და ჩვენ ვიხილეთ ფერების მუსიკა...

სოლიკო ვირსალაძის კოსტიუმები, ფერწერა და ესკიზები ეროვნულ გალერეაში

„ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც ჩემი მხატვრობის საშუალებით თეატრში მოსული მაყურებელი იგრძნობს, თუ როგორ გარდაიქმნება მუსიკა ხილულ სცენურ ხელოვნებად“ – ეს ფრაზა გამორჩეულ ხელოვანს, ბრწყინვალე მხატვარს, სცენოგრაფსა და  კოსტიუმების შემქმნელს – სოლიკო ვირსალაძეს ეკუთვნის. 

რომელიმე ახალგაზრდა არტ-კრიტიკოსი, რომელიც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ მუზეუმში სოლიკო ვირსალაძის რეტროსპექტულ გამოფენას პირველად ნახავს, დაახლოებით ასეთ ფრაზას დაწერს: „სოლიკო ვირსალაძე მეოცე საუკუნის ქართული არტის ერთ-ერთი ბრილიანტია; არტისტი, რომელმაც კლასიკურ-არქეტიპული ფორმების მიღმა კრეატიული თეატრალური სამყარო და მისი უთვალავი ელფერი აღმოაჩინა“. 

უფრო მარტივად და არათანამედროვე ენაზე თუ ვიტყვით, გამორჩეული ქართველი ფერმწერისა და სცენოგრაფის, სოლიკო ვირსალაძის ნიჭი მის მიერ გაფორმებულ ათობით საბალეტო თუ საოპერო სპექტაკლშია აღბეჭდილი… მსოფლიოში აღიარებული თეატრების სცენაზე! 

მისი დაუვიწყარი გრადაციის ფერები, დახვეწილი კოსტიუმები, საოცარი ფერადოვანი ესკიზები, ათობით სცენური ჩანახატი, კოსტიუმები და დღეს უკვე ისტორიული მნიშვნელობის ფოტოები ეროვნული გალერეის სამ დარბაზშია თავმოყრილი – სულ დაახლოებით, ორასამდე ექსპონატი. პირველი შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს მოძრავ და ფერადოვან სცენურ სამყაროში მოხვდით; დაახლოებით ისე, როგორც ცნობილი ქორეოგრაფის, იური გრიგოროვოჩის საბალეტო სპექტაკლების ზღაპრულ გარემოში (რომელთანაც ერთად, სხვათა შორის, დაახლოებით 40 წლის განმავლობაში საეტაპო სპექტაკლები დადგა მოსკოვის „დიდ თეატრში“)…

და ხვდებით, რომ მისი ფერადოვნებაც, ჯადოსნური სცენური სამყაროც, ულამაზესი კოსტიუმებიც სწორედ მუსიკის საწყისიდან იბადება, მუსიკალური ზმანებიდან მოედინება.

გამოფენა მხატვრის დაბადების დღეს და ქართული თეატრის დღეს – 14 იანვარს გაიხსნა და ის ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. გამოფენის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი, ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ახლად დაარსებული სოლიკო ვირსალაძის ფონდი (კურატორი ელენე აბაშიძე) და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა. ისიც უნდა ითქვას, რომ სოლიკო ვირსალაძის ნამუშევრების ბოლო გამოფენა საქართველოში მხოლოდ ოცი წლის წინათ მოეწყო.

სტუმრებსა და მისი შემოქმედების მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ თავად მხატვრის სახლ-მუზეუმში დაცულ საარქივო ნივთებს, ჩანახატებს და ესკიზებს გაეცნონ. გარდა ამისა, წარმოდგენილია კინოს, თეატრისა და ქორეოგრაფიის მუზეუმსა და ანსამბლ „სუხიშვილების“ კერძო არქივში დაცული ორიგინალური კოსტიუმები და კოსტიუმების ფერადი ესკიზებიც. 

სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებამ საბჭოთა თეატრალურ-დეკორატიულ ხელოვნებაში სრულიად ახალი ეპოქა შექმნა. მისი შემოქმედების დიაპაზონი გამორჩეულად ფართოა – დრამატული სპექტაკლებითა და საბალეტო დადგმებით დაწყებული, ქართული ნაციონალური ბალეტის, ანსამბლ „სუხიშვილებისთვის“ შექმნილი კოსტიუმებით დამთავრებული.

„გვეამაყება, რომ სოლიკო ვირსალაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ამ მნიშვნელოვანი გამოფენის თანაორგანიზატორები ვართ. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერას”, – აღნიშნავს საქართველოს ბანკის  გენერალური დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე.

მიუხედავად იმისა, რომ მხატვრის შემოქმედება საბჭოთა ეპოქამ სათანადოდ დააფასა და მას ბევრი საპატიო ტიტული თუ ჯილდოც უბოძა, ის მაინც ერთგვარად გაუცხოებულ, „წმინდა არტისტულ“ ციხე-კოშკში გამოკეტილ ხელოვანად დარჩა სიცოცხლის ბოლომდე… უდიდესი ოჯახური ტრავმების გათვალისწინებითაც. სოლიკოს მამა, ბაგრატ ვირსალაძე რევოლუციამდე პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. საქართველოში ჩამოსვლის შედეგ ის ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტიური მომხრე იყო და პოლიტიკურ-ეკონომიკური საქმიანობაშიც მონაწილეობდა. თუმცა 30-იანი წლის რეპრესიებს შეეწირა. იმავე პერიოდში ციმბირში გადაასახლეს მისი უმცროსი და, ფოლკლორისტი ელენე ვირსალაძე. სოლიკოს უფროსი დის, ხელოვნებათმცოდნე თინა ვირსალაძის მეუღლეც ასევე რეპრესიებს ემსხვერპლა… 

სოლიკო ვირსალაძეს საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა და უფრო მეგობრების ვიწრო წრეში არჩევდა ყოფნას. უცნაურია, რომ სწორედ ამ ურთულეს პერიოდში, როცა დასმენები მაშინდელი დროის მთავარი მოვლენა იყო, ხოლო ხელოვნების ცენზურა – ტოტალური, სოლიკო ვირსალაძე უმაღლესი დონის სასცენო მხატვრობასა და კოსტიუმებს ქმნიდა, რომელმაც დროის მკაცრ გამოცდას სწორედ თავისი ავთენტურობით და სრულყოფილებით გაუძლო. ცნობილი ქართველი მხატვარი და სცენოგრაფი, გოგი ალექსი-მესხიშვილი, რომელიც შეიძლება მისი შემოქმედების ერთგვარ გამგრძელებლად მივიჩნიოთ, ამბობს, რომ სოლიკო ვირსალაძე იმავე რანგის მოვლენაა თეატრალურ მხატვრობაში, როგორც შანელი და ივ-სენ ლორანი მოდაში…

სოლიკო ვირსალაძე 1926 – 1927 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. შემდეგ სწავლა მოსკოვში განაგრძო, სამხატვრო – ტექნიკურ უმაღლეს ინსტიტუტში, 1931 წელს კი ლენინგრადის სამხატვრო-ტექნიკურ უმაღლეს ინსტიტუტი დაამთავრა. 30-იან წლებში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი მხატვარი იყო. ამ პერიოდში მრავალი დადგმა გააფორმა: როსინის ოპერა „ვილჰელმ ტელი“, ფალიაშვილის „დაისი“, ბალანჩივაძის ბალეტი „მთების გული“, ადანის ბალეტი „ჟიზელი“ და შოპენის მუსიკის მიხედვით დადგმული „შოპენიანა“, მინკუსის ბალეტი „დონ კიხოტი“…

1945 წელს ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილებისთვის“ მან შექმნა არქეტიპული და ისტორიული მნიშვნელობის კოსტიუმები,  რომელმაც ანსამბლის დღევანდელი გარეგნული ფორმა და სახე განსაზღვრა. ეს შემთხვევითი სულაც არ არის, რადგან ქართული ნაციონალური ბალეტის შექმნა სწორედ ილიკო სუხიშვილის, ნინო რამიშვილის და სოლიკო ვირსალაძის ერთობლივ იდეებსა და შემოქმედებას უკავშირდება… 

დღევანდელი „სუხიშვილები“ – ფოკლორის, ცეკვისა და კოსტიუმების გასაოცარი სინთეზი , სწორედ ამ სამეულის „გამოგონებაა”. ვირსალაძის შექმნილია კოსტიუმები „სუხიშვილების“ მრავალი ცეკვისათვის, რომელმაც მთიანად შეცვალა სცენური კოსტიუმის ისტორია. 

გამოფენაზე წარმოდგენილია კოსტიუმები სხვადასხვა ცეკვისათვის: „ჯეირანი“, „ყაზბეგური“, „სადარბაზო“, „სამაია“, „ალვანური“, „ხონგა“, „აფხაზური“, „აჭარული“, „ხევსურული“, „ქართული“, „დავლური“. ნაწილი მათგანი ხელოვნების სასახლის საკუთრება, ნაწილი – თავად „სუხიშვილების“ კერძო კოლექციის. სოლიკო ვირსალაძე ორმოცდაათი წლის განმავლობაში საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის უცვლელი მხატვარი იყო, რამაც ხელი შეუწყო ქართული ნაციონალური ბალეტის საერთაშორისო წარმატებას: „ამ ანსამბლთან თანამშრომლობა ჩემი დიდი სიყვარულია… ეფექტის მიღწევაში თვით ქართული ცეკვა მეხმარება. როდესაც კოსტიუმებისათვის ფერებს ვირჩევ, უპირველეს ყოვლისა, მთელ ცეკვას ვხედავ…“

როგორც ფერწერის, თეატრალური ხელოვნების, ქორეოგრაფიისა და მუსიკის ღრმა მცოდნეს, სოლიკო ვირსალაძეს შეეძლო მუსიკისა თუ ცეკვის შესატყვისი ზუსტი მხატვრული ენა მოეძებნა ნებისმიერ წარმოდგენაში. რაფინირებული გემოვნებით, სპექტაკლებისათვის შექმნილი კოსტიუმებითა თუ თეატრალური სცენოგრაფიით, სოლიკო ვირსალაძის შემოქმედება მეოცე საუკუნის მსოფლიო სასცენო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს შორის შეიძლება მოვიხსენიოთ.