დაბნელების ანატომია

დავით ბუხრიკიძე

„ვკვდები, როგორც ქვეყანა“ და ვცოცხლობ, როგორც მეამბოხე – რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანის რეფლექსია „ახალი თეატრის“ სცენურ აღმართზე.

უმთავრესი, რასაც „ახალი თეატრის“ სცენაზე ამჩნევთ, ესაა მოყვითალო, უზარმაზარი და დახრილი სცენური ფიცარნაგი, რომლის სათავეში მოქცევას დაღლილი, ღონემიხდილი ადამიანები გულმოდგინედ ცდილობენ. შემდეგ ისინი რაღაცნაირი მორიდებული სასოწარკვეთით ჩამოსრიალდებიან და სადღაც სცენის ფსკერზე გაუჩინარდებიან… ეს მთელი სპექტაკლის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გამეორდება. მტანჯველი ძალისხმევით და ნელ რიტმში, რაც მუდმივი ასვლა-ჩამოსვლის წყევლად ქცეულ და მომაბეზრებელ რიტუალს უფრო წააგავს.

მონდომებული მაყურებელი ამ დაზეპირებულ მოძრაობებსა თუ რუტინულ გამეორებაში სიზიფეს მითის არქეტიპებსაც დალანდავს და აღმართზე აცოცებულთა უნაყოფო შრომასაც შეაფასებს. ისევე როგორც, გაზომავს დროსა და მანძილს სოციალურ ქვესკნელად ქცეულ აწმყოსა და გამანადგურებელ, მოწყვლად პოლიტიკურ მომავალს შორის. ეს აწმყო მტკივნეულად ახლოა და ლამის ფიზიკურად გაუსაძლისი. როგორც თავის დროზე, გასული საუკუნის 30-იან წლებში, არტოს „სისასტიკის თეატრით“ მოწამლული არტისტებისთვის იყო მტკივნეული მაშინდელ რეალობასთან თანაზიარობა. მათი ჟესტების, ხმებისა და რიტმის მორგება უკვე გაცვეთილ თეატრალურ ფორმებთან…

რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა (მასვე ეკუთვნის სცენოგრაფია) „ახალ თეატრში” დადგა ალბათ, გასული 2023 წლის თეატრალური სეზონის გამორჩეულად პირქუში, ზუსტი, დაუნდობელი და პოლიტიკური სპექტაკლი, რომელიც ცნობილი ბერძენი მწერლისა და დრამატურგის, დიმიტრის დიმიტრიადისის რომანის, უფრო ზუსტად პუბლიცისტური ტექსტის – „ვკვდები როგორც ქვეყანა“, სცენური ადაპტაციაა. თუმცა სოციალური თუ ესთეტიკური გადაძახილი ივა ფეზუაშვილის რომანის მიხედვით დადგმულ „ბუნკერთან“, რომელიც მან ამავე თეატრში ცოტა ხნით ადრე განახორციელა, ასევე საგრძნობია.

დიმიტრიადისის რომანი 1979 წელს გამოქვეყნდა. ეს ის დროა, როდესაც საბერძნეთი, სულ რამდენიმე წელია, რაც გათავისუფლდა „შავი პოლკოვნიკებისა“ და გეორგიოს პაპადოპულოსის დიქტატორული რეჟიმისგან. თუმცა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ დიმიტრიადის მრავალწახნაგოვანი, საზარელი, გამაოგნებელი და ლამის „იერემიას გოდების“ ალუზიებით გაჯერებული ტექსტი სულ ახლახან დაიწერა. თანაც, საბჭოთა წარსულს ვერდაღწეული ერის შესახებ, რომლის ყოფნა-არყოფნის, უფრო ზუსტად, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას.

საკმაოდ მძიმე და შემზარავი ნატურალიზმით ნაკვები ტექსტი (თათია მთვარელიძის თარგმანი) თითქმის არ გიტოვებს ადგილს თანაგრძნობა-თანაგანცდისთვის. თავად განსაჯეთ:

„…ეს ხდებოდა მუდამ ჩარაზულ კარებს მიღმა, სრულ სიბნელეში, მთელი სინათლე კი უმოწყალო ხოცვა-ჟლეტის ემბლემად ქცეულ ჭრილობაზე მომართულიყო. ამგვარ რიტუალს სულ თან სდევდა კანიბალური მუსიკის ჰანგი და იქვე, ქვემოთ, უძირო ლაქად დარჩენილიყო ჩამოდენილი სისხლი ისე, რომ მერე ეს ლაქა ყოველ სახლში რაღაც სახის სამსხვერპლოდ იქცა…

უკვე ისედაც ყველასათვის ცნობილი იყო, რომ სამხრეთის საზღვარი, აგერ დღედღეზე მოიშლებოდა: სიკვდილისწინა დნობასავით, რომელსაც უკურნებელი სენი განაპირობებს ხოლმე, სრულიად მოულოდნელად და უდროო დროს. ამგვარი სენი, თუმცა კი ყოველთვის უცაბედად გამოვლინდება დასნეულებული სხეულის ზედაპირზე, ხორცსა და ძვალს ერთმანეთისგან იმგვარი ვიბრაციით აცალკევებს, გეგონება, ადამიანის სხეულის სახსრები ორგანულ სიშმაგეს შეუპყრიაო.“

დანაწევრებული და პერსონაჟებზე გადანაწილებული მონოლოგები დრამატული სიმძაფრითაა გაცოცხლებული. სპექტაკლში მონაწილე მსახიობები (მარინა ჯოხაძე, ეკატერინე დემეტრაძე, კახა კინწურაშვილი, ბაია კერესელიძე, ქეთი ჯავახიშვილი, მაშო მაყაშვილი, გივიკო ბარათაშვილი, ანდრო ჭიჭინაძე, თორნიკე ლაზაშვილი, ლუკა ჯაფარიძე) ამ შემოტევა-მონოლოგებს სრული ფსიქო-ფიზიკური მზადყოფნით ხვდებიან. ეს აუცილებელიცაა, რადგან რეჟისორი მსახიობებს შინაგანი დაძაბულობისა თუ ფიზიკური გამძლეობის ზღვარზე ამყოფებს.

არტო შემთხვევით არ გვიხსენებია. თუ თეატრთან დაახლოებულ მაყურებელს რამე, ან ვინმე შეიძლება გაახსენდეს, პირველ რიგში, ეს სწორედ ანტონენ არტოს „გაშიშვლებულ“ ნერვებთან“ და სიგიჟესთან თანაზიარი „სისასტიკის თეატრია“. სადღაც იქვე არიან ასევე, ბრეხტის „პოლიტიკური ზონგებით“ უკვე მოთელილი და აუგუსტო ბოალის მძაფრი „სოციალური თეატრის“ ესთეტიკით გაბრუებული მსახიობები.

ცხადია, სცენოგრაფიული „აღმართი“ მიშა ჩარკვიანს არ აღმოუჩენია. მეოცე საუკუნის დასაწყისში ექსპერიმენტული ძიებები თეატრში სცენური სივრცის ტრანსფორმაციასაც გულისხმობდა. დახრილ სცენაზე მოძრაობები ეფექტურად აითვისა ასევე თანამედროვე ცეკვის თეატრმა და ქორეოგრაფიამ. ალან პლატელის, საშა ვალცის თუ დიმიტრი პაპაიოანუს წარმოდგენებში დახრილი კედლები და აყირავებული იატაკი ზედ მოსიარულე თუ მოცეკვავე ადამიანებით, სწორედ ამ გაბედული ექსპერიმენტული ძიებების ნაწილია.

თუმცა ჩარკვიანის სპექტაკლში დაახლოებით 45 გრადუსით დახრილ სცენაზე მოსიარულე თუ მოსრიალე პერსონაჟები უფრო დაუსრულებელი მოძრაობების წრებრუნვას გამოხატავენ და მათ ქორეოგრაფიასთან ნაკლები შეხება აქვთ. ამას ემატება ერეკლე გეწაძის ელექტრონული მუსიკა – მრავალჯერ გამეორებული ერთი და იგივე მუსიკალური ფრაზებით, რომელიც სხეულებს თანაბარი რიტმის წყალობით სასიცოცხლო ენერგიას უნარჩუნებს. ანანო მოსიძის კოსტიუმები კი ამავე სხეულების ხილვადობასა და მგრძნობიარობას უკეთ წარმოაჩენს.

„დიდებულთა ნგრეული ნაშთები“, სადაც ოდესღაც პათეტიკურ-პატრიოტული სადღეგრძელოები გაისმოდა, საბოლოოდ გამქრალია. უნაყოფო ქალები და დავრდომილი კაცები ამ სადღეგრძელოებსა და მითებში ჩაიკარგნენ. ხარბმა ჩინოვნიკებმა, რომლებიც ბრეხტის თქმით „რვა კერძს ყლაპავდნენ“ („კავკასიური ცარცის წრის“ ცნობილი ზონგი გაიხსენეთ), დღეს უკვე ქვეყანაც გადასანსლეს. მხოლოდ ერთი უცნაური, რელიქტი-ჩინოვნიკი გამოკრთება ეკრანზე ცოტა ხნით და ისიც უცხოურ ტვ-ში (სპექტაკლში გამოყენებულია „ბლუმბერგის“ ცნობილი ინტერვიუს ფრაგმენტი ირაკლი ღარიბაშვილთან, 2023 წელს კატარის ფორუმზე).

ეკვატორის გადალახვის, ან წარმოდგენის სადღაც ორი მესამედის გავლის შემდეგ, როცა შეუბრალებელი პუბლიცისტიკის კვალი იმდენად ცხადი გახდება, რომ სიტყვები – „სპერმა, სისხლი, განავალი, პენისი“ – არცთუ პოეტური მეტაფორებიდან მაყურებლის მეხსიერებაში მყარად გადაინაცვლებს, „ლამაზი“ სანახაობის მომლოდინე რომელიღაც წყვილი ვეღარ მოითმენს, წამოხტება და დარბაზიდან გაიქცევა („ეს სად მომიყვანე ლევან, დავიჯერო რამე ნორმალური და გასართობი სპექტაკლი მთელს თბილისში ვერაფერი მონახე?!“). დარჩენილებს კი ბონუსად ერგებათ ანტიკური ტრაგედიებით ნაკარნახევი „ნარჩენები“ (ნუ, დიმიტრიადისი მაინც ბერძენია და გასაგებია მისი ლიტერატურული ვნება), რომელიც ისე შთამბეჭდავად და ნელ-ნელა „გაიხრწნება“ ამ ორი საათის განმავლობაში, რომ სცენურ ქმედებას ტექსტის მძაფრი ნატურალიზმი უბრალოდ გადაფარავს.

გამოუვალობის შეგრძნებას და გამეორებული ტრაგედიების მუდმივობას ფინალში ირონიული დრამატიზმით დაასრულებს გელათის ღვთისმშობლის მოზაიკის ვიდეოინსტალაცია მთელს სცენაზე. სასოწარკვეთილი ქალისა (ეკა დემეტრაძე) და დასახიჩრებული კაცის (კახა კინწურაშვილი) სხეულები მასზე ისევე იკითხება და აღიქმება, როგორც გელათის ფრესკებზე დალექილი სინესტის უხილავი, მაგრამ გამანადგურებელი კვალი. ბნელში ჩაძირული ეს გიგანტური ვიდეოფრესკა სინამდვილეში ბნელეთში ჩაძირული ქვეყნის პორტრეტია. „დაბნელების ანატომიას“ კიდევ უფრო აზუსტებს და აკონკრეტებს ფრაგმენტი დიმიტრიადისის რომანიდან „ვკვდები როგორც ქვეყანა“: „და იმ წუთებში არაფერი იყო უფრო განუსაზღვრელი, ვიდრე სიტყვა „იმედი“ და არაფერი უფრო ბნელი, ვიდრე ამ სიტყვის მნიშვნელობა“.