აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და თერაპია - როგორი გამოცდილება აქვს გერმანიას

პუბლიკა

დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე – როგორი მიდგომები აქვთ გერმანიაში და როგორ ეხმარებიან ადამიანებს ამ გამოწვევასთან გამკლავებაში? – ამ საკითხებზე „პუბლიკას“ გერმანელი პროფესორი კლაუს ვოლფლინგი ესაუბრა.

საქართველოში ვიზიტად მყოფმა ვოლფლინგმა ქართველ კოლეგებს თამაშდამოკიდებულებაზე მიმართული თერაპიის მიდგომები გააცნო და გერმანული გამოცდილებაც გაუზიარა.

საქართველოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მასშტაბი, საკმაოდ, საყურადღებოა, შესაბამისად, ეს საკითხი ბევრს აინტერესებს. რა კრიტერიუმები არსებობს იმის შესაფასებლად, რომ ადამიანს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემა აქვს?

– პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი ეს არის კონტროლის დაკარგვა. თუ ადამიანს აქვს უნარი, გააცნობიეროს თავისი ქცევა, შეუძლია თავი შეიკავოს, მაგალითად, 7 დღის განმავლობაში, ეს ნორმაა. მაგრამ შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, ადამიანი მიდის დასასვენებლად, იქ თავს იკავებს, მაგრამ სახლში დაბრუნებული და ისევ კონტროლს კარგავს და თამაშს იწყებს.

 – თუ ადამიანმა ფული ისესხა თამაშისთვის ან რაღაც გაყიდა – ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინდიკატორი? ანუ მივდივართ თუ არა მატერიალურ კრიტერიუმებამდე, როდესაც პრობლემის იდენტიფიცირებას ვახდენთ?

– დიახ, ნამდვილად არის გარკვეული მანიშნებლები, რაც შეიძლება გამოვიყენოთ ამ პროცესში და მივხვდეთ, რაშია საქმე. ეს ფაქტორები უკვე მიანიშნებს გარკვეულ პრობლემებზე. რა თქმა უნდა, ვალების აღება და რაღაცების გაყიდვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პირდაპირი ეჭვი შეიძლება არ გაჩნდეს. ასევე, ძალიან ერთ-ერთი ინდიკატორია ტყუილები. ადამიანი იწყებს მოტყუებას თამაშთან დაკავშირებით, შეიძლება ტრანზაქცია გააკეთა, ან ფსონები დადო და ამ თემის გარშემო იწყებს ტყუილების მოფიქრებას.

– გარდა იმისა, რომ შეიძლება ფინანსური პრობლემები წარმოიშვას და იწვევს თუ არა ეს ტყუილებიც ოჯახის წევრებთან ურთიერთობის არევას? სოციუმთან ურთიერთობაზეც რომ ვისაუბროთ, რა პრობლემები იჩენს ხოლმე თავს უკვე შემდგომ ეტაპზე?

– ძალიან ხშირად პარტნიორთან, შეყვარებულთან ურთიერთობაში ექმნებათ პრობლემები, ასევე ხშირია კონცენტრაციის დაკარგვის პრობლემა და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება სამუშაო გარემოში, ან საგანმანათლებლო სივრცეში, როცა კონცენტრაციის ნაკლებობის გამო ვეღარ სწავლობენ, იჭრებიან გამოცდებში და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად წარმოაჩენს ხოლმე, რომ უკვე პრობლემა სერიოზულია.

– რა ეტაპს შეგვიძლია დავარქვათ – დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე? 

– ჩვენ ვყოფთ ასე – არსებობს გარკვეული ნორმის ფარგლებში მოხმარება, როდესაც ადამიანი ჩვეულებრივად, ნორმის ფარგლებში თამაშობს.

არსებობს პრობლემური მოხმარებაც – როდესაც უკვე დაძაბულობა შემოდის და ასე შემდეგ, მაგრამ მას მაინც პრობლემურად მოვიხსენიებთ.

ამის შემდეგ უკვე არის ადიქცია – მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თვითონ არ და ვერ აფასებს თავის დამოკიდებულებას.  ასეთ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ამ საკითხზე არ ელაპარაკო, არ გააკრიტიკო. ეს არის უკვე ჩამოყალიბებული მდგომარეობა, როცა ადამიანი კრიტიკას აღარ იღებს.

მკურნალობის მიდგომებს შორის რეალურად განსხვავება არ არის – ონლაინკაზინოში თამაშობს ადამიანი, თუ ფიზიკურად მიდის და დებს ფსონებს. ორივე შემთხვევაში იდეა არის ერთი, რომ მან მოიგოს ფული. სწორედ ეს აყალიბებს ადიქციას – ფულის მოგების ძლიერი სურვილი. ხოლო, როდესაც ადიქცია ყალიბდება, მოწონება აღარ არის, ამ შემთხვევაში უკვე ადამიანებს თამაშის დაჟინებული სურვილი აქვთ.

– საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში ამ გამოწვევის საპასუხოდ რიგი ღონისძიებები გაატარა – შექმნა ე.წ. სიები და ადამიანების გარკვეულ კატეგორიას აეკრძალათ თამაში. რომ შეგვიფასოთ, რამდენად შედეგის მომტანია მსგავსი აკრძალვა და ხომ არ შეიცავს ის რაიმე რისკებს?

– ინდივიდუალურად ე.წ. სიის არსებობა ადამიანს ნამდვილად ეხმარება. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა გაჩნდეს არალეგალური შემოთავაზებები, რაც, რა თქმა უნდა, პრობლემას ართულებს.

გრძელვადიან პერსპექტივაში რომ შევხედოთ, ე.წ. შავი სია საწყის ეტაპზე მაინც კარგია, იმიტომ, რომ ადამიანს ეძლევა საშუალება, ცოტა გამოვიდეს მდგომარეობიდან და საკუთარ თავს/ქცევას შეხედოს, დააკვირდეს. ეს ნამდვილად შეიძლება იყოს საწყისი ნაბიჯი, თუმცა საკმარისი არ არის.

– რა შეიძლება იყოს მეორე ნაბიჯი? რა განიხილება ეფექტიან მიდგომად?

– იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მწვავეა ადიქციის პრობლემა, გვაქვს ჰოსპიტლური მომსახურებაც. ადამიანი რჩება კლინიკაში და, ფაქტობრივად, ამ მდგომარეობიდან გამოსვლას სწავლობს – ეს ხდება მწვავე შემთხვევების დროს.

ასევე, გვაქვს ამბულატორიული პროგრამები და ადამიანები კვირაში ერთხელ მოდიან ინდივიდუალურ და ჯგუფურ სესიაზე. ეს ხდება საშუალო სიმწვავის შემთხვევის დროს. ჯგუფური სესიებით, დაახლოებით, 6-თვიან პერიოდში ვახერხებთ, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან გამოვიხსნათ ისინი.

– უფრო მეტი რომ მოგვიყვეთ სტაციონარულ მიდგომებზე, რა ხდება იმ დროს – როცა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანი ჰოსპიტლურ სერვისს იღებს?

– პირველ რიგში, როცა ადამიანი სტაციონარში წვება, ხდება ე.წ. გამოსვლის სიმპტომების მოხსნა და შემდეგ ერთვება ძალიან ინტენსიურ თერაპიაში – კვირაში სამჯერ ჯგუფური და ორჯერ ინდივიდუალური თერაპია. ეს საკმაოდ ინტენსიურია და მას დიდი დოზით ეძლევა რეფლექსიისა და ფიქრის საშუალება, ფიქრი იმაზე, თუ რა ფუნქცია ჰქონდა მის ცხოვრებაში თამაშს.

ძალიან მნიშვნელოვანია ჯგუფური შეხვედრები, როცა უსმენ სხვა ადამიანებსაც, ვისაც იგივე პრობლემები აქვთ, გავლილი აქვთ იგივე გზა, ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ამ პროცესში ბევრს სწავლობენ ერთმანეთისგან.

– რა მიდგომებს ენიჭება უპირატესობა თამაშდამოკიდებულების დროს? რა არის ის მთავარი პრინციპი, რომლითაც ამ ადამიანებთან მუშაობთ?

– მთავარი მეთოდი, რასაც ვიყენებთ, არის კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია. პაციენტებს ვასწავლით, როგორ ამოიცნონ ძლიერი ლტოლვის და მოხმარების სიტუაციები. ვეხმარებით, რომ ამ პრობლემის გრძელვადიანი, ნეგატიური შედეგები გავააზრებინოთ, რათა დაინახონ სრული სურათი, რა ელოდებათ მომავალში.

ასევე, ვეხმარებით, კავშირები იპოვონ თავიანთ ბიოგრაფიასთან, წარსულთან, გაიხსენონ ბავშვობის გამოცდილება, რატომ შეიძლებოდა დაწყებულიყო და ჩამოყალიბებულიყო აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და ის შეგრძნებები, რაც ამას თან ახლავს.

თერაპიის დროს, დგებიან იმ ფაქტის წინაშე, რომ ბევრი ნეგატიური გრძნობაც მოჰყვება თამაშს.

ასევე, თერაპიის ბოლოს ვაკეთებთ მანიშნებლების ექსპოზიციის თერაპიას, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება პირდაპირ კაზინოში წავყვეთ და ვნახოთ, როგორ იქნება ადამიანი იმ სიტუაციაში, როგორ გაუძლებს ცდუნებას. გარდა ამისა, შესაძლოა, კომპიუტერთან დავსვათ, თამაშს ვაყურებინოთ და ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნება ამაზე. ამას ვეძახით შეჩვევას, რომ ამ სტიმულებზე აღარ ჰქონდეს რეაგირება. მთავარი ფოკუსი ის არის, რომ ამ ადამიანებისთვის ყველა სარისკო სიტუაცია ამოვიცნოთ, რა აზრები და გრძნობები აქვთ და ასე შემდეგ. მიზანი არის, რომ რეაგირება აღარ ჰქონდეთ მსგავს სიტუაციაზე.

– რეკლამაზე მინდა გკითხოთ. რა ეფექტს ახდენს თამაშდამოკიდებულ ადამიანზე რეკლამები, ბანერები, რომლებიც ქალაქშია გამოკრული ან სხვადასხვა ვებგვერდზე ხვდება ადამიანს, ასევე, ფეხბურთის ყურებისას სხვადასხვა ტოტალიზატორის რეკლამა? არის თუ არა ეს ე.წ. ტრიგერი/ბიძგი ამ ადამიანებისთვის?

– ცხადია, რომ რეკლამებს ნამდვილად აქვს გავლენა. ასევე გავლენა აქვს პრობლემური გემბლინგის განვითარებაზეც. მაგალითად, როცა ბავშვები ან მოზარდები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა თუ ქალაქში ნახულობენ რეკლამებსა და ბანერებს, უჩნდებათ აზრი, რომ აი, ახლა, მე შემიძლია ბევრი ფული მოვიგო. მოკლედ რომ ვთქვათ, მოზარდს, რომელსაც არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, შესაძლოა, ფსონების დადებისკენ უბიძგოს.

– მაინტერესებს, როგორ ხდება ამ თერაპიების დაფინანსება: კერძოა თუ მთლიანად სახელმწიფო ფარავს? რა ღირს? რამდენად ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს ღარიბი ქვეყნის მოსახლეობისთვის?

– ჩვენთან მას დაზღვევა ფარავს. არსებობს რეგულაცია და თამაშდამოკიდებულების შემთხვევაში ფინანსდება 40 სესია, აქედან 30 არის ჯგუფური და დანარჩენი – ინდივიდუალური.

– სახელმწიფო დაზღვევა აფინანსებს თუ კერძო?

– ზოგადად, სისტემა ისეთია, რომ სახელმწიფო ფარავს, მაგრამ შემდეგ თუ კარგი ანაზღაურება გექნება, შეგიძლია, წახვიდე და კერძო დაზღვევა აიღო.

ეს პრობლემა არ დგას თამაშზე დამოკიდებულების შემთხვევაში, ორივე დაზღვევა უპრობლემოდ ფარავს.


პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გამოცემა და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.