ბაბუის მოგონებებით დაწყებული მეღვინეობა

პუბლიკა

მეღვინე შორენა პატარიძისთვის თავისი სოფელი ბაბუასთან და მისი ღვინის გემოებთანაა დაკავშირებული. ბაბუა ცოცხალი აღარაა, მაგრამ შორენამ ამ მოგონებების გაცოცხლება წლების წინ სცადა და რაჭაში, სოფელ აბანოეთში, მეღვინეობის ბიზნესი ბაბუის მარნიდან დაიწყო.

შორენას ბაბუას სოფელში ყოველთვის ჰქონდა ვენახები და ღვინოსაც სულ წურავდა მუჯურეთულისა და ალექსანდროულისგან.

„ბავშვობიდან მახსოვს ის გემო და აღვიდგინე, ბაბუა როგორ აწარმოებდა. როგორც კი საწნახელში დაწურავდა, მაშინვე წვენს უშვებდნენ და ჭურში, ანუ ქვევრში ათავსებდნენ. გაზაფხულზე ხსნიდნენ. ჩვენ ზაფხულში რომ ჩამოვდიოდით, ტრადიციულად, ვახშამზე ვაგემოვნებდით. და ზუსტად ის გემო დავუბრუნე ჩემს ღვინოს“.

შორენამ მუჯურეთულისა და ალექსანდროულისგან დამზადებული ვარდისფერი და წითელი მშრალი ღვინის წარმოება 2015 წელს დაიწყო. „პატარიძის რაჭულმა“ მაშინ სატესტოდ 90 ბოთლი ჩამოასხა, 2016 წელს კი – უკვე თითქმის ოთხმაგი და პირდაპირ აშშ-ში გაყიდეს. მაგრამ 2017 წლიდან გარკვეული ფინანსური სირთულეები გაჩნდა და შორენა იხსენებს, რომ 2018 წელს უკვე ორჭოფობდა, შეძლებდა თუ არა გაგრძელებას.

ამავე წელს „ქალთა ეკონომიკური განვითარებისთვის“ პროექტის დახმარებით ორი უჟანგავი კასრი მიიღო. შორენა ამბობს, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამან დაარწმუნა, რომ საქმე უნდა გაეგრძელებინა და 2020 წელსაც

მიიღო შვედეთის, ავსტრიისა და ევროკავშირის ფონდისგან დახმარებები. მის მარანს დაემატა ყველა საჭირო ინვენტარი, ტექნიკური აღჭურვილობა, ხელის ძლიერი ტრაქტორი და ვენახის მოსავლელად მნიშვნელოვანი რესურსები.

ბაბუას განახლებული და მოძლიერებული მარნით კიდევ უფრო მეტი ღვინის გაყიდვა დაიწყო, ვიდრე ყიდდა. ეს ქვეყნები იყო: აშშ, იტალია, საფრანგეთი და ისრაელი.

შორენა ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის ხარისხია. ამიტომაც ირჩევს დასავლეთის ისეთ ბაზრებს, სადაც ამ ხარისხს აფასებენ და ყურადღებას აქცევენ, თუმცა ხარისხის შენარჩუნება ბაბუის მარანში ნელ-ნელა გართულდებოდა, ამიტომ მარნის გაფართოებაზე ფიქრისას გადაწყვიტა, გაცილებით მასშტაბურ გრანტზე ეცადა ბედი:

„ბაბუის მარნის განვითარებას ახალი დიდი მარნით ვერაფრით შევძლებდი, რომ არა ჩემი უცხოელი პარტნიორი, სტეფან ბრუნო შალერი, რომელსაც ჩემთან ერთად ძალიან ბევრი და დიდი გეგმები აქვს მომავალშიც. ახალი მარანი სრულიად სხვა შესაძლებლობებს მაძლევს. გარდა იმისა, რომ მეტ ღვინოს ვაწარმოებ, მაგალითად, მექნება საკონფერენციო დარბაზი, სადაც ეთნოგრაფებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვებს გააცნონ ქართული ღვინის ისტორია“.

ასევე, რადგან „პატარიძეების მარნისთვის“ ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, ახალ მარანში მოეწყობა ლაბორატორია, ღვინის კონტროლისთვის.

„საქართველოს შეუძლია, მეტად ხარისხიანი ღვინო შესთავაზოს მსოფლიოს. აშშ-ში, მაგალითად, ფასით ვერ ვუწევთ კონკურენციას სხვა ღვინოებს. ბევრი სამუშაოა მარკეტინგული მიმართულებით; ბევრი განათლება გვჭირდება; გვჭირდება, ასევე, გზების სწავლა, პოპულარიზაციის თვალსაზრისითაც. ძალიან ჭკვიანურად უნდა დავსვათ ფასიც, რომ წლებს გავუძლოთ. ამიტომ მირჩევნია, ნელა, მაგრამ ჭკვიანურად და მიზანდასახულად მივაღწიო საბოლოო მიზანს და სულ უფრო მეტი ღვინო ვაწარმოო“.