დაახლოებით ოთხ-ნახევარი წლის წინ, 2018 წლის გაზაფხულზე, სამეფო უბნის თეატრში დაიდგა ცნობილი თანამედროვე შვედი დრამატურგის, სცენარისტისა და რეჟისორის, ლარს ნურენის პიესა „დემონები“. (სხვათა შორის, ავტორი 2021 წლის იანვარში, 76 წლის ასაკში კოვიდით გარდაიცვალა).
სპექტაკლის რეჟისორი – მიხეილ ჩარკვიანი, თარგმანი – დავით გაბუნია, სცენოგრაფია და მხატვრობა – ქეთი ნადიბაიძე. მთავარ როლებში: კახა კინწურაშვილი (ფრანკი), ნატუკა კახიძე (კატარინა), თორნიკე გოგრიჭიანი (თომასი), ქეთა შათირიშვილ (იენა). ვიტყოდი, საკმაოდ რთულად მოსანელებელი, არაგასართობი და ფსიქოლოგიური წიაღსვლებით აღსავსე ნახევარდრამა თუ ნახევარკომედია იყო, უფრო „შავი კომედია“, ფსიქოდრამის ელემენტებით.
დემონებმა თითქოს „შვედური კვარტეტის“ უგრძნობი, მაგრამ გაუწონასწორებელი წევრები ბრძოლაში გამოიწვიეს და მათ ბოლომდე მოსვენებას არ აძლევენ. სრულიად ჯანმრთელ ზრდასრულ კაცებსა და ქალებს ხან სძულთ და ხან უყვართ ერთმანეთი; ხან ლაღად ოხუნჯობენ, ხანაც მზად არიან ერთმანეთი გაანადგურონ. ერთ–ერთ სცენაში ფრანკი და თომასი ერთმანეთს კოცნიან, თუმცა ვნებას მალევე უარყოფა და ზიზღი მოსდევს.
გამოხდა ხანი და ზედაგვიანებით, 2022 წლის დეკემბერში, ქოცურ–ტროლურმა მედიამ „მიაკვლია“ სპექტაკლის ჩანაწერს – ვიდეოს, სადაც კახა კინწურაშვილისა და თორნიკე გოგრიჭიანის გმირები ერთმანეთს კოცნიან. დაურთო მას ამაზრზენი, ფსევდომორალური კომენტარები, რასაც სინამდვილეში, სრულიად მიზანმიმართული ჰომოფობიური და პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა.
საქმე ისაა, რომ კახა კინწურაშვილმა, რომელმაც შთამბეჭდავი როლები განასახიერა „ახალი თეატრისა“ და სამეფო უბნის თეატრის სცენებზე (პლუს სერიალი „ტიფლისი“), რამდენიმე თვის წინათ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ პოლიტიკა. სრულიად მოზომილად, ვიტყოდი მსუბუქადაც კი, მაგრამ ეს სრულებით საკმარისი აღმოჩნდა ტროლ–ბოტების დაქოქვისა და ამაზრზენი კომენტარებისათვის. რაც ალტინფო–ბნელეთისა და ათასი ჯურის ვითომკონსერვატორული მიმღებლობის მქონე პუბლიკისთვის ასევე სიძულვილის წამახალისებელი იყო.
იმის ნაცვლად, რომ პოლარიზაცია შეამციროს, ხელისუფლება და მისი მხარდამჭერი მედიამომხრეებში სიძულვილის ენას კიდევ უფრო აღვივებენ, ახალისებენ. წესით, საზოგადოება და მედია საერთოდ არ უნდა აჰყვეს პოსტტივის აჯენდას, ქოცების მედიაგეგმას და მისი მიზანდასახული სიგიჟეები ყურადღების მიღმა უნდა გაატაროს. მაგრამ აქ გაცილებით მნიშვნელოვანია კონტექსტი, რომელიც მსახიობი კაცების კოცნაზე გაცილებით მნიშვნელოვანია: პირველივე, რისი მტკიცებაც ამ პროვოკაციის საწინააღმდეგოდ სოციალურ ქსელებში დაიწყო, არის ის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სცენაზე ხდება; რომ კოცნა მსახიობების პროფესიული ვალია, თორემ ისინიც ჩვეულებრივი კაცები არიან! უბრალოდ, ასეთი „როლები“ ერგოთ.
ვინც დარწმუნებული ჰომოფობია, მისთვის არანაირი არგუმენტი არ გასჭრის. ამიტომ, ამის მოფიქრება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სცენაზე ხდება, რომ მაყურებელი მაინც ზომიერ–წესიერია და ის უბრალოდ, „თეატრალურ გრძნობებს“ აფასებს, თორემ სინამდვილეში ზნეობრიობის მომხრეა, ძალიან საზიანო და სახიფათოა.
რეალურად ეს ნიშნავს, რომ ოთხი წლის წინანდელი ვიდეონაგლეჯის აფრიალება, მხოლოდ სცენაზე თამაში გარანტიაა, ან რაღაცის ალიბია (მიუხედავად იმისა, რომ ვიმეორებ – ვინც ჰომოფობია, მისთვის სცენისა თუ არტისტის არგუმენტიც მაინც არ ჭრის). ამდენად, პოსტტივის შეკვეთა, თუ მიზანდასახული ბოროტი სიშლეგე მაინც გასაგები მესიჯის მატარებელია: ვინც სცენაზე ერთმანეთს კოცნის, მართალია ლიბერასტია, მაგრამ ჯანდაბას, ეს რაღაცნაირად. მაინც „თამაშია“; აი, ვინც მართლა და ცხოვრებაშიც ამას აკეთებს, ის გაცილებით საშიშია და მას ჯოჯოხეთის ცეცხლი არ ასცდება. ამდენად, დემონების გამოღვიძება–აბობოქრება ისევ კარგად ნაცადი საშუალებაა ადამიანთა დასაშანტაჟებლად.
მოკლედ, ტყუილად არ დაუდგამს ორიოდე თვის წინ, ნინია ხარატიშვილს თავისი ახალი პიესა – „ფედრა ცეცხლის ალში“, სამეფო უბნის თეატრის სცენაზე, სადაც 17 მაისისა და 5 ივლისის შიშები კიდევ უფრო შემზარავი ფორმით ტრანსფორმირდება… ფედრას ნამდვილ გრძნობას მისი მომავალი სარძლო – პერსეა აღვიძებს. სწორედ ამის გამო ისჯებიან ისინი სამაგალითოდ და სწორედ, ანტიკური მითის ეს ახლებური რაკურსი ანიჭებს დადგმას მძაფრად დრამატულ განზომილებას. ასე რომ, პოსტტივის შესაძლოა, საქმე ისევ მიეცეს…