„ენგურის გადმოვლა საკვებისა და წამლის საყიდლად გვიწევს“ | კარანტინი, როგორც წნეხი

11 თებერვალს შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ ენგურის ხიდზე „გადასასვლელი“ გაიხსნა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასევე, შემცირდა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საკარანტინო ვადაც ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის. ვინც ენგურის ხიდზე გადმოვა, ახლა 12-ის ნაცვლად კარანტინში 5 დღის გატარება მოუწევს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პროტესტი. ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლები ჩიოდნენ, რომ მათი მდგომარეობა საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწესებულმა კარანტინმა კიდევ უფრო გაართულა.

პროტესტი არც კარანტინის ვადის შემცირების შემდეგ შეწყვეტილა. ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს კარანტინის საერთოდ გაუქმება სურთ და ამ მოთხოვნით პეტიციაც გაავრცელეს.

კარანტინის მოხსნის მოთხოვნით მიმართა ხელისუფლებას პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამაც, თუმცა მთავრობა, ჯერჯერობით, მხოლოდ დღეების შემცირებით შემოიფარგლება.

გელა ხასაია, რომელიც „პუბლიკასთან“ საუბრობს, გალის რაიონიდანაა. ის ჰყვება, რატომ მოითხოვენ იქაურები თავისუფალ მიმოსვლას და რეალურად, რატომ არ არის მათთვის დიდი შეღავათი კარანტინში 5 დღის გატარება, 12-ის ნაცვლად.

„პირველ რიგში, რაც ყველაზე მთავარია და რაც უნდა გაითავისოს ჩვენმა სახელმწიფომ ისაა, რომ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები ზუგდიდში დროის სატარებლად არ ჩადიან. ჩვენ ტურისტები არ ვართ“, – ამბობს ხასაია „პუბლიკასთან“.

ენგურის ხიდით, ძირითადად, გალის რაიონის მოსახლეობა სარგებლობს. ბოლო წლებში აფხაზეთში მიმოსვლა ენგურზე სხვა გადასასვლელების დაკეტვამ ისედაც გაართულა. ენგურის ხიდიც პერიოდულად იკეტება, ხოლო, როცა ღიაა, იქაურებს მაინც წინაღობები ხვდებათ. კორონავირუსის პანდემიამ კი ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. მათ ზუგდიდში გადმოსვლისას ჯერ 14-დღიანი, შემდეგ 12, ახლა კი 5-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ.

გელა ხასაია ჰყვება, რომ გალის რაიონში პროდუქტები, მედიკამენტები ძვირია. იქაური მოსახლეობა ცდილობს, პერიოდულად გადმოვიდეს ენგურს აქეთ და საჭირო პროდუქტები თუ წამლები მოიმარაგოს. ენგურის გადალახვა უწევთ მოსწავლეებსაც.

„მოსახლეობის უმრავლესობისთვის ე.წ. გადასასვლელის გახსნა აბსურდულია. ეს ხალხი არ გადმოვა, რადგან კარანტინში ხუთი დღის გატარება მოუწევთ. ისინი მხოლოდ ერთი დღით მოდიან, რომ საკვები და წამლები მოიმარაგონ და კარანტინში როგორ უნდა დარჩნენ?!

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ბავშვები ხშირად განათლებას იღებენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მათ კი არაფერი იციან. არავის არაფერი უთქვამს ამ ბავშვებზე, რომელთაც სკოლების გახსნასთან ერთად ყოველდღე მოუწევთ ენგურზე გადასვლა. აქამდე ონლაინსწავლება იყო, მაგრამ ახლა სკოლაში წასვლა უწევთ და ყველა დაბნეულია. არ იციან მშობლებმა, რა უყონ ამ ბავშვებს.

არ იციან, რა ქნან იმ პენსიონერებმა, რომლებსაც წამლები სჭირდებათ. ბევრია მოხუცი ცოლ-ქმარი, რომელთაც მედიკამენტებთან ერთად ერთმანეთის დახმარება ესაჭიროებათ და ერთ-ერთი მათგანის გადმოსვლისა და კარანტინის გავლის შემთხვევაში, ენგურს გაღმა დარჩენილ მოხუცს ვინღა მოუვლის?!“ – კითხულობს გელა ხასაია „პუბლიკასთან“.

გალის რაიონის მცხოვრები მთავრობასა და ხალხს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაზეც ლაპარაკობს. გელა ხასაიას თქმით, ე.წ. გადასასვლელი, ჯერჯერობით, მოქალაქეთა ნაწილისთვის გაიხსნა, იქაური მოსახლეობისთვის კი არავის აუხსნია, თუნდაც კარანტინის პირობებში, ვინ როგორ შეძლებს გამყოფი ხაზის გადაკვეთას. იქაურები მიეჩვივნენ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მათზე არ ზრუნავს, მაგრამ ახლა ჩივიან, რომ მათ ცხოვრებას საქართველოს ხელისუფლებაც ართულებს.

„5 იქნება თუ 12 დღე კარანტინი ამ ხალხისთვის, ფაქტობრივად, მნიშვნელობა არ აქვს. ისინი მაინც არ გადმოვლენ და თუ გადმოვლენ, ისევ ისე, გამოპარვით – ჯერ რუსებს უნდა გამოეპარონ, რომ წამლები იყიდონ და დაბრუნდნენ, შემდეგ კი – ქართველ სამართალდამცველებს.

რეალურად, 5-დღიანი კარანტინი ერთადერთი სტუდენტებისთვის შეიძლება იყოს მისაღები, მეტი არავისთვის. საკვებისა და წამლების საყიდლად გადმოსული ადამიანებისთვის, ამ კარანტინის გავლა რთულია და ის ხალხი ისევ ჩაკეტილია“, – ჩივის გალის მცხოვრები.

საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსულ მოქალაქეებს კარანტინი იმის გამო დაუწესა, რომ ამ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლი არ აქვს. შესაბამისად, ვერ წარმართავს იმ ღონისძიებებს და ვერ უწევს კონტროლს რეგულაციებს, რომლებიც საქართველოშია დაწესებული კორონავირუსის პანდემიის გამო,  თუმცა გელა ხასაია „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ეს მათთვის საფუძვლიანი არგუმენტი არ არის.

„ჩვენ ვისმენთ იმ არგუმენტებს, რომ ხელისუფლება ვერ აკონტროლებს კოვიდსიტუაციას ენგურს გაღმა და ამიტომ სჭირდება კარანტინი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თუნდაც ტურისტებისთვის დაშვებული იყო სწრაფი ტესტი, რის შემდეგაც მათ შეეძლოთ ყოფნა საქართველოში და თავისუფლად გადაადგილება. ხომ შეიძლებოდა იმავეს გაკეთება აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის?! ამიტომ, ეს არ არის გამართლება.

ყოველთვის შეიძლება, გამონახო რაიმე გზა, რომ ხალხს გაუადვილო ყოფა. თუნდაც შეიძლებოდა, გალის საავადმყოფოსთვის გაეგზავნათ საკმარისი ტესტები. გადმოსვლამდე ეს ადამიანები გალში გაიკეთებდნენ ტესტს და უარყოფითი პასუხით გადმოვიდოდნენ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს სულ ადვილი შესაძლებელია, რადგან მათ აქტიური კომუნიკაცია აქვთ გალის რაიონის სამედიცინო დაწესებულებასთან“, – ამბობს ხასაია „პუბლიკასთან“.

მით უმეტეს, გელა ხასაიას თქმით, იქ არც ვირუსის გავრცელების მხრივაა საგანგაშო მდგომარეობა, რომ დამატებით შეზღუდონ იქ მცხოვრები ადამიანები. პირიქით, როგორც ის „პუბლიკასთან“ ამბობს, გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვეც ნაკლებია, კორონავირუსით ბევრი არ არის ინფიცირებული.

„აფხაზეთშიც უწევთ პანდემიასთან ბრძოლა, მაგრამ გალის რაიონში არ არის ისეთი ვითარება, რომ საგანგაშო ან თუნდაც რაიმენაირად საშიში იყოს. ალბათ, ახლა მთელ რაიონში ერთეულ ადამიანებს აქვთ კოვიდი, მაგრამ საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით მათდამი დამოკიდებულება მაინც განსხვავებულია“, – დასძენს ხასაია „პუბლიკასთან“.

„პუბლიკამ“ კომენტარისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს და შესაბამის კომენტარსაც საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში გააკეთებენ.