დაჩა მარაინი სამუდამოდ

გიორგი ლობჟანიძე

„გოგონა და მესიზმრე კაცი“ დაჩა მარაინის მეორე რომანია, რომელიც იტალიურიდან ქართულად ითარგმნა და ერთი წლის წინ გამოსცა გამომცემლობა „კლიომ“.  ორივე რომანი ქართულად იტალიური ლიტერატურის ჩინებულმა მცოდნემ და თარგმანის ნამდვილმა ოსტატმა, ნუნუ გელაძემ თარგმნა. 

რაც შეეხება ავტორს, უკვე სოლიდურ ასაკში მყოფი დაჩა მარაინი თანამედროვე იტალიური და მსოფლიო მწერლობის აღიარებული მეტრია, რომლის სიტყვასაც ელიან, უსმენენ  და ითვალისწინებენ თითქმის ყველა კულტურულ ქვეყანაში. 

იტალიური კლასიკური მწერლობისა და რეალიზმის ტრადიციებიდან ამოზრდილი დაჩა მარაინი თავის თხზულებებში ყველა იმ მწვავე პრობლემაზე დაუფარავად საუბრობს, რომლის წინაშეც დღევანდელი საზოგადოება აღმოჩნდა. 

ამ პრობლემათა ცენტრში კი მწერლისათვის მოქცეულია ქალი, რომელსაც დღევანდელი თავისუფლების, თანასწორობის, მოჩვენებითი სილაღის პირობებში, უამრავი ონტოლოგიური სირთულის გადალახვა უხდება.  

ქართულად გამოცემული მისი პირველი რომანი „ხმები“ თანამედროვე იტალიის ნამდვილ თავსატეხად ქცეულ ფემიციდის პრობლემაზე მოგვითხრობს, ხოლო მეორე რომანი – ‘გოგონა და მესიზმრე კაცი“ – ბავშვთა არალეგალური პროსტიტუციის პრობლემას ეხება, რომლის ქსელშიც იტალია მსოფლიოს დანარჩენ სახელმწიფოებთან ერთადაა გახვეული. 

თემა უაღრესად აქტუალური და ფაქიზია და მისი დამუშავება ავტორისაგან, მწერლურ ნიჭიერებასთან ერთად, დიდ მოქალაქეობრივ სითამამესაც მოითხოვს, რადგან ამ საშინელების მხილება, თუნდაც მხატვრულ ტექსტში, მწერლისათვის, რბილად რომ ვთქვათ, უსაფრთხო არ არის. 

ყველა ამ საშიშროების გაცნობიერების მიუხედავად, დაჩა მარაინი ნავსს ტეხს და ძალზე ფაქიზად, მაგრამ ამავდროულად უმწვავესად აღწერს სინამდვილეს, რომელზე ლაპარაკსაც, ჩვეულებრივ, უამრავი მიზეზის გამო გაურბიან, რადგან თუკი პრობლემას ღრმად დავინახავთ, მივხვდებით, რომ მის შექმნასა და გაღრმავებაში მთელი საზოგადოება, ჩვენ – ყველანი, ვართ დამნაშავენი და არამხოლოდ ისინი, ვინც ამ საძაგლობასთან პირდაპირ არის დაკავშირებული, არამედ ისინიც, ვინც, საკუთარი სიცოცხლის შიშით, ამ საკითხებზე ლაპარაკს მრავალმნიშვნელოვან დუმილს ამჯობინებს. 

არის მეორე მხარეც. 

მაგალითად მე, რომელსაც არანაირი რეალური ინფორმაცია არ მაქვს წიგნში დასმული პრობლემის (ასე ვთქვათ) ქართულ განზომილებაზე, პირველად სწორედ დაჩა მარიანის რომანის წაკითხვისას დავფიქრდი იმაზე, არის თუ არა ეს პრობლემა საქართველოში და რა მასშტაბები შეიძლება ჰქონდეს ბავშვთა პროსტიტუციას ჩვენისთანა პატარა და ღარიბ ქვეყანაში, თუკი იგი დღევანდელი განვითარებული და აყვავებული იტალიისთვისაც კი ლამის დაუძლეველ დილემად ქცეულა. 

ალბათ არსებობს გარკვეული სტატისტიკა, რომელიც საზოგადოების ჩემისთანა წევრებისათვის ჩვეულებრივ, დაფარულია, მაგრამ რიგითი ტაქსისტების მონათხრობები, რომლებიც, რაც გინდა შეფერილი და გამძაფრებული იყოს მეტი ეფექტისთვის, მაინც კარგად გვაგრძნობინებენ იმ საშინელებას, რომელიც შეიძლება ამ თვალსაზრისით (უასაკო გოგონებისა და ბიჭების ექსპლუატაციის მხრივ) საქართველოში გახსნილ ბევრ საეჭვო დაწესებულებაში ტრიალებდეს. 

საინტერესოა, რომ ამ პრობლემის ვერბალიზაცია (გარკვეული მხატვრულობის პრეტენზიით) საქართველოში მეც მხოლოდ ამა თუ იმ ტაქსიში შემხვედრია, პრესაში ამაზე არაფერი იწერება, როგორც პრობლემაზე და მწერლობა ხომ საერთოდ მკვდარივით უტყვია. მას უბრალოდ ეს საკითხი არ აინტერესებს.

ქართული მწერლობის ამ სიცარიელეს კი დიდწილად ავსებს სწორედ თარგმნილი ლიტერატურა და კონკრეტულად დაჩა მარაინის ეს ბრწყინვალე რომანი, რომლისთვისაც გეოგრაფია ძალზე პირობითია და არამხოლოდ იმის გამო, რომ იტალიელი გოგონა აღმოსავლეთის განვითარებად ქვეყანაში აღმოჩნდება, არამედ უპირველესად იმის გამო, რომ დანაშაულს ეროვნება და სამშობლო არა აქვს. მისი ნიადაგი ადამიანის გული და რთული ფსიქიკაა, რომელიც ბავშვობის დროინდელი ტრავმებითა თუ საერთოდ, სხვადასხვა წარმოშობის კომპლექსებით არის გაფხვიერებული. 

ამიტომაც იტალიის ერთ პატარა ქალაქ ს.-ში 2 ოქტომბრის დილას გაუჩინარებული მოზარდი გოგონა, სინამდვილეში, ყველა იმ ქალაქიდან დაკარგული გოგონაა, ვისაც ასეთი მწარე ბედისწერა შეხებია. 

ამიტომაც აღიქვამს მას სიზმარში საკუთარ გარდაცვლილ ქალიშვილად დაჩა მარაინის რომანის მთავარი გმირი, უსიმპატიურესი მასწავლებელი, რომელიც იმავე ბედისწერის ძალითა და პრინციპში, თავისი ცნობიერი არჩევანის საპირისპიროდ, მოტაცებული გოგონას ამბის უმთავრესი მოქმედი პირი აღმოჩნდება. 

მასწავლებელი ინტუიციის, სიზმრის კარნახით მიჰყვება მოვლენათა ლოგიკას და უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, სიზმარს სინამდვილის სასარგებლოდ „აამუშავებს“,  მის ბუნდოვან მინიშნებებს სიცხადის დადასტურებულ სიმართლედ გარდაქმნის.

ამ ასპექტის მხატვრულ სიბრტყეში გადატანა, ამ სიზმარ-ცხადის შუა კონწიალის მხატვრული ხორცშესხმა მწერლისაგან ისეთ ოსტატობას მოითხოვს, რომლის, როგორც მხატვრული დავალების შემსრულებელი, მსოფლიო ლიტერატურაში სულ რამდენიმე მწერალი მეგულება; ალბათ, ისევ ესპანელები: ბორხესი, მარკესი და ხიმენესი. რადგან ეს ისეთი მოლიპული ციცაბოა, ეს სიზმარ-ცხადის ეფემერული უღელტეხილი, რომ მისი გამოთქმისას, სიტყვებზე ბევრ არაჩვეულებრივ ოსტატს აუცდა აქამდე ფეხი. 

დაჩა მარაინის რომანის პირველივე გვერდი კი ისე ფეერიულად განანავებს წინადადებების უზუსტესად შერჩეული რიტმის სავარძელში, რომ მწერლის ძალაში ხომ თავისთავად და პირველ რიგში წარმოსახვის ნამდვილობასა თუ სინამდვილეზე წარმოსახვის დიდ უპირატესობაში რწმუნდები.

რა თქმა უნდა, ამის შემჩნევა ქართველი მკითხველისათვის მთარგმნელის უფაქიზესი ენობრივი შეგრძნებების მეოხებით ხდება შესაძლებელი. სწორედ ნუნუ გელაძის ოსტატობა აქცევს „გოგონა და მესიზმრე კაცის“ ყველა ნიუანსს თანამედროვე ქართული ლიტერატურის ისეთ ფაქტად, რომელიც ორიგინალური მწერლობის განუმეორებელ ნიმუშად შემოდის ჩვენს ცნობიერებაში. 

ამ სიტყვების დასტურად თარგმანიდან უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია, მაგრამ, რადგან ნაწარმოების დასაწყისი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია რომანის რიტმისა და მხატვრული სტილისტიკის განსაზღვრისთვის, ამიტომ, მეც მხოლოდ პირველი გვერდის დამოწმებით შემოვიფარგლები:

„ნისლისაგან თითქმის წაშლილ გზას აჩქარებით მივუყვები. მშრალი და ავი ქარი სუნთქვას მიკრავს. ქუთუთოებს მახუჭვინებს. – სადა ვარ? – ვეკითხები საკუთარ თავს, – და საით მივდივარ? მგონი, ვიცანი ჩემგან მარცხნივ, გაყოლებაზე ხვიარით დაფარული, კიდეებჩამომტვრეული აგურის ყორე და გზა, რომელიც იმ სკოლისაკენ მიდის, სადაც მე ვასწავლი. ორი მეტრის იქით ვეღარაფერს ვხედავ. ქარისა და ნისლის კედელს შეჭიდებული, წინ წვალებით მივიწევ. მოულოდნელად, ლამის ვეჯახები გოგონას, რომელიც მკვირცხლად მიაბიჯებს და  წითელ პალტოში ჩაფუთნულს, გრძელი, თეთრი კისერი მოუჩანს. პირს ვაღებ, რომ ვუთხრა, მაპატიეთ-მეთქი და გვერდი ავუქციო, მაგრამ გაოცებული ვჩერდები, ვაკვირდები წითელ პალტოს, კეფაზე ცხენის კუდივით გამოკრულ წაბლისფერ თმას, რამდენიმე უწესრიგოდ გამოშვერილ ქერა ლოკონს, ცოტა აცაბაცა, რწევით სიარულს და… კი, მაგრამ, ეს ხომ ჩემი ქალიშვილია?! – და ვეძახი: „მარტინა!“ ვხედავ: შუა ტროტუარზე მყისიერად ჩერდება, თითქოს ქვა მესროლოს“.

ძალიან კარგია, რომ ბოლო ხანს ქართულად უამრავი წიგნი ითარგმნება. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მსოფლიო ლიტერატურისა და სააზროვნო პროცესის გაცხოველებული ათვისება მიდის, მაგრამ ამ თავისთავად მნიშვნელოვან მოვლენას აქვს მეორე, ძალზე მანკიერი მხარე, რომელმაც შეიძლება სრულიად გადაწონოს მისი მნიშვნელობაცა და უდავო ღირსებებიც. ეს არის თარგმანის ხარისხი და ის უაღრესად მწირი ქართული, რომლის მოძალებაც გამდიდრების ნაცვლად (რაც თარგმანის პროცესის ბუნებრივი შედეგი უნდა იყოს) უკიდურესად აღარიბებს ენას და სკეპტიკურად განგვაწყობს მისი თავისთავად უმდიდრესი ბუნებრივი შესაძლებლობებისადმი. 

ამ დროს ადამიანი ფიქრობ: ნეტავ რა სჯობს, იყოს ამდენი, მაგრამ ასეთი თარგმანი თუ საერთოდ არ ითარგმნებოდეს კარგი წიგნი, ვიდრე თავის ნამდვილ გამგებსა და მთარგმნელს არ იპოვის?

ნუნუ გელაძის ნებისმიერი ნამუშევარი და მათ შორის, დაჩა მარაინის ორივე რომანი, სწორედ ამის საპირისპირო მოვლენაა. ეს ის შემთხვევაა, როცა მთარგმნელმა, ჯერ ერთი, ზუსტად იცის, რას უნდა მოკიდოს ხელი, და მერე, ერთი ბეწო კომპრომისზეც კი არ მიდის – საკუთარი თავის, მწერლის, ორიგინალისა თუ მშობლიური ენის წინააღმდეგ, ეძებს, ხვეწს, იღებს და უკუაგდებს ათასგვარ ხერხს, ქმნის ასეულობით კომბინაციას იმისათვის, რომ, რაც შეიძლება, ზუსტად გამოხატოს ორიგინალის თავისებურებები – ის ყველაფერი, რაც თარგმნილი წიგნის ენის რეალურ სიმდიდრეს წარმოადგენს, რათა განძი განძადვე გადმოვიდეს ჩვენს ენაშიც და თვალმარგალიტის ნაცვლად ხელთ არ შეგვრჩეს იაფი ბიჟუტერიისა თუ ბიჟუტერიის იაფი ბრჭყვიალი.

ამიტომაც, დაჩა მარაინიმ ალბათ არ იცის, როგორ გაუმართლა, რომ მისმა წიგნებმა იპოვეს თავიანთი ნამდვილი მთარგმნელი, რომელიც რეალურად მწერლის თანაავტორია – ამ სიტყვების საუკეთესო გაგებით. რომ ნუნუ გელაძის გადმოქართულებული დაჩა მარაინი ისევე იკითხება, როგორც დღევანდელი იტალიური პროზის მშვენება დაჩა მარაინი.

დაბოლოს, ცოტა ალბათ ქართული გამომცემლობის პასიურობის ბრალია, რომ მარაინის ორივე რომანი რაღაცნაირად ჩაიკარგა ჩემ მიერ ზემოთ ნახსენებ მთარგმნელობით და საგამომცემლო კაკაფონიაში. 

წესით, ასეთი წიგნები და თარგმანები გამუდმებით უნდა ტრიალებდეს საზოგადოებაში, როგორც ნიჭისა და პროფესიონალიზმის უიშვიათესი ნიმუშები. 

რადგან ეს წიგნები არ არის ისეთი ტექსტები, რომლებსაც ერთხელ წაიკითხავ და გვერდზე გადადებ. 

პირიქით: თუ ერთხელ თუნდაც შემთხვევით შეხვდი, ვეღარასოდეს მოიცილებ, სამუდამოდ შენი ხდება, სამუდამოდ შენი დაჩა მარაინი.