეორე სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია.

„საქართველოში სკრინინგის პროგრამის დაწყებამდე შემთხვევების 60%-დან 80%-მდე მესამე-მეოთხე სტადიაზე ვლინდებოდა. პროგრამის დაწყების შემდეგ ვითარება იცვლება. ახლა ყველაზე პრობლემური კოროლექტური სიმსივნეებია [ნაწლავი]. ძუძუს და საშვილოსნოს ნაწილში გამოვლენის მიხედვით უკეთესი მდგომარეობაა. ის 50%-ის შემთხვევაში პირველ-მეორე სტადიაზე დგინდება“.

მისივე თქმით, სკრინინგის პროგრამის მიზანი სწორედ შემთხვევების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მაჩვენებლის გაზრდაა. მაჩვენებლის გაზრდისთვის ეთერ კიღურაძის თქმით, საჭიროა კომპლექსური მუშაობა და ჩვენთან საუბრისას მან რამდენიმე ძირითადი მიმართულება გამოყო – ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა, ორგანიზებული სკრინინგის დაწყება და ოჯახის ექიმის მონაწილეობის გაზრდა.

დღეს საქართველოში სკრინინგპროგრამაში პაციენტთა ჩართულობა ოპორტუნისტულია, ანუ არასიმპტომური ადამიანი სურვილის შემთხვევაში მიდის სკრინიგზე. ორგანიზებული სკრინინგის მოდელი კი ნიშნავს მიდგომას, როცა სახელმწიფო სამიზნე ჯგუფში შემავალ ადამიანებს პერსონალურად იწვევს პროგრამაში მონაწილეობისთვის. ამისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა გზა – სმს გზავნილი, სატელეფონი ზარი და ა.შ.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნული სკრინინგის ცენტრი ორგანიზებული სკრინინგის ელემენტებს მიმართავს, მაგალითად, ცენტრში ერთხელ მისული პაციენტის მონაცემები მისი თანხმობით ინახება და ლოკაციის გათვალისწინებით შესაბამის პერიოდში იღებს შეტყობინებას სკრინინგის გავლის საჭიროებაზე. ასევე ცენტრი ორგანიზებულად ეპატიჟება სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს სკრინინგის გასავლელად. გამგეობებში დარიგებულია ინფორმაცია სკრინინგზე. მისივე თქმით, ორგანიზებული სკრინინგის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, მიდგომა იყოს კომპლექსური და არა ფრაგმენტული [მსხვილ ორგანიზაციებს აწვდიან ინფორმაციას/ დაგეგმონ ვიზიტები და გამარტივებულად მიიღონ მომსახურება.].

საზოგადოების ინფორმირებაზე საუბრისას ის ყურადღებას ამახვილებს მედიის როლზე და ამბობს, რომ საინფორმაციო აქტივობების შემდეგ მომართვიანობის საკითხზე მონიტორინგს აწარმოებენ და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მიმართვიანობა ცენტრებში მნიშვნელოვნად იზრდება.

„სატელევიზიო გადაცემა ყველაზე ეფექტურია  – როგორც კი ჩემი ან რომელიმე ჩემი თანამშრომლის მონაწილეობით გადაცემა გადის, კატასტროფულად მატულობს ზარები და ერთი კვირის მანძილზე ინარჩუნებს ამ რეჟიმს. სატელევიზო აქტივობა არის მნიშვნელოვანი. სოციალური რეკლამის სტატუსით სხვადასხვა პერიოდულობით  ვუშვებთ კლიპებს – ესეც ეფექტურია“, – ამბობს ეთერ კიღურაძე და ყურადღებას სკრინინგთან დაკავშირებული მითების შეცვლაზე ამახვილებს.

„ჩვენ ვცდილობთ, მითები შევცვალოთ. სკრინინგის პროგრამა ჯანმრთელი მოსახლეობის გამოვკვლევაა და აქ მოსვლის შემთხვევაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ჯანსაღი მოლოდინი. აქ მოსული ადამიანების მხოლოდ მცირე რაოდენობას სჭირდება მკურნლობა. 87%-დან 90%-ის ზევით სხვადახვა კომპონენტის მიხედვით აქ მოსული ადამიანი აბსოლუტურად ჯანმრთელია. აქ ადამიანები იმისთვის კი არ მოდიან, რომ დაავადება აღმოაჩინონ, არამედ იმიტომ, რომ  ჯანმრთელობა აკონტროლონ. სკრინინგი ჯანმრთელი მოსახლეობის გამოკვლევაა. აქ მოსული ადამიანი არაა პაციენტი, ის მოქალაქეა, რომელიც ჯანმრთელობას იკონტროლებს“, – ამბობს ეთერ კიღურაძე.

ოჯახის ექიმის მნიშვნელობა სკრინინგპროგრამის ეფექტურობისთვის – ამ საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ საზღვარგარეთ პროგრამების ეფექტურობაში ოჯახის ექიმების წვლილი დიდია. მნიშვნელოვანია, საქართველოშიც გაიზარდოს მათი როლი და პაციენტები, რომლებიც სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ, რეკომენდაცია გაეწიოთ სკრინინგის ჩატარებაზე.

კითხვაზე – რატომ არ დადიან ადამიანები სკრინინგზე – პასუხობს, რომ მიზეზი ძირითადად ორია – ინფორმაციის არქონა და დიაგნოზის შიში.

„დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, რომ ასეთი პროგრამა არსებობს. მეორე, რაც ჩვენი დაკვირვებით გამოვლინდა, არის ის, რომ აქვთ შიში: დიაგნოზის გამოვლენის შიში – იქ მივალ კიბოს დამიდგენენ და ჩემი ცხოვრება შეიცვლება.

იშვიათ შემთხვევაში ეს უკავშირდება უფასო/ უხარისხო თემას. ჯერ ერთი, რომ უფასო არაა. ის უფასოა მოქალაქეებისთვის, თორემ დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. მეორე მომენტი, მუდმივად ვზრუნავთ ხარისხზე – ჩვენს ცენტრში დგას მამოგრაფები, რომლებიც ევროპის მხოლოდ ორ ქვეყანაშია – რომელთაც უახლესი ჯენერალ ელექტრიკის უნიკალური გამოსახულება და დასხივების მინიმალური დონე აქვს“.

კიბოს გავრცელება საქართველოში

ყველა ლოკაციის კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 2015-2018 წლებში 9500 – 11000-ის ფარგლებში მერყეობს. 2018 წელს სულ რეგისტრირებულია ყველა ლოკალიზაციის კიბოს 9635 შემთხვევა. ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე – 258.5-ის.

ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში – 30-დან 70 წლამდე.

ქალებში კიბოს 5 ყველაზე მაღალი ავადობის ლოკალიზაციაა – სარძევე ჯირკვალი, ფარისებრი ჯირკვალი, კოლორექტუმი, საშვილოსნოს ტანი, საშვილოსნოს ყელი.

ქალებში რეგისტრირებული ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მეორე ადგილი უკავია.

2015 წლიდან 100 000 ქალზე იმატა რეგისტირებული ფარისებრი ჯირკვლის კიბოს როგორც შემთხვევათა, ასევე ინციდენტობის მაჩვენებელის რაოდეობამ.

უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი ავადობის უწყვეტი ზრდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვლინდება და მატება ქალთა პოპულაციას ეხება.

მაღალი ავადობის ქვეყნებად მიიჩნევა ის ქვეყნები, რომლებშიც ქალთა შორის ავადობა 100 000 ქალზე 10-ს შეადგენს, საქართველოში კიბოს პოპულაციური რეგისტრის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 100 000 ქალზე 48-ს შეადგენს.

ექსპერტთა მოსაზრებით, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოვლენის გაუმჯობესება არ უნდა ჩაითვალოს ავადობის ზრდის ერთადერთ მიზეზად.

„ავადობის მატება, სავარაუდოდ, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ორ თანაარსებულ პროცესთან: გაზრდილი გამოვლენა და შემთხვევების რეალური ზრდა დღემდე უცნობი თიროიდსოპეციფიკური გარემოს რაცენოგენების გააქტიურების ხარჯზე [რომელთა იდენტიფიცირება და მართი როლის შეფასება დღემდე ვერ ხერხდება]“, – ვკითხულობთ კიბოს რეგისტრის დოკუმენტში.

კაცებში კიბოს 5 ყველაზე მაღალი ავადობის ლოკალიზაცია არსებობს – ფილტვი, წინამდებარე ჯირკვალი, შარდის ბუშტი, კოლორექტუმი, ხორხი.

რომელ სტადიაზე ხდება კიბოს გამოვლენა

2018 წელს დაავადების პირველ და მეორე სტადიაზე ორივე სქესობრივ ჯგუფში რეგისტრირებულია ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 41%, მესამე და მეოთხე სტადიებში 40%. ხოლო დანარჩენ შემთხვევებში სტადია იდენტიფიცირებული არ ყოფილა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ საჭიროა მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდა კიბოს სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ და სკრინინგის განხორციელებაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის მეტი ჩართულობა.

კიბოს რეგისტრის მონაცემების მიხედვით, 2015- 2018 წლებში დაავადების პირველ და მეორე სტადიაზე რეგისტირებულია ყველა ლოკაციის კიბოს ახალი შემთხვევების 36.5%. მესამე და მეოთხე სტადიებზე რეგისტრირებული დაავადებების წილი კვლავ მაღალია და 2015- 2018 წლებში ავთვისებიანი სიმსივნეების მთლიანი რაოდენობა 46.8% შეადგენს.

ქალებში პირველ სტადიაზე ყველაზე ხშირად ფარისებრივი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირება ხდება. სხვა ლოკაციებზე პირველ და მეორე სტადიაზე გამოვლენის მაჩვენებელი დაბალია.

2018 წელს ძუძუს კიბოს ახალი შემთხვევების დაახლოებით 51% გამოვლენილია დაავადების პირველ და მეორე სტადიაზე.

რეგისტრის მიხედვით, 2015-2018 წლების მონაცემებით ქალებში კოლორექტული კიბოს ახალი შემთხვევების 60%-ზე მეტი გამოვლენილია დაავადების მესამე და მეოთხე სტადიაზე.

საშვილოსნოს ტანის კიბოს 69%-ზე მეტი შემთხვევა დაავადების პირველ და მეორე სტადიაზე რეგისტრირდება.

რეგისტრის მიხედვით, საშვილოსნოს ყელის კიბოს ახალი შემთხვევების დიაგნოსტირება დაავადების პირველ და მეორე სტატიაზე 50% დან 52%-მდე მერყეობს.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირება ძირითადად დაავადების პირველ სტადიაზე ხდება.

კაცებში ფილტვის კიბოს შემთხვევებიდან პირველ და მეორე სტადიაზე რეგისტირებული ახალი შემთხვევები მხოლოდ 10%-მდეა. ხოლო 60%-ზე მეტი – მეოთხე სტადიაზე.

წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ახალი შემთხვევების 1/2 რეგისტირებულია დაავადების მეოთხე სტადიაზე, ხოლოდ 50%-ზე მეტი შემთხვევის დიაგნოსტირება მესამე და მეოთხე სტადიებზე ხდება.

კაცებში შარდის ბუშტის კიბოს შემთხვევების უმეტესობა დაავადების პირველ და მეორე სტადიებზე გამოვლინდა. მეოთხე სტადიაზე გამოვლინდა შემთხვევების 25%.

კაცებში კოლორექტული კიბოს ახალი შემთხვევების 70%-მდე გამოვლენილია მესამე და მეოთხე სტადიებზე.

კაცებში ხორხის კიბოს შემთხვევების 70%-მდე რეგისტრირებულია დაავადების მესამე და მეოთხე სტადიებზე.