ფონოლოგია და წერა-კითხვის სწავლება | ინტერვიუ ენა-მეტყველების თერაპევტთან

პუბლიკა

რა არის ფონოლოგია და რა მნიშვნელობა აქვს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს წერა-კითხვის სწავლებისას? რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა შესაძლო ფონოლოგიური სირთულეების პრევენციისთვის ? როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს და როდის არ ამართლებს „დაცდის სტრატეგია“. ამ და სხვა შეკითხვებს ენა-მეტყველების თერაპევტი თიკო ანთიძე უპასუხებს.

  • რა არის ფონოლოგია და რა მნიშვნელობა აქვს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს წერა-კითხვის სწავლებისას? 

ფონოლოგიური ცნობიერება არის უნარი, ამოიცნო და მოახდინო მანიპულაციები მშობლიურ ენაში არსებული ბგერებით. ასევე, ეს არის უნარი გაგონილი ბგერების აღქმისა და გრაფიკული გამოხატვის, კითხვის უნარის განვითარების საფუძველი.

ფონოლოგია არის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ცალკეულ ბგერებს უშუალოდ სიტყვაში; როგორ გამოითქმის ცალკეული ბგერა სიტყვაში და როგორ აღვიქვამთ მას. ეს ყველაფერი კი სამომავლოდ დაკავშირებულია წერა-კითხვის სწავლებასთან. ფონოლოგიური სირთულეებისას წერა-კითხვის სწავლება მიმდინარეობს შეფერხებით, მაგალითად, შესაძლოა, ბავშვმა კარნახის შემთხვევაში სიტყვა ვერ დაწეროს, რადგან შეიძლება, უჭირდეს ცალკეული ბგერის აღქმა. 

  • რა ასაკიდან ჩანს, რომ საქმე გვაქვს შესაძლო ფონოლოგიურ სირთულეებთან  და რაში ვლინდება ეს?  

როცა ბავშვი საუბარს იწყებს, უშვებს გარვეული ტიპის შეცდომებს. თავიდანვე გამართულად არ საუბრობს. ფონოლოგიური პატერნები რაღაც ასაკში შეიძლება იყოს ნორმა, მაგრამ რაღაც ასაკში ეს უკვე აღარ არის ნორმა და დარღვევად ან შეფერხებად მიიჩნევა. როდესაც ბავშვის საუბრის 80% უცხო პირისთვის გაუგებარია,  ეს უკვე დარღვევაა. 

  • არის შემთხვევები, როდესაც 3 წლის ასაკში ბავშვის საუბარში გვხვდება ტიპური პატერნი – როცა „ს“ შეიძლება შეცვალოს „შ“ ასოთი ან  როცა „რ“-ს ვერ გამოთქვამს, მაშინ შეიძლება ჩავანაცვლოთ „ლ“ ასოთი. ადრეულ ასაკში ეს ნორმაა, თუმცა ეს 7-8 წლის ასაკში ნორმად ვეღარ მიიჩნევა. 

ასევე, გვხვდება შეცდომების სხვადასხვა ტიპი, როგორიცაა, მაგალითად, სიტყვაში ერთი ბგერის ჩანაცვლება მეორე ბგერით (მაგალითად, „ბურთის“  მაგივრად ბავშვი ამბობს „დურთი“, [ბ] ჩანაცვლდა [დ] ბგერით);  ასევე, სიტყვიდან ამოგდება ერთი ან მეტი ბგერის (მაგალითად, სიტყვაში „სპილო“ ამოვარდება [ს] ბგერა და ბავშვი ამბობს „პილო“) ან განსხვავებული ბგერის დამატება (მაგალითად, სიტყვაში „აქლემბი“ ბავშვი ამატებს ბგერას).

ეს ადრეულ ასაკში ნორმაა, თუმცა სასკოლო ასაკში  ნორმად აღარ მიიჩნევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვი შესაძლოა, მიჰყვებოდეს ტიპურ განვითარებას, მაგრამ ამ ნაწილში ჰქონდეს შეფერხება.  

  • შეიძლება თუ არა ფონოლოგიური დარღვევების მიზეზად ჩაითვალოს მწირი ლექსიკური მარაგი?   

ფონოლოგია არის ენის ნაწილი. ჩვენ, ენა-მეტყველების თერაპევტები, შეფასების დროს ენობრივ ნაწილში რამდენიმე კომპონენტს ვაკვირდებით. ესენია: სემანტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი და ფონოლოგია. ერთ-ერთია ფონოლოგია. როდესაც ენობრივი განვითარება დარღვეულია, მაგალითად, მწირია ლექსიკური მარაგი, იქ შეიძლება ფონოლოგიური სირთულეც შეგვხდეს, თუმცა ფონოლოგიური სირთულე ავტომატურად არ არის დაკავშირებული მწირ ლექსიკურ მარაგთან. 

  • რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა შესაძლო ფონოლოგიური სირთულეების პრევენციისთვის და ამ თვალსაზრისით, რა ასაკიდან უნდა მიაქციოს ყურადღება ბავშვს? 

3 წლის ასაკში, როცა ბავშვი საუბრის დროს ბევრ შეცდომას უშვებს, არ არის აუცილებელი, რომ დაველოდოთ სასკოლო ასაკს. როცა „რ“-ს ნაცვლად „ლ“-ს ამბობს, მაშინ შეიძლება ვთქვათ – „მოდი, დავიცადოთ სასკოლო ასაკამდე“, რადგან ეს ორი ბგერა წინასასკოლო ასაკში სწორდება. 

ისეთი დარღვევების დროს, როგორიც არის ორი თანხმოვნის ერთად გამოთქმის სირთულე, ბგერების სიტყვიდან ამოგდება 3 წლიდან რეკომენდებულია, მივმართოთ სპეციალისტს, რათა ბავშვის სირთულე სწორად შეფასდეს და სპეციალისტმა გადაწყვიტოს, რამდენად არის საჭირო თერაპიული ჩარევა. შესაძლოა, მცირე რეკომენდაციებით და მშობლის ჩართულობით აღმოიფხვრას სირთულე და ბავშვს არ ესაჭიროებოდეს თერაპიული ჩარევა, თუმცა ეს მხოლოდ სწორი დიაგნოსტირების შემთხვევაში დგინდება. შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე – დარღვევასთან თუ შეფერხებასთან.  

  • რა არის ფონოლოგიური სირთულეების გამომწვევი ძირითადი გარემოება? 

სტატისტიკურად, ფონოლოგიური დარღვევა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ენობრივ განვითარებასთან. ფონოლოგიურ სირთულეებთან ერთად შეიძლება შეგვხვდეს  ლექსიკური მარაგის პრობლემა, ინსტრუქციებისა და ლინგვისტური სტრუქტურების გაგების სირთულე, ახალი სიტყვების დასწავლის სირთულე და ა.შ. თუმცა რთულია, განსაზღვრო კონკრეტული მიზეზი.  

  • როგორ მუშაობენ თერაპევტები ფონოლოგიურ დარღვევებზე? 

პირველ რიგში მნიშვნელოვანია სამეტყველო ბგერების დარღვევის სწორი დიაგნოსტირება, რადგან აქ განსხვავებულ სირთულეებს ვხვდებით. ამის შემდგომ მნიშვნელოვანია, გამოყოფილი სირთულეების მიხედვით შეირჩეს კვლევაზე დაფუძნებული მიდგომები. ფონოლოგიურ სირთულეებზე მუშაობის დროს მნიშვნელოვანია, გაიაზროს ბავშვმა ფონოლოგიური წესები, მოხდეს მათი გენერალიზება სხვა ბგერებთან მიმართებაში და ბავშვმა შეძლოს  ცალკეული ბგერების დისკრიმინაცია. სამეტყველო ბგერების დარღვევის ინტერვენცია (ჩარევა) მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:  გამოთქვას სამიზნე ბგერები ნებაყოფლობით,  მოხდეს ბგერის გამოთქმა შედარებით რთულ დონეზე (მარცვალი, სიტყვა, ფრაზა/წინადადება, საუბრის დროს), შენარჩუნება – სამიზნე ბგერის სტაბილობის შენარჩუნება, გახდეს ავტომატური თავისუფალი საუბრის. 

თუ გვხვდება არტიკულაციური სირთულე, ვიყენებთ სხვადასხვა ვიზუალურ მასალას, რათა ბავშვმა აღიქვას, როგორ გამოითქმის ესა თუ ის ბგერა – რა პოზიციაში უნდა იყოს ამ დროს ენა, ტუჩები. ვსარგებლობთ ასეთი იერარქიით – ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი კარგად გამოთქვამს ცალკეულ ბგერას, მერე მარცვალში უნდა აღიქვას ეს ბგერა, ამის შემდეგ – სიტყვაში, წინადადებაში და ბოლო ეტაპია, რომ ავტომატურად გადაიტანოს ის თავისუფალ საუბარში. მთავარი არსია, ბავშვმა დამოუკიდებლად შეძლოს იმ წესებისა და პატერნების გენერალიზება, რომლებიც ქართულ ფონოლოგიისთვის არის დამახასიათებელი.  

  • თქვენი დაკვირვებით, რამდენად ექცევა დღეს ყურადღება მსგავს სირთულეებს საბავშვო ბაღებში, სკოლებში და ასევე – მშობლების მხრიდან? რამდენად მზად არის საზოგადოება, ამოიცნოს და შესაბამის სერვისში გადაამისამართოს ბავშვი?  

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში პირველადი ჩივილია, რომ ბავშვი ვერ საუბრობს, სხვისთვის გაუგებარია მისი მეტყველება. როცა ვიწყებთ შეფასებას, აღმოჩნდება, რომ ამ სირთულეს წინ ბევრი სხვა სირთულე უძღოდა – კომუნიკაციური სირთულე, ენობრივი განვითარების დარღვევა. როცა ბავშვს აქვს მწირი ლექსიკური მარაგი, ვერ ადგენს წინადადებებს, ვერ იგებს სხვის ნათქვამს – თერაპიული თვალსაზრისით, ეს გამოწვევები უფრო მნიშვნელოვანი ხდება ხოლმე, ვიდრე ის, რომ ვერ გამოთქვამს ცალკეულ ბგერას. 

ბოლო პერიოდში გაიზარდა ადრეულ ასაკში მომართვიანობა. თუმცა რჩება გარკვეული კატეგორია, რომელიც გვიან მოგვმართავს, რადგან ბევრი მასწავლებელი/პედიატრი ამბობს – „დაველოდოთ 4- 5 წლის ასაკს და ალაპარაკდება“. აქვთ ასეთი მიდგომაც, რომ ოჯახის წევრებმაც გვიან დაიწყეს საუბარი და ა.შ. რაც ძალიან დიდ რისკთანაა დაკავშირებული და ნამდვილად არ არის რეკომენდებული, მივმართოთ დაცდის სტრატეგიას. 

ბაღის სივრცეში კარგად შეიძლება ამ სირთულის აღმოჩენა და დროული გადამისამართება. საჭიროა დააკვირდნენ ბავშვის ენობრივ განვითარებას: ტიტინის პერიოდის დაგვიანება ან წარუმატებლობა, მცირე ფონეტიკური რეპერტუარი, საკმარისია თუ არა ბავშვის ლექსიკური მარაგი ვერ იგებენ და კომუნიკაცია იშლება, ბავშვი თავს არიდებს აქტივობებს და ერთობლივ თამაშს. ამ დროს ყურადღებაა საჭირო. 

პირველი ნიშანი არის ის, რომ დავაკვირდეთ ბავშვის ლექსიკურ მარაგს და იმას, თუ რამდენად არის სხვისთვის გასაგები მისი საუბარი. 

მთავარია დიაგნოსტირება. არასწორია მიდგომა – „მოდი, დავიცადოთ“, რადგან პირველი 6 წელი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტიური ასაკია, ენობრივი განვითარებისა და ენის სტრუქტურის ასათვისებლად. ამ ასაკში დაცდის სტრატეგია არასწორი გადაწყვეტილებაა. 


გახდით ჩვენი ჯგუფის წევრი, გაეცანით რესურსებს, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და დასვით შეკითხვები სწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. ჯგუფს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებიც შემოუერთდებიან და ჩვენ მათთან ერთად შევეცდებით, თქვენს ინტერესს ამომწურავად ვუპასუხოთ.