ჩვენ მსოფლიოზე მივდივართ
აი, ის ბოლო 10 წამი, ლამის ათწლეულად რომ გვექცა და მთელი ქვეყანა მოსასულიერებელი იყო, ერთგვარ სიმბოლოდაც კი უნდა მივიღოთ – თაობათა უშედეგო მცდელობების, ბევრი სიხარულისა და იმედგაცრუების, გაშვებული შანსების, რამდენიმე ევრობასკეტის შემდეგ, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.
2021 წელს დაწყებული, ორეტაპიანი საკვალიფიკაციო ტურნე 2023 წლის 26 თებერვალს, თბილისში დაგვირგვინდა. რა თქმა უნდა, ნერვების საოცარი წყვეტის გარეშე არც ამ ამბავს ჩაუვლია, თუმცა, იმ ემოციებს, რაც „თბილისი არენაზე“ ბობოქრობდა, მართლა არაფერი შეედრება.
აქამდე ასე ვიცოდით, იგებდი და გადიოდი. საქართველოსა და ისლანდიის მატჩის საფინალო სირენის შემდეგ, რამდენიმე წამის განმავლობაში ნახევარი დარბაზი სრულ გაუგებრობაში იყო. ერთი ნაწილი მატჩის საბოლოო ანგარიშს – 77:80 გლოვობდა, ქართველი კალათბურთელები, მედიის წარმომადგენლები და დარბაზის მეორე ნაწილი ზეიმობდა. გაუგებრობაში იყო თვით თად მაკფადენიც, რომელსაც მოზეიმე თანაგუნდელები ნაწყვეტ–ნაწყვეტ უხსნიდნენ, რა ტრიალებდა მის და ყველას თავს.
რატომ გვიხაროდა მარცხი და ასეთი უცნაური რამეები სულ ჩვენ რატომ უნდა დაგვემართოს? მიუხედავად იმისა, რომ (ალბათ!) ყველამ ყველაფერი კარგად გაიგო, კიდევ ერთხელ ავხსნათ: ბოლო, გადამწყვეტ შეხვედრაში, ისლანდიის ნაკრებს საქართველოსთან მინიმუმ 4 ქულით მოგება სჭირდებოდა. საქმე იმაშია, რომ ჩვენებს ისლანდიაში გასვლითი შეხვედრა 3-ქულიანი უპირატესობით ჰქონდათ მოგებული (88:85) და ცხრილშიც მეტოქეზე წინ ვიყავით. შესაბამისად, 1, 2 და 3 ქულით მარცხიც გვაწყობდა. ჰოდა, არ ვიცი, თადს დაავიწყდა თუ თავის დროზე არ აუხსნეს.
ემოციებზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ. მანამდე კი, ამ უმძიმესი თამაშის რამდენიმე საკვანძო ეპიზოდს შევეხოთ და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ (და არც ვართ ამ მატჩში გამარჯვებულები), იმ მტკივნეულ საკითხზეც ვთქვათ, რასაც ჩვენს გუნდში სათადარიგოთა სკამის არქონა–არყოლა ჰქვია.
დიდი ხანია ფაქტია, რომ სანაკრებო წარმატება რამდენიმე მოთამაშის მხრებზე გადადის. შერმადინი – შენგელია – მაკფადენი – ესაა ძირითადი გამწევი ძალა და პროცენტულად, მოპოვებული ქულების დიდი ნაწილი ამ ტრიოზე მოდის. საკვალიფიკაციო ეტაპებზე თითქმის არასდროს გვყავს NBA-ს ლეგიონი და ამ შემთხვევაშიც ასე იყო.
ყველაფერზე გადასარევად მეტყველებს გიორგი შერმადინის სტატისტიკა, რომელმაც ისლანდიასთან მატჩი 23 ქულითა და ასპროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა. რომ არა რიგ ეპიზოდებში მსაჯების საეჭვო ქმედება, ჩვენი დიდი კაცი კიდევ არაერთ „ენდ ვანს“ მიითვლიდა.
„შერმინატორი“ ამ ნაკრების ლეგენდაა, საოცარი სტაბილურობით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით გამორჩეული. ყოველთვის ადგილზეა, მუდმივად იბრძვის, მშვიდად იღიმის და გუნდის გამარჯვებაში ლომის და კიდევ უფრო მეტი წვლილი შეაქვს. ესპანეთის თასზე გამართული ზედიზედ სამი მატჩის შემდეგ, ნაკრებში ჩამოვიდა და მეტოქის კალათი ამოავსო.
ჰოდა, აქ და ახლა, მას მინდა მივმართო – ძალიან დიდი ხარ, შერმო, ძალიან დიდი! მადლიერების გამომხატველი ვერც ერთი სიტყვა ვერ იტევს იმას, რასაც შენს მიმართ ვგრძნობთ.
„ის რაც თოკო შენგელიამ გააკეთა, ცხოვრებაში არ მინახავს. ის ყველაზე დიდი პატრიოტია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა“ – თქვა მატჩის შემდეგ ილიას ზუროსმა. კაპიტანმა უმოკლეს დროში საოცარი დატვირთვები გადაიტანა – 3 მატჩი 4 დღეში, ფრენებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. როცა ისლანდიელთა ტანმორჩილი გამთამაშებელი, ელვარ ფრიდრიკსონი პერიმეტრიდან და არამხოლოდ გვაოხრებდა, თოკოს დამაჯერებლობა და შედეგიანობა თამაშში გვაბრუნებდა.
ამ ყველაფრის ხაზგასმით, იმის თქმა მინდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე თითქმის 6 თვეა დარჩენილი და ვიმედოვნებ, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს აქვს გეგმა, როგორ გააძლიეროს სათადარიგოთა სკამი ისე, რომ გუნდი მხოლოდ 5-6 კალათბურთელისგან არ შედგებოდეს. მითუმეტეს, მსოფლიოს უპირველეს საკალათბურთო ფორუმზე მამუკელაშვილი და ბითაძეც ზუროსის განკარგულებაში იქნებიან და აზიაში წამსვლელ ნაკრების დანარჩენ კანდიდატთა შორის, დიდი კონკურენცია უნდა იყოს. დიახ, რადგან თამასა უკვე საკმაოდ მაღლაა აწეული და სტატისტების როლში ყოფნა ნამდვილად არ გვინდა.
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატს იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია, 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებენ. წილისყრა 29 აპრილს გაიმართება და გუნდები ოთხ–ოთხ გუნდიან ჯგუფებში გადანაწილდებიან. ჩვენთვის, ევროპის 12-გუნდიან კვოტაში მოხვედრა უკვე თემაა, თუმცა, ის, რაც ზაფხულის მიწურულს გველის, ყოველგვარ მოლოდინს აღემატება. ჰო, პირველად ჩვენს ეკრანებზე – საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე.
გასული წლის ნოემბერში, სანაკრებო მატჩების შემდეგ გამოქვეყნებული სტატია ასეთი სიტყვებით დავასრულე: „და ზუროსი? ილიასი პოსტზე რჩება და თებერვლის მატჩებში გუნდს კვლავ ის გაუძღვება. სად გაუძღვება? იმედია, იაპონიისკენ.“
ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. მატჩის შემდეგ, საპრესკონფერენციო დარბაზში, ჩვენი ემოციური მწვრთნელი მადლობის ნიშნად ყველას სათითაოდ ჩაგვეხუტა, თქვენი ბედნიერი სახეები მაბედნიერებსო.
ილიასი აზიისკენ მიმავალ რელსზე შედგა.