„გამოწვევები განსხვავებულია, სტრატეგია საერთო ვერ იქნება" | უკრაინა-საქართველო-მოლდოვის კონტექსტი

პუბლიკა

„ასოცირებული ტრიოს” ქვეყნებში – უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ოლიგარქიასთან დაკავშირებული როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე კონტექსტები განსხვავებულია. ამიტომ ოლიგარქიისთვის მახასიათებელი საზიანო გავლენების შემცირების სტრატეგია ამ ქვეყნებისთვის მსგავსი ვერ იქნება”, – ამის შესახებ საუბარია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” კვლევაში.

მიმოხილვის შემდგომ, ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის „ანტი-ოლიგარქიული“ კანონის ანალოგის მიღება, როგორც კონტექსტური, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით, გონივრულ ნაბიჯად არ უნდა ჩაითვალოს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ერთი კონკრეტული კანონის მიღება სისტემურ ცვლილებებს ნაკლებად მოიტანს და ოლიგარქების გავლენების რეალური შემცირებისთვის ნებისმიერ შემთხვევაში მინიმუმ თანადროული, სისტემური და სიღრმისეული რეფორმების გატარებაა აუცილებელი.

როგორ უნდა შესრულდეს „დეოლიგარქიზაციის“ რეკომენდაცია? – ამ შეკითხვაზე შეფასებას სტატიის ბოლოს გაეცნობით. მანამდე კი მოკლედ გთავაზობთ კვლევიდან ძირითად ამონარიდებს:

რას გულისხმობს ოლიგარქია 

თანამედროვე ლიტერატურაში ოლიგარქია, როგორც კონცეფცია, მიემართება არაფორმალურ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას და სიმდიდრისა და ძალაუფლების აკუმულაციისა და შენარჩუნების მეთოდებს, სახელმწიფოს მმართველობის სტრუქტურაში აუცილებელი მონაწილეობის გარეშე. ამ მიდგომის თანახმად, ოლიგარქია საკუთარი სიმდიდრის, ზოგჯერ აკუმულირების, ზოგჯერ კი თანადროულად – აკუმულირებისა და დაცვის მექანიზმს წარმოადგენს.

პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებში ოლიგარქიის პრობლემაზე საუბრისას ლიტერატურაში ასევე იყენებენ ტერმინს „მიტაცებული სახელმწიფო“ (captured state).

ოლიგარქიის პრობლემა პოსტ საბჭოთა სივრცეში, გასული საუკუნის 90-იან წლებში გაჩნდა. ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი რუსეთში, ოლიგარქების წარმოშობას სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობის პირობებში უეცარ ლიბერალიზაციას, ქონების პრივატიზაციას, მასობრივ კორუფციასა და პოლიტიკური პარტიების იმგვარ სისტემას უკავშირებენ, რომელიც უკეთეს შემთხვევაში არაეფექტიანი, უარესში კი – თითქმის საერთოდ არარსებული იყო.

უკრაინა

1991 წელს, როდესაც საბჭოთა პერიოდში სახელმწიფო საკუთრების ინსტიტუტის 70-წლიანი არსებობის შემდეგ უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, პირებმა, რომელთაც ყოფილ კომუნისტურ რეჟიმთან მჭიდრო კავშირები ჰქონდათ, დამოუკიდებლობის შემდგომ, ოლიგარქების პირველი თაობა შექმნეს. ამ არაფორმალური ინსტიტუტის მეორე თაობა კი 90-იანი წლების მეორე ნახევარში გაჩნდა, როდესაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივები რამდენიმე ათეული ადამიანის ხელში აღმოჩნდა, რომლებიც შიდა „კლანებად“ ჩამოყალიბდნენ. ისინი ოფიციალური თანამდებობების დაკავებას ერიდებოდნენ, თუმცა ხელისუფლებაში თავიანთი ლოიალური თანამდებობის პირები ჰყავდათ და თანდათან ქვეყნის ეკონომიკის ყველა მნიშვნელოვანი სექტორი და მედია მათ კონტროლქვეშ აღმოჩნდა. როგორც მიუთითებენ, რევოლუცია და რუსეთთან გამწვავებული ურთიერთობები სერიოზული წინაღობა გამოდგა ოლიგარქებისთვის.

ამასთან, 2014 წლის შემდგომ განხორციელებულმა, მაგალითისათვის, ეროვნული ბანკის რეფორმამ, ასევე დეცენტრალიზაციამ, მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია მათ ძალაუფლებაზე, თუმცა თავად ოლიგარქიული სისტემის მოშლისთვის ასეთი ფრაგმენტული რეფორმები საკმარისი არ იყო. შესაბამისად, 2019 წელს, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ახალი ხელისუფლებისთვის ოლიგარქიის მძლავრ არაფორმალურ გავლენებთან გამკლავება მნიშვნელოვან სახალხო დაკვეთად იქცა.

მოლდოვა

მოლდოვას შემთხვევაში, ოლიგარქიული სისტემის განვითარების პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები 2000-იანი წლების დასაწყისში, კომუნისტური პარტიის მმართველობის (2001-2009) წლებში გაჩნდა. ამ პერიოდს „შეჯიბრებითი ავტორიტარიზმის” სახელით მოიხსენიებენ, რადგან გადაწყვეტილებების მიღების ძალაუფლება მთლიანად პრეზიდენტის და მისი მრჩევლების ხელთ იყო, რომლებიც მას, ძირითადად, საკუთარი ბიზნეს-ინტერესებისთვის და პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის იყენებდნენ.

ოლიგარქიზაციის პროცესი დაჩქარდა ევროპული ინტეგრაციის კოალიციის მმართველობისას (2009-2013), რომლის სათავეშიც ორი მსხვილი ოლიგარქი იდგა: ვლად ფილატი (Vlad Fillat) – ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის ლიდერი და ვლად პლაჰოტნიუკი (Vlad Plahotnuc), დემოკრატიული პარტიის არაფორმალური ლიდერი და დამფინანსებელი. შესაბამისად, კოალიციის სათავეში მოსვლისას, მათ ხელთ ჩამოშლილი კანონის უზენაესობა, ასევე სუსტი ადმინისტრაციული და სასამართლო სისტემა დახვდათ. ამგვარი სისტემა კი წინ ვერ აღუდგებოდა ოლიგარქების იმ რეალურ მისწრაფებებს, რომლებმაც შეჯიბრებითი ავტორიტარიზმის დამარცხების შემდგომ იჩინა თავი.

ორივე ოლიგარქს აქტივები, მათ შორის, ევროკავშირშიც ჰქონდათ, ისინი დაინტერესებულნი იყვნენ დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებით, რასაც პირველ ეტაპზე აქტიურად უჭერდნენ მხარს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მაღალი რანგის ოფიციალური პირებიც. თუმცა, ამ ფასადური დემოკრატიზაციის პირობებში, კოალიცია სახელმწიფო ინსტიტუტებს რეალურად საკუთარი ეკონომიკური თუ პოლიტიკური კონკურენტების შევიწროებისთვის იყენებდა. საჯარო სამსახურში მერიტოკრატიის წახალისების ნაცვლად, თანამდებობაზე ინიშნებოდნენ პარტიის წევრები, ნათესავები და ბიზნეს-პარტნიორები. შესაბამისად, ამგვარმა კავშირებმა ინსტიტუციური ანგარიშვალდებულების ბერკეტები თანდათან მთლიანად მოშალა, სასამართლო და სამართალდამცავი სტრუქტურები კოალიციის ლოიალური მხარდამჭერებით შეივსო, რამაც, საბოლოოდ ჯამში, მათი მხრიდან, სახელმწიფოს ექსპლოატაციის პროცესის განვითარებას შეუწყო ხელი.

2014 წლიდან ფილატსა და პლაჰოტნიუკს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რასაც, მომდევნო წელს, ფილატის დაპატიმრება და პლაჰოტნიუკის ხელთ ძალაუფლების სრული მონოპოლიზაცია მოჰყვა.  2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კი ოპოზიციურად განწყობილი მხარეების კონსოლიდაციითა და პრო-დასავლელი კანდიდატის მაია სანდუს გამარჯვებით და შემდგომში ხელახალი საპარლამენტო არჩევნებით დასრულდა. აღნიშნულის მიუხედავად, როგორც მიუთითებენ, ნაწილობრივმა დეოლიგარქიზაციამ და დასუსტებულმა ინსტიტუტებმა, დემოკრატიულ ტრანზიციაზე მეტად, პოპულისტური და პრორუსული ევრო-სკეპტიკური პარტიების გააქტიურებას შეუწყო ხელი, რაც მოლდოვისთვის დღემდე პრობლემურია და დეოლიგარქიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი წინაღობა და გასათვალისწინებელი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს.

საქართველო

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყნის ისტორია მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებულია. თუმცა, რეალურად, 2022 წლის მდგომარეობისათვის უცხოური გამოცემები, ასევე აკადემიური დისკუსიები და საერთაშორისო დონეზე გაკეთებული პოლიტიკური განცხადებებიც მიუთითებენ, რომ საქართველო დღეს რეალურად შეიძლება იყოს ოლიგარქის მიერ „მიტაცებული სახელმწიფო“ , როგორც ფასდებოდა მოლდოვა 2019 წლამდე, პლაჰოტნიუკის პერიოდში.

როგორც აღნიშნავენ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, გარკვეული მცდელობების მიუხედავად, საქართველო არ ყოფილა ოლიგარქიული ქვეყანა იმ გაგებით, რომ სფეროების კონტროლი რამდენიმე მდიდარ ადამიანს შორის იყო დანაწილებული. ნელი ეკონომიკური განვითარება, მცირე ბაზარი და არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია ამგვარი „ფუფუნების“ შესაძლებლობას არ ქმნიდა. თუმცა, უკრაინასა და მოლდოვას მსგავსად, სწორედ 90-იან წლებში ჩამოყალიბდა ქართველი ოლიგარქების კატეგორია, რომლებმაც საკუთარი ქონება რუსეთში დააგროვეს და მის ნაწილს წარმოადგენდნენ სწორედ მაშინ, როდესაც რუსული ოლიგარქია ყველაზე მძლავრი იყო.

სიტუაციამ განსხვავებული ელფერი შეიძინა 2000-იანი წლებიდან, როდესაც მსგავსმა პირებმა საქართველოში დაბრუნება და საკუთარი სიმდიდრის ძალაუფლებად ქცევა გადაწყვიტეს, თუმცა ნაკლებად წარმატებულად.

საქართველოში რეალურად ოლიგარქიაზე საუბარი 2012 წლის შემდგომ იწყება, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა (რომლის ქონებაც 5.5 მილიარდ ა.შ.შ. დოლარად არის შეფასებული50) კოალიცია „ქართული ოცნება“ შექმნა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მოიგო. ივანიშვილი მომდევნო წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, თუმცა პოზიცია 2013 წელს დატოვა და პოლიტიკური პარტიის წევრად დარჩა. თანამდებობის დატოვების მიუხედავად, დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო ფართოდ გავრცელდა შეხედულება, რომ ივანიშვილი საქართველოში ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი ხნით არც საჯარო და არც პარტიულ თანამდებობებს იკავებდა. კოალიცია მომდევნო წლებში თანდათან დაიშალა და მისმა მთავარმა შემადგენელმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლის მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, რის შედეგადაც, ივანიშვილის გავლენები კიდევ უფრო გაიზარდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება სახელმწიფო ინსტიტუტების სათანადო ფუნქციონირებისა და დემოკრატიის სწრაფი დაღმასვლა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მძიმე პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა.

მსგავსებები და განსხვავებები

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს მაგალითები აჩვენებს, მსგავსი კონტექსტის სახელმწიფოებში, ოლიგარქიული სისტემა სახელმწიფოს კრიზისის სიმპტომი უფროა, ვიდრე მიზეზი. ამასთან, აქ ოლიგარქები რამდენადაც სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეებს სათავისოდ იყენებენ, იმდენად დაინტერესებულნი არიან მათი კიდევ უფრო დასუსტებით, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტების ძირეული გარდაქმნა და სისტემური რეფორმები მათთვის აქამდე სასარგებლო პირობების ცვლილებას შესაძლოა ნიშნავდეს. ექსტრემალურ შემთხვევებში კი, როდესაც ოლიგარქიის ხელთ არსებული ძალაუფლება კონსოლიდირებულია და სახელმწიფო „მიტაცებულის“ ელფერს იძენს, ინსტიტუტების ყოვლისმომცველი დასუსტება, შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმების მოშლა და პოპულისტური ნარატივებისა და დეზინფორმაციის აქტიური გამოყენება, საბოლოოდ, სახელმწიფოს მასშტაბურ ექსპლუატაციამდე შესაძლოა მივიდეს.

ამასთან, რამდენადაც ასოცირებული ტრიოსთვის შესაძლოა მეტ-ნაკლებად მსგავსი იყოს ოლიგარქიის არაფორმალური ინსტიტუტის წარმოშობის მიზეზები, იმდენად განსხვავებულია ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით დღეისათვის არსებული ადგილობრივი კონტექსტები. კერძოდ, თუკი უკრაინა ამჟამად არსებული ადგილობრივი ოლიგარქების განეიტრალებასა და მათ რიგით ეკონომიკურ მოთამაშეებად ქცევას ცდილობს, მოლდოვას წარსული უკანონო ქმედებების გამო მათი პასუხისმგებლობა სურს და ამასთან ცდილობს, შეამციროს მიმდინარე და სამომავლო რეფორმებზე მათი გავლენები. მათგან განსხვავებით, როგორც ჩანს, საქართველოსთვის ოლიგარქის არაფორმალური მმართველობა მიმდინარე პრობლემაა. შესაბამისად, ლოგიკური და მართებულია, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის არსებული ეს განსხვავებები ევროკომისიის მიერ გაცემული „დეოლიგარქიზაციის“ რეკომენდაციის შესრულების შინაარსებზეც აისახოს.

როგორ უნდა შესრულდეს „დეოლიგარქიზაციის“ რეკომენდაცია

როგორც უკვე აღინიშნა, ოლიგარქიის პრობლემასთან და „დეოლიგარქიზაციის“ მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მდგომარეობა დღეს ერთმანეთისგან განსხვავებულია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ, კონტექსტური განსხვავებების გათვალისწინებით, ოლიგარქიისთვის მახასიათებელი საზიანო გავლენების შემცირების სტრატეგია სამივე ქვეყნისთვის მსგავსი ვერ იქნება. ამიტომ საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის „ანტი-ოლიგარქიული“ კანონის ანალოგის მიღებაც არ უნდა ჩაითვალოს გონივრულ ნაბიჯად.

ოლიგარქების გავლენების რეალური შემცირებისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, მინიმუმ თანადროული, სისტემური და სიღრმისეული რეფორმების გატარებაა აუცილებელი, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ოლიგარქების ჩვეულებრივ ეკონომიკურ მოთამაშეებად ტრანსფორმაციას და საბოლოოდ, სახელმწიფოს „დე-ოლიგარქიზაციას“.

შესაბამისად, „ასოცირებული ტრიოსთვის“ „ანტი-ოლიგარქიული“ კანონის მიღების ნაცვლად, გაცილებით გონივრულია სწორედ სისტემურ და სიღრმისეულ რეფორმებზე სწორება, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ოლიგარქების ჩვეულებრივ ეკონომიკურ მოთამაშეებად ტრანსფორმაციას80 და საბოლოოდ, სახელმწიფოს „დეოლიგარქიზაციას“

საქართველოსა და უკრაინის „ანტი-ოლიგარქიული“ კანონის სამართლებრივი კრიტიკა

პოლიტიკურ მეცნიერებებში ოლიგარქიის თანამედროვე განმარტება არსობრივად გულისხმობს განუყოფელ კავშირს სიმდიდრესა და ძალაუფლებას შორის, სადაც საკუთარი სიმდიდრის დაცვა და ზრდა ოლიგარქის/ოლიგარქიის ძირეული მიზანია, თუმცა ზემოხსენებულ კანონებში მოცემული ოლიგარქის დეფინიცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ამგვარი განმარტებისგან.

ამ ტერმინის ბუნდოვანება კი იმ შეზღუდვების არაგანჭვრეტადად და არასწორი მიზნებით გამოყენების შესაძლებლობებს ქმნის, რაც ოლიგარქად აღიარებული პირისთვის საკანონმდებლო მოწესრიგებით არის გათვალისწინებული და რაც შესაძლოა რიგ ძირითად უფლებებთან მოდიოდეს წინააღმდეგობაში.

არანაკლებ ბუნდოვანია ოლიგარქად აღიარებულ პირთან კონტაქტის დეკლარირების ვალდებულება და მისი დარღვევის შემთხვევაში, თანმდევი დისციპლინური/პოლიტიკური პასუხისმგებლობის ზომები და შინაარსი. ბოლოს, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს „ანტი-ოლიგარქიული“ კანონმდებლობა პოლიტიკური ხელისუფლებისთვის იმგვარი ძალაუფლების გადაცემას ითვალისწინებს, რაც ოლიგარქად აღიარებული პირისთვის მნიშვნელოვან უფლებრივ შეზღუდვებს ითვალისწინებს იმგვარად, რომ ამ გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლის შესაძლებლობა არ არსებობს.

იმ პირობებში კი, როდესაც საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს ძლიერი და დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტები, მსგავსი კანონის მიღება ქმნის საშიშროებას, რომ პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან ასეთი ძალაუფლება შერჩევითად, პოლიტიკური ლოიალურობის ნიშნით იქნას გამოყენებული.