დამარცხება თუ გამარჯვება - როგორ დასრულდება ბრძოლა მარიუპოლისთვის

85-დღიანი ბრძოლა მარიუპოლისთვის ამ ეტაპზე დასასრულს უახლოვდება. ქალაქის ვრცელ ტერიტორიაზე გაშლილი „აზოვსტალიდან“, რომელშიც მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად მარიუპოლის დამცველი სამხედროები რამდენიმე კვირა იყვნენ გამაგრებული, ჯარისკაცები ნელ-ნელა გამოდიან.

12 მაისამდე „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ მეშვეობით ქარხნის ტერიტორია ჯერ მშვიდობიანმა მოქალაქეებმა დატოვეს. ერთი კვირის შემდეგ კი „აზოვსტალის“ დატოვების ბრძანება კიევიდან მიიღეს იქ მყოფმა სამხედროებმაც. ტერიტორია თავდაპირველად დაჭრილმა სამხედროებმა დატოვეს, შემდეგ კი სხვა ჯარისკაცებმა. ისინი ჯერჯერობით რუსეთის ტყვეობაში არიან. „აზოვსტალში“ ჯერ კიდევ რჩებიან მათი მეთაურები.

აზოვის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე თითქმის ნახევარმილიონიანი ინდუსტრიული ქალაქი რუსეთისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებდა. მარიუპოლი დონეცკის ოლქს ეკუთვნის, მისი დაკავება სეპარატისტებს ჯერ კიდევ 2014 წელს სურდათ, თუმცა ქალაქი უკრაინელთა კონტროლქვეშ დარჩა.

მარიუპოლი აზოვის ზღვის ყველაზე დიდი ქალაქია. ქალაქზე გადის სახმელეთო დერეფანი, რომელიც აკავშირებს ყირიმსა და დონეცკს. ქალაქის დაკავება მნიშვნელოვანი იყო აზოვის ზღვაზე კონტროლის მთლიანად მოსაპოვებლად.

ასე რომ, უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან რუსულმა არმიამ მძლავრი იერიში წამოიწყო ქალაქის დასაკავებლად. მარიუპოლს იცავდა „აზოვის“ პოლკი და საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა, იბრძოდნენ ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები, ადგილობრივი პოლიცია და მესაზღვრეები.

ამ სამი თვის განმავლობაში მარიუპოლი იქცა, ერთი მხრივ, განადგურების სიმბოლოდ, რაც რუსულ ოკუპაციას მოაქვს მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიებისთვის, მეორე მხრივ კი, გმირობის მაგალითად, რაც ქალაქის დამცველთა გააფთრებულმა წინააღმდეგობამ აჩვენა.

მარიუპოლში ბრძოლის პარალელურად ჩნდებოდა კითხვებიც, რატომ ვერ ეხმარებოდა ქვეყნის ხელისუფლება მათ და „გაწირეს“ თუ არა „აზოვი“ სპეციალურად, როგორც ამას რუსული პროპაგანდა ამბობდა. კითხვები გაჩნდა ბრძოლის მიწურულსაც – რა ბედი ეწევათ სამხედროებს? როგორ განვითარდება ახლა მოვლენები? აქვს თუ არა უკრაინას მარიუპოლის დაბრუნების შანსი?

მარიუპოლის გარშემო გაჩენილ შეკითხვებს „პუბლიკას“ ორგანიზაცია „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ კვლევების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი კობერიძე პასუხობს.

როგორ აღმოჩნდა მარიუპოლი ალყაში?

ზოგადად, სწრაფად მოხდა სამხრეთის ფრონტის ჩამოშლა. უკრაინა მოუმზადებელი აღმოჩნდა ასეთი სწრაფი შეტევისთვის. ამასთან მარიუპოლს ჰქონდა დიდი დაწოლა არამხოლოდ ყირიმიდან წამოსული ნაწილებისგან, არამედ დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიების მხრიდანაც.

უკრაინელებს ჰქონდათ მზაობა დაეცვათ ქალაქის შემოგარენი და ამას ახერხებდნენ კიდეც, მაგრამ, როცა 28 თებერვალს რუსებმა ფაქტობრივად უბრძოლველად აიღეს ბერდიანსკი, უკრაინელთა პოზიციები დასავლეთის მიმართულებით ძალიან დასუსტდა. ამიტომ ისინი იძულებულები გახდნენ, რომ უშუალოდ მარიუპოლის დაცვაზე გადასულიყვნენ.

2 მარტიდან მოყოლებული რუსეთის სახმელეთო ძალები და ავიაცია უკვე თითქმის ყველა მიმართულებიდან უტევდა ქალაქს. 3 მარტს დაიწყეს შეტევა ზღვიდანაც, ანუ ალყა ოფიციალურად უკვე 3 მარტიდან გაფორმდა.

ალყის დაწყების შემდეგ, თავდაპირველად, რუსები ცდილობდნენ საავიაციო და საარტილერიო იერიშები მიეტანათ მარიუპოლზე. მოგვიანებით ამას მოჰყვა ქალაქის სიღრმეებში დივერსიული ჯგუფების შეჭრა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაწიოკება. დაახლოებით 15 მარტისთვის რუსების სატანკო ნაწილები უკვე შესული იყვნენ ქალაქ მარიუპოლში.

ამ ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი პრობლემა მარიუპოლის მცველებისთვის იყო მშვიდობიანი მოსახლეობა. მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლებზე პასუხისმგებლებიც ისინი იყვნენ და რომელთა რაოდენობაც ბევრად აღემატებოდა სამხედროთა რაოდენობას. ეს რუსებს აძლევდა საშუალებას, რომ ცეცხლი გაეხსნათ ყველა მიმართულებით, უკრაინელები კი იძულებული გახდნენ, ფოკუსირებულიყვნენ არამხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, არამედ მოსახლეობის დაცვაზეც.

თუმცა, უკრაინელების უკან დახევა არ ყოფილა სწრაფი და ქაოსური. მათ შეძლეს, რომ ამ უკან დახევის პროცესში წინააღმდეგობის ზღუდეები შეექმნათ ქალაქში. ბოლო ასეთი ზღუდე იყო ქარხანა „აზოვსტალი“, რომელსაც შეეძლო, გაეძლო რუსების ხანგრძლივი შეტევისთვის.

მარიუპოლის დაცვისას „აზოვს“ ეხმარებოდა არამხოლოდ რეგულარული არმია, არამედ ქალაქის პოლიციაც. ადგილობრივმა პოლიციამ კი ძალიან კარგად იცოდა ქალაქი, იცოდა სად და როგორ იქნებოდა განლაგებული მათი დაცვის არეალები. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2,5 თვის განმავლობაში მათი წინააღმდეგობა იყო ძალიან ეფექტური და შეძლეს რუსების ამ მიმართულებით შეკავება.

რა მნიშვნელობა ჰქონდა უკრაინისთვის მარიუპოლის დამცველთა ხანგრძლივ წინააღმდეგობას?

უკრაინელებმა მოახერხეს და რუსების დაახლოებით 6 000 სამხედრო მოკლეს, რაც ძალიან დიდი რიცხვია. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ რუსების დანაკარგებს შორის სხვა გამოცდილ მებრძოლებთან ერთად არიან ის დივიზიებიც, რომლებიც ელიტურებად მიიჩნეოდნენ.

უფრო მკაფიოდ რომ დავინახოთ სურათი, მარიუპოლს უტევდა დაახლოებით 17 000 სამხედრო. მათგან 10 000, ასე ვთქვათ, ელიტურად მიჩნეული. ამ ნაწილების სხვა მიმართულებით სწრაფად გადაადგილება გამოიწვევდა უკრაინელთა ფრონტის ჩამოშლას და უკრაინას ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნიდა.

ასე რომ, ეს მოვლენა, როცა უკრაინელები იწყებენ ნელ-ნელა „აზოვსტალიდან“ გამოსვლას და მოგვიანებით, ალბათ, მათ გაცვლიან რუს ტყვეებში, უკრაინელებისთვის არის ერთგვარი გამარჯვებაც კი, რადგან მათ მოიგეს დრო, შეინარჩუნეს თავიანთი სიცოცხლე, თავიანთი გამოცდილება, თან ისე, რომ რუსეთის ამ ელიტურ დანაყოფებს მიაყენეს გამოუსწორებელი ზიანი.

რა მოხდებოდა, რომ მარიუპოლის დამცველებს ქალაქი ალყაში მოხვედრამდე დაეთმოთ?

წარმოვიდგინოთ ასეთი სცენა, რომ უკრაინელებს მართლაც გადაეწყვიტათ და დაეხიათ უკან 3 მარტამდე. მარიუპოლი ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო, რომელზე იერიშიც 24 თებერვლიდან დაიწყო.

ამის შედეგად მოხდებოდა ის, რომ 500 000-იანი ქალაქიდან, რომლიდანაც ხალხის გაყვანა აქტიურად სწორედ 24 თებერვლიდან დაიწყო, ვერ მოხდებოდა მოსახლეობის ევაკუაცია და მთელი ქალაქი რუსული ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდებოდა.

მარიუპოლის ძალიან აქტიურ დაცვას მოჰყვა ის, რომ ქალაქიდან დაახლოებით 300 000 ადამიანმა გასვლა შეძლო.

ამის გარეშე მთელი ეს მოსახლეობა აღმოჩნდებოდა რუსების, დონეცკელი და ლუჰანსკელი სეპარატისტების, ჩეჩნური ნაწილების კეთილ ნებაზე დამოკიდებული. ჩვენ ვიხილეთ, რა მოხდა მარიუპოლის იმ ნაწილებში, რომლებშიც ეს საოკუპაციო ჯარები მალევე შევიდნენ. იქ იყო წამება, ძარცვა, ვნახეთ რუსულ ტერიტორიებზე გადასახლება და საკონცენტრაციო ბანაკებში ხალხის გაგზავნა.

მეორე მხრივ, არც პოლიტიკურად და არც სამხედრო თვალსაზრისით არ იყო იმისი საჭიროება, რომ „აზოვსა“ და მარიუპოლის სხვა მცველებს დაეხიათ უკან. ეს იქნებოდა ძალიან ცუდი პრეცედენტი, თავიანთი ქალაქი რატომ უნდა ჩაებარებინათ უბრძოლველად?!

ეს იქნებოდა პრეცედენტი, რომლისთვისაც მერე შეიძლებოდა სხვა ქალაქებს მიებაძათ. თანაც მის დასაცავად მზადება რვა წლის განმავლობაში მიდიოდა.

რატომ იყო „აზოვსტალიდან“ ახლა გამოსვლა ოპტიმალური გადაწყვეტილება?

როგორც ვთქვით, უკრაინელებმა ამჯობინეს, რომ დარჩენილიყვნენ და ბოლომდე ებრძოლათ. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიდგომამ გაამართლა კიდეც.

რუსები ახლა ერთგვარ დათმობაზეც კი წავიდნენ, არა კეთილი ნების გამო, არამედ იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ ის მაღალი მომზადების სამხედროები, რომლებიც ახლა უკრაინელთა ხელში არიან. საუბარი მაქვს, არა რიგით ტანკისტებზე, არამედ პილოტებზე, რაც ახლა რუსეთს ძალიან უჭირს.

პილოტები ყველა ქვეყნისთვის დეფიციტურია, მაგრამ რუსეთისთვის კიდევ უფრო მეტად. რადგან მათი პილოტები ისე გამოცდილი არ არიან, როგორც ეს ფურცელზე წერია. ყველასთვის ცნობილი კორუფციული სქემის „წყალობით“ ისინი ყოველწლიურად იმაზე ბევრად ნაკლებს დაფრინავენ, ვიდრე ამას ფურცელზე აღრიცხავენ, დარჩენილ საწვავს კი ყიდიან.

ასე რომ, რუსები იძულებული არიან, დაიწყონ ფიქრი ტყვეების გაცვლაზე. რა თქმა უნდა, რუსები პროპაგანდის მეშვეობით ყველანაირად შეეცდებიან, რომ „აზოვსტალიდან“ გამოსული სამხედროები წარმოაჩინონ როგორც დანებებული, წარმოაჩინონ როგორც ტყვეები და ნაცისტები. იტყვიან, რომ პასუხისგებაში მივცემთ.

მაგრამ ერთია, მედიაკამპანია და მეორეა, რეალურად რა იქნება მათი საბოლოო ბედი. რეალობასთან უფრო ახლოს კი ისაა, რომ შეიძლება უკვე შედგა კიდეც რაღაც მოლაპარაკება.

უკრაინელები ასე უბრალოდ არ გასცემდნენ „აზოვსტალიდან“ გამოსვლის ბრძანებას. ისინი ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებიან მთელ ამ პროცესს. ეს უფრო წინასწარ გათვლილ პროცესს წააგავს, ვიდრე უცაბედად მიღებულ გადაწყვეტილებას.

ამ პროცესში ჩართული იყო წითელი ჯვარი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ყურადღებით აკვირდებოდნენ მთელ ამ პროცესს. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ასე მარტივად მოხდება ყველაფერი – „აზოველები“ გამოვლენ, დანებდებიან და ყველაფერი ისე დასრულდება, რომ ისინი დარჩებიან რუსულ ციხეებში.

მეორე მხრივ, ახლა „აზოვსტალში“ უკრაინელების ყოფნა მათთვის ნიშნავდა გახანგრძლივებულ ტანჯვას. მათ აღარავითარი სამხედრო ამოცანა აღარ ჰქონდათ შესასრულებელი. ამ გამუდმებულ დაბომბვას ეტაპობრივად მოჰყვებოდა ახალი სამხედროების დაჭრა და დაღუპვა, იყო შიმშილი, ანტისანიტარია, მოკლედ – ძალიან მძიმე მდგომარეობა.

ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ შეეძლოთ ან არ შეუძლიათ დარჩნენ და გაამაგრონ პოზიციები. რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რადგან „აზოვსტალის“ აღება არ არის მარტივი საქმე. მაგრამ ამ სამხედროების უმეტესობას აქვს უზარმაზარი სამხედრო გამოცდილება და ცოდნა. გმირები კი, დახოცილებზე მეტად ცოცხლები ფასობენ. ცოცხალ გმირებს თავიანთი გამოცდილების გაზიარება და სხვა სამხედროების დახმარება შეუძლიათ.

რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ეს ყველაფერი მაინც სპეკულაციაა. არ ვიცით, ზუსტად ასე მოხდება თუ არა. მაგრამ თუ მაინც მოხდა მათი წამება და დაკავება, ეს იქნება არამხოლოდ მორიგი შეთანხმების მუხანათურად დარღვევა, არამედ კიდევ ერთი აშკარა სისხლის სამართლის დანაშაული.

იყო თუ არა მარიუპოლის დახმარება კიევისთვის შეუძლებელი?

უკრაინის ხელისუფლებას არ გაუწირავს მარიუპოლის დამცველები. პირიქით, მათ ალყის პირობებშიც კი შეძლეს და რამდენიმე ფრენა განახორციელეს მარიუპოლის დასახმარებლად. ჩაიტანეს სამხედრო ტვირთი, მიაწოდეს საკვები, შესაბამისი ინფორმაცია და წამოიყვანეს დაჭრილთა ნაწილი.

მაგრამ, როცა რუსებმა მარიუპოლის ალყაში მოქცევა დაიწყეს, მიხვდნენ, რომ ერთშრიანი ალყა არ გაამართლებდა. ამიტომ მათ შექმნეს ოთხშრიანი ალყა. პირველი შრე იყო უშუალოდ ქალაქის ირგვლივ, მეორე შრე გადიოდა მის შემოგარენში არსებულ სოფლებსა და დასახლებებზე, მესამე შრე შეიქმნა ქალაქ ვოლნოვახასთან და მეოთხე შრე უკვე ვოლნოვახას ჩრდილოეთით.

ამასთან, მათ ყველა ამ შრეზე შექმნეს არამხოლოდ საცეცხლე პოზიციები, რომლებიდანაც მათ შეეძლოთ სამხედრო ოპერაციების წარმოება ზაპოროჟიისა და დონეცკის რეგიონების სიღრმეებში, არამედ მათ შექმნეს თავდაცვითი პოზიციებიც.

ანუ, ისინი ემზადებოდნენ უკრაინელთა შეტევისა და თავდაცვითი ოპერაციის წარმოებისთვის. პრინციპში, მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში მცდელობაც კი იყო. უკრაინელები ეცადნენ ვოლნოვახას მიმართულებით მცირე კონტრშეტევაზე გადასულიყვნენ, მაგრამ მათ ვოლნოვახა ვერ აიღეს.

ამიტომ, იმის თქმა, რომ უკრაინელებს ჰიპოთეზურადაც კი არ ჰქონიათ შანსი, ეს არ იქნება სწორი. რა თქმა უნდა, უკრაინელებს ჰქონდათ შანსი და დღესაც აქვთ ამისი შანსი.

მაგრამ აქ არის ერთი უმთავრესი პრობლემა, უკრაინელებს ძლიერი კონტრშეტევისთვის უნდა მოეხერხებინათ დიდი რაოდენობით სამხედრო ძალების მობილიზება.

საუბარია, დაახლოებით, 15 000 – 20 000 სამხედროზე, რაც საჭირო იყო, რომ ისინი წასულიყვნენ მასობრივ კონტრშეტევაზე და მძიმე ბრძოლით ჩაეღწიათ მარიუპოლამდე. ამის განხორციელება არ იყო შეუძლებელი, თუმცა პრობლემას წარმოადგენდა მობილიზების ადგილი.

დონეცკსა და ზაპოროჟიას გეოგრაფიულად ძალიან რთული მდებარეობა აქვთ. ორივე მხარე გაშლილია, ტყე ძალიან ცოტაა და ასეთი რაოდენობის ძალების დამალვა შეუძლებელი იქნებოდა.

რუსული ავიაცია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლავ დომინირებს. ეს არ ნიშნავს, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ, მაგრამ შეუძლიათ იერიშების მიტანა. ამხელა მასშტაბის სამხედრო ძალების თავმოყრა კი შეუმჩნეველი არავის დარჩებოდა.

ამ პირობების გათვალისწინებით, მათი მხრიდან ასეთი მასშტაბის კონტრშეტევის განხორციელება, მით უმეტეს, რომ მათ ჯერ კიდევ არ აქვთ, საკმარისი რაოდენობით შეტევითი იარაღი, ძალიან რთულად წარმოსადგენია. უკრაინელებს მოუწევდათ გაეწირათ ძალიან დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა, რომ მარიუპოლამდე ჩაეღწიათ.

მარიუპოლის დაცვის იდეა კი ამ შემთხვევაში დაიკარგებოდა, რადგან, როგორც ვთქვი, მარიუპოლის მცველებმა მოახერხეს, რომ მტრისთვის მიეყენებინათ გამოუსწორებელი ზარალი. თუკი ამ ზარალის შემდეგ უკრაინელებიც დაკარგავდნენ თავიანთი ძალების იმავე რაოდენობას, რაც რუსებმა დაკარგეს, გამოვიდოდა, რომ მარიუპოლის ასეთი გმირული დაცვა აზრს დაკარგავდა.

ახლა განვიხილოთ სხვა ვარიანტი, მაგალითად, მარიუპოლის მცველებს ეცადათ, გამოერღვიათ რუსული ალყა და ბრძოლით გაევლოთ უკრაინელთა კონტროლირებად ტერიტორიამდე. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ აქ პრობლემა იქნებოდა დაჭრილების წაყვანა.

თქვენ წარმოიდგინეთ რა იქნებოდა, უკრაინელები რომ ბრძოლით გამოსულიყვნენ მარიუპოლიდან და დაჭრილები „აზოვსტალში“ მიეტოვებინათ. ეს იქნებოდა სასტიკზე სასტიკი ქმედება. თან ამას რუსები, ერთი მხრივ, გამოიყენებდნენ პროპაგანდისტული მიზნებისთვის, მეორე მხრივ, კი აწამებდნენ იქ დარჩენილ დაჭრილ სამხედროებს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება გადაითარგმნოს ასე – მარიუპოლის მცველებმა თავი შესწირეს. თავი შესწირეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის ფასად დაიცვეს უკრაინის სხვა ქალაქები. დაიცვეს არა იმ ქალაქებში ბრძოლით, არამედ იმით, რომ აიძულეს რუსებს, დიდი ძალები მიემართათ მარიუპოლისკენ საომრად.

რას მოუტანს მარიუპოლის დაკარგვა უკრაინასა და რუსეთს?

დავიწყოთ იმით, რომ მარიუპოლი რუსებს, როგორც ასეთი, არ აუღიათ. მარიუპოლის მცველებს მიუვიდათ ბრძანება გამოსვლის შესახებ და მათ ეს ბრძანება შეასრულეს. აქ არ ჰქონია ადგილი რუსებისგან მთელი ქალაქის აღებას, მათ შორის, „აზოვსტალის“, ყველას ამოხოცვას და დროშების აფრიალებას.

ეს არის გააზრებული ბრძანება იმისთვის, რომ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც იცავდნენ მარიუპოლს, აღმოჩნდნენ სხვა უკრაინელთა გვერდით და გამოიყენონ ისინი ბევრად უკეთ, მათ შორის, თუნდაც სხვების ინსტრუქტირებისთვის.

მეორე მხრივ, ამას რუსული მედია ისე შეფუთავს, როგორც დიდ გამარჯვებას. ეს ასე მოხდება, არავინ არ უარყოფს და შეიძლება რუსულ საზოგადოებას დააჯერონ, როგორ გაიმარჯვეს, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ მედიაკამპანია რუსული საზოგადოებისთვის.

რეალური სიტუაცია, რეალური გამარჯვება კი იქნება სწორედ ისე, როგორც კუნძული ზმეინის შემთხვევაში, როცა იქაურმა მცველმა გაუშვა რუსული ხომალდი, იქ სადაც საჭირო იყო. საბოლოო ჯამში, რუსებმა ის სამხედრო გაცვალეს და ეს გათავისუფლებული სამხედრო გახდა სიმბოლო უკრაინული გამარჯვებისა.

ასე რომ, თუ ახლა ჩვენ ვიხილავთ თუნდაც ერთ „აზოველს“ კიევში თავისუფლად მოსიარულეს, ეს იქნება დიდი მორალური გამარჯვება უკრაინისთვის, რომელმაც შეძლო და იხსნა თავიანთი სამხედროები; და არა – გამარჯვება რუსებისთვის, რომლებიც, რა თქმა უნდა, ეცდებიან, რომ ყოველგვარი ტყუილით შეფუთონ ეს ამბავი.

როდის შეძლებს უკრაინა ბრძოლას მარიუპოლის დასაბრუნებლად?

მე ვიტყოდი, რომ მოკლე ხანში სრულმასშტაბიანი კონტრშეტევა არ იქნება. ახლა უკრაინელთა მხრიდან ვხედავთ უფრო ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივი შეტევებს.

მაგალითად, ისეთს, როგორიც ახლა ხარკივის ირგვლივ მიმდინარეობს. იქ უკრაინელებმა მოახერხეს და ეს 2-მილიონიანი ქალაქი არამხოლოდ დაიცვეს, არამედ მოგვიანებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ორკვირიანი კონტრშეტევის შემდეგ, გაათავისუფლეს თითქმის მთელი მისი შემოგარენი და რუსეთის საზღვრამდეც გავიდნენ. ასეთივე კონტრშეტევები მიმდინარეობს ხარკივის რაიონის სხვა ნაწილებშიც.

მაგრამ სამხრეთის მიმართულებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იქნება სრულმასშტაბიანი კონტრშეტევაც. რადგან, მაგალითად, სამხრეთში, ეტაპობრივი შეტევა არ გამოვა ლანდშაფტის გათვალისწინებით. იქ სტეპია, ტყე არაა და თუ სწრაფად არ გაიჭერი და არ მიხვედი რაიმე ბუნებრივ საზღვრამდე, ოპერაციას წარმატებულად ვერ დაასრულებ.

ასე რომ, თუკი ტყიან ჩრდილოეთში უფრო მცირე, ეტაპობრივი კონტრშეტევები უფრო ეფექტიანი იყო, სამხრეთის მიმართულებით, მასშტაბური კონტრშეტევა უფრო ეფექტიანი იქნება.

ჩემი ვარაუდია, რომ შემოდგომამდე მოხდება უკრაინელთა გადაიარაღება, გამაგრდებიან, მიიღებენ კარგ ინსტრუქტაჟს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთს ძალიან მკაცრი ზაფხული ელოდება.