ღონიერი ნაბიჯი

გიორგი ლობჟანიძე

(„ოთარ ჩხეიძე. 100 ამბავი“ სერიაში „თან საკითხავი“)

როცა როსტომ ჩხეიძემ, ბიოგრაფიული რომანის დიდოსტატმა, ერთი ძალზე მნიშვნელოვანი რომანი მამამისის, დიდი ქართველი მწერლის ოთარ ჩხეიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიუძღვნა, ეს ვეებერთელა წიგნი თითქმის ყველას მოეწონა და კოლეგები, ის ხალხი, ვის აზრსაც თვითონ როსტომი დიდ პატივს მიაგებს, აღფრთოვანებულ შეფასებებს არ იშურებდნენ. რამდენიმემ ისიც კი უთხრა: ეს რა დაწვრილებითი ბიოგრაფიაა, რამდენი მნიშვნელოვანი დეტალი აღარ გვხსომებია, არადა, როგორი საჭიროა ეს დეტალები თვითონ ოთარ ჩხეიძის შემოქმედების გასაგებადო. თანაცო, იმდენი ადამიანი იხატება, ისეთი შთამბეჭდავი პორტრეტებია, რომ არამხოლოდ ბატონი ოთარის შემოქმედების შესასწავლად, არამედ საერთოდ ეპოქის გასაგებად და უამრავი კულუარული ამბის შესატყობად, რასაც სხვაგან ვერსად წაიკითხავ, ფასდაუდებელი ნაშრომიაო. როგორც ხდება ხოლმე: ზოგმა ტელეფონით დაურეკა, ზოგმა პირადად შეხვედრისას გაუზიარა თავისი შთაბეჭდილება, რამდენიმემ საგაზეთო რეცენზიაც უძღვნა და ყველა კმაყოფილი იყო, ყველა ამ მართლაც ვეებერთელა ნაშრომით, გარდა… ოთარ ჩხეიძის მეუღლისა და როსტომის დედის, ქალბატონი მარიამ ჩხეიძისა…

ქალბატონი მარიამი ამ წიგნის გამოცემისას თავს უკვე შეუძლოდ გრძნობდა, მაგრამ შვილის ნაწერს წაუკითხავს როგორ დატოვებდა ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება გამუდმებით წიგნს კითხულობდა და არამხოლოდ ყოფაში, არამედ ინტელექტუალურადაც ღირსეულ პარტნიორობას უწევდა თავის უკვდავ მეუღლეს, ვისი გაგებაც და დაფასებაც, კაცმა რომ თქვას, მარტივი საქმე არასოდეს ყოფილა.

ჰოდა, რა გასაკვირია, თუ როსტომსაც თავის უპირველეს მკითხველად დედა ეგულვოდა და ყველგან ითვალისწინებდა მის პირუთვნელ აზრს, უაღრესად პროფესიულ და პროფესიულზე უფრო მაღალ, გულშემატკივარი მკითხველის პოზიციას.

მაგრამ, აი, ის, რაც ალბათ როსტომ ჩხეიძეს ყველაზე მეტად უნდოდა, რომ  დედას მოსწონებოდა, სწორედ დედას კატეგორიულად არ მოეწონა და… უფრო მეტიც… უთქვამს: ტყუილად მომცდარხარ! თუ ახალი რამის თქმას არ აპირებდი, ამხელა წიგნი რაღას დაგიწერია?! აქ ისეთი რამეები გაქვს, რაც ისედაც ყველამ იცის, საყოველთაოდ ცნობილიაო!

წარმომიდგენია, როგორ ჩაიღიმა ამის გაგონებაზე როსტომმა. ალბათ, გული დასწყდა, ალბათ, ეწყინა კიდევაც, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და თავის თავს ესღა უთხრა: აბა, ისინი, საუკეთესო ლიტერატორები და მამაჩემის შემოქმედების მცოდნეები რომ მეუბნებოდნენ, რამდენი რამე გაგვაგებინე, რამდენი რამე ყოფილა, რაც არ გვახსოვდა ან არ ვიცოდით და ამ ფონზე სულ სხვაგვარად დავინახეთ ოთარ ჩხეიძეო….

რა თქმა უნდა, ყველა შემფასებელი თავისებურად მართალი იყო. მწერლის მეუღლეს, რომელიც მთელი ცხოვრება მხრადამხარ მიჰყვებოდა ოთარ ჩხეიძის ყველა ცხოვრებისეულ თუ შემოქმედებით პერიპეტიას, რა გასაკვირია, რომ არ დააკმაყოფლებდა თუნდაც შვილის დაწერილი და თუნდაც ყველაზე დეტალური ბიოგრაფიული რომანი. რაღაც მაინც გულს დააკლდებოდა, რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი, რაც მხოლოდ ერთგული მეუღლეების კუთვნილებაა, რაშიც შვილებსაც კი ვერ ჩაიზიარებს მოყვარული ცოლ-ქმარი, რასაც მხოლოდ ერთგული ცოლი ან ქმარი ხედავს თავის გენიალურ „მეორე ნახევარში“. ჩვეულებრივი მკითხველი კი, თუნდაც მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ძალზე საფუძვლიანად მცოდნე, სამწუხაროდ, ვერასოდეს მიჰყვება ისე ფეხდაფეხ საყვარელი მწერლის ყველა ნაბიჯს, რომ  არცერთი მნიშვნელოვანი წვრილმანი არ გამორჩეს, ყველაფერი მუდამ თვალწინ ჰქონდეს და ამ ცოდნით აღჭურვილი ყველაფერს სულ სხვაგვარი სიღრმით აფასებდეს.

ასეთი დეტალები ორმაგად მნიშვნელოვანია ოთარ ჩხეიძის შემთხვევაში, რადგან სიცოცხლეში თვითონ ბატონი ოთარი მუდმივად ჩრდილში იდგა, საკუთარი ბიოგრაფიული დეტალებისა კი არა, ნამდვილი შემოქმედებითი მიღწევების აფიშირებასაც კი გულდაგულ გაურბოდა და ცდილობდა ზედმეტად არავის მოხვედროდა თვალში.

თანდაყოლილი მოკრძალებისა და ღირსების გარდა, ამის მიზეზი ისიც იყო, რომ მისი ოჯახი ისედაც ნიშანში ამოეღოთ კომუნისტებს, რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალი ოკუპაციიდან მოყოლებული მოსვენება აღარ მიეცათ ჩხეიძეთა დიდებული საგვარეულოს ამ ერთი უაღრესად საინტერესო შტოს შთამომავლებისათვის, ერთი ადგილიდან მეორისაკენ ედევნათ და ეჩანაგებინათ და სწორედ ამ დევნისათვის გამოერიდებინათ შინაურებს ყმაწვილი ოთარ ჩხეიძეც დედაქალაქში, რომ ასე მაინც გადაერჩინათ თვითონაც და, მისი სახით, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ოჯახისა და საგვარეულოს მომავალიც.

თუმცა ოთარ ჩხეიძის ეს ჩრდილში დგომა მშიშარა ან დაშინებული კაცის პოზიცია ნამდვილად არ ყოფილა; რადგან დაშინებული კაცი ვერ მოხერხებდა იმას, რაც თავის ცხოვრებაში ოთარ ჩხეიძემ მოახერხა: შექმნა და საბჭოთა რეჟისმის პირობებშივე გამოაქვეყნა რომანების ციკლი, რომელშიც  XX საუკუნის საქართველოს თითქმის მთელი ისტორია აისახა.

ეს არის შთამბეჭდავი მხატვრული მატიანე, რომელშიც ჩვენ თვალწინ იშლება კომუნისტური რეჟიმის მთელი დანაშაულებრივი სისტემის შემზარავი სურათიცა და ამ სისტემის მარწუხებში მოქცეული საქართველოს ავი ბედისწერაც.

ოღონდ, აქვე, ვინმეს ეს რომანები ზედაპირულად იდეოლოგიზებული ოპუსები რომ არ ეგონოს, იმასაც დავძენდი, რომ თითოეული ეს რომანი მაღალი სინჯის მწერლობის განუმეორებელი ნიმუშია: მკაფიოდ გამოკვეთილი თემატიკითა და კონფლიქტებით, პერსონაჟთა რთული, წინააღმდეგობრივი და არასწორხაზოვანი ხასიათებითა და, რაც მთავარია, ინდივიდუალური მწერლური სტილით, რომელშიც ქართული ენის უაღრესად სათუთი შრეების ახალ-ახალი შესაძლებლობებია გამოვლენილი.

სხვათა შორის სწორედ ეს განუმეორებელი სტილი იქცა ერთი მხრივ ოთარ ჩხეიძის თავშესაფრად, და, მეორე მხრივ, მასობრივი მკითხველისაკენ მიმავალ გზაზე მის მთავარ დაბრკოლებადაც. თავშესაფრად იმიტომ, რომ ოთარ ჩხეიძის რომანებს ვერასოდეს წაიკითხავ მარტივად, ფეხი ფეხზე გადადებული, სამგზავრო თუ ყოფითი კომფორტისთვის დამატებითი სიამის შესაძენად.

მისმა ტექსტებმა თვითონ უნდა გაგიღონ კარი, თვითონ მიგიჩნიონ თავისიანად, რომ საკუთარ საკრალურ სივრცეში შეგიშვან და მერე სრულად წარმოგიჩინონ თავიანთი მშვენიერება. სხვა შემთხვევაში, ვერაფერს გახდები: შენდაუნებურად შეიძლება წიგნი ისე მოისროლო გვერდზე, რომ ამ წიგნების დიდმა სიმართლემ გვერდი აგიაროს, გაგაბიაბრუოს ან უფრო უკეთესია, თუ ვიტყვით, რომ შენი ნამდვილი ადგილი მიგიჩინოს.

რას ვიზამთ?! ასეთია ნამდვილად დიდი ლიტერატურა: ის, როგორც ყველა დიდი საიდუმლო, პრინციპში თვითონ გვირჩევს თავისი თავისათვის და ეს ასეა ყველა ქვეყანაში: ჯოისის ინგლისური ენის სივრცე იქნება თუ პრუსტის საფრანგეთი.

და თუ ჩვეულებრივი, საშუალო სტატისტიკური სნობი, ვთქვათ, იმის მიუხედავად, წაკითხული აქვს თუ არა, ჯოისითა და პრუსტით აღფრთოვანებას მაინც გამოხატავს, რადგან ეს გარკვეულ საზოგადოებაში მიღებული ტონია, უსაზიზღრესი საბჭოთა ცენზურის ერთგული დამქაშები და არამხოლოდ ისინი, ვისაც ეს საქმე სამსახურებრივად ევალებოდა, არამედ მათზე უფრო საზიზღრებიც: თვითონაც მსხვილმან-წვრილმანი მოკალმეები, რომლებიც, კალმის რაკუნთან ერთად, ნებაყოფლობით ითავსებდნენ დამსმენის, წიგნებში საეჭვო და საჩოთირო ადგილების გამხაზავისა და მერე ამ თავიანთი „გარჯის შედეგის“ მაღალ ეშელონებში მიმცუნცულებლის ფუნქციასაც, – მათი ამ შეუდარებელი ტკბობის მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებდნენ  ბოლომდე გაეძლოთ ჩხეიძის სტილისათვის და შესაბამისად, ვეღარ ასრულებდნენ მათივე უმთავრეს ამოცანას.

და, კიდევ კარგი, რადგან ამითი ლიტერატურა მხოლოდ ხეირობდა: გამოკვეთილად ანტისაბჭოთა ხასიათის მიუხედავად, ოთარ ჩხეიძის წიგნები მაინც იბეჭდებოდა და ნამდვილ მკითხველამდე, რომელიც ყველა დროში და ყველა მწერლისათვის ისედაც წარმოუდგენლად ცოტაა, მაინც მიდიოდა.

ამ კარგი მკითხველის ერთ განსაკუთრებულ მაგალითად რეჟისორი გიორგი შენგელაიაც გამოდგება, რომელმაც ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“ დიდ კინოდ აქცია. პირადად მე ჩემი საყვარელი წიგნების ეკრანიზაციები, დიდი წიგნების მიხედვით გადაღებული თუნდაც  წარმატებული კინოსურათები არასოდეს მომწონს. ყოველთვის რაღაც მაკლდება ხოლმე გულს, მაგრამ გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, მგონი, ობიექტურადაც, ბრწყინვალე ფილმია, რომლის წარმატებაშიც მთავარი როლი მაინც ლიტერატურული პირველწყაროს სწორმა, სიღრმისეულმა გაგებამ ითამაშა.

და ღვთის მადლით, მოშურნესა და ჩასაფრებულთან ერთად, გულშემატკივარსაც რა მოაკლებდა ოთარ ჩხეიძის დიდ შემოქმედებას…

მთავარი ეს იყო და არა ის, ვთქვათ, იმდროინდელ ლიტერატურულ სალონებში რომელიმე ტუტრუცანა ვითომ მკითხველი თვალმინაბული თუ დაიძახებდა: ოთარ ჩხეიძე?! უიმე, არა გენაცვალე! მაგას რა წამაკითხებს?! ძალიან მძიმეა!

იქვე ან სხვა სიტუაციაში კი იგივე ტუტრუცანა მოჰყვებოდა იმის მტკიცებას, თუ რაოდენ დიდი სიამოვნება მიანიჭა „ულისეს“ შტუდირებამ.

არადა, თუ ვინმეს იმ დროს ინგლისურადვე წაკითხული ჰქონდა ჯოისი, ეს ბატონი ოთარ ჩხეიძეც ბრძანდებოდა, რადგან იგი, ინგლისური ლიტერატურის ჩინებული სპეციალისტი, თითქმის მთელი ცხოვრება სტუდენტებს ინგლისური ლიტერატურის მართლაც გამორჩეულ კურსს უკითხავდა.

ამას საგანგებოდ იმიტომ აღვნიშნავ, რომ სნობების კიდევ ერთი „ბრალდება“ ოთარ ჩხეიძის „ღრმა სოფლელობა“ იყო. ქართლური კილოკავით გადანათებული მისი სტილი ბევრს არ უჯდებოდა ჭკუაში, რადგან ამ ხერხს პროვინციალიზმის გამოკვეთილ ნიშნად მიიჩნევდა. თანაც თვითონ მწერალიც თითქოს საგანგებოდ ჯინში ედგა ასეთებს და სტილისტიკის თავისებურებას აღარ აკმარებდა, შექმნიდა ნოველებისა და მოთხრობების, ჩანახატებისა და ესკიზების ვეებერთელა ციკლს, რომელსაც სულაც „ჩემი სოფლის ეტიუდებს“ დაარქმევდა.

და სნობ მკითხველსაც მეტი რაღა უნდოდა? საქილიკოს რაღა დაულევდა, ეს „ჩემი სოფლის ეტიუდები“ სულ რომ შედევრებით ყოფილიყო დახუნძლული?

და მართლაც ასე იყო: ამდენი ბრწყინვალე მოთხრობა და ნოველა, რასაც ოთარ ჩხეიძის „ჩემი სოფლის ეტიუდებში“ წაიკითხავთ, არა მგონია, კიდევ სადმე შეგვხვდეს.

სოფელში კი მწერალი არამხოლოდ კონკრეტულად თავის მშობლიურ ყელქცეულს, არამედ ზოგადად სოფელს საწუთროს იგულისხმებდა, სადაც თითქოს არაფერია ახალი, ყველა სიუჟეტი გათამაშებულია, ყველა ხასიათი გახსნილი, მაგრამ საკვირველი მაინც ის არის, რომ ყველა ეს სიუჟეტი ისევ ახალივით კრიალებს დიდოსტატის ხელში.

მწერლური ოსტატობა კი ოთარ ჩხეიძესთან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, ყოფის დრამატული კოლიზიებიდან არის ამოზრდილი. როსტომ ჩხეიძის ის დიდტანიანი რომანიც მამამისის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ამიტომაც გამოვიდა ასეთი ღრმა, კარგი და შთამბეჭდავი და მერე რა, თუკი დედას არ მოეწონა? სამაგიეროდ, რომანმა არამხოლოდ ჩვეულებრივი მკითხველისთვის, არამედ სპეციალისტებისთვისაც კი გააცოცხლა და სრულიად ახალი შინაარსითა და მნიშვნელობით აღავსო ოთარ ჩხეიძის ცხოვრების არაერთი ეპიზოდი.

არადა, დედის შეფასება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ, ქალბატონი მარიამის აზრით, ყველა მკითხველს უნდა ხსომებოდა საყვარელი მწერლის ცხოვრებისეული პერიპეტიები.

და კაცმა რომ თქვას, რა არის გასაკვირი ამ მოსაზრებაში?

რამდენი ადამიანი ჩხრეკს, ეძიებს, უკირკიტებს საყვარელი მწერლის, რეჟისორის, მსახიობის ცხოვრების წვრილმანებს? ზოგან და ზოგ შემთხვევაში ამ ინტერესის გაღვივებას მთელი ინდუსტრია ემსახურება. ქვეყნებში, რომლებსაც მხოლოდ პრეტენზია კი არა აქვთ კულტურულობაზე, არამედ ნამდვილად არიან კულტურულნი, ათას გზას მიმართავენ, თავიანთი კულტურის მართლაც ღირებული ნიმუშების ხალხამდე მისატანად, ამ ნიმუშების შემოქმედთა წარმოსაჩენად.

და ყველა გზა და საშუალება გამართლებულია ამ მიზნის მისაღწევად.

ჩვენთან კი რა ხდება? ისე ეძლევა დავიწყებას ყველა ნამდვილი მიღწევა, რომ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს ყველა და ყველაფერი დღეის დღით იწყებოდეს, თითქოს გამუდმებით ერთ ადგილს ვტკეპნიდეთ და სულ ერთი ან ორი თაობის წინანდელი მიღწევებიც კი აღარ გვაინტერესებდეს.

ასეთ ვითარებაში, ბედნიერებაა, როცა დიდ მწერალს ღირსეული შთამომავალი რჩება, ვთქვათ, ოთარ ჩხეიძეს როსტომ ჩხეიძე, რომელსაც შეუძლია მამაზე ბრწყინვალე რომანი დაწეროს და, რაც მთავარია, ყველა ძირითადი იდეა მკითხველამდე უდანაკარგოდ მიიტანოს.

ამდენი ვილაპარაკე და უკვე ბოლოსაკენ წასულმა უნდა გითხრათ, რომ ჩემი დღევანდელი მიმოხილვის ბიძგი, მაინც როსტომ ჩხეიძის ეს დიდი რომანი კი არა, ახლახან გამომცემლობა „არტანუჯის“ უბრწყინვალესი სერიით „თან საკითხავით“ გამოცემული მისივე წიგნი „ოთარ ჩხეიძე, 100 ამბავია“.

ჯერ საგამომცემლო სერიაზე რომ ვთქვათ: ჩემი აზრით, ეს არის უბრწყინვალესი პროფესიული და მარკეტინგული მიგნება – ქართულ სინამდვილეში ისეთი წიგნების გამოცემა, რომელიც ერთ თემაზე ერთმანეთთან დაუკავშირებელ ამბებს ისე გააერთიანებს, რომ მკითხველს ყველა სიტუაციაში შეეძლოს ამ სერიის რომელიმე წიგნის წაკითხვა; მნიშვნელობა არ ჰქონდეს, თავიდან დაიწყებს თუ ბოლოდან, პირველი რა მონაკვეთს წაიკითხავს და შემდეგ რა მონაკვეთით გააგრძელებს.

ამ წიგნების ქარგა უნდა იყოს თემა და თემაზე აკიდოსავით „აიჭრას“ შინაარსი.

დღემდე ამ სერიის რამდენიმე წიგნი ჩამივარდა ხელთ და ყველა მათგანი ერთმანეთზე უკეთესია, მაგრამ პროფესიულად (პირწიმინდად მწერლის ოსტატობის თვალსაზრისით) მაინც როსტომის ეს წიგნი არის საუკეთესოდ შედგენილი.

ამის მიზეზი ისიც არის, რომ ამ შედარებით მომცრო კრებულის გამოცემამდე როსტომს (თავი რომ დავანებოთ იმას, რომ თავად თავისივე წიგნის მთავარი გმირის შვილია) ამავე თემაზე უკვე სრული და დიდი რომანი აქვს დაწერილი.

თუმცა, ეს მიზეზი შესაძლოა, ისევე აღმოჩენილიყო ხელისშემშლელი ფაქტორი, როგორც ამ შემთხვევაში, იქცა წარმატების საბაბად.

დიახ, საბაბად, თორემ მიზეზი იმისა, რომ „ოთარ ჩხეიძე 100 ამბავი“ ჟანრის სანიმუშო წიგნად მოგვევლინა, რა თქმა უნდა, როსტომ ჩხეიძის უდიდესი ნიჭიერებაა.

ამ ნიჭიერების წყალობით, ჩვენ თვალწინ კიდევ ერთხელ შთამბეჭდავად ცოცხლდება ქართული ლიტერატურის ნამდვილი კლასიკოსის ცხოვრებისეული და შემოქმედებითი პერიპეტები, მკითხველი ლაღად, ძალდაუტანებლად გაიაზრებს ოთარ ჩხეიძის მნიშვნელობასაც, მისი წიგნების არსებით დეტალებსაც და მისი ცხოვრებისეული თუ იდეური არჩევანის წინაპირობებსაც.

წიგნი იმით არის საინტერესო, რომ ოთარ ჩხეიძე მხოლოდ ცენტრალური ფიგურაა, თორემ სინამდვილეში, ეს ამბები სულ სხვა ამბავს გვიყვება: ამბავს მწერლის თანამედროვე საქართველოს სულიერი და ინტელექტუალური ყოფისას, მეოცე საუკუნის ინტელიგენციისა და მათთან მიტმასნილი ადამიანების მისწრაფებებისას, საქართველოს გასაჭირისას თუ იმედისას, ამ ამბების შუაგულში კი თავისთავად ამოიზრდება ოთარ ჩხეიძის მონუმენტური ფიგურა, რომელიც მჯერა, რომ ქართველებს ხელახლა გვყავს აღმოსაჩენი და დასაფასებელი. და სწორედ აქეთ მიმავალ გზაზე როსტომ ჩხეიძის ეს ბრწყინვალე წიგნი ერთი ღონიერი ნაბიჯია.