ფენომენოლოგია და ხელოვნური ცნობიერება - ინტერვიუ თომას მეცინგერთან

გერმანელი ფილოსოფოსი, მაინცის უნივერსიტეტის პროფესორი თომას მეცინგერი გონებისა და ცნობიერების ფილოსოფიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მკვლევარია. ის ხელმძღვანელობს გონების ფილოსოფიის კვლევით გუნდს მაინცის უნივერსიტეტსა და ფრანკფურტის ინსტიტუტში, გამოქვეყნებული აქვს ასეულობით სტატია და კვლევა კოგნიტური მეცნიერების ფილოსოფიაში, ეთიკაში, ცნობიერების ანალიტიკურ ფილოსოფიასა და ფენომენოლოგიაში. ამჟამად ის ევროკომისიის ხელოვნური ინტელექტის მაღალი რანგის საექსპერტო ჯგუფის წევრია და ხელოვნური ცნობიერების და ინტელექტის საკითხებზე მუშაობს.  

თომას, ჩემი პირველი კითხვა შეეხება ცნობიერი აღქმის, როგორც ბეიზიანური დასკვნის, (bayesian inference) შემომავალ სენსორულ სიგნალზე ბეიზიანური წარმოდგენების  (bayesian beliefs) მუდმივი განახლების პროცესის ცნებას.  ეს აზრი ფართოდაა გავრცელებული ცნობიერების შესახებ თანამედროვე ლიტერატურაში და გვხვდება ურთიერთსაწინააღმდეგო თეორიებშიც კი, მაგალითად, მაიკლ გრაციანოს თეორიაც და ანილ სეთის თეორიაც ორივე ბეიზიანური დასკვნის ცნებას ეყრდნობა. მაინტერესებს რა შეხედულებები გაქვთ ამ მზარდ პარადიგმაზე? აღიქვამს თუ არა ტვინი ბეიზის თეორემის მიხედვით? 

დღესდღეობით ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ტვინის მოქმედების კარგი აღწერაა „იერარქიული ბეიზიანური განახლება”. ანუ იმის ნაცვლად, რომ გვქონდეს მხოლოდ ერთი მოდელი, რომელიც პროგნოზირებს, ვთქვათ, სენსორულ სტიმულს, გვაქვს უფრო მაღალი დონის მოდელებიც, რომლებიც ჭრიან პრობლემებს, რომლებსაც პირველი რიგის მოდელი ვერ წყვეტს და ვერ პროგნოზირებს. ინფორმაციის დამუშავების ეს პროცესი მოთავსებულია და  „დაბუდებულია” ტვინში და სხვადასხვა დროით მასშტაბებზე აკეთებს პროგნოზს.

ეს ხდება დროის მცირე მონაკვეთშიც, როდესაც ტვინი, ვთქვათ,  ცდილობს, ამოიცნოს, რა იქნება მომდევნო სტიმული ბადურაზე, მაგრამ ასევე დიდ მასშტაბებზე –  მომავლის დაგეგმვა, აქტიური დასკვნა, კომპლექსური მოძრაობა სივრცესა და დროში. ორგანიზმს უწევს პროგნოზის გაკეთება დროის დიდ მასშტაბებში და ეს არ არის არსებითად ახალი რამ.  ამ თეორიის ისტორია დაიწყო 2010 წლის ცნობილი სტატიიდან, თუმცა  ფილოსოფოსებს 3 თუ 4 წელი დასჭირდათ იმის დასანახავად, რომ  თეორიული რევოლუცია ხდება. შენ შეიძლება მსმენელები დააინტერესო, მე ვიყავი პირველი ფილოსოფიური კრებულის „პრედიქციული დამუშავების ფილოსოფიის” რედაქტორი, რომელიც უფასოდაა ხელმისაწვდომი ინტერნეტში, ამ მასალას რეცენზირება აქვს გავლილი და ვფიქრობ,  ეს არის მარტივი შესავალი ამ სფეროში არამათემატიკოსებისთვის. 

ბევრი ფუნდამენტური დისკუსიაა, რადგან, ერთი მხრივ, თავისუფალი ენერგიის პრინციპი  არაა რაღაც ისეთი, რისი ემპირიულად შემოწმებაც შეგვიძლია, თითქმის ფილოსოფიური ხედვასავითაა იმის შესახებ, რას შეიძლება აკეთებდეს ტვინი. ის  ამცირებს ენტროპიას და ამრიგად წარმოქმნის მდგომარეობებს, რომლებიც შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც პრედიქციული მოდელები (predictive model). მაგრამ საინტერესო და ამაღელვებელი რამ ფილოსოფოსებისთვის  აქ ისაა, რომ ეს ახალ კონცეპტუალურ იარაღებს გვაძლევს, რომლებიც გვეხმარება, ვიფიქროთ ახლებურად;  ერთ მაგალითს გეტყვი. 

თუ ფრისტონი მართალია, მაშინ აღქმა, ყურადღება და ქმედება, სხეულებრივი ქმედება კონცეპტუალურად გაერთიანებულია ერთ პრინციპში. ფილოფოსები ფიქრობდნენ, რომ ეს  სხვადასხვა რაღაცებია, მაგრამ თუ ეს ყველაფერი ბეიზიანური განახლების პროცესია, ესე იგი მათი გამაერთიანებელი კონცეპტუალური აღწერის დონე გვაქვს და თუ ეს მართალი აღმოჩნდა, როგორც ბევრი ადამიანი ფიქრობს, ეს იქნება მძლავრი კონცეპტუალური პროგრესი, რადგან ის აერთიანებს ბევრ რამეს, რაზეც ვფიქრობდით როგორც განსხვავებულ რაღაცებზე წარსულში. კიდევ ერთი რამ რომ დავამატო, ფილოსოფიისთვის ეს ისტორიული გარდაქმნაა სხვა თვალსაზრისით. მე მალე პენსიაში გავალ, ჩემი აკადემიური კარიერა გასული 30 წლის განმავლობაში შევწირე იმას, რომ გამეხსნა ანალიტიკური ფილოსოფია მეტწილად ნეირომეცნიერებისთვის და კოგნიტური მეცნიერებისთვის. იყო დრო, როდესაც ეს მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდა ფილოსოფოსებისთვის, რომლებსაც არ სურდათ „სავარძლის ფილოსოფოსები” ყოფილიყვნენ, სცოდნოდათ ცოტა ნეირომეცნიერებაც. ახლა კი, როგორც ჩანს არა მხოლოდ ცოტა, არამედ საკმაოდ ბევრი მათემატიკაც უნდა იცოდე და არა იმდენად ნეირომეცნიერება. ამან შეიძლება გარიყოს ფილოსოფიური საზოგადოების დიდი ნაწილი. ისევე როგორც ახალგაზრდა რომ ვიყავი, ბევრ გერმანელ ფილოსოფოსს არ შეეძლო საერთაშორისო დებატებში მონაწილეობა, რადგან ბევრმა ინგლისური არ იცოდა, შემდეგ კი ისინი ვერ მონაწილეობდნენ გონების ფილოსოფიაში დებატებში, რადგან არ იცოდნენ ნეირომეცნიერება, კოგნიტური მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი. მომავალში უფრო და უფრო ნაკლებ ფილოსოფოსს ექნება რამე საინტერესო სათქმელი რადგან რთული მათემატიკა დასჭირდებათ. 

თქვენ ერთმანეთისგან გამოყოფთ ფენომენალურ თვითმოდელს და ინტენციონალური ურთიერთქმედების ფენომენალურ მოდელს. სხვა მეცნიერები გამოარჩევენ უბრალო მგრძნობელობას და თვითცნობიერებას (მეტაკოგნიციას). მაინტერესებს, როგორაა ეს ორი ერთეული სტრუქტურულად დაკავშირებული ეპისტემურ სივრცეში რეპრეზენტაციის თვალსაზრისით? ამაზე თქვენ ერთ-ერთ სტატიაში საუბრობდით და ასევე, განსხვავდებიან თუ არა ისინი, როგორც ტვინის პროცესები? 

ამაზე გვაქვს გარკვეული მონაცემები, მაგრამ ამის ახსნას დიდი დრო დასჭირდება. PMRI (ინტენციონალური ურთიერთქმედების ფენომენალური მოდელი) არის კონცეფცია, რომელიც პირველად 1993 წელს შემოვიტანე. მთავარი იდეა იყო, რომლისთვისაც მანამდე ასეთი ფორმულირება არავის მიუცია არის შემდეგი: ჩვენ გვაქვს ობიექტების ფენომენალური რეპრეზენტაცია, ფერების ფენომენალური რეპრეზენტაცია, ფორმების, ასევე „თვითობის” შეგრძნების ცნობიერი რეპრეზენტაცია, ჩვენი სხეულის, კონტროლის გრძნობის ფენომენოლოგია და ჩემი სათქმელი იყო, რომ რასაც ფრანც ბრენტანომ 1874 წელს უწოდა ინტენციონალობის ურთიერთქმედება  – მიმართება მენტალურ აქტსა და ობიექტს შორის, სადაც ობიექტი არაა აუცილებელი, რომ არსებობდეს. ეს არარედუცირებადი რამაა ინტენციონალობის შესახებ. როგორ შეუძლია ტვინის ფიზიკურ პროცესს ჰქონდეს მიმართება მარტორქასთან (unicorn) ან რამე სხვა ობიექტთან, რომელიც არ არსებობს. ეს ცნობილია როგორც ბრენტანოს პრობლემა. ფილოსოფიის ისტორიაში ამ იდეას პრეკურსორები აქვს, არსებობს ინტენციონალობის შუასაუკუნეების თეორიები და არაბულ ფილოსოფიაშიც გვხვდება ინტენციონალობის იდეა, მაგრამ დასავლეთში ბევრმა ბრენტანოთი დაიწყო, თუმცა ჰუსერლმაც ბევრი რამ თქვა ინტენციონალობაზე. ერთ-ერთი კონცეფცია, რომელიც მან გამოიყენა იყო Der Blickstrahl, Ray-glance.  სხივი, რომელიც გამოდის შენი თვალებიდან, როდესაც რაღაცას უყურებ. Der Blickstrahl das reine Ego– მზერა, რომლითაც წმინდა ეგო უყურებს რაღაცას. შემდეგ მე დავფიქრდი, რა იყო ეს იდეა, რომელიც ბრენტანოს და ჰუსსერლს ჰქონდათ. არარედუცირებადი ინტენციონალობის იდეაა, რომელშიც ადამიანის გონება მიმართულია ობიექტისკენ, რა არის ეს? ვიფიქრე, რომ არსებობს ინტენციონალობის ფენომენოლოგია, მიმართულობის ცნობიერი განცდა. მაგალითად, აიღეთ ყურადღების შემთხვევა. შენ შეიძლება იჯდე შენს სკამზე და არ უყურებდე არაფერს კონკრეტულად, გქონდეს ღია მზერა, ოდნავ დაღლილი იყო. ამ დროს შეიძლება გქონდეს ფენომენალური თვითმოდელი, გრძნობდე სხეულს, შიგნიდან გრძნობდე, რომ იქ ზიხარ, მაგრამ შენ არ ხარ მიმართული სამყაროსკენ. შემდეგ შენ ყურადღებას მიმართავ ვაშლისკენ მაგიდაზე, შენ უყურებ, ყურადღებას მიმართავ და შედეგად გაქვს დამატებითი ფენომენალური გამოცდილება, რასაც მარგარეტ ენსკომბმა, ბრიტანელმა ფილოსოფოსმა უწოდა ინტენციონალობის ისარი. ის მიმართულია შენი თვალებიდან მაგიდაზე მყოფი ვაშლისკენ და ამის ბევრი ვარიაცია არსებობს. თუ არაფერზე ფიქრობ, ასე ვთქვათ „დატივტივებ” ეს არ გაქვს, მაგრამ, თუ ზაზა მოვა და გკითხავს, რა არის 2+2, ფოკუსირდები და ეს იქნება შეკითხვა, რომელზეც ყურადღებას გადაიტან. აბსტრაქტული ფსიქიკური შინაარსი, რომლისკენაც იქნები მიმართული. ამ შემთხვევაში გაქვს PMIR, არა მხოლოდ თვითმოდელი, არამედ მიმართულობის ურთიერთქმედების ცნობიერი რეპრეზენტაცია. და ვფიქრობ, ეს არის კონცეფცია რომელიც უგულებელყოფილი იყო ფილოსოფიიდან, მაგალითად, სემანტიკაში ადამიანები ბევრს საუბრობენ რეფერენციაზე, როგორ მიემართება ტერმინი ობიექტს, მაგრამ რასაც ისინი ვერ ხედავენ არის ის, რომ არსებობს რეფერენციის ფენომენოლოგია. 

ფილოსოფიაში ყველას უყვარს საუბარი პირველი პირის პერსპექტივაზე და ყველა თავს იკატუნებს, თითქოს ჩვენ ვიცით, რას ვგულისხმობთ, როდესაც პირველი პირის პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. შეთქმულების თეორიასავითაა, ყველა საუბრობს, მაგალითად, „პირველი პირის ფაქტებზე” და შემდეგ კითხვას სვამენ, არის თუ არა ისინი დაყვანადი მესამე პირის ფაქტებამდე და იმართება დიდი დებატები, მაგრამ თუ დააკვირდები ამ ფრაზას, პირველი პირის პერსპექტივა და იკითხავ, რას ნიშნავს ეს კონცეფცია? დაინახავ, რომ ეს მეტაფორაა, რომელსაც ორი კომპონენტი აქვს: ერთია პირველი პირი, ეს მკაფიოა, გრამატიკული მეტაფორაა, ენაში არსებობს პირველი პირის ნიშანი, შენ შეგიძლია მიემართო საკუთარ თავს – მე თომას მეცინგერი ვაკეთებ ამას,  პირველი პირის „მე”-ს გამოყენებით. აქ არაფერია იდუმალი,  ჩვენ გვესმის, როგორ მუშაობს პირველი პირი ლინგვისტური და გრამატიკული გაგებით, მაგრამ  მეორე ნაწილი ამ მეტაფორის არის პერსპექტივა. პერსპექტივა არის სიტყვა გეომეტრიიდან და არა ლინგვისტიკიდან. Მაგალითად, ადამიანებში მხედველობით გამოცდილებას აქვს პერსპექტივა, იგრძნობა ისე, თითქოს თვალების უკან ხარ, არის ჰორიზონტი და შორეული ობიექტები გიახლოვდება და არც ესაა სასწაული. შეგიძლია ახსნა, რატომაა ჩვენი სენსორული აღქმა ორგანიზებული ამ პერსპექტივის გარშემო. მაგრამ თუ ამ ორ რაღაცას გააერთიანებ, ბევრ ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ „პირველი პირის პერსპექტივა” რაღა იდუმალია.  ჩემი აზრით, ეს იდუმალება ახსნადია.  რასაც აქ ვხედავთ არის ინტენციონალური ურთიერთქმედების ფენომენალური მოდელი.  ამრიგად გვაქვს პირველი პირის პერსპექტივა, როგორც მეტაფიზიკური ტერმინი, ამით არ ვარ დაინტერესებული და ასევე  პირველი პირის პერსპექტივა როგორც ეპისტემოლოგიური თვალსაზრისით, სუბიექტურობა, მაგრამ  ასევე პირველი პირის პერსპექტივაა როგორც ის, რასაც  ცნობიერად აღიქვამ, როგორც მწვანე ან ლურჯი, ნებისმიერი რამ. და მე ვცადე ამეხსნა, რა  არის, რასაც განვიცდით, როდესაც ცნობიერად აღვიქვამთ ჩვენ პერსპექტივას და მე ვფიქრობ, რომ ეს არის PMRI.

ახლახან მომაფიქრდა, ჯონ ლოკი არჩევდა ერთმანეთისგან პირველად თვისებებს და მეორეულ თვისებებს. მაგალითად, განსხვავება ობიექტის სიმყარეს შორის ერთი მხრივ და ობიექტის ფერს შორის. არის თუ არა ეს ცნობიერი გამოცდილების კლასიფიკაციის სწორი გზა? რომელი თვისებები შეიძლება იქნას აღწერილი, როგორც წმინდად ტვინისმიერი კონსტრუქციები ან რაღაცები, რაც წარმოიქმნება ურთიერთქმედებაში ტვინსა და ობიექტს შორის ან რაც არსებობს ტვინის გარეშე? 

ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვაა. მე ვთვლი, რომ ცნობიერების პოპულარულ დებატებში ბევრი ადამიანი საუბრობს „ქვალიაზე” და მათ არ იციან, რა არის ქვალია. Locus Classicus ქვალიის თანამედროვე განმარტებისთვის არის ფილოსოფოსი კლერენს ერვინ ლუისი. ის ლოგიკის პროფესორი იყო სან ფრანცისკოში, მან დაწერა წიგნი „გონება და სამყაროს წესრიგი”,  სადაც განმარტა ქვალია, როგორც სუბიექტური უნივერსალიები, როგორიცაა სიწითლე ან სილურჯე და მან თქვა, რომ შეგვიძლია, ამოვიცნოთ ისინი ტრანსტემპორალურად. ერთი სიწითლიდან მეორეში აღმოვაჩინოთ მსგავსება.  ჩემი აზრით, ეს მცდარი მოსაზრებაა, ეს ემპირიულად მცდარია და ამის დამტკიცება შეგიძლია. 

ბევრ ადამიანს ასევე არ ესმის, რომ ამას აქვს ასეულობით წლის კონცეპტუალური ისტორია, ჯონ ლოკთან, ასევე გალილეო გალილეისთან, ისააკ ნიუტონთან და ისეთ ავტორებთან, რომლებიც საუბრობდნენ მეორეული თვისებების შესახებ და, რა თქმა უნდა, მთავარი კითხვაა, რა არის გონებისგან დამოუკიდებელი რეალობის თვისებები, რაღაცები, რაც ფიზიკამ შეიძლება აღწეროს და რა არის სამყაროს თვისებები, როგორც მას  ცნობიერი ტვინი აღწერს, და არის ძალიან მარტივი რამ – ცნობიერ ტვინს უვითარდება რეალობის დინამიკური მოდელი, ვთქვათ იერარქიული ბეიზიანური განახლების მეშვეობით, ობიექტების და ფერების და ამ  მოდელს ტვინი იყენებს ორი მიზნით – შეინარჩუნოს ორგანიზმის არსებობა, რომელიც ტვინს ატარებს და გააკეთოს გენების ასლები შემდეგ თაობაში. ტვინს არ აინტერესებს ფილოსოფია, ტვინის ევოლუცია არ მომხდარა „ჭეშმარიტების” შესაცნობად ან მეორეული და პირველადი თვისებების გასარჩევად, ტვინი არის სისტემა, რომელიც აკონტროლებს ქმედებებს, რათა დატოვო იმდენი შთამომავლობა რამდენიც შეგიძლია. „რა არის ჭეშმარიტება?” არ არის შეკითხვა, რომელსაც ტვინი სვამს ის კითხულობს – „რა მუშაობს გადარჩენისთვის?” . მილიონობით წლების განმავლობაში მას განუვითარდა ძალიან ძლიერი რეალობის ცნობიერი მოდელი და უფრო მდიდარი რეალობის არაცნობიერი მოდელი და მას აქვს „პრიმიტივები” და ეს „პრიმიტივები”, მაგალითად, სიმლაშე, სიტკბო, სილურჯე, სიწითლე არის რაღაცები, რასაც ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ პირველ რიგის ფენომენალური თვისებები. ქვალია არის პირველი რიგის ფენომენალური თვისებები და ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რეალობის მოდელში, რომელსაც ტვინი აგებს ისინი მარტივი თვისებებია, ისინი წარმოადგენენ არა თვისებების თვისებებს, არამედ არიან უბრალოდ ობიექტების თვისებები, მაგალითად, „ვაშლი წითელია” ან „ვაშლი ტკბილია” და როგორც პოლ ჩარჩლენდმა თქვა, არ არსებობს იდუმალება ფაქტში, რომ არსებობს პრიმიტივები. 

რეპრეზენტაციულ სისტემაში უნდა იყოს ყველაზე დაბალ დონე და ამრიგად  შენ გაქვს ისეთი რაღაც, როგორიცაა „სილურჯე” და თავად სისტემას არაფრის თქმა შეუძლია გარდა იმისა, რომ „ეს ლურჯია” და ასე ჩნდება ინტუიცია, რომ ეს არის რაღაც არარედუცირებადი, მისტიკური, სილურჯე, რადგან ინტროსპექციულად არ შეგიძლია იმ მექანიზმში პენეტრაცია, რომელიც გენერირებს სილურჯეს ტვინის V4 ველში. ამრიგად, ესაა რაღაც რასაც აწყდები და ის მარტივია, ჩვენ არ შეგვიძლია მისი გაგება, მაგრამ მეცნიერებას შეუძლია. 

რისი თქმა შეგიძლიათ აბსტრაქტულ მათემატიკურ ობიექტებზე, რა არის მათი ონტოლოგიური სტატუსი? დღესდღეობით ბევრი ფიზიკოსი ემხრობა იმას, რასაც უწოდებენ მათემატიკურ პლატონიზმს. რა არის შენი პოზიცია ამაზე, არიან თუ არა მათემატიკური ობიექტები, მაგალითად, რიცხვები, გეომეტრიული სტრუქტურები გონებისგან დამოუკიდებელი რაღაც სხვა განზომილებაში თუ ისინი გონებაზე დამოკიდებულია, თუ ისინი გონებაზეა დამოკიდებული ვაწყდებით მათემატიკის „წარმოუდგენელი ეფექტურობის” პრობლემას. 

ამ კითხვაზე იმედი უნდა გაგიცრუო, მე მათემატიკის ფილოსოფოსი არ ვარ. არ ვარ კომპეტენტური, თანამედროვე მათემატიკის ფილოსოფიაზე ბევრი რამ არ ვიცი. ასევე, ეს ძალიან დამაბნეველი პრობლემაა ჩემთვის, არ მაქვს პასუხი მასზე, მაგრამ მაქვს გარკვეული ზოგადი იდეები. მათემატიკა კულტურული პრაქტიკაა და ასევე ცნობილია ისიც, რომ ზოგიერთ ცხოველს აქვს რაოდენობრივი შეგრძნებები, მათ შეუძლიათ გაარჩიონ ერთი, ორი და ბევრი. ზოგიერთ ფრინველს შეუძლია  ეს და თავისუფლად შეიძლება ითქვას, მათემატიკურ კოგნიციას აქვს ისტორია ამ პლანეტაზე, ბიოლოგიური ისტორია და იმის გასაგებად, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ, ადამიანის ტვინი, ადამიანები, როდესაც მათემატიკურად ვაზროვნებთ, ჩვენ ვიყენებთ ისევ ფრანც ბრენტანოს კლასიკურ მოდელს, რომელზეც ვსაუბრობდით. 

გონება მიმართულია ობიექტისკენ, გონება მიმართულია ციფრ ორისკენ და ამგვარად ჩვენ ვანივთებთ მათემატიკური აზროვნების სამიზნეს, ჩვენ წარმოვმქნით ობიექტს, რიცხვი ორი, რის შემდეგაც ეს ფილოსოფიური პრობლემები ზედაპირზე ამოდის. ეს აბსტრაქტული ობიექტია, რომელსაც ფიზიკური თვისებები არ აქვს? დაკავშირებული ვართ რაღაცასთან, რაც დროის და სივრცის მიღმაა, როდესაც მათემატიკური პრობლემების გადაჭრას ვცდილობთ? ამაზე არაფერი საინტერესო არ მაქვს სათქმელი, არ მესმის ეს, მაგრამ ერთი რამ, რისი თქმაც შემიძლია –  შეკითხვა – „როგორ მუშაობს ადამიანის მათემატიკური კოგნიცია?” ესაა კითხვა, რომელსაც მეცნიერულად შეიძლება გასცე პასუხი და როგორ განვითარდა ის ევოლუციურად. კიდევ ერთი კითხვაა – „რატომ მუშაობს მათემატიკა ასე კარგად?” რატომ შეუძლია მას ბუნების კანონების ექსტრაქცია? ეს არ არის რაღაც, რასაც ინდივიდუალური ტვინი აკეთებს, მათემატიკის ეფექტურობა მეცნიერების საზოგადოებებითაა განპირობებული, მათემატიკოსთა საზოგადოებების, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ მათემატიკურ სისტემებზე. ადამიანების ჯგუფები, რომლებმაც ამ ტიპის მათემატიკა განავითარეს, რომლის შესახებაც შენ შემდეგ სვამ კითხვას – „რატომ მუშაობს ასე კარგად?”, იქნებ ის არ მუშაობს? მე ვიცნობ ძალიან პატივსაცემ მათემატიკოსებს, რომლებსაც თაყვანს ვცემ და ერთხელ მათ დამპატიჟეს კათედრაზე პრეზენტაციის გასაკეთებლად და მე ვიკითხე – „რა არის თქვენ დისციპლინაში ყველაზე დიდი პრობლემა?” და მათ მითხრეს, რომ ჩვენ უკვე აღარ ვიცით, რა არის მათემატიკა. მე გაოცებულმა ვკითხე   – „რა?” და მათ მიპასუხებს, რომ ჩვენ აღარ ვიცით, სად გადის დარგის საზღვრები და შემდეგ პროფესორმა, რომელმაც პრეზენტაციის გასაკეთებლად დამპატიჟა მაჩვენა თავისი კომპიუტერი. ის მუშაობდა გეომეტრიის უკიდურესად სპეციალიზებულ ქვედარგში. მან თქვა, რომ ყველა დილას, როდესაც ოფისში მოვდივარ, მე ვრთავ კომპიუტერს. მაგალითად, გასულ ღამეს, აიტვირთა 11 ახალი პრეპრინტი სერვერზე კვლევის ძალიან-ძალიან ვიწრო მიმართულებაში. უკვე აღარავის აქვს წარმოდგენა, რა ხდება მსოფლიოში. იმდენი რამ ხდება მათემატიკაში ყოველ მომენტში, ისევე როგორც მეტამათემატიკაში, რომ არავინ იცის, სფეროს ზღვრები სად გადის და სად ხდება მნიშვნელოვანი აღმოჩენები. და თუ ეს მართალია, მინდა ამაზე იფიქრო, შესაძლოა არც ისე მარტივია იმის თქმა, რატომ მუშაობს მათემატიკა ასე კარგად, ან შესაძლოა მომავალში მივაღწიოთ მომენტს, როდესაც ის აღარ იმუშავებს ასე კარგად, რადგან ჩვენ არ ვიცით, რა არის ის. თუმცა, ისევ გეტყვი, მე სრულად არაკომპეტენტური ვარ ამ საკითხში, რომ რამე თქვა. 

შენ ადვოკატირებ 30-წლიან გლობალურ მორატორიუმს ხელოვნური ცნობიერების კვლევაზე. შენ ამაზე ბევრი სტატია დაწერე. უთხარით ჩვენს მაყურებელს, რა არის მთავარი არგუმენტი ამ ტიპის მორატორიუმისთვის სინთეზურ ფენომენოლოგიაზე და ასევე მინდა ვიცოდე, ასეთი მორატორიუმი რამე გზით შეაყოვნებს თუ არა ცნობიერების უკეთ გაგების პროცესს. მე მჯერა, რომ რაღაც აზრით, თუ გვინდა, რომ გავიგოთ ცნობიერება სრულად, ჩვენ უნდა შევძლოთ მისი აშენება, როგორც რიჩარდ ფეინმანმა თქვა. 

ვფიქრობ, ფეინმანს ძალიან კარგი იდეა ჰქონდა. თუ ნამდვილად გინდა ფენომენი გაიგო, გჭირდება არა მხოლოდ თეორიული ან მათემატიკური მოდელი, არამედ ნამდვილი მტკიცებულება იქნება ტექნოლოგიური მოდელი ან ბიოლოგიური მოდელი ღია გარემოში, რომელიც რეპროდუცირებს ფენომენს. ამაზე ძალიან ბევრი არ დამიწერია, მაგრამ წელს მე გამოვაქვეყნე ერთი ოფიციალური სტატია, სადაც მოვითხოვ გლობალურ მორატორიუმს სინთეზურ ფენომენოლოგიაზე 2050 წლამდე. ერთი მხრივ, ეს ძალიან მარტივი იდეაა კონკრეტული მიზნით. ცნობიერების მკვლევართა საზოგადოებაში არის უკვე სამი ლაბორატორია, ჩემი კოლეგების, რომლებსაც უაღრესად დიდ პატივს ვცემ, და არაფერი მაქვთ მათ საწინააღმდეგო, რომლებიც ოფიციალურად აცხადებენ, რომ ჩვენ შევქმნით ხელოვნურ ცნობიერებას, თუ ამის გაკეთებას შევძლებთ და თუ ჩავთვლით, რომ საინტერესო იქნება. მე ვამბობ, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ, ვიდრე დანამდვილებით არ გვეცოდინება, რას ვაკეთებთ და პროცესი კონტროლს არ დაკარგავს. მე არ ვარ კვლევის წინააღმდეგი, მაგრამ ვფიქრობ, რომ  2050-მდე ასეთი კვლევა არ უნდა დავაფინანსოთ. დაფიქრდი ხელოვნური ცნობიერების ეთიკაზე, ერთი კითხვა, რომელსაც სვამ, მარტივი პასუხი აქვს – შეაფერხებს თუ არა ეს პროგრესს ცნობიერების კვლევაში. პასუხია – არა, არ შეაფერხებს, იმიტომ, რომ ეს არავის აინტერესებს.  ამ ადამიანებს რაც აინტერესებთ, არის პირადი კარიერა და იგივე შეიძლება ითქვას ცხოველებზე ექსპერიმენტებში. არაფერია, რასაც ეთიკური მიზეზების გამო ისინი არ გააკეთებდნენ, თუ ეს მათ კარიერას წაადგებოდა. 

არსებობს ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, 22-23 სტაბილური დემოკრატიაა მსოფლიოში და სულ 190 ქვეყანა. ადამიანები მყისიერად გააკეთებდნენ რამე ასეთს, უბრალოდ იმიტომ, რომ ცნობილი გახდნენ ან ისტორიაში შევიდნენ მაშინაც კი, თუ ეს უზარმაზარ ტანჯვას წარმოქმნით. ორი რამ, რაც მნიშვნელოვანია აქ. ზოგიერთ ადამიანს გაუგია ბოსტრომზე და ხელოვნური ინტელექტის აფეთქების შესახებ. მე ვამბობ, რომ არის რისკი, რომელზეც არავის საუბრობს და ერთნაირად სახიფათოა – ხელოვნური ტანჯვის აფეთქება. პირველი ცნობიერი სისტემები შეიძლება იყვნენ ისეთები, როგორც კოგნიტურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალშობილები, ჰქონდეთ სხვადასხვა ტიპის დეფიციტი და იტანჯებოდნენ საკუთარი არსებობისგან, გაფუჭდნენ, არ იმუშაონ და თუ ძალიან ჭკვიანები იქნებიან, მიხვდნენ რომ ჩვენ ვიყენებთ მათ კვლევისთვის, როგორც საქონელს, ვექცევით როგორც ობიექტებს და არ ვცემთ პატივს,  როგორც სუბიექტებს. ტანჯვის ბევრი სხვადასხვა დონე  შეიძლება არსებობდეს, ჰარდვეარი, რომელიც არ მუშაობს, კომპელქსური ფსიქოლოგიური ტანჯვა და მათ შეიძლება ჰქონდეთ ღირსება, შეიძლება ხვდებოდნენ, რომ მკვლევრების მონები არიან და არ სცემენ პატივს, როგორც კანტი იტყოდა, მიზანი თავისთავად. არის რისკი  წარმოვქმნათ ვირტუალური ასლების ცნობიერი ტანჯვა ძალიან ბევრ ინდივიდში.

შესაძლოა იცი, რომ მე ვმუშაობ ევროკომოსიის მაღალი დონის ხელოვნური ინტელექტის საექსპერტო ჯგუფში და თუ ეცდები, მათ აუხსნა ასეთი გრძელვადიანი რისკები, როგორიცაა ხელოვნური ცნობიერება, ისინი გეტყვიან, რომ  „ეს უბრალოდ სამეცნიერო ფანტასტიკაა” ინდუსტრიულ ლობისაც არ აინტერესებს ეს, რადგან მათ არ სურთ მომავლის ბაზრის საფრთხეში ჩაგდება. ხელოვნური ინტელექტის მკვლევრები გეტყვიან,  რომ ასეთი რაღაც 50 ან 100 წელშიც კი არ მოხდება და ამაზე ჯერ არ უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ეს ლოგიკური შეცდომაა. მე არ ვამბობ, რომ არის ძალიან მაღალი რისკი ხელოვნური ცნობიერების, რომელიც მალე მოხდება. მე ცნობიერების მკვლევარი ვარ მთელი ჩემი აკადემიური კარიერის განმავლობაში. ეს ემპირიული ჰიპოთეზაა, რომელიც შეიძლება მართალი იყოს და შეიძლება არა. რასაც მე ვამბობ, ისაა, რომ არსებობს რისკზე წასვლის ეთიკა. მე არ ვაკეთებ დასკვნას რისკის შესახებ, არამედ, რომ არსებობს რისკზე წასვლის ეთიკა და არსებობს რისკები რომელზეც არ უნდა წავიდეთ, ვიდრე სრულად არ გვეცოდინება, რას ვაკეთებთ. ამრიგად, ჩვენ ვართ ისტორიულ სიტუაციაში, რომელსაც აღვწერ, როგორც ეპისტემური განუსაზღვრელობის სიტუაციას. არის რაღაც, რაც არ ვიცით, თუ იქნება ხელოვნური ცნობიერება რამე ეტაპზე ან თუ არასდროს იქნება ხელოვნური ცნობიერება. ან ერთი იქნება ან მეორე და ჩვენ არ ვიცით და ამაზე უნდა გვქონდეს ეთიკური პოზიცია. ეს არ არის რაღაც კალიფორნიული ტრანსჰუმანისტური ფანტაზიები, არა სამეცნიერო ფანტასტიკის სცენარი, რომ ეს მოხდება აუცილებლად. ეს ეთიკური პრობლემაა, თუ როგორ გავუმკლავდეთ რისკებს, როდესაც არ ვიცით, როდის იქნება ის რეალიზებული, მაგრამ ზიანი შეიძლება ძალიან დიდი იყოს. ანუ  გვაქვს დაბალი ალბათობა, მაგრამ ძალზე დიდი პოტენციური ზიანი. ამიტომ რაციონალურია, რომ უკვე დავიწყოთ ამაზე ფიქრი.

ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს – იმისთვის, რომ ავხსნათ ცნობიერების ერთიანობის პრობლემა, უკეთესი ახსნა იქნება იმის თქმა, რომ ცნობიერება არის ინფორმაცია ინტეგრირებული ტვინის ელექტრომაგნიტურ ველში და არა მხოლოდ ტვინში, რადგან ელექტრომაგნიტური ველი ყველგანაა და ხელმისაწვდომია სივრცის დიდ მანძილზე, როგორც ინტერნეტი და როუტერი. რა შეხედულებები გაქვს ცნობიერების ველის თეორიაზე? 

ერთი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ ისაა, რომ ცნობიერების ველის თეორიები დიდი ხანია არსებობს. მაგალითად, არონ გუვიჩის, ფენომენოლოგის ცნობიერების ველის კონცეფცია. ვფიქრობ, რომ ცნობიერების ველი, ეს იდეა ამოარჩევს რამდენიმე მნიშვნელოვან ფენომენოლოგიურ ასპექტს. ერთი ასპექტია სიმკვრივე და ჰომოგენურობა. თუ დააკვირდები, როგორც ეს ჩვენ ვქენით წმინდა ცნობიერების კვლევებში, თავად ცნობიერების თვისებებს, მას მართლაც აქვს ველის თვისება. ეს არის რაღაც რაც თანასწორადაა განაწილებული და არაა მარცვლოვანი. ფილოსოფოსები ამას ხანდახან მარცვლოვანების პრობლემას ან ულტრასიგლუვეს უწოდებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს რეალური პრობლემაა და ჩვენ უნდა გავიგოთ, რატომაა ცნობიერება ასეთი. მაკფადენის თეორიაზე, რომელსაც გადავხედე ამაზე ჩემ აზრს ვერ ვიტყვი, რადგან ეს ფიზიკაზეა დამოკიდებული. თუ ამბავი, რომელსაც მაკფადენი ჰყვება ფიზიკურად შესაძლებელია ტვინში 37 გრადუს ტემპერატურაზე და ასე შემდეგ, მე ეს უბრალოდ არ მესმის, არ ვიცი, თუ ეს ფიზიკურად შესაძლებელი ამბავია, თუ ტვინის შესახებ სხვა ფიზიკურ ცოდნას გავითვალისწინებთ, სიგნალის გატრების დროს და სხვა რაღაცებს. ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ფილოსოფიური იდეა  კი მკაფიოა, არის „ველად ყოფნის” ფენომენოლოგია, შესაძლოა ეს ფიზიკური ველია. ადამიანებს ეს იდეა ადრეც ჰქონდათ, მაგრამ თუ ეს შეიძლება ველი იყოს და ფიზიკოსები იტყვიან, რომ ეს შესაძლებელია ფიზიკური სამყაროს ამ რეგიონში, მე დავამატებ, რომ ეს შეესაბამება ბევრ სხვა თეორიასაც. 

წარმოიდგინე, რომ მაკფადენის თეორია სწორია, მაშინ ახსნილი გვექნება ერთი გლობალური ფენომენოლოგიური მახასიათებელი, ცნობიერების უწყვეტი ხასიათი, კარგი იქნება, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ. თუ იქნება სწორი, ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია, ჩვენ ავხსნით ერთ მახასიათებელს, ცნობიერების ერთიანობა, გლობალური ინტეგრაცია, ოქეი. კარგია. Ჩვენ ერთ გლობალურ ასპექტს გავიგებთ, მაგრამ ბევრ სხვა რამეს ეს ვერ ახსნის. გლობალური სამოქმედო სივრცის თეორია (global workspace theory), როგორც ავტორები ამბობენ,  მხოლოდ ფუნქციონალისტური აღწერაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკიდურესად ინტუიციურია, რომ გლობალური სამოქმედო სივრცე გულისხმობს, რომ არსებობს ჰომუნკულუსი, რომელიც არის ვიღაც, ვინც მოქმედებს სამოქმედო სივრცეში. აქედან მოდის ეს მეტაფორა. მაგრამ ის, ვინც მოქმედებს, პატარა აგენტი სივრცეში ესაა რაღაც რასაც ტვინში ვერ ვპოულობთ. ამრიგად გლობალური სამოქმედო სივრცე გვაძლევს ცნობიერების მესამე თვისებას, სახელდობრ ინფორმაციის გლობალური ხელმისაწვდომობა. ცნობიერება წინ წამოსწევს რამე ინფორმაციას ტვინში გლობალურად ხელმისაწვდომობაზე და ეს იყო ბერნი ბარსი 1989 წელს, ვინც ეს იდეა მოგვცა. ამრიგად, გაქვს უწყვეტი ბუნება, ერთიანობა, გლობალური ხელმისაწვდომობა. 

ჩემ შემდეგ წიგნს დიდი ალბათობით ერქმევა „სპილო და ბრმები“. არსებობს ასეთი იგავ-არაკი, სადაც ბრმები ეხებიან სპილოს და ცდილობენ, ასე გაიგონ, როგორია სპილო, ზოგიერთი ხორთუმს მოკიდებს ხელს ზოგიერთი გვერდს, ზოგიერთი ფეხს და ყველა რაღაცას სწორად იტყვის, მაგრამ სრული სურათი არ გვაქვს. 

ანუ გვჭირდება რაღაც ტიპის მეტათეორია, რომელშიც კომბინირებულია სხვადასხვა თეორიის სწორი ასპექტები, ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია, გლობალური სამოქმედო სივრცე და სხვა თეორიები. 

რა იყო თქვენი ახალი სტატიის მთავარი მიგნებები წმინდა ცნობიერების შესახებ? აღმოაჩინა თუ არა ამ კვლევამ, რა არის მინიმალური ცნობიერება, მინიმალური ფენომენოლოგია? იყო თუ არა მსგავსებები სხვადასხვა ჯგუფში? 

პირველ რიგში ავხსნი ზოგად იდეას. 20 წელია ვატარებთ ნეირონულ კორელატებზე კვლევებს, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს არ მუშაობს. ჯულიო ტონონიმ მითხრა ცოტა ხნის წინ, რომ ეს არის ჩაფლავებული კვლევითი პროგრამა და ამიტომ მე ვცდილობ, სხვა კუთხე განვავითარო. არის ახსნის ნაირსახეობა, რომელსაც მინიმალური მოდელის ახსნა ეწოდება. ზოგჯერ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ კომპლექსური ფენომენი მისი მინიმალისტური იდეალიზაციით. მათემატიკური მოდელით, რომელიც გამოტოვებს ყველაფერს, რაც ზედმეტია და ტოვებს მხოლოდ იმ ძირითად კაუზალურ თვისებებს, რომლებიც ახსნისთვისაა რელევანტური და ამას მივყავართ კითხვამდე – იმუშავებს თუ არა ეს? ამ მიდგომამ იმუშავა ფიზიკაში, ქიმიაში და ბევრი სხვა მაგალითია მინიმალური ახსნის. საინტერესოა, იმუშავებს თუ არა ეს ცნობიერებისთვის და შემდეგ გაქვს ძალიან მარტივი კითხვა, რა არის ცნობიერების ყველაზე მარტივი ფორმა? რისი გამოკლება შეგიძლია? 

მე დიდი ხანია ვფიქრობდი და ვწერდი, რომ შენ შეგიძლია გამოაკლო ეგოური თვითცნობიერების ნებისმიერი ფორმა. ეს არაა აუცილებელი, რადგან არის სპირიტუალური გამოცდილებები, ეგოს დაშლა ფსიქოაქტიურ ნივთიერებების ზემოქმედებით და ფსიქიატრიულ სინდორმებში. ასევე  შეგიძლია გამოაკლო დროის გამოცდილება და სხეულის გამოცდილება და თუ ასე გააგრძელებ, რჩება წმინდა ცნობიერების გამოცდილება მედიტაციაში, რომელიც შეიძლება იყოს საუკეთესო დასაწყისი იმაზე პასუხის გასაცემად, თუ რა არის ცნობიერების ყველაზე მარტივი ფორმა? 

ბევრი საუკუნეა ამაზე საუბრობენ. საუბრობდნენ ჯერ კიდევ პრემეცნიერულ ხანაში, როდესაც სისტემატური ფილოსოფია არ არსებობდა, დასავლური გაგებით მაინც, და გვაქვს უნიკალური ისტორიული სიტუაცია. წარსულში ინდუიზმსა და ბუდიზმში ადამიანები რომლებიც ბევრს მედიტირებდნენ, საუბრობდნენ წმინდა ცნობიერებაზე. ადამიანები, რომლებზეც გავლენა ჰქონდათ ბუდიზმისა და ინდუიზმის მკაცრ რელიგიურ სისტემას. დღეს გვყავს მილიონობით ადამიანი მსოფლიოს გარშემო, რომლებიც მედიტირებენ და ბევრი მათგანი აღწერს საკუთარ თავს, როგორც სპირიტუალურს, მაგრამ არარელიგიურს. კითხვაა – ექნებათ თუ არა ამ ადამიანებს განსხვავებული გამოცდილება?

ახლახან გამოვაქვეყნეთ ვრცელი კვლევა წმინდა ცნობიერების ფენომენოლოგიაზე მედიტაციისას, რასაც ორი წელი მოვანდომეთ და გვყავს მედიტატორები 57 ქვეყნიდან, რომლებმაც 5 განსხვავებულ ენაზე შეავსეს ონლაინგამოკითხვა და ვმუშაობთ მეორე ვერსიაზე, რომელიც უფრო მეტ ქვეყანას მოიცავს. შენ მოგიწევს, რომ იყო შენს ქვეყანაზე პასუხისმგებელი და მოგიწევს თარგმანის გაკეთება შენი ქვეყნისთვის და ყველა მედიტატორს იპოვი შენს ქვეყანაში, რადგან მთელი პლანეტის დახმარება გვჭირდება. 

ახლახან გამოვაქვეყნეთ შედეგები და ფსიქომეტრიულ კვლევებს აქვს სერიოზული მეთოდოლოგიური შეზღუდვები, მაგრამ მაინც იღებ მკაფიო შედეგს. მაგალითად, არსებობს სიჩუმისს და სიმშვიდის ფენომენოლოგია.  ფენომენოლოგია, რომელსაც ტიბეტური ბუდისტები უწოდებენ ცარიელ cognizens-ს, მხოლოდ შემეცნების გამოცდილება შინაარსის გარეშე, არაფრის შემეცნება, მაგრამ საკუთარი თავის შემეცნება „მე”-სთან მიმართების გარეშე, სუბიექტის და ობიექტის გარეშე. არსებობს არავინ, ვინც შეიმეცნებს, არაფერია რასაც შეიმეცნებ, მაგრამ არსებობს შემეცნება. 

ჩვენ ჩავატარეთ ემპირიული მონაცემების 12-ფაქტორიანი ანალიზი. მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ ეს არ არის მედიტაციის კვლევა, არამედ ესაა კვლევა წმინდა ცნობიერების ფენომენოლოგიაზე და მთავარი კითხვაა – „მწვანეს აქვს გარკვეული ფენომენოლოგიური ხასიათი?” “ტკივილს აქვს გარკვეული ფენომენოლოგიური ხასიათი?”, იყო ცნობიერი თავისთავად ამასაც აქვს ფენომენოლოგიური ხასიათი. ბევრი ფილოსოფოსი გეტყოდა, რომ ეს არაა მართალი, ის სრულად გამჭვირვალეა და მხოლოდ შინაარსს აღიქვამ, სხვა ფილოსოფოსები ანალიტიკური ფილოსოფიის საწყისებთან  კი, მაგალითად ჯ.ი.. მური, ამბობდა, რომ კი ეს არსებობს და, ჩემი აზრით, ექსპერტები ფენომენალურ თვისებებზე, არაკონცეპტუალურად, აზროვნების გარეშე არიან მედიტატორები. ამიტომ გამოვკითხეთ ბევრი მათგანი. შენც გკითხავ, შეგიძლია თუ არა ამ კონცეფციის შეგრძნება, შეგიძლია იგრძნო სიმწვანის ცნობიერება, თუ მხოლოდ მწვანის დანახვა შეგიძლია. 

ვფიქრობ, შემიძლია, გავიგო არა მხოლოდ მწვანე, არამედ მწვანის ცნობიერება. 

ესაა ერთ-ერთი 90 კითხვიდან – არის თუ არა ეს ცნობიერების ყველაზე მარტივი ფორმა? უმეტესობამ თქვა, რომ კი ესაა ყველაზე მარტივი ცნობიერების ფორმა. იმდენად მარტივია, რომ თითქმის არ ხედავ მას, თითქოს იყურები ფანჯრიდან და მხოლოდ ბაღს ხედავ, მაგრამ ზოგჯერ ფანჯრის შუშასაც ხედავ, ხანდახან კი ორივეს ერთდროულად. ეს არის მედიუმის დანახვა, რომელშიც ხდება პროცესი. ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო ახალი კუთხეა, რომელიც გააერთიანდებდა ინტეგრირებული ინფორმაციის თეორიას, გლობალურ სამოქმედო სივრცეს და სხვა თეორიებს. რას გვეტყოდა? რა წვლილი შეაქვთ მათ მინიმალურ მოდელში? და რას გვეუბნება ფენომენოლოგია? მეორე მხრივ, ჩვენ გვყავდა 6 პროცენტი, რომლებმაც ვერ შეავსეს კითხვარი, რომლებიც წლებია, მედიტირებდნენ და თქვეს, რომ არ ვიცით, რა არის წმინდა ცნობიერება, არ ესმით კონცეფცია მას შემდეგაც კი, რაც ავუხსენით. იყო კიდევ სამი პროცენტი, რომელმაც თქვა, რომ ვხვდები, რასაც ამბობ, მაგრამ არ მქონია გამოცდილება. არსებობს სხვანაირი აღწერებიც, რომლებსაც არ აქვთ ერთი არსი, ადამიანები სხვადასხვა მეტაფორებს პოულობენ მის აღსაწერად, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის რეგიონი ფენომენალურ სივრცე-მდგომარეობაში. არა არსი, არამედ პროტოტიპი.

წმინდა ცნობიერების კონცეფციას არ აქვს განმარტებითი სტრუქტურა, არამედ ალბათური სტრუქტურა.  კომპიუტერში 450 წიგნი მაქვს ამ თემაზე და 10 საათი თავისუფლად შემიძლია საუბარი, თუმცა მხოლოდ ერთ რამეს ამოვარჩევ, რაც საინტერესოდ მეჩვენება. ზოგიერთი ასეთი კითხვა გვაქვს გამოკითხვაში –  ფიქრობ, რომ წმინდა ცნობიერებამ იცის საკუთარი თავი? და ახლა გვაქვს ფენომენოლოგიური, ემპირიული მონაცემები, რომ ბევრი მედიტატორი არა მხოლოდ ამტკიცებს, რომ არსებობს არა მხოლოდ ეგოს გარეშე ცნობიერება, არამედ ეს თვისება რეფლექსიურია. არსებობს არაეგოური თვითცნობიერება, „მე” თვითცნობიერებაში, რომელშიც „მე”-ს განცდა არაა. ჩემს თეორიაში ამას ვუწოდებ, რომ არ გვაქვს ეპისტემური აგენტის მოდელი. არავინაა, ვინც მედიტირებს, არავინაა ვინც ყურადღებას წარმართავს და აზროვნებს. ამრიგად, გვაქვს რეფლექსიურობა  ქვეპერსონალურ დონეზე ცნობიერების წმინდა გამოცდილებაში და ეს საინტერესოდ მეჩვენება, რადგან ეს მიუთითებს ბევრ რამეზე დასავლურ ფილოსოფიაში. ბუნდოვნად ამაზე საუბრობდა სარტრი, ფიხტე, იყო  დისკუსიები გერმანულ ფილოსოფიაში და დღესაც ბევრი ფილოსოფოსი იკვლევს, თუ რა არის პრერეფლექსიური თვითცნობიერება. მაგრამ ყველა მაინც ფიქრობს, რომ ეს არის მე-ს განცდა, მაგრამ არსებობს მტკიცებულებები რომ “მეს გარეშე რეფლექსია” არსებობს თავად ცნობიერებაში და რასაც მე მივიჩნევ საინტერესოდ, რომ დასავლურ ფილოსოფიაში ეს საკითხი ზედმეტად ზედაპირულად და მარტივადაა.  არ გვაქვს დამაკამყოფილებელი ფენომენოლოგია, მაგრამ ტიბეტურ ბუდიზმში გვაქვს ტექნიკური კონცეფციები ქრისტეშობიდან სამი საუკუნის შემდეგ, მაგალითად, „რანრიკიეშაი”. ტიბეტურად არ ვიცი, როგორ გამოითქმის სწორად, მაგრამ ეს ნიშნავს ცარიელ თვითცნობიერებას. მათ აღმოაჩინეს ეს, რადგან ისინი ფენომენოლოგიას საუკუნეების განმავლობაში კულტივირებდნენ და ყურადღებით აკვირდებოდნენ. შესაძლოა იყოს კავშირი კლასიკურ ტიბეტურ ბუდიზმთან და საუკეთესო მოდელი, რომელზეც თავდაპირველად იკითხე, პრედიქციულ კოდირებაზე. შესაძლოა კავშირი იყოს ამასთან, არა რაღაც ჩვეულებრივი კალიფორნიული ლაყბობა, „ნეირომეცნიერება და ბუდიზმი”, არამედ რაღაც სერიოზული. 

დავასრულებ ერთი რამით. ფილოსოფოსმა იაკობ ჰოვიმ მონაშის უნივერსიტეტიდან ასევე გამოთქვა ეს აზრი. ჩვენ ვისაუბრეთ ტვინის პროცესებზე, რომლებიც მუდმივად პროგნოზირებენ, თუ რა მოხდება შემდეგ. ახლა კი დაფიქრდი სპეციალურ რეპრეზენტაციაზე, რომელიც პროგნოზირებს საკუთარი არსებობის მდგომარეობას, სიმულირებს არა სინათლეს, ფერს ან რამეს, არამედ საკუთარი თავის არსებობის კაუზალურ პრეკურსორებს. ეს იქნება მდგომარეობა, რომელიც მუდმივად პროგნოზირებს საკუთარ არსებობას, მაგრამ რადგან ის არ აკეთებს ამას არა კონცეპტუალურ დონეზე, არამედ სიმულირებს მას, რეალურ ფიზიკურ ტვინში ის წარმოქმნის საკუთარი არსებობის პირობებს. მეორე, ტონიკური სიფხიზლის თვისება, რა ხდება, როდესაც იღვიძებ პირველ მილიწამებში, შენ არ იცი, ვინ ხარ, მაგრამ შენ სტიმულებისადმი სენსიტიური ხდები და შეგიძლია დროსა და სივრცეში ორიენტირება, ყურადღების კონტროლი, მაგრამ შენ ამას არ აკეთებ, არამედ პროგნოზირებ, რომ მალე ამას გააკეთებ, როგორც ორგანიზმი და ეს არის რაღაც რაც ძალიან ახლოსაა წმინდა ცნობიერებასთან. ეს ერთ-ერთი სრულიად სპეკულაციური იდეაა, რომ გვაქვს მდგომარეობა, რომელიც საკუთარი არსებობის პროგნოზირებას ახდენს, შესაძლოა ეს ყველაზე მარტივი ცნობიერი გამოცდილებაა და ვფიქრობ, ეს მოგვცემდა სრულიად ახალ პერსპექტივას, თუ დავსვამთ კითხვებს “რა კავშირშია ეს იით-სთან” და რა კავშირშია ეს “გლობალურ სამოქმედო სივრცესთან?” 

ეს არის რაღაც თავისუფალი ენერგიის პრინციპის მსგავსი არა? 

კი კი კი, რა თქმა უნდა. 

მადლობა თომას ეს ძალიან საინტერესო და ახლის მომცემი იყო.