20 დეკემბერს მთავრობის სხდომის შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დიდი ცვლილებები იგეგმება, რაც კერძო პირებს შესაძლებლობას მისცემს, რომ ააშენონ უფრო მეტი და აითვისონ თავისუფალი ტერიტორიები.
მინისტრს კანონში შესატან ცვლილებებზე დეტალურად არ უსაუბრია, ისაუბრა ცვლილებების ძირითად შინაარსსა და მიზანზე, რასაც ურბანისტების, გარემოსდამცველებისა და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების მსჯელობა და კრიტიკა მოჰყვა.
ურბანისტი ზურაბ ბაქრაძე მინისტრის განცხადებას შემაშფოთებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მინისტრის ინიციატივა რეალობად იქცევა, ცალკეულ პირთა ანგარებით მიზნებზე დაფუძნებული ქალაქგანვითარების პოლიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდება.
„მთავარი პრობლემა, რომელიც ქალაქგანვითარებას აქვს თბილისში და საერთოდ საქართველოში, არის საკანონმდებლო პაკეტისა და აღმასრულებელი ინსტიტუტების ორიენტაცია, რომელიც ცალკეულ პირთა ანგარებით მიზნებზეა დაფუძნებული და ამიტომ გვაქვს ეს ქაოსი. მინისტრის განცხადებიდან ირკვევა, რომ კიდევ უფრო უნდა გამძაფრდეს ეს ორიენტაცია“, –ამბობს ზურაბ ბაქრაძე.
ზურაბ ბაქრაძის თქმით, მოქმედი „სივრცითი კოდექსიც“ პრობლემურია. მაგალითად, კოდექსში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, კონკრეტულ არეალზე განაშენიანების გეგმებს ქმნის და წარადგენს ინვესტორი (გგ – დოკუმენტი, რომელიც ცალკეული ტერიტორიებისთვის ადგენს ან აზუსტებს ფუნქციურ ზონებს, კოეფიციენტებსა და შენობების განთავსების არეალს. გგ-ის დოკუმენტი იქმნება იმისთვის, რომ კონკრეტული ახალი მშენებლობის შემთხვევაში კონკრეტული არეალი განვითარდეს მოწესრიგებულად და საამისოდ გათვალისწინებული იყოს ყველა კომპონენტი).
„ინვესტორებიც საზოგადოების წევრები არიან, მაგრამ დანარჩენი წევრებიც ხომ ჰყავს საზოგადოებას? ამიტომ ქალაქის მმართველობის ამოცანაა, მთელ საზოგადოებას გაუწიოს ანგარიში და ამ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე წარმართოს მშენებლობა, რაც ახლა არ ხდება ამ მავნებლური ჩანაწერის გამო. არსებული ჩანაწერით, განაშენიანების გეგმები, რომლებიც არეგულირებს განაშენიანების პარამეტრებს ყველა თვალსაზრისით, როგორც სოციალური, ისე სივრცით მატერიალური თვალსაზრისით, არის კერძო პირის ხელში.
იმის ნაცვლად, რომ როგორღაც უკან დაიხიოს ასეთმა ცუდმა რეგულაციამ და შესწორება შევიდეს კოდექსში, რათა მხოლოდ ქალაქის მმართველობას ჰქონდეს გგ-ის შექმნის უფლება, ახლა პირიქით აპირებენ – განაშენიანების რეგულირების გეგმების გარდა, თურმე, ქალაქგანვითარების კონცეფციებიც შეიძლება კერძო პირმა გააკეთოს, რაც ძალიან დიდ არეალზე შეიძლება განხორციელდეს, ანუ, შეიძლება, რომ კერძო პირის ანგარებითი ინტერესებიდან გამომდინარე განვითარდეს ქალაქი. ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ქალაქგანვითარების მიზნებთან“, – ამბობს ის.
ბაქრაძის თქმით, შესაძლოა, ცვლილებები კერძო პირებს ისეთი დიდი არეალების პირადი მიზნებით დაგეგმვის შესაძლებლობას აძლევდეს, როგორიცაა, მაგალითად, წყალტუბო, ფოთი, ბახმარო და ა.შ.
„მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფცია თუ კერძო პირმა გააკეთა , გამოვა, რომ, მაგალითად, მთელი ფოთი განვითარდება ამ კერძო პირის ანგარებიდან გამომდინარე. გესმით, ეს რა საშინელებაა? უქმდება მშენებლობის ყოველგვარი საზოგადოებრივი რეგულაცია. მაგ: ფოთი განვითარდება ისე, როგორც ერთ კერძო ფირმას უნდა. მაშინ რაღა საჭიროა ეს საზოგადოებრივი რეგულაციები, თუ ახლა, როდესაც განაშენიანების გეგმებს ისედაც კერძო პირები აკეთებენ , მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმებსაც ისინი გააკეთებენ?“, – ამბობს ზურაბ ბაქრაძე.
გარდა ამისა, მისი თქმით, თუ ცვლილებები კანონში აისახება, შესაძლებელი გახდება გაუნაშენიანებელი ტერიტორიების სამშენებლოდ გამოყენება, რაც, მაგალითად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში არსებულ ჩანაწერთან წინააღმდეგობაში მოვა.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არსებული ჩანაწერით, გაუნაშენიანებელი ტერიტორიების სამშენებლოდ გამოყენება არ შეიძლება. გენერალური გეგმის დოკუმენტში კი ამ დადებით ჩანაწერს, ბაქრაძის თქმით, უპირისპირდება მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვითაც, აუთვისებელი ტერიტორიების სამშენებლოდ გამოყენება გახდება შესაძლებელი.
ბაქრაძის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში გაჩნდება სუბურბანული დასახლებები, რასაც ჯანსაღი ქალაქგანვითარების პოლიტიკა ებრძვის; მეტიც, სუბურბანული დასახლების განაშენიანების გეგმას კერძო პირი/კომპანია გააკეთებს თავის სურვილებზე დაყრდნობით.
„კერძო პირი დაგეგმავს სუბურბანულ დასახლებას, იმ ტერიტორიას, რომელიც, წესით, უნდა იყო რეკრეაციული ან სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისა. სუბურბანულ დასახლებას არ აქვს სოციალური მდგენელი – იგი არც ქალაქია, არც სოფელი და როგორც სოციუმი, ვერ მოქმედებს. სუბურბანული დასახლებები მძიმე დარტყმაა ასევე ეკოლოგიისთვის, რადგან გარდა იმისა, რომ ისინი ანადგურებენ ბუნებრივ გარემოს და სასოფლო სამეურნეო არეალებს, ისინი წარმოქმნიან ისეთ დამატებით ემისიებს, როგორებიცაა ჰაერის დაბინძურება და ხმაური. სუბურბანული დასახლებები იწვევენ ქანქარისებრ მიძრაობებს ქალაქის მიმართულებით და რადგან დაბალი სიმჭიდროვის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ დასახლებებს ვერ ემსახურება, მათი სატრანსპორტო მომსახურება აწყობილია ინდივიდუალურ მანქანაზე, რაც საზოგადოებრივ სივრცეთა გადატვირთვასა და ზემოთ აღნიშნულ ემისიებს იწვევს. სწორედ ამიტომ ქმნიან ასეთი დასახლებები ქალაქგანვითარებაში ქაოსს. ეს არის მიზეზი, რატომაც ებრძვის ნორმალური და ჯანსაღი ქალაქგანვითარება სუბურბანულ დასახლებებს, ეს ინიციატივა კი მათ წარმოშობას სამართლებრივ საფუძველს უქმნის“, – ამბობს ბაქრაძე.
მინისტრის განცხადებების კიდევ ერთი ნაწილი შეეხებოდა მეორე კლასის მშენებლობებს. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მეორე კლასის მშენებლობებზე, რომელშიც შედის ისეთი ნაგებობები, როგორიცაა ერთსართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებლები და მცირე ზომის შენობები (მაღაზიები, ჯიხურები), კერძო პირს აღარ დასჭირდება მშენებლობის ნებართვისთვის პროექტისა და კვლევების წარდგენა.
ურბანისტის განცხადებით, აქ უკვე საუბარი არაა მხოლოდ იმაზე, რამდენად შეესაბამება ეს ცვლილებები ჯანსაღ ქალაქგანვითარებას, რამდენად ჩაეწერება ვიზუალურად და ტექნიკურად ამა თუ იმ გარემოში ესა თუ ის პროექტი, როგორი იქნება მისი მახასიათებლები, არამედ, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას ადამიანების ჯანმრთელობას და მათ სიცოცხლეს, რადგან მინიმალურადაც ვერ გაკონტროლდება, თუ როგორი ხარისხით აშენდება აღნიშნული ობიექტები.
„ამ ახალი ინიციატივით, საქართველოს დასახლებების ინდივიდუალობასაც საფრთხე შეექმნება. მისი განხორციელების შემთხვევაში კანონი შელახავს მათ ფასეულობებს, შეასუსტებს ამ სოციუმთა, შეკავშირებულობას და გადააქცევს მათ დაბალი დონის საცხოვრებელ ერთეულებად, რომლებსაც საკუთარი ფესვებიდან ამოზრდილი აღარც ჰქვიათ. ეს შეეხება ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასაც, მაგალითად: ბახმაროს, რომელიც თავისი განაშენიანების სტრუქტურით, თავისი სოციალური ცხოვრებით მკაფიო იდენტობის მატარებელია. ამ ცვლილებებით შესაძლებელი გახდება, რომ კერძო პირმა, ცალმხრივად, პირადი მოგების თვალსაზრისით განავითაროს ბახმარო და დაუკარგოს მას ეს ინდივიდუალობა“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, თუ ეს ინიციატივა პრაქტიკაში განხორციელდება, ის იქნება წმინდად ანტისაზოგადოებრივი ქმედება, რაც შესაძლოა, შეეხოს თითოეულ მოქალაქეს – მას შემდეგ, რაც ის საქართველოს კანონში აისახება, მოქალაქეებს კონკრეტული შემთხვევის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, ფაქტობრივად, აღარ დარჩებათ.
„მაშინ, როდესაც კანონი მახინჯია, მისი აღმასრულებელი ინსტიტუტებიც შესაბამისად მახინჯია. როგორ უნდა იბრძოლო ადამიანმა შენი გარემოს სწორი განვითარებისთვის? გამოდის, უნდა იბრძოლო იმისთვის, რომ ისევ ეს კანონი შეიცვალოს როგორმე“, – ამბობს ზურაბ ბაქრაძე.