ჩვენისთანა ბეგბედერი

შუაღამისას კუჭის სპაზმმა, მდაბიურად რომ ვთქვათ, მუცლის გვრემამ გამომაღვიძა. ტკივილისაგან შეღონებული წამოვდექი და ოთახში აქეთ-იქით სიარულს, ისევ მდაბიურად რომ ვთქვათ, ბოლთის ცემას მოვყევ. ტკივილისგან გასაქცევად, მობილურ ტელეფონს დავწვდი და „ფეისბუქის“ სქროლვას, ანუ დროის ბილიკის დათვალიერებას შევუდექი.

უცებ ცნობილი ფრანგი პროზაიკოსის, ფრედერიკ ბეგბედერის საქართველოში სტუმრობისა და გუშინ, საჯარო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში გამართული მისი შეხვედრის ფოტოები მომხვდა თვალში, განსაკუთრებით, ფოტო, რომელზეც დამსწრეები იყვნენ აღბეჭდილნი და, ჩანდა, რომ ხალხის ტევა აღარ იყო, ანუ მდაბიურად რომ ვთქვათ, ნემსიც კი არ ჩავარდებოდა იმ დარბაზში.

თავიდან გამიხარდა. სიხარულის იმპულსი იყო ის, რომ ხალხს უყვარს და აინტერესებს ლიტერატურა, მერე კი უცებ გავბრაზდი და ეს ფოტოები ჩემს ფეისბუქგვერდზე ასეთი მინაწერით გადავაზიარე: „ამდენი ხალხი ნეტა რას მიასკდა? ფრანგი რომ ენახა თუ მწერალი? ქართული პეროობის თავისებურებანი“… დილით, როცა მუცლის გვრემამ გადამიარა და გამოღვიძებულმა ვნახე ჩემი ღამის ნამოქმედარი, საკუთარი თავი დავამუნათე: „რა არის ახლა ეს? ბეგბედერისა გშურს, შე კაი კაცო?!“ არადა, ხომ ვიცნობ საკუთარ თავს და ცხოვრებაში არავისი არაფერი შემშურებია, რაღა ბეგბედერისა უნდა მშურდეს?

მაგრამ რა იცი, ეშმაკი წყლისფერია და უცებ ბეგბედერის საქართველოში სტუმრობისა და მწერალთა სახლში მისი საღამოს ერთი დეტალი ამომიტივდტივდა გონებაში. იმ საღამოსაც უამრავი ხალხი ესწრებოდა და, მათ შორის, ჩემი ერთ კარგი ნაცნობი, რომლის მიმართაც მხოლოდ დაძმური გრძნობები მამოძრავებს. ის კი მშვენიერი ქალია და იმ შეხვედრაზე თხელი მაისური ეცვა, რომლის გულზეც ბეგბედერის ვეებერთელა ფოტოსურათი ჰქონდა მიხატული. ჰოდა, ამ წყლისფერმა ეშმაკმა დღეს დილით სინდისის ქენჯნად წამომიყო თავი და მითხრა, რომ ეტყობა, ბეგბედერის შურმა ჩემში იმ დროს გაიღვიძა, როცა დავინახე, იმ ჩემი ნაცნობი გოგონას მკერდზე, მღელვარებისაგან გახშირებული სუნთქვის გამო, როგორ მაცდურად ადი-ჩადიოდა მთელ პარამეტრზე დატყეპებული ფრედერიკ ბეგბედერი.

შურისა ასე პირდაპირ რა მოგახსენოთ, მაგრამ მახსოვს, სწორედ მაშინ გავიფიქრე პირველად: რაღა ეს ფრანგი? რატო ილია ჭავჭავაძეს არ დაიხატავ, თუ კარგია!-მეთქი. და ღმერთმანი, ილია ჭავჭავაძეობაზე არც მაშინ მიფიქრია, რადგან მახსოვს, მტკივა, მტეხს და მაფორიაქებს წიწამური. ის ექვსი წლის წინანდელი შეხვედრა კი, როგორც ჩანს, არამხოლოდ მე დამრჩა მღელვარე მოგონებად, არამედ, უპირველესად, ფრედერიკ ბეგბედერსაც, რადგან პანდემიის, ომისა და ათასი უბედურების მიუხედავად, გულმა აქეთ გამოუწია: დაადო თავი და თავის მკითხველებთან შესახვედრად ჩამოვიდა. მკითხველებმა კი, როგორც ჩანს, არც ამჯერად გაუცრუეს იმედი.

მე გუშინდელ შეხვედრას არ დავსწრებივარ, ექვსი წლის წინანდელი კი კარგად მახსოვს და მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ფრედერიკ ბეგბედერი, მართლაც, შესაშურად საინტერესო მოსაუბრეა. შეუძლია ისე მონუსხოს მსმენელი, რომ ჰიპნოზისტივით აიყოლიოს საკუთარ, ზოგჯერ სრულიად უკბილო ხუმრობებში. იმასაც ვაღიარებ, რომ მწერალი კიდევ უკეთესია და მისი „99 ფრანკი“ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ შენაძენად მიმაჩნია.

მაშინ რაღას ვერჩი ან მას ან მკითხველს, რომელმაც სრულიად დამსახურებულად იცნო და შეიყვარა ეს გადარეული, აჯაჯულ-დაჯაჯული ფრანგი? არსებითად, არც არაფერს. უბრალოდ, იმაზე ვფიქრობ, რა განაპირობებს მწერლის პოპულარობას საზოგადოებაში? და კონკრეტულად, რაზე დგას ასე მსხლტომი, მერყევი და არამყარი თბილისური მოდა?

რა არის ბეგბედერთან ისეთი საინტერესო, რასაც შეუძლია მასთან შესახვედრად გამოქცეული ხალხით გადაავსოს არამხოლოდ ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი დარბაზი, არამედ მთელი სტადიონი? ამ კითხვებს ბუნებრივად მოჰყვება შეკითხვათა სხვა წყება: ნეტავ რომელი ქართველი მწერლის შეხვედრაზე დასასწრებად მივა ამდენი ხალხი ასეთი ინტერესით? თუ ამ ხალხში ლიტერატურის ასეთი დიდი სიყვარულია, როგორ შეიძლება, ერთი ქართველი მწერალი ან პოეტი არ აღმოჩნდეს ისეთი, ვინც მის მშობელ ხალხს ფრედერიკ ბეგბედერივით ეყვარება, მისი სიტყვის მოსასმენად ყველა საქმეს გვერდზე გადასდებს და კილომეტრიან საცობებს გამოივლის. საცობს, რომლის გამოც, სხვათა შორის, ბეგბედერმა გუშინ შეხვედრაზე მთელი 40 წუთით დაიგვიანა. საზოგადოება კი მაინც ჯიუტად ელოდა და შეფრფინვიდა მის გამოჩენას?

აი, ამ ფიქრებმა დამაწერინა ის სტატუსიც, თორემ, ისე, სავსებით ვეთანხმები, ჩემი უფროსი კოლეგისა და უსაყვარლესი მწერლის კომენტარს, რომელიც ჩემი სტატუსის ქვეშ დატოვა: „ნაღდი მწერალია! თანაც სადღაც წავიკითხე, დიდი სიმპატიით იხსენებდა საქართველოში სტუმრობას!“ რა თქმა უნდა, ნაღდია, და, რა თქმა უნდა, ძალიან გასახარელია, რომ ბევრისაგან განსხვავებით, ჩვენმა ფრედერიკმა ადეკვატურად დააფასა ქართული სტუმრამასპინძლობა.

ამიტომაც, ვფიქრობ, აბსოლუტურად არასწორად გაიგო ჩემი სტატუსის პათოსი მეორე მეგობარმა, რომელმაც მთლად გაბრზება ვერ შემომკადრა, მაგრამ ოდნავ ნაწყენი ტონით კი დამიწერა: „მე, პირიქით, გამიხარდა, ამდენი ახალგაზრდა რომ დავინახე. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ კითხულობენ და აინტერესებთ. ჩემი ქალიშვილიც იყო. სხვებზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ანას ილია ჭავჭავაძეც აქვს წაკითხული, გიორგი ლობჟანიძეც და ნაირა გელაშვილიც. ისევე, როგორც რუსი და ინგლისურენოვანი მწერლები ორიგინალში და ბებიამისის, ზინა ლობჟანიძის წყალობით, დიდი ბედნიერებაა მისთვის ცოცხალ მწერალთან შეხება”.

სხვათა შორის, არც ამ სიტყვების გულწრფელობაში მეპარება ეჭვი. უბრალოდ, მე ცოტა სახვა რამ მაინტერესებდა: რა ქმნის მწერლის საყოველთაო პოპულარობის საფუძველს და რატომ მოქმედებს ზოგი მწერლის სიტყვა საზოგადოებაზე განსაკუთრებულად? თანაც აქვე უნდა დავაზუსტო, რომ ეს შეკითხვა პირწმინდად ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური კუთხით მაინტერესებს და არა – მისი პიარტექნოლოგიური თვალსაზრისით.

შეკითხვა, რომელიც პირველად მაშინ გამიჩნდა სერიოზულად, როცა შუაგულ ვაკეში, დაახლოებით 20 წლის წინათ, ერთ მშვენიერ დღესაც ბარი „პაულო კოელიო“ დავინახე და გავიფიქრე, რატომ მაინცდამაინც პაულო კოელიო და არა, ვთქვათ – პაოლო იაშვილი? და, თუ მაინცდამაინც ცოცხალი და თან პროზაიკოსი გვინდა, რატომ არა ოთარ ჭილაძე ან გურამ დოჩანაშვილი? მერწმუნეთ, ეს სულაც არ არის „დატოლება“. ასეთ რამეს ქართველ მწერლებს ნამდვილად ვერ შევკადრებდი, რადგან ამ შემთხვევაში, საეჭვო მხატვრული და შემეცნებითი ღირებულების პაულო კოელიო კი არა, მათთან კონკურენციას ბევრი მათი თანამედროვე უცხოელი მწერალი ვერ გაუძლებს.

და რახან უცხოელი ვახსენე, ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა გავიხსენო ორი მშვენიერი ქართული სიტყვაც – „ საუცხოო“ და „ უცხო“, რომელიც ქართველისთვის რატომღაც მუდამ „ შესანიშნავის“ ან მინიმუმ – „ეგზოტიკურის“ სინონიმია და ისიც, რომ „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს“. და, მიუხედავად იმისა, რომ „მღვდელი ჭილოფშიც იცნობა“, როგორც ჩანს, მაინც ძალიან საშინაო ტანსაცმელია ეს ჭილოფი. თორემ ამ შესანიშნავ მწერალს, ქართველების მოყვარულ ფრედერიკ ბეგბედერს რას ვერჩი? ღმერთმა ბევრი წიგნი დააწერინოს და მის ბევრ ტექსტს გაეგნოს გზა ყოვლად ეკლექტური ქართველი მკითხველის გულისაკენ.

რა მოხდა თუ დიდი ხნის წინათ წაკითხული მისი ტექსტებიდან მე უბრალოდ ბევრი რამ დამავიწყდა. სამაგიეროდ, არ მავიწყდება, როგორ ღელავდა ულამაზესი ქართველი გოგონას მკერდზე მთელი სიგრძე-სიგანით გამოსახული ფრედერიკ ბეგბედერი. და მომკალით და, ისევ ილია ჭავჭავაძე მახსენდება ირიბად, როცა საკუთარ თავს ვიჭერ ჩუმად, თითქმის მხოლოდ ჩემთვის გასაგონ ჩაღიღინებაში: ბეგბედერი… ჩვენისთანა ბეგბედერი…