ერთად ოზონის შრის დასაცავად

პუბლიკა

რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს?

ალბათ, ყველამ ვისწავლეთ დაწყებით კლასებში, რომ დედამიწას ირგვლივ  აკრავს ჰაერის დიდი გარსი, რომელსაც შეიძლება, ჩვენს ნახატებსა და ილუსტრაციებში არ ვითვალისწინებდით ხოლმე, მაგრამ, რეალურად, იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ვიდრე წარმოგვიდგენია.

სამეცნიერო ტერმინებით რომ არ დაგღალოთ და მარტივ ენაზე მოგიყვეთ, დედამიწის ატმოსფეროს აქვს რამდენიმე ფენა, რომელთაგანაც ერთ-ერთია სტრატოსფერო, ოზონის შრე კი სტრატოსფეროს პირველ ფენაზეა. ოზონის მნიშვნელობა შედარებით რთული ტერმინებით, მაგრამ დამაჯერებლად რომ ავხსნათ, ეს არის ჟანგბადის ალოტროპული სახე, ანუ O2-ისგან ანომალიურად წარმოქმნილი O3. ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, ოზონი შთანთქავს მზის მავნე სხივებს და დედამიწას იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

კიდევ უფრო მარტივ ენაზე რომ გადავთარგმნოთ, მზე რამდენადაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი არსებობისთვის, იმდენად საშიში შეიძლება იყოს, ოზონის შრე კი სწორედ მზისგან სასარგებლოსთან ერთად წამოსულ საფრთხის ტალღას აკავებს, უხეშად რომ ვთქვათ, მზის ენერგიას ფილტრავს.

ოზონის შრე რომ მეტად დავაფასოთ, აუცილებლად უნდა აღვიქვათ იმ საფრთხის სიდიდე, რომელიც მის გარეშე დაგვემუქრებოდა. ულტრაიისფერი სხივები ადამიანის ჯანმრთელობისთვის არა მხოლოდ საფრთხისშემცველია, არამედ მომაკვდინებელიც კი. ულტრაიისფერი გამოსხივების ჭარბი რაოდენობა გარემოს დაზიანებასთან ერთად პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ადამიანების ორგანიზმზეც, მაგალითად, ისეთი საშიში დაავადებების მიზეზად შეიძლება იქცეს, როგორიც სიმსივნეა.

რამდენი დადებითი მხარეც არ უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიურ განვითარებას, უნდა გვახსოვდეს, რომ გვერდითი ეფექტები ყველაფერს აქვს. ის ნივთები, რომლებიც ყოველდღიურად გვიმარტივებს ცხოვრებას, მაცივარი, მანქანა, დეოდორანტი და ა.შ. შეიცავს ნივთიერებას, რომელიც აზიანებს ოზონის შრეს. შეიძლება, იფიქროთ, რომ არაფერი დაშავდება, თუ თქვენ, ერთი ადამიანი, მაცივრის კარს ცოტათი დიდხანს დატოვებთ ღიას, ან სამსახურამდე მანქანით მიხვალთ, მაგრამ წარმოიდგინეთ მილიონობით ადამიანი, რომელიც თქვენსავით იქცევა და ფიქრობს, რომ კონკრეტულად მისი საქციელით  არაფერი შავდება. შედეგად ვიღებთ გარემოსთვის სახიფათო ნივთიერებების შემაშფოთებლად დიდ რაოდენობას. სწორედ ჩვენი ყოველდღიური შეცდომების გამო საფრთხეს ვუქმნით ოზონის შრეს, რომელიც ისევ ჩვენივე უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი.

არ გეგონოთ, რომ საფრთხე, რომელზეც ვსაუბრობ, შორეულ მომავალში გვემუქრება და ახლა მშვიდად ყოფნის დრო გვაქვს. ზემოთ ხსენებული მიზეზით ოზონის შრემ შესუსტება დაიწყო, რასაც მეცნიერებმა ოზონის ხვრელი უწოდეს. ეს პრობლემა პირველად მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში შეამჩნიეს და ნელ-ნელა დაიწყეს ბრძოლა საფრთხის თავიდან ასარიდებლად.

1994 წელს გაერომ 16 სექტემბერი ოზონის შრის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და დღემდე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს 197 ქვეყანაში. ყოველი წლის 16 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებების, მეცნიერების განცხადებებისა და ჩემი ამ სტატიის მთავარი მოტივი საერთოა – საზოგადოებაში პრობლემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რაც უპირველესი ნაბიჯია პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე, რადგან საზოგადოებას არ ექნება სურვილი, გაუფრთხილდეს რაიმეს, სანამ არ გაიგებს მის მნიშვნელობასა და დანიშნულებას.

რას ვაკეთებთ ოზონის შრის დასაცავად?

ისტორიაში ყველაზე დიდი ოზონის ხვრელი 2000 წელს დაფიქსირდა, მას არც 2015 წლის ხვრელი ჩამოუვარდებოდა, 2020 წელს კი, გავიაზრეთ, რაოდენ დიდი წვლილი მიგვიძღვის ოზონის შრის შეთხელებაში. შეიძლება, პანდემიამ და სახლებში ჩაკეტვამ მოსახლეობის მენტალური თუ სოციალური მდგომარეობა დიდად დააზიანა, მაგრამ არც ამ ავადსახსენებელ პერიოდს ჩაუვლია დადებითი ფაქტორის გარეშე.

ავტომანქანების, სხვადასხვა ქარხნისა თუ სხვა მოწყობილობების გამოყენების საგრძნობლად შემცირება გარემოზეც აისახა, გაიწმინდა ჰაერი, ბუნება ჩვენ გარშემო კიდევ უფრო გამწვანდა და ოზონის შრეც „მოძლიერდა“, რადგან ადამიანები სახლებიდან ვეღარ ვახერხებდით ჩვენივე საცხოვრებლის – დედამიწის დაზიანებას.

2021 წელსაც აისახა გარემოზე მოსახლეობის სახლებიდან გასვლის შედეგი და ოზონის შრე ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამიტომ აუცილებელია, თითოეულმა ადამიანმა გამოიჩინოს მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და პატარ-პატარა ნაბიჯებით დაიცვას ოზონის შრე. საამისოდ საჭიროა, ყოველდღიურობაში შევამციროთ კონდიციონერების, მაცივრებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების გამოყენება და არ შევიძინოთ პროდუქტები, რომლებიც CFC-ს შეიცავს, მაგალითად, დეოდორანტები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ინფორმაციის გავრცელებაა, რათა ყველა ადამიანმა გაიგოს ამ პრობლემის შესახებ და თავისი წვლილი შეიტანოს ოზონის შრის დაცვაში.

ავტორი – ნინო კიკვაძე, კავკასიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი