„ასეთ ტურში წასვლას ისევ სახლში ჯდომა სჯობს“ - როგორი იქნება პოსტკოვიდური ტურიზმი  საქართველოში

„საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტებს მიიღებს“, – აცხადებენ ხელისუფლებაში. სფერო ცოცხლდება, მაგრამ რა პირობებში მოუწევთ ტურისტულ კომპანიებს, გიდებსა და მძღოლებს მუშაობა?

როგორ უნდა მოხერხდეს, რომ შემოვუშვათ უცხოელი ტურისტებიც, მაგრამ ისე, რომ წყალში არ გადაიყაროს ის წარმატება, რომელიც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არსებობს.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა თქმით, საპოვნელია ოქროს შუალედი: ერთი მხრივ, მაქსიმალურად დავიცვათ პრევენციული ღონისძიებები და,  მეორე მხრივ, ტური ტანჯვად არ ვაქციოთ. თავისუფლებისა და სილაღის გარეშე ხომ ტურიზმი წარმოუდგენელია.  მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს მწვანე, უსაფრთხო და კომფორტული ტურიზმის ქვეყანა.

 „შენ სიცხე ხომ არ გაქვს?“, –  ამ ფრაზის გარეშე, მაგრამ ასეთი ეჭვით და თერმომეტრით ხელში, თუმცა ღიმილით უნდა დავხვდეთ ახლა ყველა სტუმარს.

ტურიზმის ადმინისტრაციის  ხელმძღვანელები ჯანდაცვის უწყებასთან ერთად ცალკეული მიმართულებების მიხედვით რეგულაციებზე მუშაობდნენ. ამ პროცესში  ჩართული იყვნენ სფეროში დასაქმებული ადამიანები, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები. როგორც ამბობენ, რეგულაციები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეყრდნობა, თუმცა შეძლებისდაგვარად გათვალისწინებულია ქართული ტურიზმის რეალობა.  ბევრი გიდისა და ტუროპერატორის აზრით, მიღებული რეგულაციები უბრალოდ მოკლავს ტურიზმს.

29 მაისს გამოქვეყნდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის  (COVID-19)  გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე (01-227/ო).

ამ დოკუმენტს თან ახლავს 20-მდე რეკომენდაცია ცალკეული სამუშაო ადგილის მიხედვით. მე-15 დანართში კი მოცემულია რეგულაციები ტუროპერატორებისა და გიდებისთვის. ზოგიერთი დებულება კი სხვა დანართებშიც არის წარმოდგენილი.

რეკომენდაციები, რომლებიც ჯგუფური მოგზაურობისთვის მიიღო ქვეყანამ, რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დავყოთ:

  1. ჯგუფში არაუმეტეს 15 ტურისტისა

პირველი პუნქტი  ჯგუფში ტურისტების რაოდენობას ეხება.

ერთ ჯგუფში, რომელსაც ერთი გიდი მოემსახურება, არ შეიძლება იყოს 15 ტურისტზე მეტი.

დოკუმენტის დანართში მოცემულია ტურისტთა რაოდენობა სატრანსპორტო საშუალებების მიხედვით:

მინივენში დაუშვებელია 4 მგზავრზე მეტის დაჯდომა.

12, 15, 18-კაციანი მიკროავტობუსები შეიძლება დაიტვირთოს შესაბამისად: 7, 9 ან 11 კაცით, ისე, რომ მგზავრები ფანჯრებთან მდებარე სკამებზე განთავსდნენ.

საშუალო და დიდი ზომის ავტობუსებში დატვირთულობა 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

დიდ ავტობუსებში 15-ზე მეტი მგზავრის არსებობისას  კომპანიას ან ორი გიდის დაქირავება მოუწევს, ან მანქანის აღჭურვა აუდიოგიდით.

  1. დაცვის საშუალებები

ახალი რეგულაციების შესაბამისად, ტურისტულმა კომპანიამ გიდიც და მძღოლიც  ინივიდუალური დაცვის საშუალებებით უნდა უზრუნველყოს.

ახალი რეგულაციები ავალდებულებს სატრანსპორტო საშუალებებს, აღიჭურვონ სულ მცირე 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ან სხვა სპეციალური ხელის სადეზინფექციო საშუალებებით.

გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა და სხვა ჰიგიენური საშუალებების მოსაცილებლად სატრანსპორტო ან ტურისტულმა კომპანიამ მანქანა დახურული კონტეინერით უნდა აღჭურვოს.

ავტობუსებში მძღოლებს  კაბინასთან მგზავრების დისტანცირების უზრუნვესაყოფად ევალებათ, მოაწყონ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი.

ტურის მსვლელობისას მძღოლს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი.

ტურზე წასვლის წინ კომპანიაში ჯერ თავად გიდმა და მძღოლმა უნდა გაიარონ თერმოსკრინინგი.

  1. მძღოლის ვალდებულებები

მძღოლი ვალდებულია ის ზედაპირები, რომლებსაც მგზავრები ყველაზე ხშირად ეხებიან (კარი, სახელურები, ღილაკები) ყოველ ორ საათში ერთხელ გაწმინდოს შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარით.

ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდეგ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება. დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თავის მისაყრდნობი და სავარძლების სამკლაურების დამუშავებას.

მძღოლებს ევალებათ ხშირად გაანიავონ მანქანის სალონი.

  1. გიდი – თერმომეტრიანი მედდა და პოლიციელი

წელს გიდის სამუშაო ინსტრუმენტებს თერმომეტრიც დაემატება. დამსაქმებელმა გიდი უნდა აღჭურვოს ინდივიდუალური ტემპერატურის საზომით. გიდმა თითოეულ ტურისტს, მედიკოსების ენით რომ ვთქვათ,  თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტაროს, ანუ უბრალო მოკვდავთა ენით თუ ვიტყვით,  სიცხე უნდა გაუზომოს. ამავე დროს შემდგომი მონიტორინგისთვის მონაცემები ჟურნალში შეიტანოს.

გარეთ მუშაობისას ნიღბის ტარება არ არის საჭირო, თუმცა დისტანციის დაცვა აუცილებელი იქნება როგორც გარეთ, ასევე დახურულ სივრცეში, მათ შორის ტრანსპორტში.

გიდი ვალდებული იქნება: ტურისტებთან შეხვედრისას ეკეთოს ნიღაბი. დამცავი ფარის/სათვალის, ხელთათმანის გამოყენება აუცილებელი არ არის. ავტოტრანსპორტით გადაადგილებისას მგზავრებსაც აუცილებლად უნდა ეკეთოთ პირბადე.

გიდს, ტრადიციული სამუშაოს გარდა, რამდენიმე მოვალეობა ემატება:

თუ ტურისტს სიცხე ან  კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი რაიმე სხვა სიმპტომი აღმოაჩნდება (ხველა იქნება, სახსრების ტკივილი თუ ყელის სიმშრალე), გიდი შესაბამისი პროტოკოლის დაცვით უნდა მოიქცეს და  ტურისტის საკარანტინო ზონაში გადაყვანაზეც იზრუნოს.

მოკლედ, გიდს ტურის მსვლელობისას მედდის ფუნქციების შეთავსებაც მოუწევს. ამისთვის წინასწარ ტრენინგის გავლაც იქნება საჭირო. ტრენინგებს კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უახლოეს პერიოდში დაგეგმავს.

გიდს ტურზე ასევე მოუწევს პოლიციელის როლის შესრულებაც, იმ შემთხვევაში, თუ ტურისტები არ დაიცავენ წესებსა და დისტანციას.

თუ გიდი იყენებს  აუდიოაპარატურას, ტურისტებმა უნდა გამოიყენონ ერთჯერადი ყურსასმენები.

როგორ აფასებენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ახალ რეგულაციებს?  დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ გიდების ნაწილმა საპროტესტო წერილით მიმართა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.  მათ მიაჩნიათ, რომ არსებული რეგულაციების პირობებში  მუშაობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.

ჩვენ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ როგორც სამუშაო პროცესში ჩართულ ადამიანებს, ასევე მათ, ვინც მიიჩნევს, რომ სფეროს პროფესიონალები მხოლოდ სიმბოლურად ჩართეს პროცესში.

ქეთი მელაძე, გიდების ასოციაციის თავმჯდომარე: „რეგულაციების შემუშავებისას გათვალისწინებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები და ასევე ევროპის ქვეყნების გამოცდილება. დღეს სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს.

ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვქონდა გიდების მსოფლიო ფედერაციასთან.  ევროპის ბევრ ქვეყანაში გაცილებით მკაცრი რეგულაციებია დაწესებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 9-კაციან ჯგუფზე ერთ გიდს გვთავაზობდა, ასეა, მაგალითად, ავსტრიაშიც.  მე მიმაჩნდა, რომ 12 კაცზე მეტი ადამიანი არ უნდა ყოფილიყო ჯგუფში, თუმცა,  საბოლოოდ, 15 კაცზე შევთანხმდით.

პირადად ჩემთვის უსაფრთხოება უმთავრესია“.

ალექსანდრე გიორგიძე, გიდი:  „რეგულაციების ცხოვრებაში გატარება  მტკივნეული იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, სხვა გზა არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი  არ იძლეოდეს ინტერპრეტაციის საშუალებას. სამწუხაროდ, წარმოდგენილი დოკუმენტი სრულად არ არის მორგებული ტურიზმის სფეროს.  ვფიქრობ, მენეჯმენტის კუთხით აღსრულების პრობლემა გაჩნდება და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული  კომპანიის, გიდისა და მძღოლის პატიოსნებაზე.

მაგალითად, მე და ჩემი კომპანია, ვთქვათ, სრულად ვიცავთ დადგენილ წესებს, მაგრამ ჯვართან, მოგეხსენებათ, არ არის დიდი სამოძრაო სივრცე და თუ იქ იმდენი ხალხი აღმოჩნდა, რომ ჯგუფები აირია, ხომ ჩაიყარა წყალში მთელი ჩვენი პრევენციული ღონისძიებები?“.

რუსუდან ჯაფარიძე, გიდი: „გვესმის და ყველა ვხვდებით, რომ წელს მკაცრი შეზღუდვების პირობებში მოგვიწევს მუშაობა, რომ ტურიზმი ეპიდემიის წყარო არ გახდეს.

ვამბობდი, კარგია, რომ  ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს გვისმენდნენ-მეთქი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლომდე არ გაითვალისწინეს, რასაც ვუსაბუთებდით. იმედია, მსჯელობას გავაგრძელებთ და ლოგიკურ შედეგს დავდებთ.

მაგალითად, საუბარი მაქვს სალონში ტიხარზე, რომელიც აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის გადაადგილებას, სარკეების მართვას, ჰაერის ცირკულაციას.  არ ვიცი, რამდენად შესაძებელია 2 საათში ერთხელ დეზინფექცია.

შეკითხვები გვაქვს კონდინცირებასთან დაკავშირებითაც, ზაფხულში კონდინციონერის გარეშე გადაადგილება შეუძლებელი იქნება.

ყველაზე მთავარი საკითხი მაინც ის არის, რატომ არ მოხდა ჩვენი პრაქტიკული რჩევების სრულად გათვალისწინება. არავინ დავობდა მგზავრების განახევრებაზე, რადგან გვისაბუთებდნენ, სხვაგვარად არ მიეცემა ტურიზმს  მწვანე შუქიო, მაგრამ ბევრ საკითხში ნამდვილად შეიძლებოდა ჩვენი წინადადებების გათვალისწინება“.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ახალი რეგულაციები სერიოზულად აძვირებს მათ საქმიანობას.

გიორგიძის აზრით,  რეგულაციები აძვირებს როგორც მცირე, ისე დიდი მოთამაშეების საქმიანობას: „შეიძლება ითქვას, არსებობს ერთი პლუსი, კომპანია მეტ ადამიანს დაასაქმებს. საჭირო იქნება მეტი მანქანა და მეტი მძღოლი, მეტი გიდი.  თუმცა შეიძლება არჩევნის წინაშე აღმოჩნდნენ: რა ურჩევნიათ ტექნიკის შეძენა, თუ გიდის დამატება. მარტო აუდიოგიდი რომ ავიღოთ, ნორმალური აუდიოგიდი ფასი 500 დოლარის ფარგლებშია.

მესმის, რომ არსებობს ვირუსის გავრცელების საშიშროება, მაგრამ გადამეტებული  სიფრთხილე, მკაცრი რეგულაციები ტურს ძალიან გააძვირებს და ტურისტებს დაგვაკარგვინებს“.

ნუცა ცქიმანაური, კულტურული და სათავგადასავალო ტურიზმის გიდი: „ჩემი აზრით, რეგულაციები, რომლებიც წარმოადგინეს, ძალიან გაართულებს ჩვენს სამუშაოს. სიმართლე გითხრათ, ძალიან უკმაყოფილო ვარ: როგორც ჩანს, ორგანიზებულ ტურიზმს უნდა დავემშვიდობოთ.  ტურს ნუ შევადარებთ რესტორნაში სადილად ან სავახშმოდ მისვლას. პირბადე, სიცხის გაზომვა, მკაცრი რეგულაციები ბევრ ტურისტს დააფრთხობს.  ასეთ დროს ხომ ტურის მთელი ხიბლი იკარგება.

ტურიზმი თავისუფლება და თავგადასავალია,  დასვენება და გართობაა, ტურისტი სწორედ ამისთვის ჩამოდის“.

მძღოლები საუბრობენ იმაზე, რომ იძულებული გახდებიან, ტური გააძვირონ:

ზურაბ მუხიგულაშვილი მძღოლია და სხვადასხვა ტურისტულ კომპანიასთან თანამშრომლობს: „2011 წლიდან ვარ ამ სფეროში. აქამდე „დელიკით“ ვმუშაობდი, ახლა მინივენი მყავს. რომ ავიღოთ თუშეთის ტური, ისედაც  300-400 ლარი  უჯდებოდა ერთ ტურისტს. მგზავრების თითქმის განახევრების შემთხვევაში ფასი გაორმაგდება.

ყოველი ტურის მერე სრული დეზინფექცია… პირბადე, დისტანცია, თერმოსკრინინგი…. გაძვირებული ფასები…  ასეთ პირობებში ბევრი ადამიანი არ მოისურვებს მოგზაურობას. წინა წლებთან შედარებით ალბათ 10 პროცენტით თუ დავიტვირთებით“.

გიორგი აბრამაშვილი, გიდი-მძღოლი: „მე მინივენით ვმუშაობ. ჩემს მანქანაში, მძღოლისა და გიდის გარდა, 6 კაცი ეტევა. თუ წინ არ დაჯდება მგზავრი,  უკან გამოდის, რომ 4 კაცი შეიძლება დაჯდეს და 1-1.5 მეტრიანი დისტანცია მაინც დაირღვევა.

ბიუჯეტურ ტურებზე ხშირად გვიწევდა გიდის ფუნქციის შეთავსება და ასეთ პირობებში, ისედაც რომ ძვირდება ტური, ალბათ ცალკე გიდს აღარ დაიქირავებენ.  თუ გიდი არ იქნება, გამოდის, რომ გიდმა-მძღოლმა უნდა შეითავსოს მძღოლობა, გიდობა, მედდობა, პოლიციელობა; მართოს მანქანა, მოყვეს ტექსტი, წმინდოს სახელურები, აკონტროლოს სიცხე და დაავადების სიმპტომები, აკონტროლოს დისტანცია. შეუძლებელია ეს ყველაფერი აკეთოს ერთმა ადამიანმა!

ვფიქრობ, ამ რეგულაციებით უბრალოდ მოკვდება ქართული ტურიზმი!“.

გიდები საუბრობენ იმ სირთულეებზე, რომელთა წინაშეც დადგებიან გიდები. ახალი რეგულაციების პირობებში ხომ ძალიან იზრდება გიდის პასუხისმგებლობა:

ალექსანდრე გიორგიძის აზრით,  პირველი სირთულეა ის, რომ თავად გიდს გარკვეული საფრთხის პირობებში მოუწევს მუშაობა. მან უნდა დაიცვას წესები, რათა თავიდან აირიდოს ინფიცირების რისკი.

მეორეა ის, რომ გიდმა უნდა აკონტროლოს სხვათა ჯანმრთელობა.

მესამე ემოციური სირთულეა: გიდი თან მხიარული, პოზიტიური უნდა იყოს და თან პოლიციელის ფუნქციაც შეითავსოს: არ დაარღვევინოს ტურისტს დისტანცია”.

საქმის გაორმაგების მიუხედავად, საეჭვოა ვინმემ ზედმეტი გადაუხადოს გიდს.

პირიქით, გიდები ფიქრობენ, რომ ჯგუფის დაყოფის შემთხვევაში, როცა სამი მძღოლისა და სამი გიდის აყვანა იქნება საჭირო, კომპანიები, ტურისტს ძალიან რომ არ გაუძვირდეს ტური, ანაზღაურებასაც გაყოფენ. წელს, საყოველთაო უმუშევრობის პირობებში, დაბალ ფასად მუშაობას ბევრი დათანხმდება.

„არ გინდა და წადი, დასაქმების მსურველი ბევრია“, – წელს ქართველ დამსაქმებლებში ისევ ყველაზე პოპულარული ფრაზა იქნება.

ქეთევან ახობაძე, გიდი, ტრენერი: „ფაქტია, რომ სფეროს გაჩერება არ შეიძლება, თუმცა კარგად ვაცნობიერებთ, საფრთხეებსაც.  გვესმის, რომ გაიდლაინები ვერ იქნება კომფორტული. თუმცა გიდები ის ადამიანები არიან, ყველაზე კარგად რომ ადაპტირდებიან მოულოდნელობებთან.

ერთი შემიძლია ვთქვა, გიდმა არ უნდა აიღოს ექიმის როლი, ეს არარეალურია. თან თუ შვიდ-ათდღიანი ტურია, გიდს ვერ დავაკისრებთ პასუხისმგებლობას, სრული პერიოდის განმავლობაში აკონტროლოს ტურისტის ჯანმრთელობა.

ზაფხულისა და ტურისტული სეზონის განმავლობაში ტურისტულ ცენტრებში, ვფიქრობ, გამართლებული იქნება მობილური ცხელების ცენტრების არსებობა“.

ლევან რევაზიშვილი, გიდი და ტუროპერატორი, ლექტორი: „პირველი, რაც მაინტერესებს, დაჯარიმდება თუ არა გიდი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო  რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში. მიმაჩნია, რომ ეს რეგულაციები დაბალანსებული იყოს: ვირუსის ამოცნობა ხშირად ექიმებსაც უჭირდათ. გიდისთვის კი, რომელსაც ტურში ისედაც ბევრი პასუხისმგელობა აქვს დაკისრებული, ამ ფუნქციის მინიჭება ზედმეტი მგონია, რადგან ვერ ექნება სათანადო კომპეტენცია. გიდი არის სერვისის მიმწოდებელი და ტურზე ვერ იქცევა დიქტატორად, რომ ტურისტი დასაჯოს. ჩემი აზრით, გიდს შეიძლება მოვთხოვოთ სანიტარული ნორმების დაცვა, მაგრამ 200-300 ლარიანი თერმომეტრის შეძენა და ტარება, ავტომობილის გადატიხვრა და ტურისტულ ობიექტზე დისტანციის დაცვა ფიზიკურად შეუსრულებელი დავალება მგონია“.

გიდები საუბრობენ იმაზე, რომ აკლიმატიზაციის, ალერგიის, ქართულ სამზარეულოსთან შეუთავსებლობისა თუ სხვა ბევრი მიზეზის გამო შეიძლება სიცხე ჰქონოდა ტურისტს.

ნუცა ცქიმანაური: „გიდს ისედაც უამრავი პასუხისმგებლობა აქვს. მან ტურის გაძღოლაზე იფიქროს, თუ იმაზე, ვინმეს სიცხემ არ აუწიოს, ვინმემ არ წამოახველოს. გიდი ექიმი ვერ იქნება, ვერც იმაზე იფიქრებს, საღამოს ვინ ვისთან დარჩება, ან ვინ ვის ჩაეხუტება. ეს მისი საქმე არ არის.

კიდევ უფრო რთული გახდება სამთო ტურების ჩატარება. მართალია, ეს რეგულაციები ჯერ მხოლოდ მუშავდება. ძალიან ველი, საბოლოოდ რა სახეს მიიღებს“.

პაატა ვარდანაშვილი, ტურისტული კომპანია „პაატა.გე-ის“ დამფუძნებელი: „მოლაპარაკებებმა რაღაც შედეგი გამოიღო და კარგია თუ ცუდი, მაინც შედეგია: წელს სრულ თავისუფლებას არც ველოდით და არც გვინდა უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

თუმცა სხვაგანაც ასეთი პირობებია და თუ ვინმე არის ჩამომსვლელი, მეტ-ნაკლებად შეგუებული იქნება ასეთ პირობებს. ახლა გიდების მხრიდან ამპარტავნების გამოვლენის დრო არ არის, რომ ვიძახოთ, სიცხეს არავის გავუზომავო.  ვინმე ჩამოვიდეს და უკვე აღჭურვილობაზეც უნდა დავიწყოთ ზრუნვა. თავიდან ბექბექერები, მოლაშქრეები, დამსვენებლები მეტნი იქნებიან, მერე ტურისტებიც წამოვლენ…

რთულია, მესმის, რომ ჯამში ვიღებთ რეგულაციებს, რომლებიც, ფაქტობრივად, კლავს ტურიზმს. მესმის, რომ რთულია, მაგრამ სხვა გზა არ არის.

მარტო ფასი და გაძვირება არ არის პრობლემა. ტურიზმი, პირველ ყოვლისა, დასვენება-განტვირთვაა. თუ ადამიანს სიცხე უნდა უზომო, ატარო პირბადით, ის უბრალოდ, გადაიფიქრებს დასასველებლად წასვლას.

მე ასეთ ტურში არ წავიდოდი. ამას ისევ სახლში დარჩენა სჯობს. მე წელს არსად ვაპირებ წასვლას. პირბადეს 10 წუთით მაღაზიაშიც ვერ ვიკეთებ“.

დავით ნასარიძე, გიდი: „მოკლედ, წელს ტურისტიც და ჩვენც, გიდებიც ათჯერ უნდა დავფიქრდეთ – გვინდა ტურიზმი? რა ვიცი, მე ალბათ თავს შევიკავებდი“.

კობა მაისურაძე, გიდი-მძღოლი: „ვერ ვხვდები, ტურიზმი უნდა სახელმწიფოს? არ ვიცი, შეგნებული ბოროტებაა, რაც ხდება, თუ შეუგნებელი და გაუაზრებელი არაპროფესიონალური მოქცევა“.

კიდევ ერთი სერიოზული საკითხი, რომელიც გიდებმა წამოწიეს ხელისუფლებისთვის გაგზავნილ წერილში: ქვეყნის ხელისუფლება სთხოვს ტურისტს, რომ მას ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ჰქონდეს ტესტი ახალ კოვიდინფექციაზე. ეს ტესტი ტურისტმა, ცხადია, თავისი ხარჯით უნდა გაიკეთოს. როგორც გიდები წერენ, მსგავსი მოთხოვნის პასუხად, ტურისტებიც უკვე ითხოვენ კომპანიისგან, რომ დაახვედრონ  გიდები და მძღოლები, რომელთაც  ინფექციაზე უარყოფით დასკვნა ექნებათ.

ყოველ 72 საათში კი ასეთი ცნობის აღებასა, ანუ ტესტირების ჩატარებას არათუ თავად მძღოლები და გიდები, ვერცერთი დიდი და ძლიერი კომპანია ვერ შეძლებს.

ამდენად, ზაფხულის სეზონს ქართული ტურიზმის სფერო ურთულესი პირობებითა და სერიოზული გამოწვევებით ხვდება.

პოსტკოვიდური ტურიზმი – ყოფნა-არყოფნა – საკითხავი აი, ეს არის…
_________________________________________________

გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.