„ელექტრისიტე დარ პროჭი“

გიორგი ლობჟანიძე

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის „იისფერი ჰიბისკუსი“

სიმართლე რომ ვთქვა, ალბათ, არასოდეს დავინტერესდებოდი ამ ნიგერიელი მწერლითა და მისი რომანით, „ინტელექტში“ ამ რომანის ახლახან დასტამბული თარგმანი ზვიად კვარაცხელიას რომ საჩუქრად არ გამოეგზავნა ჩემთვის საშობაოდ, მათ სხვა ძალიან კარგ გამოცემებთან ერთად.

არ დავინტერესდებოდი იმიტომ, რომ არც რომანის ავტორის გვარ-სახელი – ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი და არც ქართველი მთარგმნელის გვარი – ლალი ყუშიტაშვილი არაფერს მეტყოდა.

ალბათ, ერთი-ორჯერ კი შევავლებდი ხელს წიგნის მაღაზიაში, მომეწონებოდა გამოცემის ხარისხი, ძუნწად მაგრამ დიდი გემოვნებით გაფორმებული ყდა, აქა-იქ ტექსტსაც ჩავკრავდი თვალს და წიგნს ისევ ისე თაროზე შემოვდებდი:

– თუ ძმა ხარ, რა დროს ნიგერიელი მწერლის ინგლისურად დაწერილი რომანია! იმდენი რამეა მართლა წასაკითხი, რომ ნეტა, იმათი დრო გამომანახვინა და ამ ახალგამოჩეკილ, საეჭვო დონის მწერლებს აღარ ვჩივი. ისიც კი არ ვიცი, ქალია თუ კაცი! იქნება, ალბათ, რაღაც ძალიან ბანალური პათეტიკა, მოსაწყენი ენჯეოშნიკური დისკურსი მესამე სამყაროს თანასწორობაზე, საგანგებოდ თეთრკანიანი მკითხველისათვის მოთხრობილი, სრულიად არაავთენტური, მაგრამ აფრიკული ეგზოტიკით მძაფრად გაჯერებული ლეგენდები!

სწორედ ამ განწყობით წამოვიწყე წიგნის კითხვა და ერთი-ორი გვერდი ძალდატანებითაც ჩავიკითხე, რადგან მართლაც მეცა ამ სარეკლამო ეგზოტიკურობის არც თუ სასიამოვნო სუნი ქართული (დედანში, ცხადია, ლათინური) ასოებით ტრანსლირებულ იმ რამდენიმე ფრაზაში, რასაც მწერალი მშობლიური, იგბოს ენიდან ადგილობრივი კოლორიტის შესაქმნელად იყენებდა და ასევე, აფრიკული ეროვნული კერძების დასახელებებში, რომლებსაც სქოლიოში მოჰყვებოდა ამ კერძების ინგრედიენტები თუ მათი მომზადების ჩემთვის სრულიად არასაჭირო და უინტერესო სპეციფიკა.

საბედნიეროდ, ორი გვერდის წაკითხვის მერე იმასაც მივხვდი, სანამ ბოლომდე არ ჩავიკითხავდი, წიგნს ხელიდან აღარ გავუშვებდი, რადგან ამ მართლა ძირეულად განსხვავებული ტექსტით, მინიმუმ, ორ საოცარი ადამიანი აღმოვაჩინე მწერალი – ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი და მისი ქართულად მთარგმნელი ლალი ყუშიტაშვილი, რომლის ნამუშევარმაც, აქა-იქ გაპარული ხარვეზებისა თუ მოუქნელად აგებული ენობრივი კონსტრუქციების მიუხედავად, მაინც ძალიან დიდი კმაყოფილებისა და სიხარულს განცდა დამიტოვა იმის გამო, რომ თარგმანის ენა შესაძლებელია, დღეს იყოს თან ასეთი სადა და თან ასეთი გამომსახველი, რადგან მთარგმნელი, როგორც ჩანს, მყარად დგას მშობლიური, კახური დიალექტის ნოყიერ ნიადაგზე და ამ ნიადაგით ნაკვებს ისეთი რამეები აქვს შესისხლხორცებული, რაც, სამწუხაროდ, ბავშვობისა და სრულიად ბუნებრივი ენობრივი გარემოს მერე ვეღარაფრით ვეღარ ისწავლება.

არ მინდა, მკითხველს ეგონოს, რომ ეს ის ე. წ. „ძარღვიანი ქართულია“, რომლის გაგონებაზეც უკვე ტანში მზრინავს, რადგან ჩვენი ლიტერატურული კრიტიკოსების მიერ ასე ყბადაღებული და გაცვეთილი ეს შეფასება, უმთავრესად, რაღაც გაურკვეველ მიქსს გულისხმობს ხოლმე: ერთმანეთში უსისტემოდ ალუფხულ ლექსიკურ და სტილისტურ აბრუნდებს, რომელიც ჩემთვის ლიტერატურული სალაფავი უფროა, ვიდრე საუცხოო ნუგბარი, რომლითაც გამოცდილი და პრეტენზიული მკითხველის გემოვნების ტკბობა შეიძლება.

არა! ამ თარგმანის მთელი ღირსება უჩვეულოდ ღონიერი ფრაზა და ამ ფრაზათა საოცარი ენერგეტიკაა, რომელსაც მშობლიური ენის ყველა შრის დიდი ცოდნა და ამ შრეთა ზომიერი ურთიერთმონაცვლეობა ქმნის და არა – ყველაფრის, ყველა მხატვრული სამშვენისის ერთად დახვავება.

ამ მხრივ ალბათ ქება მთარგმნელთან ერთად უნდა ეკუთვნოდეს წიგნის რედაქტორსაც – სოფო კობიაშვილს. თუმცა თარგმანის ტექსტთან წინააღმდეგობა სწორედ იმ ნაწილში გამიჩნდა, რაზეც, წესით, სწორედ რედაქტორს უნდა ემუშავა: აქა-იქ გაპარული გრამატიკული შეცდომები, სტილური აცდენები თუ თარგმანის ძალზე მცირე იაღლიშები პირველ რიგში გამოცდილ რედაქტორს უნდა შეემჩნია.

სხვა შემთხვევაში ალბათ არ დავიმოწმებდი ასეთი შეცდომების საილუსტრაციო მასალას, მაგრამ ბოლო დროს ვამჩნევ, მოკლედ გამოთქმული შენიშვნები სრულებითაც აღარ კმარა, რადგან, რეცენზიის მკითხველს ისედაც ჰგონია, რომ შარზე ხარ, ხოლო ავტორს, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის, სად შესცოდა, თავის გასასამართლებლად პირდაპირ ხელში აძლევ კოზირს: ეგ თუ ინტრიგანი არ არის, აბა, რა უნდა, რაღას გვემართლება?! ხომ ამბობს, მომეწონაო, მაშ, რაღას გამოგვკიდებია წვრილმანებზე, ნუთუ ერთი-ორი შეცდომა იმად ღირს, რომ ამდენ თაფლს ერთი წვეთი შხამიც უთუოდ გაურიოს?!

მერწმუნეთ, ღირს! რადგან სწორედ „ ასეთი წვრილმანებისაგან“ შედგება ის, რასაც პროფესიული თარგმანი ჰქვია და, როცა სერიოზულ ტექსტს თარგმნი, საქმესაც შესაფერისი სერიოზულობით უნდა მოეკიდო.

სწორედ ამიტომ მაგალითისათვის აქვე მოვიყვან რამდენიმე ფრაზას, რომელმაც ჩემთვის ამ გაწკრიალებულ ტექსტში ნაჯახივით გაიღრჭიალა:

„გოგონას ბაფთის ქაჩვა არ შეუწყვიტავს, ისე გააქნია თავი“.

აქ „ავ“ თემის ნიშნიან ზმნათა მართლწერის ტიპურ შეცდომასთან გვაქვს საქმე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მთარგმნელსა და რედაქტორს მეტისმეტად მოუნდომებიათ და იქ, სადაც ზმნის პირიანი ფორმა სწორედ „ია“-თი უნდა დაებოლოებინათ, „ავ“ ჰგონებიათ მართებული.

ავ და ამ თემის ნიშნიან ზმნათა მართლწერის საფუძვლიანად შესასწავლად შემიძლია აკაკი შანიძის „ ქართული გრამატიკის საფუძვლებთან“ გაგაგზავნოთ, მაგრამ საფუძვლიანად შესწავლამდე ერთ მარტივ წესს გაგიმხელთ: როცა ზმნის საწყისი „ვა“-თი გათავდება, გარკვეული სერიის გარკვეულ მწკრივებში  მაშინ უნდა „ავს“, ხოლო, თუ „ა“-თი სრულდება, მაშინ უნდა „ია“ (სრულიად მარტივი ამბავია! მაგალითად: ბარვა (ბარავს – დაუბარავს) და თოხნა (თოხნის – უთოხნია).

აღარ გავრთულდები მესამე ობიექტური პირის ნიშნის არასწორი ხმარების გამო. რადგან უკვე ენათმეცნიერებიც კი ამბობენ, რომ  აღარ ღირს იმისი სრულიად ხელოვნური სწორება, რაც მოსახლეობის უნივერსიტეტდამთავრებულმა ფენამაც კი აღარ იცის. ჯობს, ვითარებას ხელი მივუშვათ და თარგმნილმა თუ ორიგინალურმა ნიმუშებმა ბუნებრივად ასახოს რეალურად არსებული სიტუაცია, ამ თვალსაზრისით.

ასეთ ლოიალურობას მე პირადად სულაც არ ვეთანხმები, რადგან შეცდომა ახალ-ახალი შეცდომების კასკადს გამოიწვევს და ბოლოს და ბოლოს, თუ იქ ვაკლებთ ამ ნიშანს, სადაც მართლა სჭირდება, მაგალითად, „სთხოვა“-ში, იქ რაღად ვამატებთ, სადაც სრულებითაც არ არის საჭირო, მაგალითად, ისევ ამავე თარგმანიდან რომ დავიმოწმოთ: „წარ(ს)დგა“-ში?

ვისაც ჩემი სარკაზმი აქ გადამეტებულად ეჩვენება, შემიძლია, იმით დავამშვიდო, რომ კონკრეტულად ამ „შეუწყვიტავს“-ს ძალიან ნიჭიერ მთარგმნელს დიალექტიზმად მივუთვლი და არა – შეცდომად და, საერთოდ, ასევე შემწყნარებლურად ვუყურებ მის მიერ დაშვებულ  კიდევ რამდენიმე სერიოზულ შეცდომასაც, რადგან, ბოლოს და ბოლოს, იმედად და სასოებად ამ შემთხვევაში აკაკი შანიძის გრამატიკის წიგნი მეგულება.

მთავარი კი, რაც ბუნებითია და შანიძის წიგნიდანაც კი არ ისწავლება, ლალი ყუშიტაშვილს ნამდვილად უხვადა აქვს და მან მოახერხა, თავისი დიდი ლიტერატურული ნიჭიერების წყალობით, მთელი ამხელა წიგნი ჩემისთანა  პრეტენზიული მკითხველისთვისაც კი გაუნელებელი ცნობისწადილით წაეკითხებინა.

თანაც, სულაც არ მინდა, ახლა ამ მართლაც პროფესიულ წვრილმანებს გადავაყოლო ის მთავარი სათქმელი, რაც ამ შესანიშნავი რომანის წაკითხვამ გამიჩინა.

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი მწერალი ქალია.

მეც დავგუგლე და ისე შევიტყვე, რომ ახალი თაობის ეს შესანიშნავი მწერალი 1977 წლის 15 სექტემბერს დაბადებულა ნიგერიაში, ენუგუში.

ის არის უკვე გამოჩენილი რომანისტი და ლექტორი, რომელმაც, როგორც ორატორმა, სახელი გაითქვა თავისი გამოსვლებით: „ ჩვენ ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ!“ და „ერთადერთი ისტორიის საფრთხე“.

წერა ადრეული სიყმაწვლიდან ლექსებით დაუწყია. 1997 წელს კი გამოუცია თავისი პირველი პოეტური კრებული „გადაწყვეტილებანი“.

მის ბიოგრაფიაში საგანგებოდ არის შენიშნული, რომ იგი ბავშვობიდან უსმენდა თავისი მშობლების მონათხრობს ნიგერიის სამოქალაქო ომზე (1967-70), რომელმაც ამ უკანასკნელთა მშობლების (ანუ მომავალი მწერლის ბებიებისა და პაპების) სიცოცხლე შეიწირა.

ყმაწვილმა გოგონამაც, თურმე, სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ მომავალში აუცილებლად დაწერდა ამ ამბებზე.

16 წლისამ კი დაწერა კიდევ ერთი პიესა „ბიფორას სიყვარულით“, რომელიც 1998 წელს ცალკე წიგნადაც დაისტამბა.

ადრეულ პერიოდში ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი გატაცებული ყოფილა ენიდ ბლაიტონის შემოქმედებითა და მის მიერ აღწერილი ინგლისის საშუალო კლასის წარმომადგენელთა ცხოვრებით და როგორც ამბობენ, საკმაოდ წარუმატებლად ცდილობდა ამ მწერლის მიბაძვას. შედარებით გადამწყვეტი ზეგავლენა კი, მოგვიანებით, ადიჩის მწერლურ ყაიდაზე ჩინუა აჩებესა და ლეი კამარის რომანებმა მოახდინა.

სწორედ ამ მწერლების გავლენით გადაწყვიტა ახალგაზრდა მწერალმა თავისი რომანების თემატიკა ევროპულიდან მშობლიური აფრიკულით შეეცვალა.

და, როგორც ჩანს, არ შემცდარა, რადგან ნამდვილი პოპულარობა ამ გადაწყვეტილების შემდგომ დაწერილმა თხზულებებმა მოუტანა.

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩიმ კონექტიკუტში, დასთან ცხოვრებისა და უნივერსიტეტში სწავლის დროს წამოიწყო თავის პირველი რომანის „იისფერი ჰიბისკუსის“ წერაც, რომელიც 2003 წელს გამოიცა და შემდგომი ორი წლის განმავლობაში მწერალს შვიდი მნიშვნელოვანი პრემია მოუტანა.

რომანის მთხრობელი არის წიგნის პერსონაჟი თხუთმეტი წლის გოგონა, კამბილი აჩიკე, რომელიც ძმასთან, მასზე რამდენიმე წლით უმცროს ჯაჯასთან ერთად, მამის, ერთ-ერთი აფრიკელი მხურვალე კათოლიკე აღმსარებლის მიერ ოჯახში დამყარებული რელიგიური წესრიგით (ანდა უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა: რელიგიურობის თვითნებური ინტერპრეტაციის საფუძველზე შემუშავებული კანონებით) იტანჯება.

რეალურად ეს არის ნაწარმოების ძირითადი კონფლიქტი, რომელიც თხრობის მსვლელობისას კიდევ რამდენიმე „დამატებით“ თუ მომყოლ კონფლიქტად იტოტება. მაგალითად, ამ ძირითადიდან გამომდინარეობს სხვადასხვა თაობის, საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ფენის, თანამედროვე დასავლური წარმოდგენებისა და აფრიკის რეალური ყოფის ურთიერთშეუთავსებლობა თუ უთანხმოებანი.

არ ვიცი, რამდენად არის წიგნში მწერლის ბიოგრაფიული მომენტები, მაგრამ ამ ფონზე საინტერესო მეჩვენება მისი აფრიკული სახელების მნიშვნელობა, რომელთაც მე, პირადად, ძნელად თუ დავიმახსოვრებდი, რომ არა სწორედ ამ სახელის ასეთი გულუბრყვილო, მაგრამ მისივე წიგნის პრობლემატიკასთან ასე უცნაურად მისადაგებული შინაარსი.

თურმე, ავტორის მშობლიურ, იგბოს ენაზე, მისი პირველი სახელი „ჩიმამანდა“ ნიშნავს შემდეგს: „ჩემი ღმერთი არასოდეს ცდება!“, ხოლო მეორე სახელი „ნგოზი“ ნიშნავს „ღვთის კურთხევას“.

მწერლის მშობლების დამოკიდებულება რელიგიასთან შეგვიძლია ამ სახელებშიც ამოვიკითხოთ, თორემ არა მგონია, წიგნში აღწერილი დრამატული მოვლენების მთავარი მიზეზის, იქ დახატული ოჯახის უფროსის პირდაპირი პროტოტიპი თვითონ მწერლის მამა ყოფილიყო, რომელიც ნიგერიის საუნივერსიტეტო, ამ ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნსუკკაში ცოლთან და ექვს შვილიან ოჯახთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა და მთელი ცხოვრება სტატისტიკის პროფესორად მუშაობდა, ერთხანს კი ამავე უნივერსიტეტის პრორექტორიც იყო.

მწერლის დედა კი, გრეის იფეომა, ნიგერიის ანამბრას შტატის სოფელ აბბაში დაბადებული ქალი, ასევე მთელი ცხოვრება მუშაობდა ხსენებული უნივერსიტეტის მდივან-რეგისტრატორად და ამ პოსტზე პირველი ქალიც ყოფილა მთელი ისტორიის განმავლობაში.

ეს ტოპონიმიკა და გვარებიც კი (მაგ. აიფეომა) „იისფერი ჰიბისკუსის“ გეოგრაფიული და სოციალური არეალის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს და ნამდვილად დაუვიწყარია ის ძუნწი, ოღონდ ძალზე უზუსტესი აღწერა, რომლითაც რომანში სოფელ აბბასა თუ ქალაქ ნსუკკას გავეცნობით, წიგნის პერსონაჟებთან ერთად გავივლით მის ქუჩებში და არა თუ ნსუკკაში, უნივერსიტეტის წინ წამოჭიმული ოქროსფერი ლომის ქანდაკება არ დაგვავიწყდება, არამედ სოფელ აბბას პირქუშ გარემოსაც ვერაფრით დავივიწყებთ, სადაც ყველაზე კარგი სახლი რომანის პერსონაჟების მამისაა, რომელიც ამ თემის ხელმძღვანელი ანუ „იმელორაა“.

სოფლიდან ოდნავ მოშორებით  კი ცხოვრობს ამ მამის მამა  (ანუ რომანის მთხრობელის პაპა), რომელიც, როგორც შემდგომ გაირკვევა, წიგნის ცენტრალური ფიგურაა, ვინაიდან ჩიმამანდა ნგიზი ადიჩის რომანის ერთ-ერთ ძირითად საკითხს აფრიკაში რელიგიური მისიონერების მიერ შედარებით გვიან გავრცელებული ქრისტიანობისა (კათოლიკობისა და სხვადასხვა პროტესტანტული მიმართულების) და აქაური აბორიგენული რელიგიური რწმენა-წარმოდგენების შეფარული, მაგრამ ერთობ დრამატული დაპირისპირება წარმოადგენს.

ამ აბორიგენული რწმენა-წარმოდგენების მთავარ პროტაგონისტად კი რომანში სწორედ ეს არქეტიპული პაპა გვევლინება.

კათოლიკე მისიონერების წრეში აღზრდილი და დასავლეთში განათლებამიღებული მისი მორწმუნე ვაჟი კი ამ კაცის ძირითადი მოწინააღმდეგეა და თანაც ისეთი გააფთრებული, რომ ადამიანი, რომელიც მთელ სოფელს, თავისი სოფლის მთელ თემს ინახავს, პრაქტიკულად, უარს ამბობს საკუთარი მამის არა თუ მოვლაზე, მის მონახულებაზეც კი, „წარმართს“ ეძახის და თავის შვილებს (ანუ შვილიშვილებს) უკრძალავს პაპასთან მისვლასა და მის სახლში რაიმეს ჭამასა თუ დალევას.

ევროპული ქრისტიანული მისიების თემა აფრიკაში ძალზე დელიკატური საკითხია, საერთოდ და, როგორც ჩანს, განსაკუთრებით – თვით აფრიკაშივე; ამიტომ მხოლოდ ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის მწერლური მანერით არ უნდა იყოს შეპირობებული ის გარემოება, რომ ამ კონფლიქტის წარმოსაჩენად მწერალი უკიდურესად ძუნწ საშუალებებს მიმართავს. ცდილობს, მხოლოდ აღწერით შემოიფარგლოს და პერსონაჟების ბაგეებიდანაც კი არსად გაიჟღეროს არსებული სიტუაციის შეფასებამ, რამაც შესაძლებელია, რეალურ ცხოვრებაში, დაპირისპირების გამღვივებლისა თუ ბიძგის მიმცემის როლი ითამაშოს.

თუმცა ამ უბრალო აღწერიდანაც და, რაც მთავარია, პერსონაჟებთან დამოკიდებულებიდანაც კარგად ჩანს თვითონ ავტორის პოზიცია – ქვეტექსტი, რომელიც ამ შემთხვევაში ტექსტზე უფრო მკაფიოდ იკითხება:

პაპა, რომელიც აფრიკის მომაკვდავ კულტურასა და რელიგიურ ღირებულებებს განასახიერებს, ბევრად უფრო ადამიანური, მიმტევებელი და ღრმაა თავისივე ვაჟიშვილთან შედარებით, ვისი ღმერთიც არასოდეს ცდება, ვისთვისაც ქრისტიანობა სხვებზე უპირატესობის მოპოვების, განსხვავებულის დევნის ჩვეულებრივ საშუალებად ქცეულა და არა იმად, რაც სინამდვილეშია: სიყვარულის, ლმობიერების, ადამიანური თანაგრძნობის თავწყაროდ.

პაპა ნამდვილი ბუნების სულია და მისი რწმენაც ცოცხალი ღვთის რწმენაა, რწმენა იმისა, ვისაც გულით, მთელი არსებით დაკავშირებია და არა – გამოშიგნული მკვდარი რიტუალებისა თუ წესების მეშვეობით, როგორც, ვთქვათ, მისივე ვაჟი, რომელიც ზედმიწევნით იცავს ყველა რელიგიურ წესს და ამავეს აიძულებს გარშემომყოფებს, გადამეტებულად ლოცულობს ღვთის კეთილგანწყობისა და სიყვარულის მოსაპოვებლად, მაგრამ თვითონ, მის მიერ შემუშავებული, სრულიად არააუცილებელი და ტირანული შინაგანაწესის დარღვევისათვის, ცემით სიკვდილის პირას მიჰყავს თავისი ცოლ-შვილი.

სწორედ ამისთანა ტიპების ქცევის გამოც აღიქმებოდა ალბათ აფრიკაში ქრისტიანობა დასავლური კოლონიალიზმის საყრდენ იდეოლოგიად, „თეთრების“ აფრიკაზე გაბატონებისა და მართვის ძირითად საშუალებად.

ამას გულისხმობს რომანის ერთი პერსონაჟის, მოზარდის სრულიად გამჭვირვალე რემარკაც:

„თეთრკანიანმა მისიონერებმა თავისი ღმერთი მოგვიყვანეს, – ამბობდა ამაკა, – მათსავით თეთრკანიანი, რომელსაც თაყვანისცემა მათ ენაზე ესმის; მისი მსახურებისათვის საჭირო ნივთებიც მათ მიერ დამზადებულ ყუთებში ჩაწყობილი, შეფუთული მოგვართვეს. ახლა, როცა თავიანთ ღმერთს უკან ვუბრუნებთ, თავიდან რომ შევფუთოთ, არ შეიძლება?!“

რომანში ამ ვითომ სხვათა შორის, ოდნავ ირონიაშეპარული გულუბრყვილობით  დასმული შეკითხვიდან კარგად ჩანს აფრიკის მოაზროვნე მოსახლეობის, მისი საუნივერსიტეტო წრის დამოკიდებულება რელიგიურ საკითხებთან და საერთოდ, რელიგიურ ცნობიერებასთან.

ამ წრეს რომანში მამიდა იფემია, ნსუუკას უნივერსიტეტის მასწავლებელი და მისი ორი შვილი, მოზარდი ქალ-ვაჟი განასახიერებს. მამიდაც მორწმუნე კათოლიკეა და მისი ორივე შვილიც, ოღონდ, მშრალი სქოლასტიკოსის, თავისი ძმისაგან განსხვავებით, მისთვის ქრისტიანობა ცოცხალი რელიგიაა, ღვთის ისეთი ცოცხალი შეგრძნებაა, როგორიც მათ მამას აქვს, რომელსაც მისი ძმა „წარმართს“ ეძახის, თვითონ კი დაჟინებით იმეორებს, რომ მამამისი წარმართი კი არა ტრადიციონალისტია.

რომანში რამდენჯერმე მკაფიოდ ხაზგასმული ამ პასაჟიდან არა მხოლოდ რელიგიურობის სხვადასხვაგვარი შეგრძნების თავისებურება, არამედ რომელიმე მოვლენის არსის გასაგებად მისი სახელდების პრინციპული მნიშვნელობაც შესანიშნავად იკვეთება. ის, რომ ხშირად მთავარია არა, მოვლენა, არამედ მასთან ჩვენი მიმართება, რაც, პირველ რიგში, ჩვენ მიერ მისი განსაზღვრით, მისთვის სახელის დარქმევით გამოიხატება.

საერთოდ, მამიდა იფეომა ამ რომანის ყველაზე სიმპათიური და ღირსეული პერსონაჟია. შუა ხნის ქვრივი, რომელიც უნივერსიტეტის მასწავლებელია და ამ მოკრძალებული ჯამაგირით არჩენს ორ მოზარდ შვილს, რომელთა აღზრდასაც, თავისი ძმის აღმზრდელობითი პრინციპებიდან სრულიად განსხვავებულად ეკიდება.

ის ამ ბავშვებს აჩვევს აზროვნებას, საარსებო გარემოსთან ბუნებრივ თანაცხოვრებასა და ამ გარემოში თავის სწორი რეპრეზენტაციის უნარს. ამიტომაც, შემთხვევითი არ არის, რომ რომანში ყველაზე სწორ და ჭკვიანურ შეკითხვებსა თუ აქცენტებს სწორედ ეს ბავშვები, მამიდა ეფეომას შვილები სვამენ. და ამ თამამი შეკითხვების მიუხედავად, გამაღიზიანებლად სრულებითაც არ გამოიყურებიან, რადგან თავიანთი გარემოს ალალი და ბუნებრივი შვილები არიან.

თუმცა, ჩემი აზრით, რომანის ყველაზე ტრაგიკულ შეკითხვას მთხრობელის ძმა, თექვსმეტი წლის ჯაჯა სვამს, დათრგუნული, გაღიზიანებული, ტრაგიკული ბავშვი:

– დედასთვის უნდა მიმეხედა; შეხედე, ობიორა ჩემზე უმცროსია და როგორ უდგას მხარში მამიდა იფეომას ოჯახს. არა! უნდა მეზრუნა დედაზე, უნდა მეზრუნა!
– ღმერთმა უკეთ იცის, – ვუთხარი მე, – შეუცნობელია გზანი უფლისა, – და გავიფიქრე, როგორ იამაყებდა მამა, ეს სიტყვები რომ გაეგონა.

ჯაჯამ ერთმანეთის მიყოლებით რამდენჯერმე ჩაიფრუტუნა.

– იცის, აბა, რა?! შეხედე, თავის ერთგულ მსახურს რა უქნა! და თავის საკუთარ შვილს! ოდესმე გიფიქრია, რატომ? რატომ მოკლა საკუთარი შვილი ჩვენს გადასარჩენად? ისე არ შეეძლო ჩვენი ხსნა?“

ამას ჯაჯა თავის დას მაშინ ეუბნება, როდესაც მამის სიკვდილის ამბავს შეიტყობენ. ქმრის მოწამვლას თავდაპირველად დედა დაიბრალებს, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ ეს ჯაჯას ნახელავია და ამით რეალურად იკვრება ასეთი ტრაგიკული გადაძახილი სახარებასთან; ტექსტთან, სადაც მამა სწირავს საკუთარ ძეს  ხალხის ხსნისათვის ტექსტიდან, სადაც ძე კლავს მამას, რათა ოჯახის წევრები მისი ტირანიისა და ჩაგვრის კირთებისაგან გამოიხსნას.

რომანის ამ პასაჟით იკვრება მამისა და ვაჟიშვილის ურთიერთდამოკიდებულების ის ძირითადი პარადიგმა, რომელიც აქ სამდონიანია, სამწახნაგოვანი თუ სამიპსტასიანი და მოიცავს: მთხრობელის მამისა და მამამისის ურთიერთობას და მთხრობელის მამისა და მისი ვაჟის ურთიერთობას. ურთიერთობათა ეს ფენები კი ძირეულად არის დაკავშირებული სახარების ტექსტთან ანდა სახარების მიერ მოტანილ მოდელებთან.

მწერლის ეს ჩანაფიქრი, ზემოთ მოხმობილი პასაჟის გარდა სრულიად გამჭვირვალედ ცნაურდება რომანის კიდევ ერთ მონაკვეთში, როცა პაპა ნნუკვუ შვილიშვილებს ეუბნება:

„– არა, მაინც მისიონერებმა აურიეს ჩემს ვაჟს ტვინი, – ისე წამოიძახა, ცოტა შემეშინდა.

– ეგ ხომ უკვე ვიცით. რამე სხვა გვითხარი!

ვითომ არაფერი გაეგონა, ისე განაგრძო პაპამ საუბარი:

– მახსოვს, პირველად ვინც ჩამოვიდა აბბაში, მამა ჯონს ეძახდნენ; კანი პალმის ზეთივით წითელი ჰქონდა; თეთრების მიწაზე მზე ასე არ აცხუნებსო, ამბობდა. დამხმარე ჰყავდა, კაცი ნიმოდან, სახელად ჯუდი. ნაშუადღევს, მისიის ტერიტორიაზე, ბავშვებს პურის ხის ქვეშ აგროვებდნენ  და თავიანთ რელიგიას ასწავლიდნენ. იმათ მე არასოდეს შევუერთდებოდი, მაგრამ ხანდახან მივდიოდი, რომ მენახა, რას აკეთებდნენ. ერთ დღესაც ვკითხე: სად არის ღმერთი, რომელსაც ეთაყვანებით? მიპასუხეს, მაღლა, ცაშიაო. აბა, ის ვინ არის, ვინც მოკლეს და მისიის წინ ხეზე კიდია? ის ძე არის, მაგრამ მამა და ძე ერთარსი და თანასწორიაო; აი, მაშინ ვიფიქრე, სულ გაგიჟდნენ ეს თეთრები-მეთქი! მამა და ძე თანასწორი? ამას ღმერთები არ დაუშვებენ! იმიტომაც არ მცემს ჩემი ვაჟი პატივს! ჰგონია, რომ თანასწორები ვართ!“

ჩვენ მიერ ზემოთ მოხმობილ ორ უმნიშვნელოვანეს რემარკას ქრისტიანობის აფრიკულ ნიადაგზე ადაპტაციის ისტორია სოციალური და თუნდაც რასობრივი წინააღმდეგობების პლატფორმიდან უფრო განსხვავებულ და გაცილებით ღრმა, გაცილებით მტკივნეულ კალაპოტში გადაჰყავს: ეს ღირებულებათა ორი განსხვავებული სისტემის, ორი სრულიად თანაბარმნიშვნელოვანი კულტურის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაა და ამ დაპირისპირებაში საბოლოოდ ის კულტურა იმარჯვებს, რომელიც პოლიტიკურად თუ სოციალურად მოწინააღმდეგეზე უფრო ანგაჟირებული, უფრო უკეთ შეიარაღებული და, თუ გნებავთ, უფრო დაუნდობელიც აღმოჩნდება.

საკითხი, რომელსაც ახლა ვეხები, რელიგიის სოციოლოგიისათვის ახალი არ არის. ეს თემატიკა მეოცე საუკუნის დიდ დასავლელ მოაზროვნეებთან კარგა ხანია საფუძვლიანად დამუშავდა, მაგრამ ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის რომანში ამ პრობლემატიკის ხელახლა, აფრიკულ ნიადგაზე წამოწევამ სრულიად განსხვავებული და რაღაცნაირად უფრო ტრაგიკული ჟღერადობაც შეიძინა. რადგან ის რაც ფილოსოფიურ-სოციოლოგიურ ნაშრომებში მიყვანილია, როგორც რელიგიური ცნობიერების აქციისა და რეაქციის არსებული (და ზოგჯერ მხოლოდ შესაძლო) მოდელები, აქ, ამ რომანში, ცოცხალი მაგალითებით არის ილუსტრირებული და, თანაც, მხატვრული სიტყვის ისეთი ძალმოსილებით, რაც მკითხველს ერთხელ და სამუდამოდ გებეჭდება გონებაში და ყველაფერთან ერთად სრულიად განსხვავებულ აფრიკასაც გიჩვენებს, აფრიკას, რომლის სოციალური და პოლიტიკური პრობლემების მიღმა ხალისიანი, სიცოცხლისმოყვარული და განვითარებისათვის მუდმივად მზადმყოფი სული იმალება.

თორემ აფრიკას ჩვენ, ძირითადად, სტერეოტიპების პრიზმიდან ვიცნობთ. ამ სტერეოტიპების პრიზმიდან ჩანს სწორედ ეგზოტიკურად და პრიმიტიულად აფრიკელების თუნდაც რელიგიური რწმენა-წარმოდგენები და ალბათ, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის ნიჭია საჭირო, რომ შეგაჯანჯღაროს და ასეთ შეკითხვაზე დაგაფიქროს:

„მაშინ მიზანი რა არის? – ჰკითხა ამაკამ მამა ამადის ისე, თითქოს დედამისის ნათქვამი ვერ გაიგონა. – ეკლესია მეუბნება, რომ მხოლოდ ინგლისური სახელით შეიძლება მირონცხება, მაგრამ დააკვირდი ჩვენი სახელების მნიშვნელობას: ჩიემაკა – ღმერთი მშვენიერია, ჩიმა – ღმერთი ყოვლისმცოდნეა, ჩიებუკა – ღმერთი დიდია… განა ეს სახელები ნაკლებად ადიდებენ ღმერთს, ვიდრე პეტრე, პავლე და სიმონი?“ აქ აღსანიშნისა და აღმნიშვნელის ფილოსოფიურ-ლინგვისტური პრობლემის გარდა, რაც, ცხადია, თავისთავად უკვე მნიშვნელოვანი პრობლემაა ამ რემარკაში, პირველ რიგში, ჩვენი, თეთრკანიანების, არასაკმარისი ცოდნაა, რაც აფრიკისა და მისი კულტურის შესახებ გაგვაჩნია.

პირადად ჩემი გზაც ნიგერიასა და ნიგერიელებთან სერიოზულად  ერთადერთხელ გადაიკვეთა ირანის პატარა ქალაქ ყაზვინში, სადაც ამ ქვეყნიდან ჩემი თანატოლები სპარსულის სასწავლებლად იყვნენ ჩამოსულები და ზოგ მათგანს მართლა ძალიან დავუმეგობრდი.

დაუვიწყარია ჩემთვის ძალიან ხალისიანი და კარგი მერილენი, რომელმაც თავი ბევრი რამით დამამახსოვრა და მათ შორის შეკითხვაზე პასუხით, თუ როგორი იყო დემოკრატიის მდგომარეობა მათ ქვეყანაში.

მანამდე ჩვენს ქართველ გოგონებს რამდენიმე ქართული სიტყვა ესწავლებინათ მისთვის და მათ შორის ‘პროჭი”. დარ სპარსული ნაწილაკია, რომელიც ნიშნავს „ში“-ს და მერილენმა ჩემს შეკითხვაზე ერთობ ორიგინალური პასუხი გამცა:

– რა დემოკრატია?! – მითხრა, – დაიჭერენ დამნაშავეს, ელექტრისიტე დარ პროჭი და ყველაფერს დააფქვევინებენ; იმასაც კი, რაც არ ჩაუდენია!

ამ პასუხმა მაშინ შევარდნაძის საქართველოდან ჩასულიც კი გამაოგნა.

მაგრამ ახლა მერილენი იქით იყოს და, სულ სხვა რამე მინდოდა მეთქვა.

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის რომანი კი ძალიან მომწონს, მაგრამ თავი გამოვიჭირე იმაში, რომ მეც კი, ადამიანი, რომელსაც მთელი არსებით სძაგს რასობრივი დისკრიმინაცია, წიგნს  მთლად თეთრკანიანი სემი ბიძიას თვალით თუ არა, მაინც ერთგვარი ქედმაღლური შეღავათით ვკითხულობდი.

აქ ძალიან ეგზოტიკურია ყველაფერი და როგორც ჩანს, ავტორი საგანგებოდაც ირჯება ამ ეგზოტიკურობის ეფექტის შესაქმნელად, მაგრამ მაკვირვებს ოჯახური ურთიერთობების მსგავსება ჩვენს ოჯახურ ურთიერთობებთან და ასევე სოციალური თუ რელიგიური პრობლემატიკის თითქმის აბსოლუტური იდენტურობა საქართველოსთან.

ახლა უკეთესად გავუგე ევროპელ მკითხველს, რომელიც ქართული ნაწარმოების კითხვისას სწორედ ამ საცდურებზე იმსხვრევს კისერს და კიდევ: ძლივს დავიმახსოვრე ავტორის გვარი და სახელი, რომელიც აქამდე ისიც კი არ ვიცოდი, ქალი ბრძანდებოდა თუ მამაკაცი, მაგრამ მეგონა, ქართველი ავტორის წიგნს ვკითხულობდი, როდესაც წიგნში ასეთ პასაჟებს გადავაწყდი. მამიდა იეფომას სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მასა და მის შვილებს შორის შემდეგი დიალოგი იმართება:
„აქედან უნდა წავიდეთ, – თქვა ობიორამ, – დე, უნდა წავიდეთ! დეიდა ფილიპასთან ხომ არ გილაპარაკია?

მამიდამ თავი გააქნია. წიგნებსა და თეფშების სადგამებს უჯრებში აწყობდა. ჯაჯა იქვე ჩაცუცქულიყო და ეხმარებოდა.

– რას ჰქვია წავიდეთ? რატომ უნდა წავიდეთ ჩვენი ქვეყნიდან? რატომ არ შეგვიძლია გამოვასწოროთ ის, რაც არ მოგვწონს?

– გამოვასწოროთ, არა? – გესლიანად ჰკითხა ობიორამ.

– აბა, რა ვქნათ? გავიქცეთ? ეგ არის პასუხი? გავიქცეთ? – კივილზე გადავიდა ამაკა.

– ეს გაქცევა არ არის. ეს სიმართლისთვის თვალის გასწორებაა. ჩვენი უნივერსიტეტში ჩაბარების დრო რომ მოვა, კარგ პროფესორებს ყელში ამოუვათ ეს სისულელე და ყველა საზღვარგარეთ გაიხიზნება.“

ეს დიალოგი, თავისი ქვეტექსტებით, არანაკლებ მტკივნეულია ქართველი მკითხველისთვისაც, რადგან უკვე ათწლეულებია ჩვენთვისაც აქტუალურია ახალგაზრდობისა თუ მოსახლეობის ინტელექტუალური ნაწილის ქვეყნიდან სხვა უკეთეს გარემოში, უფრო კეთილმოწყობილ სახელმწიფოებში მიგრაციის პრობლემა, ოღონდ, რატომღაც არ მახსენდება, რომელიმე ქართველ მწერალს თავის ნაწარმოებში ის ასეთივე სიმწვავით წამოეჭრას, როგორც ამას ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი აკეთებს. მით უმეტეს, არ მახსენდება ამერიკისა და მისი საიმიგრაციო პოლიტიკის ისეთი მწვავე კრიტიკა, რასაც აფრიკელი მწერლის ინგლისურად დაწერილ რომანში ვკითხულობთ.

„– რატომ უთხრეს უარი? – ჰკითხა ობიორამ.

– რა ვიცი, აბა?! თუ კარგ ხასიათზე არიან, გასცემენ ვიზებს, თუ არა და, უარს გეუბნებიან. ასეა, როცა ვიღაცის თვალში არაფრისმაქნისი ხარ. ისე გიყურებენ, როგორც ფეხბურთის ბურთს, ფეხს ამოგკრავენ და საითაც უნდათ, იქით მოგისვრიან“.

ქართველი მკითხველისათვის მაინცდამიანც დიდი დაზუსტება არ დასჭირდება იმას, რომ ეს დიალოგი ამერიკის საელჩოში ვიზის ასაღებად გასაუბრებაზე წასულ და ამ გასაუბრებიდან მობრუნებულ დედასა და მის ქალიშვილს შორის იმართება. მით უმეტეს არ სჭირდება დაზუსტება იმას, რომ კანის ფერი აქ ნამდვილად არაფერშუაშია. ამიერიკის საკონსულო საქართველოშიც უმეტესად ასევე იქცევა, როგორც ნიგერიაში, უბრალოდ, ქართველ  მწერლებს ან მართლა ჰკიდიათ მათი დამოკიდებულება, ანდა სიმართლის ასე პირდაპირ თქმის უნარი აღარა აქვთ.

თორემ:

„არ იცი, როგორ ექცევიან ამერიკის საელჩოში ნიგერიელებს? შეურაცხყოფას აყენებენ, მატყუარებს ეძახიან და ყველაფერთან ერთად, ეჰ, ვიზას არ გასცემენ“.

ესეც ადიჩის რომანიდან მოხმობილი ერთი ციტატია, სადაც თავისუფლად შეიძლებოდა, ნიგერიელების მაგივრად ქართველები ჩაგვეწერა და ამით სინამდვილის არსი არ შეიცვლებოდა.

ან კიდევ:

„ამას წინათ ფილიპას ველაპარაკე, – თქვა მამიდამ.

– მართლა? როგორ არის? როგორ მიიღო თეთრების მიწამ?

– კარგად არის.

– ცხოვრობს, როგორც მეორეხარისხოვანი მოქალაქე, არა?

– კაი, რა, ჩიაკუ, რა შუაშია ახლა შენი სარკაზმი?

– მართალი რომ ვარ? კემბრიჯში სწავლის დროს მათთვის უბრალოდ მაიმუნი ვიყავი, რომელმაც მოულოდნელად აზროვნების უნარი გამოამჟღავნა.

– ახლა მასე აღარ არის. შეიცვალა.

– ჰო, შენ ასე გეუბნებიან. ვერ ხედავ, ჩვენი ექიმები იმედიანად მიდიან და იმით ამთავრებენ, რომ თეთრებს ჭურჭელს ურეცხავენ, რადგან აქ მედიცინის ინჩიბინჩი არ გაგვეგება. ჩვენი იურისტები იქ ტაქსის მძღოლებად მუშაობენ, არ გვენდობიან. თურმე ნუ იტყვით, კანონებშიც კი ვეღარ ვერკვევით.“

რასაკვირველია, ძალიან კარგად მესმის, რომ აქ აღწერილ სიტუაციაში სინამდვილის ორგვარი და, რაც უნდა საკვირველი იყოს, ორივე მართებული ხედვა შეიძლება არსებობდეს. ის, რაზეც ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის პერსონაჟები ლაპარაკობენ, სინამდვილის მხოლოდ ერთი მხარეა, მათი წილი სიმართლეა, რომელსაც მწერალი უბრალოდ ახმოვანებს, მაგრამ ამით რეალურად იმას აკეთებს, რასაც იგივე ქართული მწერლობა გულდაგულ ერიდება: გვიჩვენებს თავისი საზოგადოების თუნდაც ყველაზე დაბალ ფენებში გავრცელებულ შეხედულებებსა და წარმოდგენებს და ამ საზოგადოებას ქედმაღლურად კი არ ემიჯნება, ცდილობს, იყოს მისი გამომხატველი ენა სიმართლისა.

ამიტომაც ზოგჯერ შეიძლება დაეთანხმო ან არ დაემთანხმო წიგნის ავტორისა თუ ამა თუ იმ პერსონაჟის პოზიციას, მაგრამ ყოველთვის მონუსხულს დაგტოვებს მთელი წიგნის არაჩვეულებრივად მართალი ტონალობა და თხრობის განსაკუთრებული ნიჭი, რაც ამ ავტორს აშკარად გამოარჩევს და რაზეც „იისფერ ჰიბისკუსთან“ დაკავშირებით არა, მაგრამ მის სხვა რომანთან, „ყვითელი მზის ნახევართან“, მიმართებით სრულიად სამართლიანად მიუთითებია მართლა დიდ ნიგერიელ  რომანისტს, ამ ქვეყნის უხუცეს მწერალს ჩინუა აჩებეს:

„ჩვეულებრივ, ახალბედათაგან განსაკუთრებულ სიბრძნეს არ მოველით, მაგრამ ეს ახალგაზრდა მწერალი ქალი ძველი მთხრობელების ნიჭით არის დაჯილდოებული. სხვაგვარად ის ნიგერიის სამოქალაქო ომის კოშმარულ საშინელებათა აღწერას ვერაფრით შეჰბედავდა.“

სხვათა შორის, ბრწყინვალე ლალი ყუშიტაშვილის შესაგულიანებლად უნდა ვთქვა, რომ ეს (როგორც ამბობენ) არაჩვეულებრივი რომანი – „ყვითელი მზის ნახევარი“ – თავის ქართველ მთარგმნელს ჯერ კიდევ ელოდება.

მოლოდინმა კი თავისთავად მოირგო მისი სახელი და გვარი, რადგან ლალი ყუშიტაშვილის თარგმნილი „იისფერი ჰიბისკუსი“ ისეთ მძაფრ შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს კითხვისას მთელ სხეულში დენი მიგიერთეს.