ავტორიტარიზმის გზაგასაყარზე | როგორ აფასებენ ექსპერტები მიშელის დოკუმენტის ანულირებას

28 ივლისს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მოულოდნელი ბრიფინგი გამართეს. ტრიბუნასთან პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მივიდა და გამოაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ შეთანხმებიდან გასვლაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა, რადგან პარტიამ 100 დღის განმავლობაში მას ხელი არ მოაწერა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიამ აპრილში ბოიკოტი შეწყვიტა და შეთანხმებას ხელი მოაწერეს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა თუ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ირაკლი კობახიძემ მაინც განაცხადა, რომ ამ შეთანხმებამ თავი ამოწურა.

შეთანხმების ანულირების ფონზე ბუნდოვანი გახდა, რა ელის მართლმსაჯულების რეფორმას, რომლის ფარგლებშიც უნდა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნები, თუმცა ხელისუფლება ჯერ კიდევ შეთანხმებიდან ამბობდა გასვლამდე უარს მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებაზე.

კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი. კობახიძის თქმით, 43%-იანი დათქმა გაუქმდა და არჩევნები მმართველი გუნდის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. ის დაინიშნება, თუ პარტიის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის ქცევაში ამოიკითხავენ, რომ კოალიციური მმართველობა ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს ვერ შეუქმნის.

განცხადების ეს ნაწილი განსაკუთრებით საინტერესო იყო პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის, კორნელი კაკაჩიასთვის. რადგან, როგორც კაკაჩია „პუბლიკასთან„ ამბობს, სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ კოალიციურ მმართველობას, პირიქით, სტაბილურობის ზრდა მოაქვს და არა საფრთხე ქვეყნისთვის.

„მრავალპარტიული მმართველობა ყველგან იყო ქვეყნის მედეგობისა და სტაბილურობის გარანტი. როგორ მოიტანდა საქართველოში საპირისპიროს? ეს არის აბსოლუტურად ყალბი განცხადება. კოალიციური მმართველობა თუ რამეს საფრთხეს უქმნის, ეს არის ერთპარტიულობა. საფრთხეს უქმნის სწორედ, აი ამ ხელისუფლებაზე ჩაბღაუჭების მანიაკალურ მცდელობას, რომელიც ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ“, – ამბობს კაკაჩია.

მისი თქმით, ხელისუფლებას ახლა აქვს შიში, რომ ძალაუფლების დაკარგვის შემთხვევაში, ქართულ პოლიტიკურ ტრადიციას გააგრძელებს და ახალი ხელისუფლება მის დევნას დაიწყებს, ისე, როგორც თავად გააკეთა და გააკეთეს მისმა წინამორბედებმა. ამიტომ მათთვის ერთადერთ ამოსავალ წერტილად ძალაუფლების შენარჩუნება იქცა.

„მათთვის უკვე მნიშვნელობა არ აქვს, მიშელი იყო თუ არა ჩართული, და შეერთებული შტატები ან ევროკავშირი რას იტყვის. იმიტომ, თვითგადარჩენის ინსტინქტი იმდენად არის გამძაფრებული, რომ დანარჩენი ყველაფერი აზრს კარგავს მათთვის. ეს კი ძალიან საშიში და სახიფათოა“, – ამბობს კორნელი კაკაჩია, რომლის თქმითაც, ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ კიდევ ერთი  ტრადიცია გააგრძელა – 30-წლიანი ციკლი, რომელშიც საქართველო პერიოდულად დგება დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის გზაგასაყარზე. დღესაც, ქვეყანა კიდევ ერთხელ დადგა გამოწვევის წინაშე ამ ახალ რეალობაში; რეალობაში, რომელსაც „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროპასთან ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე უწოდებს „შოკს ქვეყნისთვის“, რადგან მისი თქმით, დიდი რესურსი ჩაიდო ამ შეთანხმებაში. იყო მთელი ვნებათა ღელვა და იმედი, რომ თითქოსდა ეს გამოიყვანდა ქვეყანას კრიზისიდან, პოლარიზაციიდან და ჩიხიდან. ამიტომ ყველამ შოკი განიცადა, ვინც ამ შეთანხმების შესრულებას გულშემატკივრობდა.

„მე არ მახსენდება ქვეყნის ისტორიაში რაიმე შეთანხმების, მით უმეტეს, ევროკავშირის მედიაციით დადებული შეთანხმების ანულირება მომხდარიყოს. ყოფილა შემთხვევები, რომ არ სრულდებოდა რაღაც საკითხები ან სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, მაგრამ ასე საერთოდ მომხდარიყო ანულირება, მე არ მახსენდება.

აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ის, თუ რა არის საბოლოო მიზანი „ქართული ოცნებისა“ და რა ვითარებაში ჩაივლის კარს მომდგარი არჩევნები“, – დასძენს ჩხიკვაძე.

ის იზიარებს მოსაზრებას, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ყველა ღონეს ხმარობს ხელისუფლებაში დასარჩენად. შესაბამისად, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ დასავლელი პარტნიორების მოწოდებები.

კორნელი კაკაჩია კი ამბობს, რომ მმართველ გუნდში, სავარაუდოდ, დაფიქრდნენ მოსალოდნელი არჩევნების რისკებზე. იმაზე, რომ მათ შესაძლოა მართლაც ვერ მოეპოვებინათ 43%-იანი მხარდაჭერა, დაეკარგათ ძალაუფლება და გადადგეს ეს ნაბიჯი.

„სხვა გარეგანი „გამაღიზიანებელი“ თითქოს ბოლო პერიოდში აღარ ყოფილა. ეს იმ ფონზე გაკეთდა, როცა აგვისტო, ფაქტობრივად, მკვდარი თვეა ქართული პოლიტიკისთვის და არავინ აპირებდა დემონსტრაციებს, პირიქით – რაც ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ქართულ მედიასთან, ის დაპირისპირებაც კი ნელ-ნელა ილეოდა.

ამ ფონზე, ჩანს, რომ მათ კარგად გათვალეს და გადადგეს ეს ნაბიჯი, გამომდინარე იმ რისკებიდან, რომლებიც დაინახეს მათი მმართველობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ასევე, ალბათ იფიქრეს, რომ ზაფხულია, ხალხი ვერ გამოვა და სექტემბერში უკვე ახალ რეალობას იქნება შეგუებული ხალხიც, პოლიტიკური სპექტრიც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც ფაქტის წინაშე დააყენებდნენ“, – ამბობს კაკაჩია.

თუმცა, როგორ მიიღებს „ოცნების“ მხრიდან ასე ფაქტის წინაშე დაყენებას დასავლეთი? რა ბერკეტები აქვს და შეუძლია თუ არა ხელისუფლებაზე ზემოქმედება? ვანო ჩხიკვაძის თქმით, დასავლეთს რეალური, ძლიერი ბერკეტები აქვს. ერთ-ერთი ბერკეტია, მოახდენს თუ არა ადგილობრივი არჩევნების ლეგიტიმაციას.

„ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს. რამდენად თავისუფალ გარემოში ჩატარდება და იქნება თუ არა კონკურენტული. ეს თუ არ იქნა, ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდება მის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ეს ლეგიტიმაცია კი მას სწორედ დასავლეთმა და ტრანსატლანტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა მიანიჭონ. რა თქმა უნდა, სანქციებზეც არის საუბარი, მაგრამ ეს მარტივი პროცედურა არ არის“, – ამბობს ჩხიკვაძე.

თუმცა, როგორც წესი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თუ აქტივისტების მხრიდან ხშირია დასავლელი პარტნიორების მიმართ მოწოდება სანქციების დაწესებაზე, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვან ბერკეტად მოიაზრებენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კი ისიც მოგვისმენია, რომ ეს მოწოდებები ქვეყნისთვის ზიანის მომტანია. ვანო ჩხიკვაძის თქმით, როცა სანქციებზეა საუბარი, მიზნობრივი იგულისხმება და არა სახელმწიფოსთვის დაწესებული სანქცია. მიზნობრივი სანქციების გამოცდილება კი ევროპაშიც აქვთ.

„სანქციების გამოცდილება იყო ბულგარეთში, სადაც ბრიუსელმა და აშშ-მა დაუწესეს კონკრეტულ პირებს, იყო სლოვაკეთში ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ. იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაში, ამოქმედდა მოლდოვაშიც. მაგრამ ამას სჭირდება სერიოზული დასაბუთება და დოკუმენტების შეგროვება, თუ რატომ უნდა ამოქმედდეს სანქციები. როგორც გითხარით, ეს მარტივი მექანიზმი არ არის. მაგრამ შესაძლებელი არის.

შესაძლებელია ეს მოხდეს საქართველოშიც, მაგრამ არაა ისე, რომ დღეს იტყვიან და ხვალ გაკეთდება. ეს პროცედურულად არ არის მარტივი.

რა თქმა უნდა, სანქციები არის არსენალში, მაგრამ ხშირად არის განცდა, რომ ეს შეიძლება უცებ ამოქმედდეს, რაც არ მოხდება“, – ამბობს ჩხიკვაძე და დასძენს, რომ, ამის გარდა, არსებობს სხვა ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც უფრო რეალური ჩანს.

მათ შორის, მიკროსაფინანსო დახმარება ევროკავშირისგან, რომლის შეჩერებაზეც ევროპარლამენტში რამდენიმე თვის წინ დაიწყო საუბარი. უშუალოდ შეერთებული შტატების მხრიდან დახმარებაც – დემოკრატიის მიმართულებით გამოყოფილი თანხები, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემისთვის გამოყოფილი რამდენიმე მილიონი. ჩხიკვაძის თქმით, ეს დახმარებები შეიძლება შეჩერდეს.

კორნელი კაკაჩია კი დასძენს, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადება მწვავეა და ხელისუფლებამ მათ პოზიციას ყურადღება უნდა მიაქციოს. „გაბრაზებული“ – ასეთ ტერმინს დიპლომატიაში აშშ ძალიან იშვიათად იყენებს. „ქართული ოცნების“ შეთანხმებიდან გასვლაზე მისი რეაქცია საქართველოში ამერიკის საელჩომ სწორედ ასე შეაფასა.

„ევროკავშირისგან არ იყო ასეთი მკაფიო განცხადება, პირიქით, საუბარი იყო ჩართვაზე. მაგრამ თუკი ამ მოლაპარაკებებმა შედეგი კიდევ არ გამოიღო, ამ ყველაფერმა შეიძლება ხელი შეუწყოს საქართველოთი ევროპის გადაღლას. მაგალითად, ასეა უკვე უკრაინის საკითხი ევროპაში და თუ ასე გაგრძელდა, არ არის შორი, რომ მივიდეთ ამ გადაღლამდე.

საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია „ოცნებას“ ქვეყნის პერსპექტივა, თუკი ევროპა და ამერიკა აქამდე მივიდა“, – ამბობს კაკაჩია.

კორნელი კაკაჩიას თქმით, ამ სცენარში შესაძლოა საქართველო იზოლაციაში მოექცეს და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. „თუმცა, ხელისუფლებას როცა ამას ვეუბნებით, მათ თითქოს არ სჯერათ“, – ამბობს ის.

კაკაჩიას თქმით, მმართველი გუნდი თითქოს პირიქით, თავდაჯერებულად საუბრობს 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადზე, ან ყოველ შემთხვევაში საზოგადოებისთვის ამის დაჯერებას ცდილობს. თუმცა, დღეს არათუ ევროკავშირის წევრობას, მასთან პარტნიორობასაც კი მიადგა ჩრდილი.

„როგორ შეიძლება ამ თემაზე საუბარი? პირიქით, ეს შეიძლება ირონიის საგანიც კი გახდეს, თუკი მოვლენები იქით წავიდა, საითაც დღეს მიდის და მმართველმა გუნდმა ეს უკუსვლა არ შეაჩერა“, – დასძენს კორნელი კაკაჩია.

მისი თქმით, ახლა ფოკუსი ოპოზიციაზეა – რას გადაწყვეტს და როგორ იმოქმედებს ის ახალ რეალობაში.

ვანო ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია დასავლეთის გზავნილებს არ უნდა ელოდოს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავადვე დასახოს გეგმა და ხედვა ამ ვითარების შესაცვლელად.

„ოპოზიცია არ უნდა დაელოდოს, რა მესიჯი იქნება დასავლეთიდან. თვითონ უნდა შეიმუშაოს გეგმა და დაანახოს დასავლეთს, რომ თვითონ აპირებს ბრძოლას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს გასაკეთებელ საქმეს არავინ გააკეთებს“, – ამბობს „პუბლიკასთან“ ჩხიკვაძე და მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ შესაძლოა, ერთი მხრივ, დაიწყოს მოქმედება პარლამენტს გარეთ, მაგრამ, მეორე მხრივ, მისთვის საჭიროა ბრძოლა პარლამენტშიც.

ამ მოსაზრებას იზიარებს კორნელი კაკაჩიაც. მისი თქმით, ახლა ოპოზიციაზეა დამოკიდებული, როგორ წარმოაჩენენ თავს საერთაშორისო პარტნიორებთან. რამდენად  არიან მომწიფებული ოპოზიციური ძალები და რამდენად შეძლებენ, რომ აი ამ ახალ რეალობაში საკუთარი თავი აჩვენონ  დასავლეთს, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური აქტორებმა, რომელთა ნდობაც შეიძლება.

„პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას ყოველთვის ვემხრობოდი. პოლიტიკური ოპოზიციის ადგილი არის პარლამენტში. ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიზანიც ხომ ეს არის, რომ იყვნენ პარლამენტში და შეასრულონ მოვალეობები ამომრჩევლის წინაშე. მათივე ინტერესებშია, რომ შეინარჩუნონ სოლიდურობა.

პარლამენტიდან კი არ უნდა გამოვარდნენ, პირიქით მათ უნდა აჩვენონ, რომ პატივს სცემენ საკუთარ ხელმოწერასა და ვალდებულებებს, რომლებსაც ეს შეთანხმება მოიცავს. ამით კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებენ „ქართულ ოცნებას“, რომლის იმიჯი ისედაც შელახულია საერთაშორისო პარტნიორების თვალში“, – ამბობს კორნელი კაკაჩია „პუბლიკასთან“.