დიდი ნიჭი და დიდი ოსტატობა

თარგმანი რომ სრულფასოვანი შემოქმედებაა დღეს ამაზე აღარავინ დაობს, თუმცა აქა იქ მაინც გაისმის ხოლმე სკეპტიკური შეკითხვა რამდენად შესაძლებელია პოეზიის ერთი ენიდან მეორეზე გადატანა და საერთოდ, როგორ შეიძლება ითარგმნოს პოეტური ტექსტი. 

ძალიან ბევრი თეორეტიკოსი ამ საქმეს ინტერპრეტაციის ისეთ შორეულ დონეს უკავშირებს, სადაც შეიძლება ერთი ენის სიმბოლოთა მეორე ენაზე გადატანა, მაგრამ შეუძლებელია ამ დონემდე მივიდეს ემოციური სიგნალები. 

ამ ემოციური სიგნალების სხვა ენაზე გადანაცვლებას, უპირველსად წინ ეღობება და ხელს უშლის ის ეპისტემა, რაშიც ესა თუ ის ემოცია არის გახვეული. ემოცია, რომელიც  ერთი ენის მკითხველის აღქმაში ცოცხლდება ამ ეპისტემის მეშვეობით, მაგრამ ეს შლეიფი ხშირად სრულებით უცხოა მეორე ენის მკითხველისათვის. 

ზემოთქმული განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი ეპისტემური პოეტის შემთხვევაში, როგორიც იყო დიდი ინგლისელი ტომას სტერნზ ელიოტი. 

მისი ინტელექტუალური პოეზიის აღსაქმელად მკითხველს უამრავი რამის წინასწარი ცოდნა სჭირდება, რათა სწორად ამოიცნოს პოეტის ჩანაფიქრი და გაიაზროს მთელი ის აზრობრივი ჯაჭვი, რომლითაც ყველა პოეტური თეზა ერთმანეთთან არის გადაბმული.

საგულისხმოა, რომ ელიოტი საქართველოში საკამაოდ პოპულარული პოეტია. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ითარგმნა მისი პოემა „ბერწი მიწა“, რომელიც პირველად ქართული ლიტერატურის კლასიკოსმა ოთარ ჩხეიძემ შეასრულა და ამას პოემის სხვა თარგმანებიც მოჰყვა. ქართული პოეზიის მოყვარულებს განსაკუთრებით მოსწონთ ელიოტის პოეზიის ზვიად რატიანისეული თარგმანები. ელიოტის პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარი კი ქართველი მეცნიერი თემურ კობახიძეა, რომელის მონოგრაფია „ტომას ელიოტი და მაღალი მოდერნიზმის ლიტერატურული ესთეტიკა“  ელიოტის პოეზიის შესახებ შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე სიღრმისეულ ნაშრომად მიიჩნევა. 

ასეთი სოლიდური ფონის გათვალისწინებით, დიდი გაბედულება სჭირდებოდა ანი კოპალიანს, რომ ხელი მოეკიდა ელიოტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოეტური ციკლის „ მოხუცი ოპუსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ“ თარგმანისათვის და ეს ურთულესი ტექსტი ქართული ლიტერატურის ორგანულ შედევრად, ნამდვილ პოეტურ ფოიერვერკად გადაექცია. 

წიგნი, რომელიც აქსელ შეფერის ილუსტრაციებით 2020 წელს გამოსცა „ინტელექტმა“ არამხოლოდ ანი კოპალიანის, როგორც მთარგმნელის დიდი გამარჯვება, არამედ, მთლიანად ქართული ლიტერატურის საუკუნო შენაძენია და გასაკვირი სულაც არ არის, რომ იგი თარგმანის ნომინაციაში  „საბას“ ლიტერატურული პრემიითაც აღინიშნა. 

პოეზიისა და კონკრეტულად ელიოტის პოეზიის სხვა ენაზე თარგმნის სირთულეზე ზემოთაც მივანიშნე, მაგრამ ჩემი აზრით ამ სირთულეში განსაკუთრებით ძნელი და სარისკოა მისი „კატების“ ქართულ ენაზე „აჩხავლება“, რადგან ეს ჩხავილი თუ კნავილი იმდენ ემოციურ და ინტელექტუალურ ობერტონს მოიცავს, რომ მთარგმნელს კაიძალი გამოცდილება სჭირდება შესაბამისი ჰარმონიის შესაქმნელად. 

ანი კოპალიანი რომ უსაზღვროდ ნიჭიერი ადამიანია, მე პირადად მისი ყმაწვილქალობიდანვე მომეხსენება, მაგრამ ამ ტექსტში ნიჭთან ერთად გადამწყვეტი სიტყვა ოსტატობასა თუ გამოცდილებასაც უნდა ეთქვა და რა სასიხარულოა, რომ მთარგმნელს ეს შესაბამისი გამოცდილებაც ჭარბად აღმოაჩნდა. 

წლევანდელი „საბას“ ჟიურიში ინგლისური ენისა და ლიტერატურის ისეთმა ჩინებულმა სპეციალისტებმა მოიყარეს თავი, რომ მათ კომპეტენციას სრულებით ვენდობი დედანთან თარგმანის აზრობრივი თანხვედრის შედარებისას, რის გარეშეც ვიცი, რომ ეს ადამიანები, ტექსტს უბრალოდ, კონკურსშიც კი არ დაუშვებდნენ, ამიტომაც შემიძლია ანი კოპალიანის თარგმანი, როგორც უკვე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ორგანული ნაწილი, ისე განვიხილო და მასზე რამდენიმე საქებარი სიტყვა სწორედ ამ თვალსაზრისით მოგახსენოთ.

მანამდე კი უნდა ითქვას, რომ ტომას ელიოტის კატების წიგნი 1939 წელს გამოიცა. ავტორს ის მეგობრის ბავშვისა და ნათლულისთვის ჰქონდა ჩაფიქრებული „სალაღობოდ, გასართველად“ და ამის გამოც არად დაგიდევდათ, რას იფიქრებდა მასობრივი მკითხველი მასზეც და კონკრეტულად მის ამ წიგნზეც. მკითხველი, რომელიც, არსებითად, საერთოდაც არ ადარდებდა, რადგან მიაჩნდა, რომ დიდი პოეზია ყველასთვის არა და ვერ შეიქმნებოდა, პოეზიის კითხვა რჩეულთა ზნეობას წარმოდგენდა და შეუძლებელია, პოეზია მასობრივი მოხმარების საგნად, მასკულტურის ნაწილად გადაიქცეს. არადა, ბედის ირონიით, სწორედ ელიოტის ამ წიგნმა მოიხვეჭა არნახული პოპულარობა და ის პოეზიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო საყვარელ კრებულად იქცა მთელი თაობებისათვის. 

არადა, ელიოტი ამ წიგნშიც მიმართავს მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელ ყველა ხერხსა თუ თავისებურებას. ავტორი ითვალისწინებს მთელი ინგლისური პოეზიის მანამდელ ტრადიციას და „კატებში“ უძველესი სალაღობო  და საბავშვო სიმღერებიდან მოყოლებული რადიარდ კიპლინგამდე, ლუის კეროლამდე და ედვარდ ლირამდე დაგროვილ მთელ გამოცდილებას შემოქმედებითად გაიაზრებს. ინტონაციები, რიტმი და რითმები ხშირად ამ ავტორებიდან აქვს ნასესხები, მაგრამ ისეთ თავბრუდამხვევ თამაშში რთავს ამ ყველაფერს, რომ მე პირადად მთელი ტექსტი დერვიშების ცეკვას მომაგონებს. 

თამაშს ახსენებს წიგნის რედაქტორი პაატა ჩხეიძეც და ამბობს, რომ: „ტომას ელიოტი თამაშობს „კატებში“. სიტყვებით, სახელებით, ფრაზებით თამაშობს და უნდა აჰყვე, ოსტატობა და მახვილგონიერება გეყოს და აჰყვე: თუ ვერ აჰყვებოდა, ხელი მოეცარებოდა მთარგმნელს და მთარგმნელმაც გაბედა და მიაგნო ემოციურ დარტყმებს და ოსტატობაც ეყო. თარგმანი ძველი და მარადახალი საზომებითა და ხმებითაა შესრულებული და ჩვენი თეატრისთვისაც გამოწვევაა ენდრიუ ლოიდ ვებერის მუზიკლის ქართულ ენაზე  და ქართულ სცენაზე აჟღერება.“

არსებითი და მრავლისმთქმელია პაატა ჩხეიძის მიერ რამდენიმე წინადადებით გადმოცემული შეფასება, რომელსაც მხოლოდ ორიოდე დეტალს თუ დავუმატებ. 

ორიგინალის ავტორის თამაშს აყოლა თუ ადევნება ალბათ იმითაც უნდა გამოხატულიყო, რომ ანი კოპალიანს სწორად შეერჩია და, რა თქმა უნდა, ზომიერი სტილიზაციის მეშვეობით, თავის თარგმანში აეჟღერებინა სხვა უკვე ცნობილი ავტორების, ქართველი პოეტებისა თუ მთარგმნელების, „სამარკო“ რიტმები და მოტივები, ისევე, როგორც ტომას ელიოტს – რადიარდ კიპლინგის, ლუის კეროლისა თუ ედვარდ ლირის პოეტური სტრუქტურის ეს ელემენტები. 

და აი, ქართული თარგმანის კითხვისას, ალაგ-ალაგ ხან შექსპირის ინტონაცია ჩაგვესმის, ხან დავით წერედიანის, ხან მაყვალა მრევლიშვილის, ხან ვახუშტი კოტეტიშვილის, მაგრამ ყველა ეს ინტონაცია ისეა დამორჩილებული მთარგმნელის ძირითად ამოცანას, რომ, საბოლოოდ, ის, როგორც თამაშის წინაპირობა, ისე გვესმის და ხელში ვიღებთ ანი კოპალიანის მიერ, თავის სახელზე კანონიერად მოჭრილ მონეტას, რომელშიც მნიშვნელობა აღარა აქვს, შიგნით ვისი და რამდენი ოქროა გადამდნარი.

ქართულ ტექსტში იგრძნობა დღეს უკვე ასე გაიშვიათებული რამ – თავდავიწყება! თავდავიწყება მთარგმნელისა, რომელსაც მთარგმნელი-თანაავტორი მთელი არსებით არის მიცემული. ის თითქოს ატაცებული ცეკვავს თავისსავე რიტმებზე და ეს ცეკვა იმდენად მომნუსხველია, რომ მის უსასრულოდ გაგრილებას ელოდები; მაგრამ ამ შემოქმედებითი სპონტანურობის მიუხედავად, მთარგმნელს არსად  ღალატობს ზომიერების შეგრძნება თუ შინაგანი გემოვნება, რაც ტექსტის ერთი პასაჟიდან მეორეზე ლაღად გადასვლის ურთულეს ხელოვნებაში, ფრაზის რიტმული რეგულაციის, საწყისი ნოტის, მისი გაგრძელების, დასასრულისა თუ ჩასხეპის უაღრესად ფაქიზ და ძნელად განსახორციელებელ ოსტატობაშია ჩაწნეხილი.

ასეთი თარგმანები ათწლეულებში ერთი თუ იქმნება, ამიტომაც, ძალზე სასიხარულოა, რომ „საბას“ წლევანდელ ჟიურის, თარგმანის ნომინაციაში დიდი კონკურენციის მიუხედავად, არ გამორჩენია, ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია ანი კოპალიანის ხელით, მისი დიდი ცოდნითა და ნიჭით შექმნილი სასწაული.