„გვაბრუნებენ წარსულში, როდესაც ყველაფრის მშენებლობა დაშვებული იყო“ – ანანო ცინცაბაძე

ქრისტინე მუჯირი

„ინფრასტრუქტურის მინისტრის დღევანდელი განცხადების მიხედვით, თუკი რამე სასარგებლო იყო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“, რომელიც 2 წლის წინ მიიღეს, ყველაფერს შლიან და გვაბრუნებენ წარსულში, როდესაც ყველაფრის მშენებლობა დაშვებული იყო. ეს არის ძალიან მძიმე ანონსი“, – ასე აფასებს „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელი, იურისტი ანანო ცინცაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის დღევანდელ განცხადებას.

დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა „სივრცით კოდექსში“, რომელიც ახალი მშენებლობებისა და ახალი მასშტაბური პროექტებისთვის მთელ რიგი რეგულაციების შემსუბუქებას ითვალისწინებს.

მინისტრის განცხადებები საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით არ იყო კონკრეტული და მოითხოვს განმარტებებს, თუმცა მან უკვე დააანონსა რამდენიმე საკითხი და აღნიშნა, რომ ცვლილებების შემდეგ კერძო პირები უფრო მეტად დაინტერესდებიან ტერიტორიების ათვისება-განაშენიანებით.

ქარსელაძემ თქვა, რომ ცვლილების შემდეგ კერძო პირებს შეეძლებათ:

  • გენერალური გეგმის კონცეფციის, დეტალური გეგმისა და შესაბამისი სივრცითი დოკუმენტების დამუშავება კონკრეტულ არეალთან მიმართებით;
  • შესაძლებელი იქნება გაუნაშენიანებელი ტერიტორიების განაშენიანება;
  • მეორე კლასის შენობა-ნაგებობებისთვის არ იქნება საჭირო ნებართვის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტაციაზე არქიტექტურული პროექტისა და სხვა საექსპორტო დასკვნების წარდგენა და ა.შ.

იურისტი ანანო ცინცაბაძე განმარტავს, რომ აუცილებელია ამ საკანონმდებლო ცვლილებების წერილობითი ვერსიის ნახვა, თუ როგორ არის ფორმულირებული ისინი და ამ ეტაპზე მისი შეფასება ეყრდნობა მხოლოდ მინისტრის განცხადებას, რომელიც მისივე თქმით, საგანგაშოა.

საკითხი #1

ანანო ცინცაბაძის თქმით, მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით საილუსტრაციოდ შეიძლება წარმოვიდგინოთ ვითარება, მაგალითად:

ინვესტორს სურს კონკრეტულ ტერიტორიაზე მშენებლობა. საამისოდ ის არსებული კანონით ვალდებულია, შეადგინოს დეტალური გეგმა, თუ როგორ იქნება მოწყობილი მშენებლობის ირგვლივ სივრცე; როგორ მივა სატრანსპორტო გზა მშენებლობამდე; როგორ მივა სასწრაფო, სახანძრო მანქანები, ანუ ამ კონკრეტული მშენებლობის განვითარების პირობები თანხმობაში უნდა მოდიოდეს ქალაქის გენგეგმასთან, უნდა შეესაბამებოდეს მთლიანად ქალაქის განვითარების პირობებს.

ცინცაბაძის თქმით კი, მინისტრის განცხადებით გამოიკვეთა, რომ ამ პირობებს დაადგენს კერძო პირი, თავად ინვესტორი გადაწყვეტს, სად უნდა გავიდეს გზა და მოეწყოს სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა.

„ახალი „სივრცითი კოდექსის“ მიღებამდე, რომელიც 2018 წელს მიიღეს, ეს იყო ერთ-ერთი ყბადაღებული თემა – ერთი ის, რომ ქალაქის განვითარების პირობებს სხვადასხვა დეტალური გეგმით სხვადასხვა ტერიტორიაზე ადგენდნენ დეველოპერები. ეს გეგმები ერთმანეთთან არ იყო კავშირში და შეთანხმებული და მეორე – ქალაქს ერთიანი კონცეფცია არ ჰქონდა. ახლა ეს კონცეფცია აქვს გენგეგმის სახით. კრიტიკის გამო კანონში ცვლილება შეიტანეს და თქვეს, რომ ქვეყანაში ქალაქების განვითარების პირობები უნდა დაადგინოს ქალაქის მერიამ და არა თითოეულმა დეველოპერმა და მშენებელმა თავისთვის, ცალ-ცალკე. როგორც ჩანს, ამ მავნე პრაქტიკას უკან აბრუნებენ“, – აცხადებს ანანო ცინცაბაძე „პუბლიკასთან“.

საკითხი #2

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ქარსელაძემ  ისაუბრა „მსხვილი პროექტის“ ცნებაზე , რომელიც შედარებით ბუნდოვანია, თუმცა, ანანო ცინცაბაძემ განაცხადა, რომ „მსხვილი პროექტის“ ქოლგის ქვეშ შესაძლოა, ინვესტორის პროექტზე არ გავრცელდეს რეგულაციები.

„ხაზს ვუსვამ, რომ არ ვიცი, ჩანაწერი როგორი იქნება, თუმცა შეიძლება ასე გავიგოთ, რომ, თუ ინვესტორს სურს ისეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება, როგორიც არის „პანორამა თბილისი“, მას მიენიჭება „მსხვილი პროექტის“ სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ იმ პროექტის ფარგლებში მასზე არ გავრცელდება არცერთი რეგულაცია; ყველანაირი განვითარების პირობას თავად ინვესტორი გადაწყვეტს. მათ შორის, ეს შეიძლება შეეხოს კოეფიციენტსაც, ანუ უთხრან, რა მასშტაბის შენობაც გინდა, ისეთი ააშენე“, – თქვა ცინცაბაძემ.

საკითხი #3

იურისტის განცხადებით, მესამე მნიშვნელოვანი და საყურადღებო ნაწილი იყო გაუნაშენიანებელი ტერიტორიების განაშენიანება, რადგან არსებულ კოდექსში არის ჩანაწერი, რომ არ შეიძლება ამგვარი ტერიტორიების განაშენიანება. აქამდე მერიას ჰქონდა ბერკეტი, ამ ჩანაწერის მიხედვით, უარი ეთქვა დეველოპერისთვის პროექტზე, რომელიც გაუნაშენიანებელი ტერიტორიის განაშენიანებას გულისხმობდა, რაც უნდა კარგი ყოფილიყო ეს პროექტი.

საკითხი #4

მინისტრის განცხადებების კიდევ ერთი ნაწილი შეეხებოდა მეორე კლასის მშენებლობებს. მისი თქმით, მეორე კლასის მშენებლობებზე, რომელშიც შედის ისეთი ნაგებობები, როგორიცაა ერთსართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებლები და მცირე ზომის შენობები (მაღაზიები, ჯიხურები), კერძო პირს აღარ დასჭირდება მშენებლობის ნებართვისთვის პროექტისა და კვლევების წარდგენა.

„ისედაც ხომ კვლევებს ფორმალურად მოითხოვენ, ისედაც ხომ არ აქვს მერიას რესურსი, შეამოწმოს, რა კვლევები და რა დოკუმენტაცია მიაქვს კერძო პირს, ყოველ შემთხვევაში, საკანონმდებლო დონეზე არსებობს ეს ვალდებულება, რომ მიიტანოს პროექტი და კვლევები კერძო პირმა. ჩვენ – სხვა მოქალაქეებს კი, თუ გვაქვს კომპეტენცია, შეგვიძლია, შევამოწმოთ ეს წარდგენილი კვლევები; შეგვიძლია, შევაფასოთ პროექტი და ა.შ. ახლა კი მათ უხსნიან ამ პირობას“, – თქვა ცინცაბაძემ.

„სივრცითი კოდექსი“ და ქალაქის გენერალური გეგმა – რომელია მთავარი დოკუმენტი?

ანანო ცინცაბაძე „პუბლიკასთან“ განმარტავს, თუ როგორია „სივრცითი კოდექსის“ ქალაქის გენერალურ გეგმასთან თანხვედრა, როგორ ითვალისწინებენ ისინი ერთმანეთს.

მისი თქმით, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ არის იერარქიულად ზემდგომი სამართლებრივი აქტი. ის არის საქართველოს კანონი და საფუძველი სხვა საკანონმდებლო აქტებისთვის, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დადგენილი აქტებისა და გენგეგმის, რომელსაც ქალაქის საკრებულო იღებს.

„გენგეგმები უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში სივრცით კოდექსთან. ამდენად, თუ აღმოჩნდება, რომ გენგეგმა უფრო მაღალი დაცვის მექანიზმებს ადგენს კონკრეტული ტერიტორიისთვის, ვიდრე სივრცითი კოდექსი, მისი შეცვლა უკვე პრობლემა აღარ იქნება, ანუ – დაყვანა სივრცითი კოდექსის სტანდარტამდე. ამიტომ ეს არის ძალიან, ძალიან მძიმე ანონსი“, – ამბობს ანანო ცინცაბაძე.

ცინცაბაძის თქმით, ამ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით, წყალში ჩაიყრება მთელი ის შრომა, რომელიც წლების განმავლობაში ამა თუ იმ ფორმით იქნა გაღებული და ცვლილებები, რომელიც საკანონმდებლო დონეზე მიიღეს.

„თუ ეს რეალობაში ამოქმედდება, ამით წაშლიან ყველაფერს. ფაქტობრივად, მოგვატყუეს“, – ამბობს ანანო ცინცაბაძე.