„დავით გარეჯის გარშემო" - ისტორიკოს ბექა კობახიძის თვალსაზრისი

პუბლიკა

„როდესაც დავით გარეჯის გარშემო პოლიტიკური მოვლენები გახურდა, მაშინ მე ფეისბუქში არ ვიყავი და ამიტომ დამიგვიანდა დაწერა. ახლა ვრცლად მინდა ამ თემას შევეხო და ყველაფერი ვთქვა, რაც ვიცი, როგორც ისტორიკოსმა“, – წერს ისტორიკოსი ბექა კობახიძე და გარეჯის საკითხზე ვრცელ მოსაზრებას აქვეყნებს.

იგი საკითხის აღწერას იწყებს „მოქალაქე-ისტორიკოსის” პრიზმიდან:

ამ საკითხს მინდა შევეხო, როგორც საქართველოს მოქალაქე. „მოქალაქე ისტორიკოსი“ ძალიან გვაკლია. ჩვენში ისტორიკოსობის უფრო „სახელმწიფოს ჯარისკაცის“ ან ხელისუფლების მაამებლის სტერეოტიპებია დამკვიდრებული. ამ საკითხზეც, ვნახე, გამოიყვანეს რამდენიმე „ოფიციოზი ისტორიკოსი“. ჩვენ გვინდა ისეთი ისტორიკოსები, ვინც ისტორიით პოლიტიკური მანიპულაციის უფლებას არავის მისცემენ.

ეს გრძელი პოსტი არ არის მათთვის, ვინც პრიმიტიულად და „ქართულმარშულად“ შეეცდება, მკითხოს „გარეჯი საქართველო არ არის, ბიჭო?!“ თუ საკითხის სიღრმეში ჩახედვა არ გეზარებათ, დავიწყოთ: გარეჯი ისტორიულად და კულტურულად საქართველოა. საკითხის სხვანაირად დასმა არის არამეცნიერული და პროფანიზაცია.

კობახიძე თვალსაზრისს ისტორიული ექსკურსით აგრძელებს:

სამონასტრო კომპლექსი მოიცავს 16 ძეგლს. აქედან, 13 არის უდავოდ საქართველოს მხარეს, 1 უდავოდ აზერბაიჯანულ მხარეს (ბერთუბანი), 2 სადავო ტერიტორიაზე, უფრო აზერბაიჯანისკენ (ჩიჩხიტური და უდაბნო). ეს ყველაფერი თანამედროვე პოლიტიკური გადანაწილებით.

მეექვსე საუკუნეში რომ არ წავიდეთ და მთელ ისტორიას არ მოვყვეთ, მეთვრამეტე საუკუნეში მთელი კომპლექსი სრულად შედიოდა ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში. მეცხრამეტე საუკუნეში ეს ტერიტორია, რომელიც ყარაიაზის ველის სახელწოდებით არის ცნობილი, შედიოდა ტფილისის გუბერნიის შემადგენლობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საკუთარ საზღვრებში მოათავსა ტფილისის მთელი გუბერნია (ლორე და ზაქათალა იყო მხოლოდ სადავო). რესპუბლიკას დენიკინის მოხალისეთა რუსულმა არმიამ გამოუცხადა ბლოკადა. ვერ ხერხდებოდა ხორბლით მომარაგება.

ისტორიულადაც ასე იყო და დღესაც ასეა, საქართველოს მაქსიმუმ 15-20%-ით შეუძლია ხორბლით საკუთარი საჭიროების უზრუნველყოფა. ჩრდილოეთის ქვეყნებზე ვართ ჩამოკიდებულები. ეს რეალობა ნაწილობრივ რომ შეეცვალათ, რესპუბლიკის მთავრობას განზრახული ჰქონდა ყარაიაზის ველის საქართველოს პურის ბეღლად ქცევა. რეალურად, ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა არ ცხოვრობდა. მას აზერბაიჯანელი მწყემსები იყენებდნენ ზამთრის საძოვრებად.

ამის შემდეგ ისტორიკოსი აღწერს, თუ როგორ გადაწყვიტეს ტერიტორიული დავა კომუნისტებმა:

1921 წელს განხორციელდა საქართველოს ოკუპაცია. მანამდე სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაკარგეს დამოუკიდებლობა. ტერიტორიული დავის საკითხი საბჭოთა ხელისუფლებას უნდა გადაეწყვიტა. იმავე წლის ივნისში რუსეთის კომპარტიის () კავკასიის ბიურომ ჩაატარა კავკასიის სამი საბჭოთა რესპუბლიკის კომისიის სხდომები, რომლებზეც ეს თემები უნდა გადაეწყვიტათ.

სხდომები საერთოდ არ ჰგავდა „პროლეტარულ ძმობას“ და ჰარმონიას. იმ დროს საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებაში იყვნენ ე.წ. ნაციონალ-უკლონისტები, რომლებმაც რეალურად იბრძოლეს ტერიტორიების მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის.

კომისიის შემადგენლობაში საქართველოს სსრ-ის მხრიდან მონაწილეობდნენ ალექსანდრე სვანიძე (სტალინის ცოლისძმა, მასთან დაპირისპირებული და მოგვიანებით დახვრეტილი) და სილიბისტრო თოდრია. ორივე ნაციონალ-უკლონისტი. ასევე, აზერბაიჯანის მხრიდანაც ნარიმან ნარიმანოვის ფრთის ნაციონალისტი კომუნისტები იყვნენ წარმოდგენილნი. ამათ ზემოთ იდგა კომისიის შემქმნელი – რუსეთის კომპარტიის () კავბიურო, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ სერგო ორჯონიკიძე და სერგეი კიროვი. ეს ორნი პირდაპირ ემორჩილებოდნენ საბჭოთა რუსეთის ეროვნებათა სახალხო კომისარ (იგივეა რაც მინისტრი – ..) იოსებ სტალინს.

პოლემიკა ქართველ და აზერბაიჯანელ კომუნისტებს შორის იმდენად მწვავე იყო, რომ ორჯონიკიძეს ჩარევა და მხარეთა დამუნათება მოუწია – სირცხვილია, მოძმე კომუნისტები ასე რომ იქცევითო. შეთანხმდა, რომ ზაქათალის ოკრუგი (კახის, ბელაქანისა და ზაქათალის რაიონები) გადაეცემოდა საქართველოს. ყარაიაზის ველზე აზერბაიჯანული მხარე თანახმა იყო, საქართველოს გადასცემოდა, თუ აზერბაიჯანელ გლეხებს კვლავ შეეძლებოდათ ამ ტერიტორიის საძოვრებად გამოყენება. უფრო მეტიც, ისინი ითხოვდნენ, რომ ყოველგვარი ძალაუფლება, გარდა პოლიტიკურისა, გადასცემოდათ ამ გლეხებს და რომ საბჭოთა საქართველოს მთავრობას არ მიეღო არავითარი გადაწყვეტილებები გლეხთა უკითხავად. ამას ქართველი კომუნისტები არ დასთანხმდნენ.

ამ თემას არ ეხება, მაგრამ პარალელურად მიდიოდა ლორეს საკითხის განხილვაც. იქაც, დიდი შეხლა-შემოხლა იყო ქართველ და სომეხ ბოლშევიკებს შორის. ამ სხდომებიდან ათიოდ დღეში, ორჯონიკიძისა და სტალინის პირადი ჩარევით, გადაწყვეტილებები გადაისინჯა – ყარაიაზის ველი და ზაქათალის ოკრუგი მთლიანად გადაეცა აზერბაიჯანს, ხოლო ლორე – სომხეთს.

სტალინ-ორჯონიკიძის ქმედებათა ლოგიკა: თურქეთთან მოლაპარაკებების შედეგად, ბათუმი შეუნარჩუნდა საქართველოს, ხოლო სომხეთმა დაკარგა ყარსი. მას სჭირდებოდა კომპენსაცია. ამასთანავე, სომხური უმრავლესობით დასახლებული ახალქალაქი დარჩა საქართველოს, სამაგიეროდ, სომხეთს მიეცა ლორე. ზაქათალის ოლქში აზერბაიჯანელები იყვნენ უმრავლესობაში, ხოლო ყარაიაზის ველის ეკონომიკური საჭიროება საქართველოს აღარ ედგა, რადგან ჩრდილოეთიდან ბლოკადა მოიხსნა და კავკასია იღებდა ხორბალს. იმის გამო, რომ ყარაიაზის ერთადერთი მომხმარებელი აზერბაიჯანელი მწყემსები იყვნენ, რაღა საჭირო იყო ამ ველის საქართველოს შემადგენლობაში დატოვება?! პირდაპირ მისცეს აზერბაიჯანს სამართავად.

1921 წელს ბოლშევიკურ ელიტაში მიმდინარე დებატებისას არც ხსენებულა და ვერც ახსენებდნენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, მის მნიშვნელობას ქართული კულტურისათვის. ეს მებრძოლი ათეიზმის ხანაა და ასეთ დროს რელიგიური არგუმენტის მოშველიება არავის სურდა, არავის შეეძლო. ძველი ბოლშევიკებისთვის ეს იყო ტერიტორია, საძოვრები, რომელსაც აზერბაიჯანელი გლეხები იყენებდნენ. თუ ეს ასეა, მაშ რატომ არ უნდა მიეცათ ის აზერბაიჯანისთვის? სამონასტრო კომპლექსის შიგნით ძეგლების განლაგება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა საზღვრის დადგენის კრიტერიუმი, მაგრამ ასეთ კრიტერიუმებად გამოდგა ქედი და გეოგრაფიული მახასიათებლები.

1921 წელს ზოგადი შეთანხმება მოხდა, რომ ველი აზერბაიჯანს გადაეცემოდა. შემდეგ წლებში რუკებზე კონკრეტული მონაკვეთების მონიშვნა-დაზუსტება ხდებოდა, მაგრამ საბჭოთა სახელმწიფოსთვის ეს თემა არ იყო ცენტრალური მნიშვნელობის. ყარაიაზი გახლდათ საბჭოთა სახელმწიფოს ნაწილი და მის რესპუბლიკებს შორის საზღვრების დელიმიტაცია არ მიმდინარეობდა. ასეც და ისეც, თავისუფალი იყო მიმოსვლა. მეტადრე, ათეისტურ სახელმწიფოში არ დაუძრავთ მონასტერთა კუთვნილების საკითხი.

საზღვრის დელიმიტაცია მხოლოდ საქართველო-თურქეთის საზღვარზე განხორციელდა, რადგან თურქეთი იყო მტრული ნატოს ბლოკის წევრი ქვეყანა და მკაფიო გამიჯვნას საერთაშორისო პოლიტიკა მოითხოვდა. დანარჩენ სამ მეზობელთან – აზერბაიჯანთან, სომხეთსა და რუსეთთან – დამოუკიდებელმა საქართველომ პროცესი უკვე სამი ათწლეულია, ვერ დაასრულა.

გარეჯის საკითხი აქტუალური გახდა „პერესტროიკის“ დროს, როდესაც სსრკ-მ კომპლექსის მახლობლად სამხედრო პოლიგონის მოწყობა გადაწყვიტა. ამას მოჰყვა ქართველი დისიდენტებისა და ახალგაზრდობის პროტესტი. იმავე პერიოდში, ნაციონალისტურმა საკითხმა საქართველოს კომპარტიის რიგებშიც მეტი გაბედულება ჰპოვა და პარტიის პირველი მდივანი – ჯუმბერ პატიაშვილი ცდილობდა, აზერბაიჯანელი კოლეგა ტერიტორიის გაცვლაზე დაეყოლიებინა. მაშინ ეს ვერ მოხერხდა.

ამის შემდეგ ბექა კობახიძე აღწერს, თუ რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს გარეჯს აზერბაიჯანისთვის:

საზღვრის დელიმიტაციაზე მუშაობა დაიწყო 1990-იან წლებში, ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის მმართველობათა პერიოდში. ქართული მხარე ისევ ცდილობდა, ტერიტორიის მონაცვლეობის პრინციპით, მეტი ფართობის შეთავაზებით დაეყოლიებინა აზერბაიჯანი და საქართველოსთვის დაეტოვებინა სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილი. თუმცა, სამი ათეული წლის შემდეგაც სტატუს კვო უცვლელია.

აზერბაიჯანი უარს აცხადებს ტერიტორიის მონაცვლეობაზე. მათი ხედვით, გარეჯის ქედი არის სამხედრო-სტრატეგიული სიმაღლე, რომლის საქართველოსთვის დათმობა არ აწყობთ. მაგრამ, ალბათ, ამაზე მნიშვნელოვანია საკითხის ისტორიულ-პოლიტიკური მხარე. საღი სამეცნიერო აზრისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის ფაქტი, რომ სამონასტრო კომპლექსი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თუმცა, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, აზერბაიჯანულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრდა დებულება, რომ თანამედროვე აზერბაიჯანელები კავკასიელი ალბანელების შთამომავლები არიან, ხოლო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ქრისტიანული ძეგლი ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.

ალბანეთი დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქრისტიანული (დიოფიზიტური) სახელმწიფო იყო, საკუთარი ენით, ანბანით და მძლავრი ქრისტიანული კულტურით. ეს სახელმწიფო მერვე საუკუნეში არაბთა ლაშქრობის შედეგად განადგურდა. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული რევიზიონისტული აზრი, რომ თანამედროვე აზერბაიჯანელები ალბანელთა მემკვიდრეები არიან, გაკრიტიკებულია დასავლურ, რუსულ და ქართულ სამეცნიერო წრეებში. თუმცა აზერბაიჯანული სახელმწიფოსთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ამ მემკვიდრეობაზე მოჭიდება, რადგან აღნიშნული თეორიის მეშვეობით ხდება, მაგალითად, ყარაბაღის ქრისტიანული ეკლესია-მონასტრების აზერბაიჯანისადმი კუთვნილების ლეგიტიმაცია.

სწორედ ამიტომ, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლება დეოკუპირებულ რაიონთა ეკლესია-მონასტრებში დაატარებს უდინთა ტომის წარმომადგენლებს და წირვა-ლოცვას ატარებინებს. უდინები ძველი ქრისტიანული ტომია, რომლებიც ალბანელთა პირდაპირ შთამომავლებად მიიჩნევიან და აზერბაიჯანში სულ 5000 ადამიანამდე არიან შემორჩენილები. ისტორიის პოლიტიზაცია და წარსულის თანამედროვე ინტერესებისთვის მორგება, მეტ-ნაკლებობით, სამხრეთ კავკასიის არც ერთი სახელმწიფოსთვის არ არის უცხო რამ.

გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ისტორიასთან დაკავშირებით კომპრომისის დაშვებამ, შესაძლოა, ცუდი პრეცედენტი შექმნას აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის ეკლესია-მონასტრების კუთვნილებასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანული მხარის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია – მის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ქრისტიანული ძეგლი ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. შესაბამისად, აზერბაიჯანს აქვს ისტორიული ლეგიტიმაცია აღნიშნულ ძეგლთა მფლობელობაზე. აქედან გამომდინარე, შეიქმნა დავით გარეჯის აზერბაიჯანული სახელწოდებაც – „ქეშიქჩიდაღის სამონასტრო კომპლექსი“.

ისტორიკოსი ეხება პოლიტიკოსების მიერ დაშვებულ შეცდომებს:

მართალია, აზერბაიჯანი უარს აცხადებს, საქართველოს ფორმალურად დაუთმოს სადავო ძეგლები, მაგრამ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები 2019 წლამდე ქართველ მომლოცველებს უპრობლემოდ უშვებდნენ უდაბნოს მოსანახულებლად.

როგორც ვთქვი, ყველაზე სიღრმეში ბერთუბნის მონასტერია, მაგრამ ის მნიშვნელობით, ალბათ, ყველაზე დიდია, რადგან მასში ფრესკებზე გამოსახულნი არიან თამარ მეფე და ლაშა-გიორგი. არ არის გასაკვირი, რომ ქართული ეროვნული იდენტობისთვის იოლად ვერდასათმობია ასეთი მნიშვნელობის კულტურული ძეგლი და ის ქართულ საზოგადოებაში ჭარბად იწვევს ემოციას. შესაბამისად, გარეჯი შემოდის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და სახელისუფლებო თუ ნაციონალისტური ჯგუფები აქტიურად ცდილობენ ამ თემის გამოყენებას პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად.

საკითხის სიღრმისეული ცოდნის გარეშე გამოჩენილი პოპულიზმი და პოლიტიკური სულმოკლეობა ცუდად უბრუნდება უკან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. 2019 წელს, საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი ეწვია გარეჯის სამონასტრო კომპლექსს და განცხადებაც გააკეთა, რომ პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაწყვეტილიყო. მისივე მტკიცებით, ეს თემა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისასაც წამოჭრა. ამას მოჰყვა ქართული ნაციონალისტური თუ რელიგიური ჯგუფების საპროტესტო აქციები ძეგლის ტერიტორიაზე. საკითხის ასეთმა ფორსირებამ და ზეწოლამ აზერბაიჯანული მხარის უკურეაქცია გამოიწვია. როგორც შედეგი, ქართველ ტურისტებსა და მომლოცველებს უდაბნოს მონასტერთან მისვლა შეეზღუდათ. მანამდე, 2005 წელს, ქართველი ბერების მიერ დაწყებული თვითნებური რეაბილიტაციის გამო, წვდომა შეიზღუდა ჩიჩხიტურის კელიებთან.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური სულმოკლეობა გამოიჩინა ხელისუფლებამ და გარეჯის გარშემო ნაციონალისტური ყიჟინის გამოყენება სცადა ოპონენტების წინააღმდეგ და დივიდენდების მოსაპოვებლად. დააკავეს უბრალო საჯარო მოხელეები და როცა მათი ციხეში ყოფნა აღარ სჭირდებოდათ, შემდეგ ეს ხალხი გამოუშვეს, თუმცა სახელისუფლებო მედიასაშუალებებმა მათ გაშავებაზე მაგრად იმუშავეს, რათა ხალხს ისინი პოლიტპატიმრებად არ ჩაეთვალა.

ბექა კობახიძის თქმით, ბრალდებებს, ილიჩოვასა და მელაშვილის წინააღმდეგ საფუძველი არ აქვს:

რას ედავებიან ამ ხალხს? რომ თითქოს მათ ჰქონდათ „განძი რუკები“ ხელში, რომლებიც დამალეს და არ გამოაჩინეს. რეალობის მოკვლევა აჩვენებს შემდეგს:

  1. 1996 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღიარებდნენ საბჭოთა საზღვრებს და იხელმძღვანელებდნენ 1938 წელს გამოცემული 50000-იანი მასშტაბის რუკებით, რითაც ხელმძღვანელობდნენ კიდეც;
  2. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ „უნიკალური სპეცოპერაციის შედეგად“ მოიპოვეს აქამდე უცნობი და დაკარგული რუკები. ეს ზღაპარია. სსრკ-ში ერთი და ორი რუკა არ იბეჭდებოდა. ეს „სენსაციური“ რუკა 40000-იანი ტირაჟით არის დაბეჭდილი. არაფერი უცნობი და მიუკვლეველი მასში არ იყო;
  3. ეს რუკა, ფაქტობრივად, დადგენილია, რომ რეალობას არის აცდენილი და კარტოგრაფიულად არ არის ვარგისი;
  4. ზემოხსენებული მიზეზის გამო, მას არ აღიარებს აზერბაიჯანული მხარე და მისდევს 1996 წლის შეთანხმების პროტოკოლს. როგორც დგინდება, საკითხის პოლიტიზებამდე, ჯერ კიდევ შარშანწინ აჩვენეს ეს რუკა აზერბაიჯანელებს და მათ ის არ მიიღეს. თუ მხარეები ვერ თანხმდებიან ამ რუკით ხელმძღვანელობაზე და აზერბაიჯანულ მხარეს აქვს რუკის საწინააღმდეგო მყარი არგუმენტი, მაშ რა აზრი აქვს ამ რუკის არსებობას? რისთვის ისჯება ეს ხალხი?
  5. ეს რუკა უცნობი რომ არავისთვის იყო, დგინდება იქიდანაც, რომ ბნ. მელაშვილისა და ქნ. ილიჩოვას წინააღმდეგ ჩვენების მიმცემმა ადამიანმა რამდენიმე წლის წინ საკუთარ ნაშრომში დაბეჭდა ეს რუკა;
  6. რაც მოვისმინე შსს-ს მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერები და გრაფიკული ანალიზი, ისინი მხოლოდ ამ ხალხის უდანაშაულობას ამტკიცებენ. არ შეიძლება, შსს ასე მუშაობდეს, ეს მასალა გათვლილი იყო მხოლოდ პოპულიზმზე და პოლიტიკური პარტიის პიარკამპანიას უფრო ჰგავდა, ვიდრე საგამოძიებო უწყების ნამუშევარს;

აქ საკითხი დგას ასე: დავით გარეჯის მონასტრის თექვსმეტივე ძეგლი ისტორიულად და კულტურულად არის უპირობოდ ქართული. პოლიტიკურად და სამართლებრივად კი სამ ძეგლთან გვაქვს პრობლემა. კომუნისტებმა ადმინისტრაციულ-სახელმწიფოთაშორისი საზღვარი გაავლეს გარეჯის ქედზე. ქედს მიღმა (ერთი სიღრმეში, ორი იქვე) დარჩა სამი ძეგლი. რუკებს რომ თავი დავანებოთ, მტკიცება იმისა რომ საზღვარი გადის არა ქედზე, არამედ მის ძირში, არის სისულელე, აბსურდი. ამ ქვეყანასა და ამ დედამიწაზე ხომ ცხოვრობთ ყველა? რომელი გეოგრაფიული საზღვარი გინახავთ თხემის ძირში გავლებული? მაგალითად, დუშეთისა და ახალგორის რაიონებს (არაგვისა და ქსნის ხეობებს) ყოფს ქედი. ამ ქედის წვერზე არის ლომისის სალოცავი. ეს რომ ასე არ იყოს და საზღვარი გადიოდეს ქედის ძირში, დღეს ოკუპანტი ჯარები სამხედრო გზაზე იდგებოდნენ. ან სად გადის ამბროლაურისა და ტყიბულის საზღვარი? ნაქერალას ქედის წვერზე. სად გადის ნეპალისა და ჩინეთის საზღვარი? ჯომოლუნგმას წვერზე. ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

დაბოლოს, ისტორიკოსი საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს, თუ როგორი უნდა იყოს მოქმედების სტრატეგია:

გარეჯის კომპლექსის „გარეთ დარჩენილი“ სამივე ძეგლი ჩვენია, ჩვენთან ძალიან ახლოა და მით უფრო დასანანია, რომ ფორმალურად ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ სამართალი და პოლიტიკა ამ ემოციებით არ მუშაობს. აგერ, მაგალითად, სომხებს კიდევ უარესი დამართეს ბოლშევიკებმა: თურქეთთან სახელმწიფო საზღვარი გაუვლეს მდინარე არპაჩაიზე. მდინარის მეორე ნაპირზე არის სომხეთის ისტორიული დედაქალაქი ანისი. სომხური მხრიდან ქვას რომ ისვრი ანისს მიაწვდენ. უყურებენ ასე ცხადად, ერთი ხელის გაწვდენაზე, მაგრამ ვერ მიდიან – მათი არ არის. ადრეულ ბოლშევიკებს ეს ისტორიული კუთვნილებები და ძეგლები არ აინტერესებდათ, ამიტომ ანისზე ან მით უმეტეს გარეჯზე ზრუნვა 1921 წელს თავში არავის მოსვლია.

ჩვენ, მადლობა ღმერთს, მეგობარი სახელმწიფო გვყავს მეორე მხარეს და გვიშვებდა ჩვეულებრივად ამ ძეგლებთან, სანამ პოლიტიკურ სპეკულაციებში ამ თემის ჩართვა არ ვცადეთ. საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ისინი სამხრეთ კავკასიაში ქმნიან ერთ ეკონომიკურ სხეულს. აზერბაიჯანი საქართველოს რკინიგზებისა და პორტების მეშვეობით ახორციელებს საგარეო ვაჭრობის დიდ ნაწილს. საქართველოზევე გადის აზერბაიჯანული ნავთობ და გაზსადენები. საქართველოსთვის აზერბაიჯანი არის ქვეყნის ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. 2006 წლიდან მოყოლებული, აზერბაიჯანი არის საქართველოსთვის მეგობრულ ფასად გაზის ერთადერთი და სანდო მომწოდებელი. ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლობის ინტერესი ეგზისტენციურად იმდენად დიდია, რომ ისინი თავს კონფლიქტში შესვლის უფლებას ვერ მისცემენ.

უფრო მეტიც, ნაცვლად კონფლიქტებისა, საზღვრები მეტი გახსნილობის მიმართულებით უნდა წავიდეს, „კავკასიური შენგენის“ პრინციპით. კარგი იქნებოდა ქვეყნებს ჯერ დაესრულებინათ საზღვრების დელიმიტაციაზე მუშაობა და შემდეგ წასულიყვნენ გახსნისკენ, მაგრამ ამ ეტაპზე ორივე მხარემ უნდა აღიაროს, რომ კომპრომისების ლიმიტი ამოწურულია.

ახლა მთავარია, თავი ავარიდოთ კონფრონტაციას და ამის საპირისპიროდ, ძველებურად, თავისუფალი წვდომა მიეცეთ ქართველ მომლოცველებს უდაბნოზე, ჩიჩხიტურსა და ბერთუბანზე. სტატუს კვოს კონსერვაციით არავინ დაიღუპება, მაგრამ შეიძლება საერთო ინტერესებს ევნოს საკითხის პედალირებით. გაივლის ათწლეულები, ორივე ქვეყანაში თაობები შეიცვლება, აზერბაიჯანს აღარ ექნება მწველი საჭიროება, რომ დავით გარეჯი ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად წარმოადგინოს. ამის შემდეგ ბევრად უფრო მარტივი იქნება მიწათა მონაცვლეობაზე მოლაპარაკება. – წერს ისტორიკოსი.