ამბროლაურიდან 25 კილომეტრში, რაჭის პატარა სოფელ ურავში დარიშხანის სუნი ისევ იგრძნობა. მოსახლეობა ცხოვრებას განაგრძობს, იზრდებიან ბავშვები, პურიც ცხვება, მაგრამ მათ ყოველდღიურობას დარიშხანის კვალი აჩრდილივით დღემდე დაჰყვება.
სოფელში დარიშხანის ყოფილი საწარმოს ნანგრევები ახლა ქვეწარმავლების ბუდედ ქცეულა. აქ წინა საუკუნის 30-იანი წლებიდან 90-იანებამდე დარიშხანის მადანს ამუშავებდნენ. პროდუქცია საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოიყენებოდა როგორც სამხედრო, ასევე მრეწველობის სხვადასხვა დარგში.
მოსახლეობის ნაწილი დღემდე შფოთავს, უჩივიან ჯანმრთელობის პრობლემებს, მოითხოვენ სოფელში დარიშხანის კერის სრულად აღმოფხვრას. ბოლო წლებში დაბინძურებული შენობების მხოლოდ ნაწილის დემონტაჟი მოხდა და სარკოფაგებში მოექცა, თუმცა ყოფილი ქარხნის გარკვეული უბნები დაბინძურების წყაროდ კვლავ რჩება.
„ურავისნაირად მოწამლული და გაუბედურებული არც ერთი სოფელი არ დარჩენილა“
„სუნი მაინც არის, რომ გაუვლი გვერდით დანგრეულ ქარხანას. საჭიროებს, რომ დაიმარხოს კარგად… როცა მზე აცხუნებს, გვაბრუებს თავში, თვალებშიც… სიცხეში ვატყობთ, რომ გამოსხივებაა. ვიძახით, რა ხდება, რა ხდება, ნამდვილად გამოსხივებაა? საიდან არის? საიდან არის? საიდან არის და აქედან არის“, – შალვა ჩალაძე ყოფილ საწარმოსთან შეგვხვდა, ტყეში სოკოს საკრეფად წასული, შინ ბრუნდებოდა. 30 წელი ვიმუშავე ქარხანაში, ქლორიდს ვხდიდიო. ე.წ. „პრეპარატების ცეხზე“ მიგვითითა, კარგად დამუშავებას საჭიროებსო.
ყოფილი საწარმოდან გზას სოფლისკენ ვაგრძელებთ. მდინარე ლუხუნზე, რომელიც იქვე მოედინება, პატარა ხიდს გადაივლი და კაკალაუბანში მოხვდები. ურაველების ნაწილი ერიდება ჩვენთან ღიად საუბარს. კი ამბობენ, რომ დისკომფორტს დღემდე განიცდიან, რომ არ აქვთ სრული ინფორმაცია, რამდენად უსაფრთხოა მათთვის ამ გარემოში ცხოვრება, რომ ეჭვი აქვთ იმაზე, თუ რამდენად სრულფასოვნად წარიმართა ნარჩენების საკონსერვაციო სამუშაოები, მაგრამ კამერასთან გამოჩენა არ სურთ. იმასაც აღნიშნავენ, ჩვენ თუ არ მივხედეთ თავს, სხვას რა მოვთხოვოთო, მაგრამ ინტერვიუზე მაინც უარს გვეუბნებიან.
რჩევა-რჩევით მაყვალა ჯელაძესთან მივედით. ერთი მოხუცი ბებია სოფლის დარდმა მოკლაო, ასეა ჩემი საქმეც, ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც არავინ მიჯერებსო. კამერას ვდგამთ და იწყებს:
„როგორც კი სიცხე დადგება, როგორც კი წვიმა იქნება, როგორც კი იმ ტერიტორიაზე პატარ-პატარა გუბე დადგება, იმ გუბიდან დალევს თუ არა წყალს საქონელი, ავადდება. იმიტომ, რომ მიწაში გამჯდარია [დარიშხანი]. იქ კიდევ იყო სალექარები, ჭები, ყველაფერი ეს არის საპატრონო. ის ტერიტორია საერთოდ უნდა იყოს დაცული, ისე, რომ იქ არც არაფერი შედიოდეს და არც გამოდიოდეს“, – გვიყვება მაყვალა.
სპეციფიკური, მძაფრი სუნის პრობლემას ისიც აღნიშნავს. ამბობს, რომ მოსახლეობა უჩივის თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, მაღალ წნევას, თუმცა მათი ნაწილი ამას დარიშხანის ყოფილ ქარხანას აღარ უკავშირებს, რადგან „ჰგონიათ, რომ უკვე დაიმარხა და ჩაბარდა წარსულს, მაგრამ არ ჩაბარებულა. მიწაშია გამჯდარი და ისევ დუღს“.
„ჰგონიათ, რომ ურავი დამშვიდდა, დაწყნარდა, მაგრამ ურავისნაირად დაბინძურებული, ურავის ხალხისნაირად მოწამლული და გაუბედურებული არც ერთი სოფელი არ დარჩენილა – არც ლიხეთი, არც აბარი. ჩვენ, ჩვენ ყოველდღიურად ვიწამლებით და ამას ვერავინ ვერა გრძნობს, ისე… ბრონქული ასთმა გვაქვსო, ბრონქები გვტკივაო, ეს გვტკივა, ის გვტკივაო; რატომ გტკივა მერე, რატომ? რა, კანფეტის ჭამამ გატკინა?! ჯერჯერობით, ვერ ვხვდებით, რა გვჭირს…“, – ამბობს მაყვალა.
მაყვალას მსგავსად, სოფლის სხვა მცხოვრებნიც აღნიშნავენ, რომ მათთვის არავის გაუცნია იმ სინჯის შედეგები, რომელიც სოფელში აიღეს. „ჩვენ ვინ რას გვეტყვის. შეიძლება ჩვენ სულაც არ ვართ აქ ცხოვრების ობიექტები, ამიტომ ვინ გვეტყვის ჩვენ მაგას“.
„აქ ბევრი ახალგაზრდაც დაიღუპა, ყველაზე ერთნაირად ხომ არ მოქმედებს ყველაფერი, ბევრი 50 წელს ვერ გადასცდა, ვინც აქ მუშაობდა“, – საღამოს პირზე „ბინების“ დასახლებასთან, კორპუსის წინ შეკრებილ ხალხს ვხვდებით. კი, რა არის დასამალი, ვიტყვით რაც გვაწუხებსო.
„„მიშიაკი“, „მიშიაკი“ ყრია ისევ, არის ადგილები. ძალიან გლახა მდგომარეობაშია ისევ [ქარხნის ტერიტორია]. მე ახლა არავის არ ვაბრალი არაფერს, მაგრამ სისწორე ხომ უნდა ითქვას… არ არის კარგად გაკეთებული… სუნი მაინც არის. მდინარეში ყრია დღემდე რუსეთიდან ჩამოტანილი ნარჩენებიც… ყველაფერი ფუჭდება, მოსავალზეც ძალიან მოქმედებს“, – საუბარს მურმან ჩალაძე იწყებს. შემდეგ კი განხილვაში დავით ჩალაძეც ერთვება. გვიყვება, რომ ერთი შეხედვით შემოღობილ ტერიტორიაზე მავთულბადე ადგილ-ადგილ გახსნილია და პირუტყვი შესვლას მაინც ახერხებს. „რომ შემოაკავებ, იმას პატრონი უნდა,“ – დასძენს ის.
რას გვეუბნებიან ამბროლაურის მერიაში
ამბროლაურის მერიაშიც აცხადებენ, რომ საწარმოს უბნებზე ნიადაგი დარიშხანის შემცველობით სხვადასხვა დოზით დაბინძურებული რჩება.
„საწარმოო ზონა იყო და რა თქმა უნდა, ნიადაგი [დაბინძურებული] რჩება. შემდგომი კვლევების თემაა ეს. სამინისტროც ჩართულია. მარტო მუნიციპალიტეტი თავისი ძალებით აქ ვერაფერს ვერ იზამს, კომპლექსური საკითხია“, – ამბობს „პუბლიკასთან“ მერიის არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ალეკო ქურციკიძე.
ასევე, უწყების მიერ „პუბლიკისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა ისიც, რომ გასულ წლებში დაგეგმილი იყო საწარმოს ერთ-ერთ უბანზე განთავსებული სარკოფაგის მდინარისგან დამცავი კედლის სამშენებლო სამუშაოები, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეასრულა და მასთან ხელშეკრულება შეწყვიტეს. მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული სამუშაოების დასრულება 2020 წელს იგეგმება.
რაც შეეხება დანარჩენ უბნებზე წარმოებულ საკონსერვაციო სამუშაოებს, მათი თქმით, 2014-2015 წლებში ერთ-ერთ უბანზე არსებული დაბინძურებული შენობების დემონტაჟის შემდეგ ტერიტორიაზე მოეწყო სარკოფაგი. ამავე პროექტით, სხვა უბანზეც დაიშალა 4 დაბინძურებული შენობა და იქვე ბეტონის სარკოფაგებში განთავსდა.
მერიის ინფორმაციით, 2017 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით შედგა პროექტი „ურავი 1-ის“ ტერიტორიაზე დარჩენილი 2 დაბინძურებული შენობის დემონტაჟის და „ურავი 4-ზე“ გადატანისა და სარკოფაგის მოწყობის, რაც 2018 წელს დასრულდა.
მერიის ცნობით, დაბინძურებული შენობა-ნაგებობების ნარჩენები ლოკალიზებულია სარკოფაგებში. სარკოფაგის მიმდებარედ დაბინძურებული ტერიტორიები კი შემოფარგლულია ღობით და დაცულია, თუმცა, როგორც მოსახლეობის ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ტერიტორია საკმარისად კარგად დაცული არაა და იქ შესვლას პირუტყვი მაინც ახერხებს. მაჭარაშვილი სოფელში სექტემბერში იმყოფებოდა.
„სოფელთან ახლოს, როგორც ვნახეთ, გარკვეული რესტავრირება გაუკეთდა სამარხს, თუმცა რა დონეზე გაკეთდა, რამდენად ხარისხიანად, ამ ეტაპზე ჩემთვის ძნელია ამის თქმა. ეს ტერიტორია შემოღობილია, მაგრამ კარგად არა, ჩანდა კიდეც, როდესაც ვიყავი, რომ ძროხები შედიან, ცხენები შედიან, ძოვენ ბალახს. მე მგონი, დაცულიც არ არის. კი აწერია, რომ დაცულია, მაგრამ იქ დაცვის არანაირი, არც ადამიანი იყო და არაფერი დაცული არ იყო“, – ამბობს მაჭარაშვილი.
მისი თქმითაც, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, ნამდვილად შეიგრძნობა სუნი და „იმ ტერიტორიაზე როდესაც ძოვენ ცხოველები, ცხადია, რომ ეს არ არის მიზანშეწონილი და მათ პროდუქტებში შესაძლოა აღმოჩნდეს არასასურველი ნივთიერებები“.
ალეკო ქურციკიძე ამბობს, რომ შემოკავებულ, დაბინძურებულ ტერიტორიაზე პირუტყვის შესვლის შემთხვევები ნამდვილად არის, თუმცა მიზეზად მოსახლეობის დაუდევრობას ასახელებს. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე აღნიშნული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის რესურსი დამოუკიდებლად არ აქვს. მას მიაჩნია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისად აღჭურვილი და დაკომპლექტებული სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ამ საკითხებს მონიტორინგსა და პატრონობას გაუწევს. როგორც ქურციკიძე ამბობს, ამ თემაზე სამინისტროსთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
რაც შეეხება ერთ-ერთი სარკოფაგზე მდინარისგან დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოებს, რომელიც ზემოთაც აღვნიშნეთ, ქურციკიძე განმარტავს, რომ ამ ლოკაციიდან საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, არსებული ბეტონის კედელი მყარად არის, სარკოფაგიდან გამორეცხვა არ ხდება. მისი თქმით, გამაგრებითი სამუშაოები გრძელვადიან პერიოდზე, პრევენციისთვის არის გამიზნული.
რაც შეეხება სოფელში აღებულ სინჯს, „პუბლიკას“ მერიამ მხოლოდ წყლის სინჯში დარიშხანის განსაზღვრის 2017 წლის შედეგი მიაწოდა. დასკვნის მიხედვით, წყალში დარიშხანის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე ნაკლებია. სინჯი აღებული იყო მდინარე ლუხუნის ხიდთან, შენობასთან და შენობის ქვევით. დოკუმენტის მიხედვით, კვლევის დამკვეთი „გამა კონსალტინგია“, ხოლო შემსრულებელი სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამა კონსალტინგი“.
რაც შეეხება სოფლიდან აღებულ სხვა სინჯებს – ჰაერის, ნიადაგის, რადიაციის კვლევას, მერიაში ამბობენ, რომ ამგვარ მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო აწარმოებს. „პუბლიკის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციაზე პასუხი სტატიის გამოქვეყნებამდე სააგენტოს არ მოუწოდებია (მასალა პასუხის მიღებისთანავე განახლდება);
შენიშვნები ნარჩენების გადატანის პროცესზე
ურავში დარიშხანის ყოფილი ქარხნის ნარჩენების სარკოფაგები 4 ლოკაციაზე მოეწყო. მათგან 3 საწარმოო ტერიტორიაზეა, ერთი კი – სოფლიდან 16 კილომეტრის მოშორებით, მთაში.
„პუბლიკასთან“ საუბრისას გარემოსდაცვითი ორგანიზაციის CENN-ის ადგილობრივი კოორდინატორი ნანა სოხაძე იხსენებს, რომ ის შენიშვნებს გამოთქვამდა ნარჩენების გადატანის პროცესთან დაკავშირებით.
„იქ ძალიან ბევრი დარღვევები ხდებოდა, თუნდაც ის, რომ ნარჩენები გადახურული მანქანებით არ გადადიოდა, ეს ნარჩენები იბნეოდა. ამას ვაპროტესტებდი ზუსტად… მიწევდნენ წინააღმდეგობას, რომ ეგ დასაწყისში იყო, მერე აღარო, შემოწმდა წყალიც და ჰაერიც და ყველაფერი ნორმაში არისო. მერია იყო დამყარებული გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნებზე. ვიზუალურადაც იყო რაღაც დარღვევები, რაზედაც მე ვსაუბრობდი, მაგრამ ამაზე გვაფარებდნენ დასკვნებს, რომ დასკვნები ასეთია, რომ იქ ყველაფერი კარგად არის“, – ამბობს ნანა სოხაძე.
მისი თქმით, [ალტერნატიული კვლევა] ძალიან დიდ თანხასთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ორგანიზაციას არ აქვს. „მე დამოუკიდებლად კვლევის ჩატარება არ შემიძლია, რომ დავადასტურო, ნამდვილად ასეა თუ არა“, – ამბობს CENN-ის კოორდინატორი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.
როგორც ურავის მკვიდრი მაყვალა ჯელაძე გვიყვება, ამ პროცესზე უკმაყოფილებას ისიც გამოთქვამდა.
„სად მიდიოდა ეს მანქანები იცით? რამდენი კილომეტრი უნდა გაევლო?! სოფელი უნდა გაევლო, წასულიყო და გასცილებოდა სოფელს, ამხელა ტერიტორია არ იწამლებოდა?! ის ნანგრევები და რადიაციული ქარხნის ნარჩენები გაჰქონდათ ამ მანქანით, და იქ თუ საწამლავი იყო და თუ იქ არ უნდა ყოფილიყო ესენი, ამ ტერიტორიაზე არ მოვიწამლეთ [როდესაც გაატარეს ეს ნარჩენები გადაუხურავი მანქანით]?!, მერე ის ნახმარი მანქანები აქ რომ დგებოდა, ჩვენ არ გვწამლავდა?! და თავღია რომ მიდიოდა ის მანქანა… [რომ ვთქვი ამაზე და გავაპროტესტე], რომ მანქანები იყოს დახურული-მეთქი, გადაუფარებიათ ლურჯი გადასაფარებლები რომ არის. მეცინებოდა მერე, ფრიალ-ფრიალით რომ მიდიოდა ეს მანქანები“, – ამბობს მაყვალა ჯელაძე.
„პუბლიკასთან“ საუბრისას მერიის არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ გადაუხურავი მანქანით ნარჩენებით გადატანის რამდენიმე შემთხვევა ნამდვილად იყო, თუმცა პრობლემა მალევე აღმოფხვრეს. ქურციკიძე დაბინძურებული ნარჩენების გარემოში გაბნევას გამორიცხავს.
გარემოსდამცველი ორგანიზაციის, „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სამინისტროს მხრიდან მოსახლეობისა თუ საზოგადოების არაინფორმირებას ასახელებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას პროაქტიულად მიაწოდონ ინფორმაცია ადგილზე წარმოებული სამუშაოებისა თუ მონიტორინგის შედეგების შესახებ.
„მოსახლეობამ უნდა იცოდეს იმ კვლევის შედეგები, რომლითაც იქნება გაზომილი დაბინძურების ფონი ნიადაგში და წყალში, მიწისქვეშა წყლები იქნება თუ ზედაპირული, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს, რომ წარმოდგენა ჰქონდეთ იმ გარემოზე, სადაც ცხოვრობენ, იმიტომ, რომ თუ გარემო დაბინძურებულია, შესაბამის ზომებს მიმართონ, რათა თავი დაიცვან ამ დაბინძურებისგან. თუ არ არის დაბინძურებული, ესაც უნდა იცოდნენ, რადგან მე რაჭაში ხშირად გამიგია, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენას ლუხუნის ხეობიდან ერიდებიან. არ ვიცით, ეს საბჭოთა პერიოდიდან მომდინარე ინერციაა თუ რეალურად არსებობს კიდეც საფუძველი. თუ საფუძველი არ არსებობს, მაშინ ასეთი ინფორმაციის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომ მათი პროდუქტების შეძენისგან არ შეიკავონ თავი. ხოლო თუ დამაბინძურებლებს შეიცავს ეს გარემო, მაშინ ესეც მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს და მართლაც არ შეისყიდოს და გამოიყენოს ის სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომლებიც ამ ურავში და ლუხუნის ხეობაში არის“, – ამბობს მაჭარაშვილი.
გავლენა ჯანმრთელობაზე
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმი-პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მარინე გაგოშიძე ურავში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას 1999 წლიდან აკვირდება.
გაგოშიძე ამბობს, რომ დარიშხანი არის მუტაგენი (ქიმიური და ფიზიკური ფაქტორები, რომლებიც იწვევს მემკვიდრულ ცვლილებებს – მუტაციებს), რომელიც გენეტიკურ სისტემაზე მოქმედებს, ცვლის და ამახინჯებს ქრომოსომებს და თუ ორგანიზმში დაგროვდა, მომავალ თაობას გადაეცემა და დამკვიდრდება მემკვიდრეობაში. დარიშხანის კონცენტრაციის მატებამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული მოწამვლა.
„როდესაც შევადარე 2015 წლისა და 2011 წლის კვლევის მონაცემები, ძალიან დიდი სხვაობა იყო მიკრობირთვების სხვაობას შორის, რომელიც ზუსტად გენეტიკურ დაზიანებას ასახავს. და ის იყო ბევრად მომატებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ურავში ნარჩენების გატანის პროცესში კიდევ უფრო მეტად მოხდა დარიშხანის ადამიანებზე ზემოქმედება. ვიტყოდი, რომ მთელ ორგანიზმზე და არა კონკრეტულად რომელიმე ნაწილზე, განსაკუთრებით გენეტიკურ აპარატზე“, – ამბობს გაგოშიძე.
მისივე თქმით, შესაძლოა, რაღაც ტერიტორიაზე იყოს დარიშხანი ან სხვა მეტალი, მაგრამ ჯანმრთელობისა და ავადობის პრობლემა არ იყოს მისგან გამოწვეული. „მაგრამ ჩვენ ზუსტად, მთელი კორელაციებით გვაქვს დადგენილი მათ შორის ურთიერთკავშირი [ურავში]. ჩვენ ვნახეთ ისიც, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს მიკროელემენტების გარკვეული დგომა, სხვა მეტალების დარიშხანთან მიმართებით ორგანიზმში. ჩვენ სხვა ტერიტორიაზეც გვაქვს შესწავლილი და იქ ასეთი წყობა არ არის. ურთიერთკორელაცია მიკროელემენტებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ განვსაზღვროთ, ადამიანს როგორ დავეხმაროთ. ვთქვათ, დავუნიშნეთ პრევენციისთვის რაღაც, რაც მის ორგანიზმს თითქოს სჭირდება, ამ დროს ეს [მიდგომა] არ იქნება სწორი. თუმცა, დარიშხანის შესახებ ჩვენს კვლევებს თუ გაითვალისწინებენ, უკვე ზუსტად გვეცოდინება ამ ტერიტორიაზე მოსახლეობასთან რა ტიპის მედიკამენტი გვჭირდება, მათი პრევენციული ღონისძიებისთვის“, – ამბობს გაგოშიძე.
ექიმი-პედიატრი აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგად გამოვლინდა ისიც, რომ ურავში ბავშვების უმეტესობას იმუნოდეფიციტი აქვს, რაც მათი სრულფასოვნად განვითარების შემაფერხებელია.
„კვლევა გვაქვს ჩატარებული როგორც იმუნოლოგიური, ასევე ჰემატოლოგიური. თითქმის ყველა სისტემას შევეხეთ. ვიცი, იქ არიან ბავშვები იმუნოდეფიციტით. წარმოიდგინეთ, ბავშვი უნდა ჩაბარდეს თერაპიულ ასაკს ჯანმრთელი, ისინი კი არიან მოჩვენებითად ჯანმრთელები. ასე, გარეგნულად არ ეტყობათ, მაგრამ ფიზიკური განვითარებიდან დაწყებული, თითქმის ყველა სისტემის ცვლილება არის“, – ამბობს გაგოშიძე.
გაგოშიძე ხაზს უსვამს იმას, რომ ტერიტორიის ნარჩენებისგან გაწმენდის პარალელურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ურავში მოსახლეობის ჯანმრთელობის მუდმივ კონტროლსა და მონიტორინგს. „ეს არის აუცილებლად ერთად მოსაგვარებელი“.
ის აღნიშნავს, რომ ამგვარი კვლევისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვება ჭირს და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ამ საკითხებს პრიორიტეტულად უნდა მიუდგეს, ვინაიდან „საქმე გვაქვს ნელ კატასტროფასთან და თუ სათანადო რეაგირება არ მოხდა, საშინელებამდე მივალთ“.
„რატომ არის საჭირო ფართო გამოკვლევა? იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა სისტემაზე რა ცვლილებებია; რა ხდება წელს, რა იყო შარშან, რა შეიცვალა, რომ იმის მიხედვით დავგეგმოთ სხვადასხვა ღონისძიება“, – ამბობს გაგოშიძე,
ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყოველწლიური მონაცემების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, რათა მათ ზუსტად იცოდნენ, კონკრეტული პერიოდისთვის როგორც შეძლონ, რომ ამ ტერიტორიაზე იცხოვრონ ჯანმრთელი ცხოვრების წესით. მისივე თქმით, მოსახლეობა შესაძლოა ამ ეტაპზე ვერ აცნობიერებდეს საფრთხეს და პრობლემებს არ უკავშირებდეს იმ გარემოს, სადაც ცხოვრობენ. სწორედ ამისთვის არის საჭირო მათი ინფორმირება. „უნდათ, დააჯერონ თავებს, რომ ყველაფერი კარგად არის“.
„იქ არის უმძიმესი ნეკროზებიდან დაწყებული, სისხლდენები, თავის ტკივილები, გათმიანება, საშინელი ალერგიული რეაქციები, უმძიმესი გამონაყარი, რომელიც ჩირქდება, შემდეგ გაივლის, მერე კი ისევ ჩნდება. საშინელებაა… რომელიც მოსახლეობას აქვს და იტანენ ამ ყველაფერს, ოჯახები ჰყავთ და უნდათ, რომ იქ ცხოვრობდნენ. არც არავინ არ ამბობს, რომ ისინი უნდა გადასახლდნენ, უბრალოდ [მდგომარეობა] უნდა გამოსწორდეს ისე, რომ მოსახლეობამ შეძლოს იქ ცხოვრების გაგრძელება“, – ამბობს გაგოშიძე.
მისი თქმით, ფინანსური სახსრების შემთხვევაში „ყველაფერი შესაძლებელია“, ის, რომ ეს გარემო მოსახლეობისთვის ნაკლებად საზიანო იყოს.
„მთავრობას თუ ენდომება, რომ ჩვენ მივიღოთ მეტი მონაწილეობა, თუ, რა თქმა უნდა, გრანტი იქნება და მეტი ურთიერთობის საშუალება მოსახლეობასთან, ჩვენ მათ ავუხსნით, როგორ უნდა იმოქმედონ, როგორ მოიპოვონ ეს პროდუქტი, რა პესტიციდები შეიტანონ, როგორ უნდა გააუვნებელყონ ის ხეები, რომლებსაც შესრუტული აქვთ დარიშხანი, თუ როგორ დაამზადონ ამ ხეებისგან მასალა, არსებობს ანტიდოტები, რომლებიც ამას ანეიტრალებს. მოსახლეობამ ეს კარგად არ იცის“, – ამბობს გაგოშიძე.